" ვისაც "თბილისელის" გაგონებაზე ტანზე ჭიანჭველები დაუდის - თუ არ გესმით, რა არის თბილისელობა, აგიხსნით" - კვირის პალიტრა

" ვისაც "თბილისელის" გაგონებაზე ტანზე ჭიანჭველები დაუდის - თუ არ გესმით, რა არის თბილისელობა, აგიხსნით"

"ბაჩო ახალაიასთვის დანაშაულის დამტკიცება რომ პრობლემა გაგვიხდა, მსოფლიოს მერვე საოცრებაა"

"ვისაც სიტყვა "თბილისელის" გაგონებაზე ტანზე ჭიანჭველები დაუდის და არ ესმის, რა არის თბილისელობა, აგიხსნით. თუ ახსნაც არ გინდათ, გაიარეთ!"

"ჟვანიას საქმეზე ან საბოლოო დასკვნა უნდა გაკეთდეს, ან მოვასვენოთ ეს კაცი მიწაში!"

"იქნებ გვითხრან, რას აკეთებს პროკურატურა, თუ ჩაეძინა, რა სიზმარს ხედავს?"

ქმნის თუ არა სეპარატიზმის გაღვივებისთვის საფრთხეს თვითმმართველობის კოდექსის პროექტი? რამ შეაშფოთა პატრიარქი?  რატომ არ მოსწონს ნარმანიას კანდიდატურა თბილისის მერად მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა პაპუაშვილს, ამ და სხვა საკითხებზე ის "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- მე გავეცანი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს და სიმართლე გითხრათ, საგანგაშო ვერაფერი დავინახე. არ ღირს ამ თემაზე გულზე ხელების ბრაგაბრუგი, წინ  საკომიტეტო განხილვა გვაქვს და მჯერა, საღი აზრი გაიმარჯვებს.

- პატრიარქი ფიქრობს, რომ თვითმმართველობის კოდექსის ამ პროექტის დამტკიცება ქვეყანას დაშლამდე მიიყვანს.

- როგორც ერთ რიგით ქართველს, მაქვს თხოვნა, ცოტა მშვიდად, ფრთხილად და ტაქტიანად ვახსენოთ ჩვენი პატრიარქი. ზოგმა ისიც იკადრა და თქვა, რატომ ერევა საქართველოს პატრიარქი საკანონმდებლო საქმიანობაშიო? ის კი არ ერევა, არამედ მისი ვალია, სამწყსოს ზარი შემოუკრას, თუკი საფრთხეს ხედავს. მას არ უთქვამს, გინდათ თუ არა, ამ სახით კანონი არ მიიღოთო. უბრალოდ, პატრიარქმა ეს თემა ფართო განხილვის საგნად აქცია.

- დავით ნარმანიას კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე თქვენთვის მისაღები არ აღმოჩნდა. რატომ უნდა იყოს თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი?

