"არავინ გაიძულებთ გეი-ქორწინებების ლეგალიზებას ევროკავშირში მოსახვედრად" (ექსკლუზივი)
23-12-2013
"არავინ გაიძულებთ გეი-ქორწინებების ლეგალიზებას ევროკავშირში მოსახვედრად" (ექსკლუზივი)
"ნუ აღიქვამთ ევროკავშირის მხარდაჭერას ფსონის ჩასვლად სათამაშო მაგიდაზე"

"ევროპა კლუბია, რომელში შესვლაც არცთუ ადვილია"


რას მოგვიტანს ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირის წევრობა? შესაძლოა თუ არა მომავალში საქართველოში მოვლენები უკრაინული სცენარით განვითარდეს? ამ საკითხებზე ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი გვესაუბრა:

- ვილნიუსის სამიტის შეფასებით დავიწყოთ. რამდენად იძლევა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება იმის გარანტიას, რომ მომავალ წელს მას ხელი მოეწერება?
- ვილნიუსის სამიტი თამამად შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ ნაბიჯად. რას მოგიტანთ ასოცირების ხელშეკრულება? იმას, რომ
თქვენს ქვეყანაში ინსტიტუციები, კანონები და პოლიტიკური ქცევის სტანდარტები, საზოგადოდ, დემოკრატიული პრინციპები დაცული იქნება ისევე, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება კი გულისხმობს, რომ ევროპული ბაზარი ღია იქნება საქართველოსთვის... რაც შეეხება იმას, რამდენად იძლევა პარაფირება ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გარანტიას, სამწუხაროდ, უკვე ვნახეთ მაგალითი,
როდესაც პარაფირება ხელშეკრულებაზე ხელმოწერით არ დაგვირგვინდა: ვგულისხმობ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მტკიცედ მჯერა, რომ ასოცირების ხელშეკრულება შედგება და აი, რატომ: ქართველი ხალხი ისწრაფვის, გახდეს ევროპისა და ნატოს ნაწილი. ეს ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმაც დაადასტურა.

- ეს სწრაფვა საქართველოს იმავე პრობლემებს ხომ არ მოუტანს, რაც უკრაინას მოუტანა?
- ეს დამოკიდებულია ქართველ ხალხზე. თქვენი ბედი თქვენს ხელშია: გადაწყვეტილებასაც თქვენ იღებთ და შედეგებზე პასუხისმგებლობაც თქვენ უნდა იტვირთოთ. ყური არ უნდა უგდოთ მათ, ვინც ცდილობს ევროპული გზიდან გადაგახვევინოთ. იმედია, ამ გამოცდას გაუძლებთ.

- თუ რუსეთი დაიწყებს ზეწოლას და მაგალითად, საქართველოს ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცევს, არის კი მზად ევროკავშირი ჩვენს დასახმარებლად არა მარტო მორალურად, შეშფოთების გამომხატველი განცხადებებით, არამედ ფინანსურადაც?

- ქართველებს იმის შეხსენება არ გჭირდებათ, თუ რა მოხდა ხუთიოდე წლის წინ, როდესაც ევროკავშირი მტკიცედ და გადაჭრით ამოუდგა საქართველოს მხარში. თქვენს მხარდასაჭერად ჩვენ დიდი ფული დავხარჯეთ. ასე რომ, არა მგონია, ქართველებს საფუძველი ჰქონდეთ, იფიქრონ, რომ მათ ევროკავშირი მხარს არ უჭერს, მათ შორის ფინანსურადაც. თუმცა, ნუ აღიქვამთ ევროკავშირის მხარდაჭერას ფსონის ჩასვლად სათამაშო მაგიდაზე ან აუქციონად, სადაც ვიღაც მეტს ჩამოდის, მერე ვიღაც კიდევ მეტს და საბოლოოდ გასაყიდი საგანი იმას რჩება, ვინც ყველაზე მეტს იხდის. ფსონი არ დაგვიდია არც უკრაინაზე, რადგანაც არ ვაპირებთ უკრაინა ვინმეს მოვუგოთ, ჩვენ უბრალოდ მხარს ვუჭერთ უკრაინის სურვილს, დაუახლოვდეს ევროპას.

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ფაქტორის მნიშვნელობას აკნინებთ. განა უკრაინამ უპირველესად რუსეთის ზეწოლით არ "გადაუხვია" ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზას?
- რა თქმა უნდა, არსებობს რუსეთის ფაქტორიც, მაგრამ ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას? იღებს ქვეყანა, უკრაინელი ხალხი. ხატოვნად რომ ვთქვათ, ევროპა კლუბია, რომელში შესვლაც არცთუ ადვილია. საჭიროა სათანადო სტანდარტებს შეესაბამებოდე...

- შენდება მეორე კლუბიც, რომელიც, სავარაუდოდ, თქვენსას კონკურენციას გაუწევს - მას ევრაზიული კავშირი ჰქვია.

