"გატყობთ, ქართველები ისევ ვერ მოსულხართ ჭკვაზე!" - კვირის პალიტრა

"გატყობთ, ქართველები ისევ ვერ მოსულხართ ჭკვაზე!"

"დიახ, თამაზ თამაზაშვილს გენერლობა მე მივანიჭე!"

"ციხეში უნდა ჩაყარონ ეს მართლა "ჩმორები"

"ეს ნაძირალები და არაკაცები ახლა ისევ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობენ და კიდევ უნდა ავიტანოთ?!"

"საკუთარი ხალხის დამბეჩავებელი სააკაშვილი სხვა ქვეყნის ხალხს მხარდაჭერას როგორ გამოუცხადებს?!"

სოსო ჯაჭვლიანისა და გია ბარამიძის დაპირისპირებას პარლამენტში ყოფილი შს მინისტრი კახა თარგამაძე მოსკოვიდან გამოეხმაურა. მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხარდაჭერაც კი დანაშაულია. ვის ჩასმას ითხოვს ციხეში ყოფილი შს მინისტრი და რა სთხოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამის შესახებ კახა თარგამაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- სოსო ჯაჭვლიანის ადგილას გია ბარამიძეს უფრო კარგად გავლახავდი. ამას მარტო ბარამიძე კი არა, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი იმსახურებს, რომლებმაც ქვეყანა გაყვლიფეს, გააუბედურეს და ახლა მაღალი ტრიბუნებიდან სხვებს მორალს უკითხავენ. ამ ხალხს ოდნავ მაინც შერჩენილი რომ ჰქონდეს სინდის-ნამუსი, თავად ჩასხდებოდნენ ციხეებში!

ქუჩაში ცხვირის გაყოფას ვერ უნდა ბედავდნენ! სულ უთავმოყვარეო უნდა ვიყოთ, ის რომ შევარჩინოთ, რაც ქართველ ერს დამართეს. ნახევარი საქართველოს კაცები ხომ გააუპატიურეს, ნახევარი გაუპატიურების მოლოდინში იყო, ცოლები გაუბახეს,  ფიზიკურად გაანადგურეს, ქონება წაართვეს, ციხეებში აწამეს და მეტი რაღა უნდა ექნათ, კაცო?! ახლა ეს ნაძირალები და არაკაცები ისევ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობენ და კიდევ უნდა ავიტანოთ?!

- მაგრამ ხალხმა არჩევნებზე გასცა ძალადობას პასუხი, თითოეულ დამნაშავეს  ლინჩის წესით ხომ არ გაასამართლებს?

- ლინჩის წესით გასამართლება რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ სამართალდამცავებმა ციხეებში უნდა ჩაყარონ ეს მართლა "ჩმორები". წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი ქუჩაში გადაინაცვლებს. გაიგეთ, ქართველი ერი გამწარებას არავის შეარჩენს, არა! სააკაშვილმა 9 მილიარდი დოლარი მოიპარა, წავიდა და "გულაობს". ეს არის სამართლიანობის აღდგენა?! ვის აინტერესებს მისი მხარდაჭერა  უკრაინაში?! საკუთარი ხალხის დამბეჩავებელი სხვა ქვეყნის ხალხს მხარდაჭერას როგორ გამოუცხადებს?! როგორც ვატყობ, "ნაციონალები" ამ გაუბედურებულ საქართველოს კიდევ არ დაანებებენ თავს და უარესსაც დამართებენ. მე არ ვფიქრობ, რომ ბრძოლა დასრულებულია. ნუ გეგონებათ, რომ ქვეყნის მტერი ეს პოლიტიკური ძალა წარსულს ჩაჰბარდა.…

- რას გულისხმობთ?

