მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
16-12-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!

ოდეს ყოფილ არს აქამომდე, რომ საქართველოს პარლამენტში ჩხუბი არ მომხდარიყოს?! ყველა მოწვევის დროს იყო მომენტები, როდესაც ვნებები იფეთქებდა და მერე ხან "ბორჯომის" შესხმაში გადაიზრდებოდა და ხან კიდევ მუშტი-კრივში. ის კი არა, ერთხელ ვახტანგ რჩეულიშვილს მიშა მაჭავარიანმა საფერფლეც კი ესროლა. მოკლედ, ყველა მოწვევის პარლამენტში მომხდარა რაღაც ამდაგვარი და რაღა მაინცდამაინც ახლა იქნებოდა გამონაკლისი? ჩვენ ხომ ტრადიციების მოყვარული ხალხი ვართ. "ოცნების" რიგებში ტრადიციის პატივისმცემელი და კუნთმაგარი იმდენი დეპუტატია, რომ
მიკვირდა, აქამდე რომ არ მივიდა საქმე გაწევ-გამოწევამდე. და აჰა, ეს მომენტიც დადგა!

მსახიობი და მკლავჭიდელი სოსო ჯაჭვლიანი ჯერ სიტყვით შეეჭიდა შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ევროინტეგრაციის ყოფილ მინისტრ გია ბარამიძეს, შემდეგ კი წიხლით, თუმცა წიხლამდე იყო უკვე ლეგენდად ქცეული სიტყვები: "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო!" როცა სოსო
ჯაჭვლიანმა მისთვის საკმაოდ გრძელი სიტყვის წარმოთქმა დაიწყო, არავინ იცის, ჰქონდა თუ არა გადაწყვეტილი გამოსვლის სწორედ ამ სიტყვებით დასრულება, მაგრამ ბარამიძემ იმდენჯერ დაიტრიალა თითი საფეთქელთან, აქაოდა, ჯაჭვლიანი თავის მატორზე ვერ არისო, ამ უკანასკნელს ჯერ შეურაცხყოფა, შემდეგ კი წიხლი გამოსტყუა. შეურაცხყოფა ბარამიძეს ადრეც მიუღია. "ვარდების რევოლუციამდე" მას ნოდარ გრიგალაშვილმა "ლეღვის ფოთოლი" რომ უწოდა, მაშინ ბარამიძე გრიგალაშვილს კი სწვდა, მაგრამ ამჯერად, მას ნავარჯიშები მოწინააღმდეგე ჰყავდა ჯაჭვლიანის სახით. მოკლედ, ბარამიძე გალახვას გადაურჩა და მთელი "ნაცმოძრაობაც" გაიბუტა - სხდომათა დარბაზში აღარ შემოვალთ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენსო. არ ვიცი, რას ითხოვენ: უსუფაშვილს ჯაჭვლიანი ბრინჯის მარცვლებზე მუხლებით უნდა დაეყენებინა, თუ ის ენა ამოეგლიჯა, რომლითაც სიტყვა "ჩმორო" წარმოთქვა. რა =თქმა უნდა, პარლამენტი რინგი არ არის და ჯაჭვლიანსაც მეტი თავშეკავება მართებდა, მაგრამ "ნაციონალები" ისე აღშფოთდნენ, თითქოს მათი წევრი არ იყოს კაკო ბობოხიძე, რომელიც წინ და უკან იქნევდა მუშტებს, ან პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც ერთ-ერთი საპარლამენტო ჩხუბის შემდეგ სახლში წავიდა, კასტეტი მოიტანა და დავით საგანელიძეს თვალი კინაღამ ამოუგდო.  ჰოდა, ჯაჭვლიანიც ტრადიციების პატივისმცემელი კაცი ჩანს და აგრძელებს, ბატონო, ამ ტრადიციას.

არ მოიკლოთ!

ახალ ხელისუფლებას თუ რამე გადაიყოლებს, ეს ჯიპების გადამეტებული სიყვარულია. ვიდრე აჭარის მოსახლეობა ექვსდღიან უშუქობას ებრძოდა და ფიქრობდა, 90-იან წლებში ხომ არ დავბრუნდითო, ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ავტოპარკის განახლებისთვის ბიუჯეტიდან 325 600 ლარი დაიხარჯება. სულ 5 უწყება 6 მანქანას შეისყიდის. 6 მანქანაში 325 600 ლარი რომ იხარჯება, ალბათ ხვდებით, რა ფასიან მანქანებზეა ლაპარაკი. ისე როგორ იქნებოდა, ამ საჩოთირო ამბავში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიპ-ავთანდილიც არ გარეულიყო. ავთანდილ ბერიძეს ამ დროისთვის "ტოიოტა ქამრი" და "ტოიოტა პრადო" ემსახურება, მაგრამ ეს "პრადო" 2012 წლისაა. როგორ შეიძლება ორი წლის მანქანა გყავდეს?! ჰოდა, ახლა 2014 წლის "პრადო" მოემსახურება. ბატონი ავთანდილი აცხადებს: ჩემთვის კი არა, უმაღლესი საბჭოსთვის ვყიდულობთ, მე კი მომემსახურება, მაგრამ ჩემი ხომ არ იქნებაო. ჩემთან რა გინდათ, მე კი არ გამოვაცხადე ტენდერი, უმაღლესი საბჭოს აპარატმაო. მოკლედ, არგუმენტებია ისეთი, ქვას გახეთქავს. "ლენდკრუიზერ პრადო" მოემსახურება ასევე აჭარის განათლების მინისტრსაც. ამჟამად "ჰუნდაი სონატა" ემსახურება და მისი პარამეტრები აჭარის განათლებას არ ჰყოფნის. თუმცა აჭარა არაა გამონაკლისი: გარდაბნის მუნიციპალიტეტიც არ ჩამორჩა და 80 ათასლარიანი "ლენდკრუიზერი" შეიშნო. ბოლო ერთ წელიწადში მთავრობამ მხოლოდ მანქანების შესაძენად 22 მილიონი ლარი დახარჯა (ამ თანხაში შედის საპატრულო ეკიპაჟებისთვის განკუთვნილი მანქანებიც). 264 ათასი ლარი კი ბიუჯეტიდან ახალი მთავრობის ჩინოსნებმა ბოლო მოდელის მობილურების შესაძენად დახარჯეს.  როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ამათთვის გაუსროლია "ავრორას"!

ეჰ, მიშა...


როდესაც კიევში აქციების მონაწილეთა მხარდასაჭერად სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩავიდნენ, მთავარი კითხვა, რომელიც გაჩნდა, ასეთი იყო: გააპროტესტებდნენ თუ არა ისინი აქციების დარბევას. ალბათ, ხვდებით, რატომ იწვევდა "ნაციონალების" კიევში ჩასვლა ასეთ ირონიას იმ ფონზე, როდესაც იანუკოვიჩს მთელი დასავლური სამყარო აქციების დარბევას საყვედურობდა. ეს ხომ ის ძალაა, რომელსაც კისერზე 7 ნოემბერი და 26 მაისი აწევს. ამიტომ მათი მხრიდან აქციების დარბევაზე საუბარი, სულ მცირე, უხერხული იქნებოდა. სააკაშვილმა გამოსავალი მაინც იპოვა. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აქციები არ უნდა დაარბიოს. როდესაც მე დავარბიე, გადავდექი და ისევ ხალხმა ამირჩიაო. 2009 წელს კი აქციებს აღარ შევეხეთ, ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ხალხი დაიღალა და თავისით დაიშალაო. თუმცა მას აღარ გახსენებია 2011 წელი და 26 მაისი. სამაგიეროდ, მისგან ახალი თეორია მოვისმინეთ, თუ რატომ დაკარგა ხელისუფლება. ჩვენ რომ რადიკალური რეფორმები არ გაგვეტარებინა, შესაძლოა, ხელისუფლება კიდევ უფრო დიდხანს შეგვენარჩუნებინაო. ანუ ჰგონია, რომ ის მხოლოდ სამსახურიდან გაგდებულმა კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა და "გაიშნიკებმა" დაამხეს. ეჰ, ჩემო მიშა, რეფორმები რომ არ გაგეტარებინა, მაშინ ისევე დაამთავრებდი, როგორც შევარდნაძემ. შენი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ერთი ხელით რეფორმას ატარებდი, მეორით კი ავტორიტარიზმისკენ მიიკვლევდი გზას, ცალი ხელით თუ კარგ საქმეს აკეთებდი, მეორეს ცუდისთვის იყენებდი. ეჰ, მიშა, როგორც ჩანს, ერთთვიანი დასვენება გონზე მოსასვლელად საკმარისი არ არის!
Levani
22 დეკემბერი 2013 20:26
მერაბ, ცდილობ სახე შეინარჩუნო, მაგრამ...
ნაციონალებთან ბრძოლაში გამარჯვების (რაშიც "კვირის პალიტრამ" და პირადად შენც დიდი წვლილი შეიტანეთ) საბოლოო შედეგი აღმოჩნდა გ ა ც ი ლ ე ბ ი თ უ ა რ ე ს ი ხელისუფლება.

დღეს ამას უკვე ბევრი ხედავს, ბევრიც შეცბუნებულია, ოღონდ იხტიბარს არ იტეხს, ხვალ კი სრულიად ბრმებისთვისაც (ცხადია, იგულისხმება პოლიტიკურად ბრმები) გახდება ეს აშკარა!

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, როდესაც ახალი ხელისუფლება მართვის ყველა სადავეს ხელში ჩაიგდებს, ისევ რუსეთში შეარგვევინებს საქართველოს თავს!
ბუთო
21 დეკემბერი 2013 19:22
კითხვა მაქვს ასეთი–მოკრძალებული:სად იყო 2003, 2007, 2008, 2009 ან 2011 წელს იმ ხალხის უმრავლესობა, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია?ვინ რას აკეთებდა? მე ვისაც ვუყურებ, უმეტესობას არც მაშინ სციოდა და შიოდა და არც ახლა. უბრალოდ იმ აქლემს, რომელსაც ხალხი ჰქვია, შეეცვალა მგზავრთა კრებული, აქლემი კი ისვ ხმელი საქსაულის იმედად დარჩა.
rezo
21 დეკემბერი 2013 13:44
კარგი იყო მერაბ,მაგრამ კიდევ მრავალი თემაა რაზეც უნდა წერდეთ უფრო მეტ კრიტიკულ სტატიებს,მაგალითად პატიმრების თემა და ზოგადად სუბარზე როგორც მინისტრეზე,ხადურზე და ასე შემდეგ.

რედაქტორის რჩევით