- მგონი, საკმარისად განვმარტე თბილისელობაც და ქართველობაც, მაგრამ სამწუხაროდ, აზროვნების მდარე ხარისხს, სტერეოტიპს, ფუჭ ქოთქოთს, თავს ვერ ვაღწევთ. ვისაც ჰგონია, რომ მე ვიღაცის წარმომავლობას განვიკითხავ, ძალიან ცდება.  ვთქვი ის, რაც ნაღდია და საბოდიშო არაფერი მაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი მათ გასაგონად, ვისაც სიტყვა "თბილისელის" გაგონებაზე ტანზე ჭიანჭველები დაუდის. თუ არ გესმით, რა არის თბილისელობა, აგიხსნით. თუ ახსნაც არ გინდათ, გაიარეთ! აყალმაყალის ატეხა და ალიაქოთის აწევა გინდათ, ეს არ გამოგივათ. ზოგიერთს ამ სიტყვის გაგონებაზე ხოხბის ამბავი ახსენდება, ზოგიერთს - ფარშავანგები. თბილისელობა იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქალაქში დაბადებულს ყველაფრის უფლება აქვს და შეუძლია ვიღაცას თავში აგური ჩაარტყას. აქ ბევრი დაბადებულა, გაზრდილა, მაგრამ მათ შორის უგვანიც არაერთი ყოფილა. როცა თბილისზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ იმას, რომ ეს ქალაქი ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში, ომების დროსაც კი არ წყვეტდა კულტურულ თუ სულიერ განვითარებას, მრავალეროვნულობამ, მრავალკონფესიურობამ, მწერლობამ, ლიტერატურამ, ვაჭრობამ და კულტურათა ცვლამ თანდათან ჩამოაყალიბა, შეიქმნა განუმეორებელი თბილისური ფოლკლორი. ამ ყველაფრით ერთი დიდი სისტემა შეიქმნა, თავისი დამახასიათებელი მიხრა-მოხრით, აზროვნებით, ჟესტიკულაციით. ამიტომ ვთვლი, რომ ასეთი ქალაქის მერი წარმომადგენლობითი სახე უნდა იყოს, უნდა გრძნობდეს თბილისის მაჯისცემას, უყვარდეს ეს ქალაქი, მასზე ზრუნავდეს და უფრო მეტიც, თბილისსაც უნდა უყვარდეს. თბილისელობა ხანდახან ნიშნავს იმას, რომ ბეწვის ხიდზე გაიარო, არავის გული არ ატკინო. ასე რომ, მე ჩემს თბილისთან ჩემი პოეზია მჭირს! მე მიყვარს ადამიანი, რომელიც გაიძახის, მე ქუთაისელი, ზუგდიდელი, ბათუმელი ვარო. მათ თავიანთ ქალაქებთან ისეთი უხილავი კავშირი აქვთ, რაც მე არა მაქვს. ამ პეწის პრიმიტიულ ჭრილში გადაყვანა არ ივარგებს. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, თუ გაიგებთ, ხომ კარგი, თუ არა, სულ კარგად ბრძანდებოდეთ!

- საზოგადოების ნაწილი წუხს, რომ პრეზიდენტად მარგველაშვილი ივანიშვილის ხათრით აირჩია, ახლა კი ნარმანიას არჩევისას ისევ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნება უნდა გახდეს გადამწყვეტი. ყოველივე ამას ავტოკრატიულობისკენ ხომ არ მივყავართ?

- ბიძინა ივანიშვილს არასოდეს უთქვამს, უპირობოდ მიიღეთ ჩემი გადაწყვეტილებაო. მას ეს მარგველაშვილზეც კი არ უთქვამს მაშინ, როცა ქვეყანაში მართლაც კრიტიკული ვითარება იყო. დარწმუნებული ვარ, არც ნარმანიაზე იტყვის. ბატონ ბიძინას  ჭირივით სძულს მონური დამოკიდებულება და აზროვნება. მე მასთან სწორედ ამ ფასეულობიდან გამომდინარე მაქვს ურთიერთობა.

- თქვენი აზრით, თბილისელებმა ვის უნდა მისცენ ხმა, თუ არა "ქართული ოცნების" კანდიდატს, დავით ნარმანიას?

- მოითმინეთ, ბატონო, დასახელდება სხვა კანდიდატებიც. კიდევ 5-6 თვეა წინ.

- თქვით, რომ ამ პოსტზე ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა მისაღებად მიგაჩნიათ, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