- მე რომ არ გითხრათ, თავად ვერ ხვდებით? ე.ი. კიდევ ვერ მოსულხართ ჭკვაზე!  ამ ბოროტების მანქანის მსახურებმა ქალიან-კაციანად ყველას ნამუსი ახადეს. კიდევ რა ვიდეოფირი უნდა გაჩვენონ, რომ  სწორად შეაფასოთ ის, რაც ხდებოდა? მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაა ერთადერთი გამოსავალი, ამ ჯგუფმა კიდევ რომ არ დათესოს ბოროტება...

- გია ბარამიძემ გააკეთა კომენტარი აფრასიძეების საქმეზე. თქვა, რომ ისინი იყვნენ კრიმინალები, ადამიანის გატაცებასა და მკვლელობებში მონაწილენი და თქვენი მინისტრობის პერიოდში ამ ყველაფრის აღსაკვეთად რა კეთდებოდა?

- ჩემი მინისტრობის პერიოდში აფრასიძეებზე საქმე იყო აღძრული, ძებნილებადაც გამოვაცხადეთ. საქმეში რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი იყო.

- თუ ასეა, რამ შეგიშალათ ხელი, რატომ ვერ მიეცით ისინი პასუხისგებაში?

- ამ შეკითხვაზე რომ გიპასუხოთ, ვეჭვობ, მაინც ვერ გაიგებთ. მილიონჯერ გამიცია ამისთანა ბრალდებებზე პასუხი და მაინც სულ ერთსა და იმავეს მეკითხებიან... თქვენ არ გინდათ გაიგოთ, რომ დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება. ჩემს დროს დანაშაულის რაოდენობა რაც იყო, ის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში პარპაშის დროს 5-ჯერ გაიზარდა. ნახეთ სტატისტიკა, თქვე ოჯახაშენებულებო! ჩემგან მეტს რას ითხოვთ?

- მაშინდელ სტატისტიკურ მონაცემებს საზოგადოების ნაწილი არ ენდობა. საკითხავი ის არის, აღრიცხავდით თუ არა დანაშაულს?

- ამ კითხვას სვამს საზოგადოების ის ნაწილი, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. მე თუ მკითხავთ, მათი მხარდაჭერა დანაშაულია!

- საკადრო ცვლილებებზე რას ფიქრობთ? 28 წლის შს მინისტრი კარგად გაუძღვება საქმეს?

- აბა, რა გიპასუხოთ? მე არ ვარ საქართველოში და არა ვიცი, მანდ როგორი სიტუაციაა. ფაქტია, ყველაზე საზიზღარი კრიმინოგენული სიტუაცია სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო. არადა, ამტკიცებდნენ, კრიმინოგენული მდგომარეობა გაუმჯობესებულიაო. მაშინ რატომ ჰყავდა 42 ათასი პატიმარი ქვეყანას, ამას რატომ არავინ ამბობს?! თუ მათი ერთი ნაწილი უდანაშაულო იყო, როგორც ახლა ირკვევა, პასუხი არავინ უნდა აგოს?!  ჩემი მინისტრობის პერიოდში 6 ათასი პატიმარი გვყავდა. 42 ათასსა და 6 ათასს შორის დიდი განსხვავებაა.

- ოპონენტები გეტყვიან, რომ თქვენი მინისტრობის დროს ქურდები მართავდნენ ციხეებსაც და ქვეყანასაც.

- რა ქურდები, რის ქურდები?! ქურდი არა, ჭიჭიკო მართავდა! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: შსს მართავდა ციხეს, ის აკონტროლებდა ყველაფერს. როცა შსს-მ ქვეყანაში თავის საქმიანობაზე კონტროლი დაკარგა, მაშინ გახდა ის სააკაშვილის ნების აღმსრულებელი აპარატი. ამის შემდეგ  დედა ეტირა ქვეყანას!

- თქვენი აზრით, შესაცვლელია თუ არა  სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლი, რომელმაც დაამკვიდრა ტერმინები "ქურდული სამყაროს წევრობა", "კანონიერი ქურდი"?

