წლიდან წლამდე - კვირის პალიტრა

წლიდან წლამდე

"მთავრობას სამ თვეში დავანგრევდი"

2009 წლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა The New York Times"-თან ინტერვიუში პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბრისას განაცხადა: "ოპოზიციაში რომ ვყოფილიყავი, ამ მთავრობას 3 თვეში დავანგრევდი, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის ფონზე". კითხვაზე, თუ როგორ გააკეთებდა ამას, სააკაშვილმა უპასუხა, "ვიცი, როგორ, მაგრამ არ მინდა მათ (ოპოზიციას) ვასწავლო". The New York Times-მა პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა სახალხო დამცველ სოზარ სუბარს შეაფასებინა: "როგორია სააკაშვილის მომავალი? მან დაიწყო და წააგო ომი, დაკარგა ტერიტორიები. ქვეყანაში კრიზისია. არ არის ინვესტიციები. სიტუაცია უარესდება. თუ არაფერი შეიცვლება, სააკაშვილი დატოვებს საქართველოს, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ყველაფერი წააგო", - აღნიშნა სუბარმა.

სტრატეგიული პატრნიორობის დოკუმენტი აშშ-თან

აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ქარტიას ხელი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს. ამერიკა-საქართველოს შორის თანამშრომლობის ექვსგვერდიანი დოკუმენტის მთავარი პუნქტების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დაეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს. მათ შორის დემოკრატიის, ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, უსაფრთხოებასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, სამართლის უზენაესობის განმტკიცებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უსაფრთხო ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლების ჩათვლით; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიღწევების მხარდაჭერასა და ევრაზიაში ენერგეტიკის უსაფრთხოების გაძლიერებას. ქარტიის საფუძველზე ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაიდება შეთანხმება. ასევე გამარტივდება ვიზები ამერიკის შეერთებულ შტატებში კულტურის, განათლებისა, ბიზნესის, სამეცნიერო სფეროს კვალიფიციური პირებისთვის.

უპრეცედენტო აქციების წელი

გასულ წელს დამსახურებულად შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო ხანგრძლივობის აქციების წელი. 12 ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქციები ასზე მეტი დღის განმავლობაში გაგრძელდა. თვეების განმავლობაში საკნებით იყო გადაკეტილი ცენტრალური მაგისტრალები. პარლამენტის გარდა, მომიტინგეებს ბლოკირებული ჰქონდათ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაც. აქციების  მიზეზი კი ის გახდა, რომ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, "პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასტიკმა სახელმწიფოებრივმა რეჟიმმა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა". კრიზისიდან თავის დაღწევის ერთადერთ გზად პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა დაისახა. 9 აპრილს დაწყებულ აქციებს  წინ უსწრებდა მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება  სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

იმის გამო, რომ საპატრულო პოლიციამ მომიტინგეების დაცვაზე უარი თქვა, აქციის მონაწილეებზე თავდასხმებისა და ანგარიშსწორების აღსაკვეთად შეიქმნა სამოქალაქო შტაბები, რომელთა წევრები წესრიგს (და მომიტინგეებს) იცავდნენ.

საქართველომ დსთ დატოვა

2008 წლის 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ის აღმასრულებელ კომიტეტში განცხადება შეიტანა, რომ საქართველოს "თანამეგობრობის" დატოვება სურდა.

დსთ-დან საქართველოს გამოსვლის პროცესი, რომელიც 1 წელი გრძელდებოდა,  დასრულდა. თუმცა საქართველო რჩება 75 ხელშეკრულების მონაწილედ და აგრძელებს ურთიერთთანამშრომლობას დსთ-ის წევრ ქვეყნებთან "ურთიერთპატივისცემის პრინციპით".

"საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც დატოვა   ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დაჯგუფება. ეს ყველაზე თვალში საცემი ნიშანია იმისა, რომ მოსკოვს თავისი სამეზობლო ამბოხს უწყობს. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს მოსკოვისგან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჩამოცილების პროცესს", - ასეთი შეფასებები გააკეთა უცხოურმა პრესამ. რუსეთის დუმის წევრმა კონსტანტინ ზატულინმა კი განაცხადა, რომ საქართველო დსთ-ში, უკრაინასთან ერთად, ტროას ცხენივით შევიდა და ორივე ქვეყანა დსთ-ის განვითარებას ხელს უშლიდა.

