"ჩხატარაშვილს შეუძლია დაასახელოს"
16-12-2013
"ჩხატარაშვილს შეუძლია დაასახელოს"
"დღეს მასმედიას ინფორმაცია იმ დოზითაც კი  არა აქვს, რა დოზითაც ივანიშვილის დროს ჰქონდა"

"ფარცხალაძემ პირველად ისინი გაათავისუფლა, ვინც არჩილ კბილაშვილმა სამსახურში მიიღო" (?!)


"ახალმა მთავარმა პროკურორმა ფარცხალაძემ უპირველეს ყოვლისა, არჩილ კბილაშვილის კადრებისგან პროკურატურის გაწმენდა დაიწყო", - აცხადებს ექსპერტი კახა კახიშვილი. ის "კვირის პალიტრას" ესაუბრა:


- პროკურატურაში რთული ვითარებაა. ერთი მხრივ, კვლავაც მუშაობენ ის პროკურორები, რომელთა გამო არაერთი მოქალაქე დაიჩაგრა, დაკარგეს \ქონება, ნაწილი უსაფუძვლოდ იხდიდა სასჯელს,  მეორე მხრივ, ახალმა ხელმძღვანელობამ არჩილ
კბილაშვილის კადრებისგან  პროკურატურის გაწმენდა დაიწყო. ჩემი ინფორმაციით, პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ თანამშრომელთა ავტობიოგრაფიები მოითხოვა და პირველად ისინი გაათავისუფლა, ვინც არჩილ კბილაშვილმა სამსახურში მიიღო(?!). სხვათა შორის, ერთ-ერთი ისეთი თანამშრომელიც მოჰყვა გათავისუფლებულთა შორის, რომელიც მართლაც პროფესიონალი იურისტი და გამოცდილი კადრია, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურატურაში  არ მუშაობდა და
არც ხელები აქვს გასვრილი ბინძურ საქმეებში.…

მის გვარს შეგნებულად არ დავაზუსტებ. მან კბილაშვილის მთავარი პროკურორობისას წარმატებით გამოიძია რამდენიმე გახმაურებული საქმე, რაც დადასტურდა იმით, რომ სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. არ შეიძლება ასეთ კადრს მოსთხოვო სამსახურიდან წასვლა@! არასწორია, ახალი ხელმძღვანელები თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლას რომ აიძულებენ. თანამშრომლის დანიშვნის, დაწინაურების, დაქვეითების თუ გათავისუფლების საკითხი მისი საქმიანობიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს. იმ შემთხვევაში, თუკი მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მიზანშეუწონელია  რომელიმე  თანამშრომლის მუშაობა სისტემაში, მაშინ მის გათავისუფლებას თან უნდა ერთვოდეს გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლეული მასალები, რომელთა საფუძველზეც დადგინდება სამსახურებრივი გადაცდომა და ა.შ. ხალხი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს მათ მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე.

- მთავარი პროკურატურის გენინსპექციის უფროსი მადონა ღიბრაძეც გაათავისუფლეს.

- დიახ, მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურაში საშუალო და ქვედა რგოლებშიც  კი მოქალაქეთა სამსახურში მიღება-დათხოვნის საკითხი იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, თუ ვინ ხდება მთავარი პროკურორი.

- რატომ დაიწყო ფარცხალაძემ კბილაშვილის კადრების დათხოვნა?
- რთული სათქმელია. თუმცა საკადრო ცვლილებებს თუ განვიხილავთ, გამოდის, ფარცხალაძემ გადაწყვიტა, დაეყრდნოს კადრებს, რომელთაც თავად  იცნობს. მოგეხსენებათ, ყოფილი ხელისუფლების დროს ფარცხალაძე შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და კბილაშვილის კადრები ჩაანაცვლა იმ პირებით, რომლებიც მის დროს შიდა ქართლის ფინანსურ პოლიციაში მუშაობდნენ. ფინანსურ პოლიციას ყოველთვის პროკურატურა კურირებდა. კბილაშვილის კადრებს კი  ფარცხალაძე არ იცნობდა, ამიტომ მისთვის ადეიშვილის დროინდელი კადრები უფრო მისაღები აღმოჩნდა.