- საერთაშორისო სამართალში ასეთი ტერმინები არ არსებობს. შესაძლოა, საუბარი იყოს ორგანიზებულ დანაშაულზე, სადაც ვიღაცას მართავენ, რაღაცას ერთად აშავებენ და ა.შ. ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის, რომ ადამიანს უთხრა, აღიარე, რომ ქურდის ამხანაგი ხარ და ამის საფუძველზე დაგიჭერო, ასეთი რამ ყველა სხვა ქვეყანაში წარმოუდგენელია. ტერმინი "კანონიერი ქურდი" საქართველოს გარდა სხვაგან არ არსებობს, იმიტომ, რომ თავად ქურდობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.  ჯერ კიდევ სტალინის დროს ვიშინსკიმ შექმნა ასეთი თეორია "Признание это мать доказательства". ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ვიშინსკის თეორიაც, და ასეთი სახე მიიღო "Признание ничего не значит". რა თქმა უნდა, აღიარება არაფერს ნიშნავს, თუ მას არ ახლავს მტკიცებულება. კაცს რომ დაიჭერ და ცოლ-შვილის გაუბედურებით დაემუქრები, ყველაფერს აღიარებს, რასაც მოსთხოვ. რა, არ აღიარეს ჯაშუშობა თქვენმა ფოტორეპორტიორებმა?! სჯერა ვინმეს, რომ ისინი ჯაშუშები იყვნენ?

- არსებობს მოსაზრება, რომ ზემოხსენებული მუხლის გაუქმება ქურდების აღზევებას შეუწყობს ხელს.

- არაფერსაც არ შეუწყობს ხელს. "ქურდული ინსტიტუტი" მხოლოდ საბჭოთა კავშირში არსებობდა, მსოფლიო ასეთ ინსტიტუტს არ იცნობს. საბჭოთა კავშირი კი უკვე დიდი ხანია დაიშალა...

- საქართველოში დაბრუნებას აპირებთ?

- არა. თუ მოვითხოვ საქართველოს მოქალაქეობას, ალბათ, არავინ დამაყვედრის,  საქართველოში ვარ დაბადებული და გაზრდილი. მთავარი მოქალაქეობა არ არის, მთავარი ის არის, რომ საქართველოდან წასულები სამშობლოში ვეღარ ბრუნდებიან და იქ ინვესტიციას ვერ ახორციელებენ.…

- თქვენს თავს გულისხმობთ?

- არა, სხვების მაგალითზეც ვამბობ. ჩემთვის არავის არაფერი წაურთმევია. რა მქონდა, რომ წაერთმიათ? ხომ გაიძახოდნენ, კახა თარგამაძეს კორუფციის წყალობით  დიდი ქონება აქვსო?…სად წავიდა ის ქონება? საქართველოში ქართველები მანამდე არ დაბრუნდებიან და არც ინვესტიციები ჩაიდება, სანამ სამართლიანობა არ აღდგება. ეს არის მთავარი. მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ იმის გამო, რომ ჩემი ერი შეურაცხყვეს და ვინც ეს გააკეთა, პასუხი არ უგიათ.

- ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის სიმამრთან, თამაზ თამაზაშვილთან ხომ გაქვთ კარგი ურთიერთობა?

- როცა შს მინისტრი გავხდი, თამაზ თამაზაშვილი დავაწინაურე და კახეთის  სამხარეო პოლიციის უფროსად დავნიშნე. გენერლობაც მე მივანიჭე. სწორედ მაშინ დავახასიათე ის ძალიან დადებითად და დღემდე ამ ადამიანზე ასეთი აზრი მაქვს.

- საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას არ შეხვედრიხართ?

- ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ორჯერ რამდენიმე დღით ჩამოვედი და მასთან შეხვედრის დრო არ მქონია.

- ირაკლი ღარიბაშვილზე რას გვეტყვით?

- მინდა წარმატება ვუსურვო. მასთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, მინდა, სამართლიანობა აღადგინოს. სხვაგვარად ქვეყანაში სიმშვიდე ვერ დაისადგურებს.