წლის ფრაზები - კვირის პალიტრა

წლის ფრაზები

"მშვიდობით... უკან მოხედვა ძნელია..."

მიხეილ სააკაშვილი: "მახსოვს, ჩემი წინამორბედის კაბინეტში დამხვდა წყლის კასრი, რადგან წყალი ხშირად არ მოდიოდა, დენის გენერატორი (ვინაიდან დენი ხშირად ითიშებოდა), კატა, რადგან იქაურობა ვირთხებით იყო სავსე. მახსოვს, ერთმანეთს გადავხედეთ და წამით ვინანეთ კიდეც, რომ საერთოდ შემოვდგით ფეხი ამ უწყებებში. მაგრამ ჩვენ სწორედ ის აზრი გვამოძრავებდა, რომ დაუყოვნებლივ დაგვეწყო რეფორმები" (ამ სიტყვებით სააკაშვილმა მოსახლეობას პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად მიმართა).

რატომ ხოხობი?

გიგი უგულავა: "თბილისის მერად კალიგულას პონის გვთავაზობენ, მე არ ვთვლი, რომ მაინცდამაინც ხოხობთან ერთად დაბადებული უნდა იყოს თბილისის მერი".

"მიჭირხვნა" თუ "მიჯირყვნა!"

ბიძინა ივანიშვილი: "მიჯირყვნა" არ მითქვამს, "მიჭირხვნა" ვთქვი მე, ეს არის რაღაცის დაწოლა. "მიჭირხვნა" ძველი ქართული სიტყვაა, აბსოლუტურად ქართული სიტყვა. ლიტერატურულია და არაფერია მასში შეურაცხმყოფელი. ცუდია, რომ ჟურნალისტებმა ეს ვერ გაიგეს".

"სტუმარმასპინძლობა"

ვანო მერაბიშვილი: "სიამოვნებით მივიღებ გიგის (უგულავას) ჩემთან, მაქვს ოთხადგილიანი საკანი და დავეხმარები ციხესთან შეგუებაში".

"ატროფირებული და ნაწყენი"

ხათუნა კალმახელიძე (ეს კომენტარი ციხის სკანდალური ფირის ნახვიდან ერთი წლის შემდეგ გაავრცელა): "ჩემთვის ეს კადრები თავის დროზე ვინმეს რომ ეჩვენებინა, გარწმუნებთ, განგაშს უმალვე ავტეხდი და ვინ იცის, რამდენ ადამიანს ავარიდებდი მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენას. იმ დღეს, როდესაც კადრები გადიოდა ეთერში, ვიყავი სრულიად ატროფირებული, ნაწყენი, გულდაწყვეტილი.…ჩვენ ციხის თანამშრომლებს პერიოდულად  ვუტარებდით ტრენინგებს და ვასწავლიდით "ძალის მინიმალურ გამოყენებას, აგრესიის მართვას, ეფექტურ კომუნიკაციას"(?!).

ქოლგები ჩქარა...

VIP-ისთვის

ავთანდილ  ბერიძე: "აჭარის ტერიტორიაზე სამი ადამიანი სარგებლობს სპეციალური სამთავრობო დაცვის მომსახურებით: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ყველა ეს ადამიანი ითვლება VIP-პერსონად. ასე რომ, დიახ, მე ვარ ამ სტატუსის მქონე ადამიანი. აჭარაში ასეთი სამია, ხოლო თბილისში გაცილებით ბევრი. ბუნებრივი პროცესია, როდესაც ორი ადამიანი მოდის, ერთ-ერთს უკავია ქოლგა. ვერ ვხვდები, რაა ამაში გასაკვირი, რომ ასაკით უმცროსმა დაიკავოს ქოლგა".

"დიახ, ჩვენ დავბრუნდებით"

სანდრა რულოვსი: "ათი წლის წინ, მე ვუთხარი საქართველოს: "დიახ, მე გავაკეთებ ამას". დიახ, მე ვიყავი რიგითი ახალგაზრდა ქალი ექსტრაორდინარული მამაკაცის გვერდით... სადაც მივდიოდი, ყველგან ვარდებს მჩუქნიდნენ. 2013 წლის 17 ნოემბერს ჩვენი ქორწინების მეოცე წლისთავი ვარდების გარეშეა - ეკლებისა და ცრემლების თანხლებით. ჩვენი პატარა შვილი, ნიკუშა მიყურებს და მეკითხება, დავბრუნდებით თუ არა შინ მალე. მე კი იმედითა და ნდობით აღსავსე ვპასუხობ: "დიახ, ჩვენ დავბრუნდებით".