- ასეთი საკადრო ცვლილებები რამდენად შეუწყობს ხელს გახმაურებული საქმეების გამოძიებას?
- რასაკვირველია, გაჭირდება, თუკი პროკურატურაში იმუშავებენ ისინი, ვისაც ადრე ჰქონდათ კავშირი ამ გახმაურებული საქმეების გამოძიებასთან. შესაძლოა, მათ კარგი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ ადეიშვილის დროინდელ კადრებთან და ესეც ქმნის პრობლემას. ამასთან, პროკურატურაში კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობაა. ამას განაპირობებს შემდეგი ფაქტორი: ყოფილი ხელისუფლების დროს პროკურორებს სამსახურში პოლიტიკური ნიშნით იღებდნენ. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი რომ გამოეტანა, საკმარისი იყო, პროკურორი მხოლოდ ფიზიკურად წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და ხმაც არ ამოეღო. ასეთ პროკურორებს დიდი კვალიფიკაცია არ სჭირდებოდათ. დღეს ისინი იმავე ტენდენციით აგრძელებენ მუშაობას, მათთვის კვალიფიკაცია არავის აუმაღლებია.

- ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით ჩხატარაშვილის დაკავებაზე რას გვეტყვით?
- დავით ჩხატარაშვილი პროკურატურაში ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ჯერ კუდ-ის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ, შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ გადაიყვანეს. ფაქტობრივად, ჩხატარაშვილი იყო დე ფაქტო მთავარი პროკურორი ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში. მურთაზ ზოდელავა (ყოფილი მთავარი პროკურორი) აღმოჩნდა იქ, სადაც რამის შეცვლა შეუძლებელი გახლდათ. ყველაფრის გამკეთებელი (პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი) ჩხატარაშვილი იყო. რაც შეეხება მის დაკავებას, ერთია წარდგენილი ბრალის შინაარსი, მეორე - ბრალის დადასტურება. თუკი ის დააკავეს ისე, რომ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები არა აქვს, მაშინ სასამართლო მის გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. შედეგად მივიღებთ  გამართლებულ ჩხატარაშვილს, ისევე როგორც გამართლებული ბაჩო ახალაია მივიღეთ ბრალდების ზოგიერთ ეპიზოდში.

- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხატარაშვილმა ნაცვლიშვილი ამხილა, - "ჩემგან ითხოვდა სრულ ინფორმაციას, ყოფილ ხელისუფლებას რომელ ბიზნესებში რა წილები ჰქონდაო".
- ჩხატარაშვილი სწორედ ის ფიგურაა, რომელსაც დიდი ინფორმაცია აქვს. მას შეუძლია დაასახელოს "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები, რომლებიც მოკალათებული იყვნენ მაღალ თანამდებობებზე და იმავდროულად, ბიზნესი ჰქონდათ და მას ლობირებდნენ.

თუკი ჩხატარაშვილს პროკურატურიდან ეუბნებოდნენ, გაგვიყვანე ამ ყოფილ ჩინოვნიკებზე და სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას გაგიფორმებთო, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ, თუკი ვინმე  საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის ითხოვდა მისგან ასეთ ინფორმაციას, ეს უკვე პრობლემაა. ამიტომ უნდა დაზუსტდეს, ამ ინფორმაციის გაცემას სახელმწიფო თუ კერძო მიზნებიდან გამომდინარე სთხოვდნენ.

- ხომ არ იკვეთება პროკურატურის დახურულ სისტემად გადაქცევის ტენდენცია?

- სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა წარმოადგენდა პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებულ ახალ ხედვას და შესაბამისად, ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მთავარი პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა აშკარად  არ ცდილობს საზოგადოებასთან კომუნიკაციას. ეს შენიშვნა არა მხოლოდ მთავარ პროკურატურას, არამედ მთლიანად ახალ მთავრობას ეხება. დღეს მასმედიას ინფორმაცია იმ დოზითაც კი  არა აქვს, რა დოზითაც ივანიშვილის დროს ჰქონდა. მინისტრები მაინცდამაინც არც მაშინ ურთიერთობდნენ საზოგადოებასთან, მაგრამ თავად ივანიშვილი იყო გახსნილი. ახალი მთავრობა ტელეეკრანებიდან მონოლოგით არ უნდა გვესაუბრებოდეს, თორემ ისევ კარჩაკეტილობის პრობლემას შევეჩეხებით.
DINO_ZAUR
20 დეკემბერი 2013 17:51
სხვები არ ვიცი და მადონა ღიბრაძე და მისი ძმა დათო უპატიოსნესი და მაღალპროფესიონალი კადრები არიან . თან ძალიან კარგი ადამიანები (მადონა მე მასწავლიდა სკოლაში სამართალს). თავის რაიონში ყველას უყვარს მათი ოჯახი და ყველა აფასებს.


სიმართლის სიყვარულის და თქმის გამო გადაემტერა მიშა ცოცხიანი და სამწუხაროა თუ დღევანდელი მთავრობა მათ კვალიფიკაციას და ნიჭს არ გამოიყენებს...

რედაქტორის რჩევით