"ჩვენმა ჩინოსნებმა შავი ჯიპები უნდა დაივიწყონ" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა ჩინოსნებმა შავი ჯიპები უნდა დაივიწყონ"

"ისეთ რა წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა ჩინოსნებმა, რომ ასეთ ზღაპრულ პრემიებს ირიგებენ?!"

პროკურატურამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წინა ხელისუფლების იმდენი წარმომადგენელი დაიბარა დაკითხვაზე (ზოგიერთ მათგანს უკვე ბრალიც წაუყენეს), რაც მთელი წელი არ გაუკეთებია. მათგან ყველაზე "მძიმეწონოსანი" თბილისის მერი გიგი უგულავაა - თუ მას ახალი ბრალდება დაუმტკიცდა, 7-დან 12 წელი ემუქრება. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ ძველი თბილისის რაიონის ყოფილ გამგებელს ლაშა ფურცხვანიძესა და მის ყოფილ მოადგილე კობა ხარშილაძეს სასამართლომ 400-400-ათასიანი გირაო შეუფარდა. ისე, ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსია და საინტერესოა, პროკურატურას ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე აქვს თუ არა მასთან კითხვები, ამბობენ, აქვს და საკმაოდ სერიოზულიც. როგორც ჩანს, დასასრულამდე მიდის გირგვლიანის საქმეც, რომელზეც პროკურატურას ასევე კითხვები აქვს დეპუტატებთან - გიორგი ღვინიაშვილსა და კახაბერ ბუცხრიკიძესთან. თუმცა გასული კვირის მთავარი სკანდალი ვანო მერაბიშვილის განცხადებაა: ღამით ციხიდან გამიყვანეს და ოთარ ფარცხალაძე მემუქრებოდა, სააკაშვილის "ნაშოვნ ფულზე" და ჟვანიას საქმეზე თანამშრომლობას მოითხოვდაო. ამ ცხელ თემებზე ექსპერტ კახი კახიშვილს ვესაუბრეთ.

- ამ საქმეში პროკურატურის უმოქმედობა მხოლოდ მერაბიშვილისა და "ნაცმოძრაობის" წისქვილზე დაასხამს წყალს. ისინი ხომ წმინდასამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანასა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე საკუთარი თავის პოლიტდევნილი ორგანიზაციის წევრებად წარმოჩენას ცდილობენ. ისე, თუ ფარცხალაძეს უნდა მერაბიშვილის ნახვა, უფლება აქვს, შეხვდეს და შესთავაზოს საპროცესო შეთანხმება. ამაში კრიმინალური არაფერია. რატომ აჭიანურებს პროკურატურა გამოძიების დაწყებას? საერთაშორისო თანამეგობრობა, რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავს სიმპათიას "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, დაინტერესდება ამ საქმით და ხელისუფლებას მოუწევს ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება. რატომ უკეთებენ ამ "საჩუქარს" "ნაცმოძრაობას", თავის სამართლებლად რატომ უნდა გაიხადონ საქმე? ისე, უნდა გააფრთხილონ მერაბიშვილი, რომ  ცრუ დასმენა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. შემდეგ უნდა დაჰკითხონ მერაბიშვილი და ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც იმ ღამეს მორიგეობდნენ. ამავე დროს,  უნდა ამოიღონ სათვალთვალო კამერების ფირები. მოკლედ, ეს ამბავი მაინცდამაინც რთულად გამოსაძიებელი არ არის და თუ დამტკიცდა, რომ მერაბიშვილი ცრუობს, "ნაციონალური მოძრაობა" მარტო დარჩება თავისი ტყუილების პირისპირ.

- საზოგადოების ნაწილში ეჭვი აღძრა სასჯელაღსრულების სამინისტროს არათანამიმდევრულმა განცხადებებმა. ჯერ თქვეს, არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთო და შემდეგ განაცხადა სოზარ სუბარმა, მერაბიშვილი ციხიდან არავის გაუყვანიაო.

-  სწორედ ამიტომ თითოეული უქმად დაკარგული დღე თუ წუთი გააძლიერებს ამ ეჭვს და "ნაცმოძრაობას" დამატებით ბერკეტებს მისცემს. როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობამ" ყველაფერი გათვალა - მერაბიშვილმა სასამართლო პროცესებში თავისი ადვოკატების მონაწილეობაზე უარი განაცხადა. "ნაცმოძრაობის" გენერალურმა მდივანმა იცის, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მას სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავს. ჰოდა, თუ მერაბიშვილს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ, ერთ ამბავს ატეხენ. იტყვიან, რომ სასამართლოზე ზეწოლა იყო, სახაზინო ადვოკატები მერაბიშვილს კი არ იცავდნენ, არამედ პროკურატურის ინტერესებს ემსახურებოდნენ და "ნაციონალების" გენერალური მდივანი დამნაშავე კი არა, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

- გასულ კვირას გიგი უგულავას ახალი ბრალი წაუყენეს. კერძოდ, უგულავა ბრალდებულია დედაქალაქის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ხარჯების დაფინანსებაში. სახუმარო თანხები არ არის - 48.180.960 ლარზეა ლაპარაკი.

