მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
09-12-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
შიშების ქვეყანა

თვითმმართველობის რეფორმა, როგორც იქნა, ადგილიდან დაიძრა და ატყდა ერთი ამბავი: საქართველო იშლება, სეპარატიზმი აყვავდება,  თუ მცირე უფლებებს მიიღებენ, მერე კახელი ან იმერელი სეპარატისტებიც გამოჩნდებიან და დამოუკიდებლობას მოითხოვენო... რატომ გვეშინია სიტყვა "რეგიონის" და გვგონია, თუ ამ სიტყვას კანონში ჩავწერთ, მაშინვე გაახსენდება მეგრელს, რომ მეგრელია, გურულს, რომ გურულია და კიდევ მეტი მოუნდება. ესე იგი, თუ დღეს კანონში არ წერია სიტყვა "იმერეთი" ან "გურია", იმერელსა და გურულს კუთხური იდენტობა არა აქვს,
ხოლო როდესაც ჩაიწერება, მაშინვე გაუჩნდება და საქართველო დაიშლება. ამიტომაც კანონში ვერც სიტყვა "რეგიონი" მოხვდა და ვერც "იმერეთი", "კახეთი" ან "სამეგრელო". თუმცა მაინც ვერ დავწყნარდით. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა იმდენი ქნეს, პატრიარქიც კი დაარწმუნეს, რომ ეს კანონი ქვეყანას საფრთხეს უქმნის. ჰოდა, ატყდა ერთი ამბავი, პატრიარქმა თქვა და თქვენ
როგორ ეწინააღმდეგებითო.

მერე მეორე მხრიდან ატყდა ერთი ამბავი: ეს პოლიტიკაში ეკლესიის ჩარევააო. დეპუტატმა თამარ კორძაიამ "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, პატრიარქისთვის დეპუტატის ერთი მანდატი ხომ არ მიგვეცაო, რის გამოც მრევლის რისხვა დაატყდა. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში დაწერა: "კორძაია დაუკრეფავში გადადის. მაგას გაჩენის დღე ხომ არ უნდა დავავიწყო?" (ეს ის მღვდელია, რომელმაც ადრე სოციალური ქსელით სააკაშვილი დაწყევლა). მოკლედ, თამარს ზოგი გამბედაობისთვის აქებდა, ზოგიც წყევლიდა.  საერთოდ, ჩემთვის მიუღებელია, აზრის გამოთქმის გამო (რაც უნდა მიუღებელი იყოს) აგრესიის გამოვლენა.  თუმცა, მეორე მხრივ, ასევე მიუღებლად მიმაჩნია პატრიარქის გამოთქმულ აზრზე ერთი ვაი-უშველებლის ატეხა. თუ ხელისუფლებას ვავალდებულებთ, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუსმინოს, მაშინ ეკლესია რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?  სხვა საკითხია, აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, გაუწევს თუ არა ხელისუფლება მას ისეთივე წინააღმდეგობას, როგორსაც სხვა ორგანიზაციას გაუწევდა. თუ ვერ გაუწევს და ეკლესიის გავლენაში მოექცევა, ეს უკვე ხელისუფლების პრობლემაა, რომელიც შეიძლება მთელი საზოგადოების პრობლემად იქცეს, რადგან საერო საკითხებზე გადაწყვეტილება სწორედ საერო ხელისუფლებამ უნდა მიიღოს და არა სასულიერომ. 

სირცხვილი!

საპატრიარქომ უპირველესად ებრაელების დღესასწაულზე, ხანუქაზე მომხდარ ინციდენტზე უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. სულ იმით ვამაყობთ, რომ საქართველოში ებრაელები 26 საუკუნეა ისე ცხოვრობენ, პრობლემა არ შეჰქმნიათო და აჰა, XXI საუკუნეში შევუქმენით. 

4 დეკემბერს, ხანუქის ბოლო დღეს, სანთლის ანთების საპატიო მისია ადგილობრივმა ებრაულმა თემმა საქართველოს პრეზიდენტს დააკისრა. გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ორი ერის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.  ხალხში ერია რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ხანუქის თავისუფლების მოედანზე აღნიშვნასა და პრეზიდენტის რიტუალში მონაწილეობას აპროტესტებდნენ ყვირილით: "არ აანთო, არა!" სხვათა შორის, კონცერტის ჩაშლაც სცადეს - პლაკატების ჩამოხევისა და მოედანზე დამონტაჟებული ტრიბუნის დაზიანების გამო პოლიციამ ორი პირი დააკავა. მოგვიანებით, სწორედ მათ მხარდასაჭერად და ებრაული დღესასწაულის თბილისის მთავარ მოედანზე აღნიშვნის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ქუჩაში დეკანოზი დავით ისაკაძე და მისი მრევლის წევრები: "იუდაისტური რელიგიური დღესასწაული არის იესო ქრისტეს შეურაცხყოფა, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი არ არის! ეს რომ ყოფილიყო სინაგოგაში, ჩვენ არავის ვუვარდებით, მაგრამ ეს მოხდა თავისუფლების მოედანზე", - განაცხადა ისაკაძემ.

სამწუხაროდ, ამ განცხადებასა და ინციდენტზე საპატრიარქოს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. არადა, საინტერესოა, ეთანხმება თუ არა ისაკაძის პოზიციას, რომ ებრაელებს თავისუფლების მოედანზე ხანუქის აღნიშვნის უფლება არა აქვთ. ანტისემიტიზმიღა გვაკლდა!
ლოთი ქობალია
15 დეკემბერი 2013 01:05
ამსტერდამში 600 000 კაცი ცხოვრობს,როტერდამში კი 700 000.....ე.ი. ერთად 1 300 000.ჰოლანდიის მოსახლეობა 15 000 000 -ია. ხოლო მისი ფართობი 50 000 კმ კვადრატია. ჩვენთან კი თბილისი თავკომბალასავით იზრდება და მისი მოსახლეობა ამსტერდამის და როტერდამის ერთად აღებულ მოსახლეობას გაუტოლდა უკვე.არადა ჩვენთან ალბათ ამჟამად 3000 000 კაცზე მეტი არ ცხოვრობს.ე.ი ეს იმის მაჩვენებელია რეგიონები რა სავალალო დღეშია.თუ თვითმმართველობის რეფორმა, როგორც იქნა, ადგილიდან დაიძრა მაგას რა სჯობია.თუ რეგიონებს მეტი შემოსავალი ექნა ძალიან კარგია.მარა მერე რის ქართველები ვიქნებით თუ ისტერიკები არ ავტეხეთ.ჯიგარი ხარ მერაბ!
ნატალია
14 დეკემბერი 2013 14:00
მართალი ბრძანდებით მიშა, არავის უფიქრია, რომ შიშები გურიას და იმერეთს ეხება. უფრო კვალიფიციურ წერილს ველოდი ავტორისაგან. ხანუქას რაც შეეხება, მართლაც სამარცხვინო საქციელი იყო. ექსტრემისტები ყველგან არიან, მადლობა ღმერთს, მნიშვნელოვანი რაოდენობა არ ყოფილან იქ ასეთები.
მიშა
13 დეკემბერი 2013 14:31
ამ ბლოგს ინახავდა კვირის პალიტრა 5 დღე დახურულში და ეხლა გახსნა კარგი ჯოკერივით?
ვაი, თქვენს პატრონს. ავტორს, ალბათ არაფერი სმენია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთზე (სადაც 52% სომხურენოვანია)

რედაქტორის რჩევით