- მე მხოლოდ ჩემი მოსაზრება ვთქვი, არც კი ვიცი, თავად ლევანი რას ფიქრობს ამ საკითხზე. ისე კი ლევანის საწინააღმდეგოდ რამის თქმა უმადურობა იქნება. ის, რომ ხავერდოვნად შეიცვალა ხელისუფლება და სისხლის ტბორები არ დადგა რუსთაველის პროსპექტზე, ლევანის დამსახურებაა. ბევრი იმასაც ამბობს, მთავრობის სახლისკენ 300 ათასი კაცით რატომ არ დაიძრაო. ეს რომ ლევანს გაეკეთებინა, არა მხოლოდ მას, მთელ მის შთამომავლობას გაუხდებოდა სანანებელი. იმ 300 ათასი კაციდან რუსთაველის პროსპექტამდე ათასი კაცი თუ შეგვრჩებოდა ხელში. "ნაციონალური მოძრაობა" სასაკლაოს მოაწყობდა! ამ სისხლზე დაგეშილმა ხროვამ ვერ აიტანა, რომ ლევან გაჩეჩილაძემ  თავის დროზე სააკაშვილს უფულოდ, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე მოუგო საპრეზიდენტო არჩევნები. როგორ უნდა გაენეიტრალებინათ კაცი, რომელიც საყოველთაო სიყვარულის ობიექტი  გახდა? სწორედ ამ მიზნით დააბრალეს მას ძველბიჭობა, ქურდების ძმაკაცობა, მოუგონეს ჭორები, კერძოდ ის, რომ სააკაშვილისგან ფული აიღო, რომ თავში სიმსივნე აქვს, საოპერაციოა და გადარჩება თუ არა, საკითხავია და ა.შ. ამიტომაც მიიღო ლევანმა ბრძნული გადაწყვეტილება და ასეთ ბრალდებებს არ პასუხობს, ის დუმილს არჩევს.

- ბატონო ზაზა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინელ მომიტინგეთა მხარდასაჭერად ჩადიან და მათზე ძალადობას გმობენ. ამას როგორ აფასებთ?

- ეს ცინიზმია! თანამდებობის პირები, რომელთა პოლიტიკური ნებით ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს უკანონოდ აპატიმრებდნენ, აუპატიურებდნენ, ატყავებდნენ, ქონებას ართმევდნენ, აწამებდნენ, ახლა უკრაინაში ჩადიან და შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, როგორ გასცა უკრაინის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ბრძანება. მათ ათასჯერ მეტი სისასტიკით დაურბევიათ მშვიდობიანი აქციები. ნეტავ ახლა ვის რაში სჭირდება ამ კომედიანტების ჩასვლა უკრაინაში?!

- უკრაინისგან განსხვავებით საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პროექტს. ამის გამო რუსეთისგან საფრთხე ხომ არ დაგვემუქრება?

- რუსეთი ამ დამპყრობლურ პოლიტიკას რომ დაეხსნას, მასზე კარგ პარტნიორ ქვეყანას ვერ ვნახავთ. მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ ამგვარ პოლიტიკაზე უარს ამბობს. ისე კი დიდი ძვრებია ამ ქვეყანაშიც და ღმერთმა ქნას, მოვესწროთ დროს, როცა რუსეთი შეიცვლება. ასეთი დამპყრობლური პოლიტიკით ის დიდხანს ვერ გაძლებს. ამიტომაც მგონია, რომ რუსეთი აუცილებლად შეიცვლება. საქართველო ტორტი არ არის, რომ ჩამოჭრა და კარიბის ზღვის აუზში გადაიტანო. ჩვენი რეალობა ასეთია, გვერდით რუსეთი გვყავს…და იმედია, ბრძნული  ქცევით  შესაძლო დაპირისპირებებს თავიდან ავიცილებთ. ახლა რაც შეხება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას. საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი და კარგი იქნება, თუ ვინმე ზუსტად განმარტავს, რა მოვალეობებს ვიღებთ, რას ვიგებთ და რას ვაგებთ. ჯობია, ზედმეტი ილუზია არ შევიქმნათ, მომხდარის არც გაბიაბრუება და გაუფასურება ივარგებს და არც გაზვიადება. მაგალითად, ზოგიერთს ჰგონია, რომ ევროკავშირში ისე არ მიგვიღებენ, თუკი გეიაღლუმებს არ ჩავატარებთ.

