"ჰაერში გასროლილი მილიარდები!"
23-12-2013
"ჰაერში გასროლილი მილიარდები!"
"ამ შენობებში 2 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯა"

მართალია, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობას გამოეთხოვა, მაგრამ თავისი მმართველობის სამახსოვროდ დაგვიტოვა არქიტექტურული "შედევრები". ზოგს მიწისაგან პირისა აღგვა ელის, ზოგიერთი თავზე გვენგრევა, მაგრამ თავის დროზე სახელმწიფო ბიუჯეტს მათი აშენება ასეულობით მილიონი დაუჯდა. რა თანხები იხარჯებოდა ნაგებობების მშენებლობისთვის სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში? - ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის გამგეობის" თავმჯდომარე პეტრე მამრაძე ესაუბრა.

- ერთი დანაშაულია შენობა-ნაგებობით ქალაქის იერის დაუშნოება, მეორე კი უკანონო მშენებლობები.
სააკაშვილის პრეზიდენტობისას არანაირ პროცედურებს არ იცავდნენ... მაგალითად, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, ვერ ვიპოვეთ ინფორმაცია, რა თანხა დაიხარჯა ბათუმში იმ ცათამბჯენის მშენებლობაზე, რომელსაც სააკაშვილმა პოლიტექნიკური ინსტიტუტი უწოდაო. თურმე მას ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიაწოდა დოკუმენტი. ახლახან საზოგადოება იმითაც დაინტერესდა, რა დაჯდა იუსტიციის სახლის მშენებლობა. კითხვები მას
შემდეგ დაისვა, რაც ის თავზე ჩამოგვენგრა.…ოდნავ ძლიერი ქარიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ სახურავი ნაფოტებად დაშლილიყო. თავის დროზე, იუსტიციის სახლის მშენებლობის საქმეში ჩართული პატიოსანი ხალხი მეუბნებოდა, არ ვიცით, რა გვეშველება. ალბათ, ყველას ციხეში გვიკრავენ თავს, რადგან მხოლოდ ზემდგომის სიტყვიერი ბრძანებით ვრიცხავთ და ვრიცხავთ ფულს იუსტიციის სახლის მშენებლობისთვისო. ყველამ იცის, რომ ვერბალურად ასეთ ბრძანებებს ქვეყნის პირველი პირი იძლეოდა, რასაც ყველა ქვედა რგოლი უსიტყვოდ ემორჩილებოდა(!).

ახლახან "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით შევიტყვე, რომ იუსტიციის სახლის სახურავში, რომელიც ქარმა წაიღო, 10 მილიონი ევრო გადაუხდიათ, ხოლო მთლიანად მშენებლობაში - 126 მილიონი დოლარი. შთამბეჭდავი თანხაა! უკვე აღარავინ ახსენებს იმას, რომ ჩოგბურთის კორტები მოისპო. არადა, ამ ადგილზე ლეგენდარული დევისის თასი თამაშდებოდა, საკავშირო პირველობისთვის პირველი ჩემპიონატი აქ ჩატარდა, აქ აღიზარდნენ გამოჩენილი სპორტსმენები. იუსტიციის სახლის აშენებისთვის 170-წლიანი ხეებიც გაანადგურეს. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ სააკაშვილის მარაზმატიკული შეხედულებების წყალობით ამ ადგილას ძველი თბილისისთვის შეუფერებელი, მახინჯი კონსტრუქცია აღიმართა...

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 340 მილიონი ლარი ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისთვის გადავიხადეთ. ამბობენ, არაოფიციალურად მილიარდი ლარი დაიხარჯაო, მაგრამ ამის დადასტურება ძნელია. ჩემი ინფორმაციით, 660 მილიონი ლარი "ნაცმოძრაობის" "ობშჩიაკში" წავიდა.…

- რატომ არის ამის გარკვევა ძნელი?