ოპოზიცია სტადიონზე, პრეზიდენტი - მუხათგვერდში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცალ-ცალკე აღნიშნეს. საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს ოფიციალურად გახსნა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაო, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალული. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები კი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეიკრიბნენ. "აღარასოდეს უნდა განმეორდეს ის, რაც 6 მაისს მოხდა, როდესაც სპეცრაზმელები "მიშა, მიშას" ყვიროდნენ", -  განაცხადა დავით გამყრელიძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ კი სტადიონზე შეკრებილებს ასე მიმართა: "რადგან ამდენი ხალხი შევიკრიბეთ, არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სადღაც შევცვივდებით. ეს რომ გვინდოდეს, აქამდეც გავაკეთებდით.  ოპოზიცია სისხლის ღვრას ხელს არ მოაწერს".

სტადიონიდან ოპოზიციონერებმა და მათმა მხარდამჭერებმა სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს. როდესაც გიგი უგულავა და ზაალ სამადაშვილი ტაძრის ეზოდან ავტომანქანებისაკენ მიემართებოდნენ, მათ უკმაყოფილო მოქალაქეები დაედევნენ. მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სწრაფად ჩასხდნენ ავტომანქანებში და იქაურობას გაერიდნენ.

დასკვნა ყველამ სათავისოდ წაიკითხა

ტალიავინის კომისიის დასკვნა საქართველოს ხელისუფლებასაც მოეწონა და რუსეთისასაც. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ირწმუნებოდა, ტალიავინის დასკვნა, ფაქტობრივად, სააკაშვილის განაჩენიაო, პრეზიდენტი და სახელისუფლებო პარტია ტალიავინის ნაშრომით კმაყოფილი დარჩნენ.

"მთავარი ისაა, რომ დასკვნის თანახმად რუსეთი მთავარი დამნაშავეა, თუმც შენიშვნებია გამოთქმული საქართველოზეც საომარი მოქმედებების გამო, რაც 8 აგვისტოს სეპარატისტებისა და რუსების საპასუხოდ დაიწყო. რუსეთის არგუმენტებზე, რომ მან აგრესია საქართველოს მოქმედებების პასუხად დაიწყო, კომისიამ განაცხადა, ასეთი ფაქტები არათუ არ ყოფილა, ამის ნიშნებიც კი არ დაფიქსირებულაო. ეს არის ევროპული დოკუმენტი, რომლის შემდგენლებიც ცდილობდნენ, ის აბსოლუტურად დაბალანსებული ყოფილიყო", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა.

შეიქმნა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსგავსად "ივერიელთა ერთობის ტრაქტატისა" (1790 წ.), შეიქმნა ღვთისმშობლის წილხვედრი სრულიად საქართველოს და ყოველთა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი (2009-2010 წწ.). სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ტრაქტატზე ხელის მოწერისაკენ მოუწოდა. "...კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი - მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს, გამოხატულს ჩვენს აზრსა და ქმედებაში, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, გმირი წინაპრების მსგავსად, დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და ტრადიციები, ჩვენი თავისუფლება და ღირსება", - ნათქვამია ტრაქტატში, რომელსაც ხელი ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ მოაწერა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ბარაქ ობამას მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. "მიზეზი, თუ რატომ მთხოვა ობამამ საქართველოში ჩამოსვლა, იმაში მდგომარეობს, რომ გამეკეთებინა ნათელი გზავნილი ყველასთვის, - ამერიკა თქვენ გვერდით იქნება", - განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა პრეზიდენტის სასახლეში. "საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მისი როლი რეგიონის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. გაუმარჯოს მის მისწრაფებას, იყოს სუვერენული, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა!" - ამ სიტყვებით დაასრულა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ვახშამზე თავისი გამოსვლა. ჯოზეფ ბაიდენი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ორი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა: "პირველი - ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და როდის დაინიშნება არჩევნები, და მეორე - თუ საქართველოში არ ამაღლდა დემოკრატიის ხარისხი, ამერიკის დახმარება სათუო გახდება", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.