-  ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადების შემდგომ გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკურ სკანდალს გამოიწვევდა. აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნა უნდა მიიღონ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში - თუ გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ ბრალდებული მიიმალება ან გავლენას მოახდენს ბრალდების მოწმეებზე. რამდენიმე თვეში თვითმმართველობის არჩევნები იქნება და გადაწყვეტილება უგულავას დაკავების შესახებ "ნაციონალურ მოძრაობას" იმის მტკიცების საშუალებას მისცემდა, რომ ხელისუფლებამ  მოიცილა.

მაგრამ თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ არის მტკიცებულებების განადგურების ან მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, უგულავა უნდა დააკავონ. თუმცა ეს გადაწყვეტილება ისე უნდა მიიღონ, რომ "ნაციონალებს" ამ საკითხის პოლიტიზების საშუალება არ მიეცეს.

- ბოლო მონაცემებით, ციხეებში ათასზე მეტი პატიმარი შიმშილობს, რომლებიც თავიანთი საქმეების გადახედვას მოითხოვენ.

- პატიმრები შიმშილობენ არა იმიტომ, რომ მათ სცემენ, არამედ ითხოვენ კომისიის შექმნას, რომელიც იმსჯელებს, იხდიან თუ არა ისინი სასჯელს უსაფუძვლოდ ან არასწორი მუხლით. სხვათა შორის, ეს ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება იყო. ამ ერთი წლის განმავლობაში უფრო მარტივი გზით იყო შესაძლებელი საქმეების გადახედვა, მიუხედავად ამის, ხელისუფლებამ შემოგვთავაზა ერთადერთი მოდელი - მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, მაგრამ მოულოდნელად მის შექმნაზე უარი თქვეს. ჩემი აზრით, მოშიმშილე პატიმრების რაოდენობა გაიზრდება და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას არავინ მოსთხოვს პირობის შესრულებას, ძალიან ცდება.

- იმედია, მომავალ წელს მაინც საკანონმდებლო მექანიზმებით დარეგულირდება ის, რომ ზოგიერთ თანამდებობის პირს ბიუჯეტი პირადი საფულე არ ეგონოს. ჩინოსნების ძვირად ღირებული მანქანებისკენ მიდრეკილებაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ალბათ, ხელისუფლებისგანაც უნდა მოვითხოვოთ განმარტება, რატომ იზრდება შტატები საჯარო სამსახურებში მომავალი წლიდან, რატომ იზრდება ხელფასი და რა პრინციპით იღებენ ჩინოსნები საქართველოს მასშტაბით ზღაპრულ პრემიებს.

- სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთს თანამდებობა პირადი კომფორტისა და ცხოვრების მოწყობის საშუალება ჰგონია. ეს უნდა აღიკვეთოს, თორემ ხალხი ჩათვლის, რომ ეს ცალკეული შემთხვევა კი არა, ტენდენციაა და ხელისუფლებას სანანებლად გაუხდება საქმე. გასაგებია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სახელმწიფო შესყიდვებისა და პრემიების თაობაზე ისეთი კანონმდებლობა დატოვა, რომ ლამის ყველაფრის უფლება გაქვს. მაგრამ პატიოსანი საჯარო მოხელის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ ეს უფლება არ გამოიყენოს. ყველაფერი უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით - მაგალითად, ზუსტად უნდა განისაზღვროს, ვის უნდა ჰყავდეს პერსონალური მანქანა, პერსონალური მძღოლი და ეს მანქანა რა ფასიანი უნდა იყოს.

ჩვენმა ჩინოსნებმა შავი ჯიპები უნდა დაივიწყონ - არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში საჯარო მოხელე ჯიპით არ დადის. რაც შეეხება პრემიებს - პრემიას მაშინ იღებს ადამიანი, თუ კონკრეტულ საქმიანობაში დიდ წარმატებას მიაღწია. ისეთ რა წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა ჩინოსნებმა, რომ ასეთ ზღაპრულ პრემიებს ირიგებენ?! ესეც კანონით უნდა დარეგულირდეს - ზუსტად უნდა განისაზღვროს პრემიის ოდენობაც და ისიც, რა შემთხვევაში მიიღებს მას საჯარო მოხელე. ისე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ნორმალური სტრუქტურა რომ იყოს,  საკმაოდ ბევრი ჩინოსანი დადგებოდა ცუდ ხასიათზე და ვერ გაბედავდა იმას, რაც დღეს საზოგადოების მსჯელობის საგანია.