რასაკვირველია, ასეთი აზროვნება გოიმობაა. ეს ნიშნავს, რომ ყველა სიბინძურეს კარი მხოლოდ იმისთვის უნდა გავუღოთ, რომ ვინმემ ქაჯად არ ჩაგვთვალოს.  არადა, საფრანგეთშიც კი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, გეიაღლუმების გამართვას რამხელა საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. განა ამ ხუროთმოძღვრების, არქიტექტურის, დამწერლობის მქონე ერის აზროვნების ევროპულობა იმით ფასდება, გეიაღლუმს ჩავატარებთ თუ არა? თუ  ამით იზომება ევროპელობა, მაშინ ასეთი ევროპელებისთვის მიმიფურთხებია! მე მინდა ჩემს ფასეულობებს პატივს სცემდნენ და ანგარიშგასაწევად მიგვიჩნევდნენ. არ მესმის, ამ აღლუმის ჩატარების გამო რატომ ძალადობს ერთი მცირე ჯგუფი დიდ ჯგუფზე? რატომ აგდებენ ქვეყანასაც და ხალხსაც უხერხულ მდგომარეობაში?! არც კანონი დევნით მათ და არც სამართალი. ციხეშიც კი ეს ე.წ. "ქათმები" პრივილეგირებულად ცხოვრობენ, მეტი რა უნდათ? მაინცდამაინც ქაშუეთის წინ, რუსთაველზე უნდა გამოიარონ სექსუალური აქტის იმიტაციით?! რატომ უნდა ვუყუროთ მაგათ ავხორცობას?! ამით ქართველი ხალხის გამწარებას ნურავინ შეეცდება.

- სამართლიანობის აღდგენაზე რას იტყვით?

- შეფასებისგან თავს შევიკავებ. ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაც გადაიდო, რაზეც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველს ვესაუბრებოდი. მესმის, წართმეული ქონების დაბრუნების საქმეში ობიექტური ხასიათის სირთულეებია, მაგრამ სტატუსი მაინც მივცეთ ხალხს, ვინც ციხეში უსამართლოდ იჯდა, ნასამართლეობა მაინც მოვუხსნათ. ზოგიერთი უდანაშაულო ადამიანი სამშობლოს ღალატის მუხლით იყო გასამართლებული. როდემდე უნდა ატაროს მან და მისმა შთამომავლობამ ერის მოღალატის სახელი? ამაზე დაფიქრება გვმართებს. სხვათა შორის, არც ის მომწონს, რომ ძალოვან სტრუქტურებში თანამდებობებზე ისევ "ნაციონალების" მსახურები და მათი იდეოლოგიის განმახორციელებლები სხედან. მერე რა, რომ  მაისურები (საარჩევნო ნომრებით) გამოიცვალეს და ხელში პარტიის დროშები დაიკავეს? ამბობენ, პროფესიონალი კადრების დეფიციტიაო. არ არის მართალი! განა ეძება ვინმემ პროფესიონალები? იქნებ მოვიკითხოთ ის საქმის მცოდნე და კომპეტენტური ხალხი, რომლებიც სახლებში სხედან. მგონი, ჩვენ "ჩრდილში მდგომთა საზოგადოების აღმომჩენი დროებითი კომისია" უნდა შევქმნათ და პროფესიონალებსაც ვიპოვით. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაია იმ ბრალდების ნაწილში გაამართლა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ეხებოდა. ბაჩო ახალაიასთვის დანაშაულის დამტკიცება რომ პრობლემა გაგვიხდა, მსოფლიოს მერვე საოცრებაა. ისევ გამოუძიებელია ზურაბ ჟვანიას საქმე. ან საბოლოო დასკვნა უნდა გაკეთდეს, ან დავანებოთ თავი ყველაფერს (თუ მეტის თავი არა გვაქვს) და მოვასვენოთ ეს კაცი მიწაში! ასევე ვერა და ვერ დასრულდა რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის, შავაძის, ზერეკიძის, კრიალაშვილისა და სხვათა საქმეების გამოძიება.

იქნებ გვითხრან, რას აკეთებს პროკურატურა, თუ ჩაეძინა, რა სიზმარს ხედავს, თავდაცვაშია თუ თავდასხმაში! დამნაშავე მაღალჩინოსნები აქეთ არ უნდა მოგვიბრუნდნენ და არ უნდა გვითხრან, დაგვიმტკიცეთ, ბატონო, დანაშაული და ისე  დაგვიჭირეთო. ბრაზი მახრჩობს, ასე იმ  პარტიის წარმომადგენლები გველაპარაკებიან, რომელთა ლიდერები ქვეყნიდან გაიქცნენ, ყოფილი პრეზიდენტი კი სად დაწანწალებს, თავადაც არ იციან!