- იმიტომ, რომ ის ფული ათასგვარი მაქინაციით გაურკვეველ ანგარიშებზე გადაირიცხა. მაგალითად, უცხოეთში მითხრეს, თქვენი ჩინოვნიკები ისე გამდიდრდნენ,  დიდძალ თანხებს საზღვარგარეთის საწარმოებში აბანდებენ. ფირმები კი, რომლებშიც მათ წილები აქვთ, ძირითადად, ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებულიო. ჩემი ინფორმაციით,  პრეზიდენტსა და მის გარემოცვას სატრანსპორტო გადაზიდვებსა და ავიაგადაზიდვებში დიდი თანხები აქვთ დაბანდებული. ლაპარაკია მსოფლიოში ცნობილ ფირმებში არსებულ წილებზე, რომლებსაც უზარმაზარი მოგება მოაქვთ. ქვეყნის გარეთ თუ ას მილიონ დოლარს გაიტან, ყოველთვის მოძებნი პარტნიორს, რომელიც დაგთანხმდება ნებისმიერ გარიგებაზე და თავად მოძებნის ფორმას, როგორ შეგიყვანოს წილში. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: 2008 წლის ომის დროს ადეიშვილი მივიდა თავის ბინაში, სადაც დიდი ხანია აღარ ცხოვრობდა, და დაცვის წევრებით გარშემორტყმულმა ორი ვეებერთელა ჩემოდანი მიათრია. ეს მეზობლებმა დაინახეს. რა იყო იმ ჩემოდნებში, ფასიანი ქაღალდი, ძვირფასი ქვები თუ ნაღდი ფული, იმ უბანში დიდხანს ჰქონდათ სალაპარაკოდ...

- ისევ ნაგებობებს დავუბრუნდეთ. ხომ არ იცით, რა დაგვიჯდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის აშენება?
- აქაც დაუზუსტებელი ინფორმაცია არსებობს. "პოსტ კრიპტუმმა" პრეზიდენტის რეზიდენციისთვის დახარჯულ თანხად 40 მილიონი დოლარი დაასახელა, რაც სრულიად არარეალურია (უკვე ვიცით, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ფასი 340 მილიონ ლარს აღემატება, პრეზიდენტის რეზიდენცია რა თქმა უნდა, ბევრად ძვირი დაჯდებოდა). რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ის 400 მილიონ დოლარად აშენდა.

"კვირის პალიტრა" კი თავის დროზე სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ 800 მლნ დოლარი დაიხარჯა. მეც ეს ინფორმაცია უფრო სარწმუნოდ მეჩვენება. სააკაშვილის ხელისუფლებას შუშის ხიდის მშენებლობა 32 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანელმა პარლამენტარებმა მომაწოდეს და გაოცება ვერ დამალეს. მათ სინანულიც კი გამოთქვეს, რომ ხიდი ქალაქის იერს არ მოუხდა.

უცხოელმა სპეციალისტებმა, მათ შორის ნიკოლა ანდრომ, თქვა, რომ ბეტონით, ნიკელითა და ამგვარი მასალებით ძველ თბილისში სახლების აშენება მისი იერის განადგურებას ნიშნავს. იგივე გაიმეორეს იტალიელმა არქიტექტორებმა ბათუმზეც - ქალაქმა, რომელსაც  შავი ზღვის მთელ სანაპიროზე განუმეორებელი სახე ჰქონდა, ზიზილ-პიპილები ვერ მოიხდინაო.

ანაკლიაში საცალფეხო ხიდის მშენებლობა, ალბათ, სააკაშვილის "არქიტექტურული ვნებების" კულმინაცია იყო. ეს ხიდი სასწრაფოდ ააშენეს, სააკაშვილმა ზედ ერთი კი  გაიარა, საზეიმოდ გახსნა, მაგრამ რამდენიმე დღეში ხიდი უკვალოდ გაქრა! მიზეზი ამოვარდნილი ქარიშხალი იყო. ასე შთანთქა წყალმა და ქვიშამ უაზრო იდეის განხორციელებისთვის გადაყრილი მილიონები.
ფინანსთა მინისტრ ხადურისგან ისღა გავიგეთ, რომ მხოლოდ ანაკლიის კაფეს მშენებლობა სახელმწიფოს 2 მლნ ლარი დაუჯდა, უკვალოდ გამქრალ ხიდზე დახარჯული თანხა კი დაზუსტებული არ არის.  სააკაშვილი თავად წყვეტდა, სად, რა უნდა აეშენებინა და რამდენი დაეხარჯა. 

მახსოვს, ფრანგი არქიტექტორი როგორ ჰყვებოდა ტელეეთერში, თუ რა დაუკვეთა საქართველოს პრეზიდენტმა. სიცილით იხსენებდა, რომ სააკაშვილს ძალიან მოეწონა ველოსიპედის გამოქანდაკების იდეა, მას ორი საჭე  სხვადასხვა მხარეს უნდა ჰქონოდა მიმართული. ეს არის ველოსიპედი, რომელიც უძრაობას გამოხატავს. თეორიულად, სხვადასხვა მხარეს, ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით ველოსიპედის მოძრაობა შეუძლებელია. ცხადია, სააკაშვილს ასეთი შემოქმედება მოდერნისტული და სუპერთანამედროვე ეგონა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს ველოსიპედი "ვარდების რევოლუციის მოედანზე" ნამდვილად  უნდა იდგეს... ის სააკაშვილის  მმართველობის სიმბოლოა, რადგან ვითომ პედლებს ვატრიალებდით, მაგრამ სინამდვილეში ვერსად წავედით.

