პრესსამსახურის "დათვური სამსახური"
16-12-2013
პრესსამსახურის "დათვური სამსახური"
აბრაამ ლინკოლნი: "მიეცით ხალხს შესაძლებლობა იცოდეს ფაქტები და მსოფლიო უსაფრთხო იქნება"

რამდენიმე დღის წინ "კვირის პალიტრამ" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან" მიიღო წერილი, სადაც ჟურნალისტებს სთხოვდნენ, შეეფასებინათ ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობის ხარისხი ჩვენივე გამოცდილების საფუძველზე. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ვფიქრობდი ამ საკითხზე წერილის დაწერას. და აი, სულზე მომისწრო ასოციაციის აქტიურობამ, რითაც უფრო დავაჩქარე ხმის ამოღება უსამართლობაზე, რასაც ჟურნალისტი ყოველდღე ხვდება სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის დროს.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, მაქვს თუ არა იმედი, რომ
წერილის წაკითხვის შემდეგ უჩინმაჩინის ჯოხით ვინმე ამ პრობლემას ერთ დღეში მოაგვარებს. სამწუხაროდ, დარწმუნებული არ ვარ, ჩინოსანი, რომელიც საკუთარ პრესმოხელეს ინფორმაციის გაცემას უკრძალავს, უეცრად დემოკრატიის შუქურად გარდაიქმნება, გახდება დამოუკიდებელი და იზრუნებს ქვეყანაში აქტიური და ინფორმირებული ადამიანების მომრავლებაზე. თუმცა, იმედი მაქვს, საფუძვლიანი კრიტიკა უეცრად თუ არ გამოიღებს
შედეგს, მომავალში მაინც გაითვალისწინებს ვინმე და მიხვდება, რომ ინფორმაციის თავისუფლება საჯარო სამსახურების მოვალეობაა და არა ჟურნალისტის ახირება! ჯერ კიდევ აბრაამ ლინკოლნი ამბობდა, "მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და მსოფლიო უსაფრთხო იქნება".

როგორც სხვა ჟურნალისტებს, მეც გამჩენია კითხვა - ვისი და რისი ბრალია ის, რომ პოლიტიკოსები და მათი პრესსამსახურები, როგორც კი თანამდებობებს დაიჭერენ, აღარ ურთიერთობენ ჟურნალისტებთან-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს საყვედური ყველას ერთნაირად არ ეხება, თუმცა მათ 90%-ს ნამდვილად აქვს გამოსასწორებელი საქმიანობა.

გასულ წლებში ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლების რუპორობას არ კისრულობდა, საჯარო სამსახურებშიც ვერ შეაღწევდა. ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დაცვის თანამშრომელმა მიზეზად ისიც კი დამისახელა, რომ თურმე ჟურნალისტს საჯარო სამსახურში შესვლა არ შეუძლია. დღეს, ცოდვას ვერ იტყვი და, მუნიციპალიტეტებში შესვლას არავინ დაგიშლის, თუმცა ზოგ სამინისტროში ცხვირს რომ ვერ შეყოფ და ინფორმაციასაც არ მოგცემენ, ეს თავად ჟურნალისტებისგან ყოველდღე გვესმის. ყველა ჟურნალისტს სურს, ექსკლუზივი უშუალოდ პირველწყაროდან ჰქონდეს, თუმცა ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ მინისტრების საუბრის ჩაწერა, როცა ჩვენ მოგვესურვება, შეუძლებელია. ამიტომ ხშირად ვთხოვთ მათ პრესსამსახურებს, კონკრეტულ თემებზე კომპეტენტურ ადამიანებთან გადაგვამისამართონ ან თავად გაგვცენ ოფიციალური პასუხი. არავინ ითხოვს საიდუმლო და სკანდალურ ინფორმაციას, რომელიც რაიმე ფორმით დააზარალებს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ჩვენ გვჭირდება ის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების ინფორმირებას მოემსახურება.

საქართველოში პრესსამსახურებს ჰგონიათ, მათი მოვალეობა ინფორმაციის გაცემა და ჟურნალისტების დახმარება კი არ არის, არამედ თავისი ხელმძღვანელის ჟურნალისტისგან გარიდება. წლების განმავლობაში არაერთხელ გავმხდარვარ პრესსამსახურების მოტყუების და უყურადღებობის ობიექტი, თუმცა არ მეგონა, მსგავსი რამ ახალი ხელისუფლების დროსაც თუ დამემართებოდა.

ერთხელ ISAF-ის მისიის შესახებ ვამზადებდი მასალას. გადავწყვიტე, თავდაცვის სამინისტროდან ვინმეს საუბარი ჩამეწერა, რისთვისაც პრესსამსახურს დავუკავშირდი. პრესსამსახურის თანამშრომელმა სამი დღე მალოდინა, ბოლოს გამომიცხადა, გენერალ-მაიორ კაპანაძეს გადავეცი თქვენი თხოვნა, მაგრამ მოუცლელობის გამო შეხვედრას ვერ მოახერხებსო. სიმართლე გითხრათ, მისმა გულწრფელობამ დამაეჭვა და კაპანაძეს პირად ნომერზე დავურეკე. ავუხსენი, ვინ ვიყავი და რა თემაზე მინდოდა ინტერვიუ. აწ უკვე გენშტაბის უფროსმა ინტერვიუს სურვილიც გამოთქვა, მადლობაც გადამიხადა, აქტუალური თემით რომ დავინტერესდი და მთხოვა, პრესსამსახურისგან ამეღო ნებართვა(?!).

დიდი ხანია მედიასივრცეს აწუხებს კითხვა, ვინ და რა გვიშლის ხელს, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე?! ზოგი ამბობს, რომ ჟურნალისტების პროფესიონალიზმს არ ენდობა და ამიტომ არიდებს თავს მათთან ურთიერთობას, არცთუ იშვიათად, მოხელეს საუბარში შეცდომების დაშვება აშინებს. როცა ასეთი წამოცდენები ხდება, შემდეგ ჩინოსანი პრესმოხელეს ავალებს მის გამოსწორებას. ამიტომაც ჟურნალისტებთან ხშირი ურთიერთობა სადავიდარაბოა პრესსამსახურისთვისაც და ხშირად ისინიც მარტივ "გზას" პოულობენ და ცდილობენ "დათვური სამსახურის" გაწევას, მათი უფროსის ჟურნალისტებისგან სხვადასხვა ხრიკებით გარიდებას, რაც საბოლოოდ ისევ მათსავე ხელისუფლებას უბრუნდება ცუდად...
საბედნიეროდ, ინფორმაციის თავისუფლება ვალდებულებაა, რაც, სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, სწორად ჯერ კიდევ არ არის გაგებული. საზოგადოების ინფორმირების ხარისხი განსაზღვრავს იმ ზღვარს, რომლითაც ცივილიზებული სამყარო ტირანიას უპირისპირდება. მედია სწორედ ის ძალაა, რომელიც ამ ზღვარს ადგენს. სამწუხაროდ, ძველი ხელისუფლება ინფორმირებულ საზოგადოებაში მხოლოდ მტერს ხედავდა... და ახალი?!

უტა ბიწაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები