ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

დასავლური დავლური

ანუ ჩემი სანქცია შენსას ჯობია, არა - ჩემი სჯობს შენს

ისევ უკრაინა. დასავლეთის წაჯექ-უკუჯექობა სულ უფრო მეტ გაკვირვებას იწვევს. საუბარი მაქვს ბოლო დღეებში გავრცელებულ ორ ინფორმაციაზე: ერთის მიხედვით, ამერიკა უკრაინისთვის სანქციების დაწესებაზე ფიქრობს, ხოლო მეორეს მიხედვით, ევროპა უარს ეუბნება უკრაინას 20 მილიარდიან დახმარებაზე, რომელიც მას რუსეთისგან ზეწოლით მოსალოდნელ ეკონომიკურ ტრავმებს ცოტა მოუშუშებდა.

ამერიკის გამკვირვებია: ამ საწყალ უკრაინას კიდევ სანქციები უნდა?! რუსეთს რომ დაუწესონ სანქციები, არა?! თუ ძალა მორევაზეა?!

თუ მართლა ასეთი პრინციპულია დასავლეთისთვის უკრაინის თემა, სწორედ დღეს რუსეთისთვის სანქციების ამოქმედების არაჩვეულებრივი მექანიზმი აქვს: ყბადაღებული სოჭის ოლიმპიადა! გაიხსენონ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტის მაგალითი და გამოუცხადონ ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკამ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი! როგორი სანქციაა?! მაგრამ გაუბედავს ავღანეთში, სირიასა და ირანში რუსეთის დახმარების მოიმედე დასავლეთი მას ამგვარ თავლაფდასხმას?! თანაც ამით კვლავ "ცივი ომის" რეჟიმში დაბრუნდება მსოფლიო. თუმცა, სწორედ რომ "ცივ ომში" კონკურენციამ გატეხა საბჭოთა კავშირი და მიიყვანა დაშლამდე.

ახლა კი რა გამოდის: იმის ნაცვლად, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა ყველანაირი შესაძლო დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას, გადაწყვიტეს, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე სანქციებით ეომონ?! ანუ სანქცია სანქციის წილ, ანუ უკრაინის ხელისუფლებას ეუბნებიან: თუ რუსეთი სანქციებით გაშინებს, მეც შემიძლია სანქციებით დაგაშინო და დანარჩენი შენ იციო. ანუ ცნობილი ქართული კალამბურის პერიფრაზს თუ მოვიშველიებთ: ჩემი სანქცია შენსას ჯობია, არა - ჩემი სჯობს შენს?! და რა დააშავა ამ დროს უკრაინელმა ხალხმა და მათ შორის იმ ნაწილმა, რომელიც ყინვასა და სიცივეში, "დუბინკების" წვიმაში იცავს უკრაინის ევროპულ არჩევანს? ეს სანქციები ხომ უკრაინელი ხალხის კისერზე გადაივლის. თუ სანქციებით უნდათ აიძულონ უკრაინელი ხალხი გადააგდონ ხელისუფლება?! და რატომ ჰგონიათ, რომ ეს უკრაინელებში დასავლეთის მიმართ აგრესიას არ გამოიწვევს?! თუ დასავლეთს უკრაინელ ხალხთან სანქციების გარდა სალაპარაკო ენა არ დარჩა, მაშინ რითი განსხვავდება ის რუსეთისგან?! მართალი ბრძანა ბაროზომ - დღეს ევროპის მომავალი უკრაინელი ახალგაზრდების ხელით იწერებაო და ცოტა რომ წაეშველოს "ევროკავშირი" უკრაინას ამ ისტორიის წერაში, არ იქნებოდა ცუდი?!