- თქვენი ვარაუდით, ამ ახალი შენობებისთვის სულ რამდენი დაიხარჯა?
- ყოფილმა კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ გამოსცა ალბომი, სადაც ყველა თანამედროვე არქიტექტურული ძეგლი თუ ნაგებობაა წარმოდგენილი. ამ ალბომის გამოცემას მივესალმე, რომელშიც პრაქტიკულად, ხელისგულზე დევს სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების დანაშაულებრივი ქმედებები. ჩემი აზრით, ამ შენობებში 2 მილიარდ დოლარამდეა დახარჯული. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრი ოქსფორდში ("ოქსფორდ ანალიტიკა") ჯერ კიდევ სამი წის წინ წერდა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს ვეებერთელა ვალებს, რომელიც საბოლოოდ სახიფათო ნიშნულს უახლოვდება. ეს ნიშნული სახიფათოა არა მარტო ვალის ოდენობის გამო, არამედ იმითაც, რომ ის ეკონომიკის განვითარებისთვის არ იხარჯება. "როცა ქვეყანა ვითარდება და ფული ეკონომიკაში იდება, მას მოგება მოაქვს და ვალიც გამართლებულია!" - წერდა "ოქსფორდ ანალიტიკა".

ამ დასკვნაში ისიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში ახალ-ახალი სასტუმროები, სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებები და ა.შ. შენდებოდა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ დაახლოებით 200 მილიონი დოლარი (რაც ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისთვის დაიხარჯა) გრძელვადიან და მცირეპროცენტიან სესხებად ჩვენი ბიზნესმენებისთვის რომ მიეცათ ქუთაისში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, როგორი შედეგი გვექნებოდა? ალბათ, ვერც ვიცნობდით ქუთაისს. ყოფილმა ხელისუფლებამ კი რა გააკეთა? სამი კაცის სისხლის დაღვრის ფასად (პარლამენტის ადგილზე ძეგლის აფეთქების გამო დედა და ქალიშვილი დაიღუპა, შემდეგ კი მუშა შეეწირა უხარისხო მშენებლობას) ავაშენეთ პარლამენტი, ისევე როგორც სხვა არაერთი შენობა, რომელიც ან უფუნქციოდ დარჩა, ან თავისით ინგრევა, ან სად წავიღოთ, არ ვიცით. ეს ხომ ჩვენი ჯიბიდან ამოცლილი და ჰაერში გასროლილი მილიარდებია?!

"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს"


ამას წინათ ერთი ამბავი წავიკითხე, რომელმაც იუმორის ხასიათზე დამაყენა. თურმე ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გულის ფორმის კუნძული აჩუქა, რომელშიც დაახლოებით 20 მილიონი დოლარი გადაიხადა. კუნძული ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკის ჩრდილოეთით მდებარეობს, რომელიც 4,5 ჰექტარია. იქ ახლა ბრედს არაჩვეულებრივი, ფეშენებელური ვილა და საოცარი გარემო აქვს. ამ სამოთხესავით კუნძულის ფოტოები პრესითაც გავრცელდა. აბა, არ გაგეცინება, როცა 20 მილიონად საოცნებო კუნძული გაიყიდა, ჩვენ კი 800-მილიონდოლარიანი პრეზიდენტის უფუნქციო სასახლე, 126-მილიონდოლარიანი სახურავახდილი იუსტიციის სახლი და 340-მილიონლარიანი ქუთაისის "შუშა" პარლამენტი შეგვრჩა ხელთ, რომელსაც მომავალი წლიდან ფუნქციაც აღარ ექნება(!!!)
shtirlisi
26 დეკემბერი 2013 17:23
ნაცები აშენებდნენ მაინც, ქოცების აშენებული კი არა გაგრძელებული პროექტები არ უნახია ჯერ არავის.
giorgi
24 დეკემბერი 2013 08:54
ეს რა ბარბაროსობაა? რა ფულს ითხოვთ?
.
23 დეკემბერი 2013 11:07
ახალმა მთავრობამ ბიუჯეტიდან მილიარდი ისე გააქრო, არც არაფერი აუშენებია და არც არაფერი გაუკეთებია. რა გასაკვირია, რომ ეჭვი დაიბადოს, თუ სად წავიდა ეს ფული? იქნებ ბობოლა ოცნებისტების ჯიბეში? ვინც რამე ააშენა, მოაჭერით ახლა მარჯვენა. ეს კარგად ეხერხება ოცნებას.

რედაქტორის რჩევით