- არა მგონია, განსაკუთრებულ კონკურენციასთან გვქონდეს საქმე. თანაც, შეკითხვას ისე მისვამთ, თითქოს ევროკავშირის პრობლემა იყოს, საქართველო შევა თუ არა. ეს შეკითხვა საკუთარ თავს დაუსვით, თუ დადებითად გადაწყვეტთ, მზად ვართ, დაგეხმაროთ.

- სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე შეიძლება იქონიოს გავლენა რუსეთის ზეწოლამ, ევროკავშირი კი, რომელიც, როგორც თქვენ ბრძანეთ, "ფსონებს არ აკეთებს", გამოდის, მხოლოდ სიტუაციას დააკვირდება?
- არა მგონია, რუსეთს მაინცდამაინც ბევრი ბერკეტი ჰქონდეს დარჩენილი, რომ საქართველოზე გავლენა მოახდინოს. მას უკვე ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%, არ უშვებს ქართული წარმოების პროდუქტებს თავის ბაზარზე. მეტი რა უნდა გააკეთოს?

- წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: რუსეთმა, სადაც უამრავი ქართველი შრომობს და ფულს საქართველოში ოჯახს უგზავნის, ეს ხალხი წამოკრიფა და საქართველოში იძულებით, ჯიბეცარიელი დააბრუნა. ეს ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს, მშიერ ხალხს კი, როგორც წესი, ევროპულ კლუბში სასიარულოდ არ სცალია.

- გავიმეორებ, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რად უღირს ევროპული მომავალი.

- ვიზის ლიბერალიზაციაზეც ვისაუბროთ. მოლდავეთი სულ მალე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით ისარგებლებს, საქართველოს კი დაცდა მოუწევს. მაინც რით აღმოჩნდნენ მოლდაველები ჩვენზე წინ?
- ამაზე უკვე მოვისმინე ცოტა არ იყოს შურიანი წამოძახილები (იცინის). არადა, საქმე მარტივადაა: ვიზის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელია კონკრეტული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც სასაზღვრო მიმოსვლას მოაგვარებს. მოლდავეთმა უკვე გაიარა ეს ეტაპი, საქართველოსთან კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაც სულაც არ არის ცუდი, რადგან ევროკავშირთან დადებულ გარიგებას მეორე დღეს ვერ შეცვლი. 

- ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებზეც უნდა გკითხოთ. აშკარაა, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ ტრადიციებს შორის...

- საქართველოს ტრადიციული ღირებულებები, როგორც ეს საქართველომ მრავალჯერ განაცხადა, იგივეა, რაც ევროპული ტრადიციული ღირებულებები. მორჩა და გათავდა.

- ვერ დაგეთანხმებით... ერთია, რა განაცხადა საქართველოს მთავრობამ, მეორე, რას ფიქრობს ქართველი ხალხი...
- (მაწყვეტინებს) ჰომოსექსუალიზმზე და გეი-ქორწინებებზე გინდათ მკითხოთ, არა? კეთილი. უკანასკნელ ათწლეულებში ევროპა, ისევე როგორც საქართველო, ვითარდებოდა. წარსულის გაკვეთილებმა ჩვენ გარკვეული საკითხების მიმართ უფრო ტოლერანტული გაგვხადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ტრადიციებს ფანჯარაში გადავუძახეთ. ისევე, როგორც თქვენ არავინ გაიძულებთ, დაივიწყოთ და უარყოთ თქვენი ღირებულებები. ტოლერანტობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველას ტრადიციებს ვცეთ პატივი და შევეცადოთ, დაჩაგრულად არავინ იგრძნოს თავი. მე უკვე რამდენჯერმე მოვისმინე, თითქოსდა ევროპა თავს მოახვევს საქართველოს გეი-ქორწინებებს. ეს არ არის მართალი!
არავინ გაიძულებთ გეი-ქორწინებების ლეგალიზებას ევროკავშირში მოსახვედრად, მით უმეტეს, რომ ასეთი ქორწინებები თვით ევროკავშირის მხოლოდ ზოგ ქვეყანაშია დაშვებული. მაგრამ, ამავე დროს, საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რომ ჰომოსექსუალიზმი დანაშაული არ არის და ამ საკითხს გაგებით მოეკიდოს.

თქვენ შეიძლება გქონდეთ თქვენი ინტელექტუალური და რელიგიური არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ცუდი, მაგრამ უნდა შეეგუოთ იმას, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ.

ევროკავშირში შესასვლელად საკმარისია, იყო ტოლერანტული და არ ქადაგებდე სიძულვილს სქესობრივი, ეროვნული, რელიგიური ნიშნით და ასე შემდეგ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენც იმათნაირი გახდე, ვინც არ მოგწონს. არავინ გაძალებთ არც ეროვნების, არც სარწმუნოებისა და ღმერთმა დაგიფაროთ, არც სექსუალური ორიენტაციის შეცვლას იმისთვის, რომ ევროკავშირში შეხვიდეთ. მაგრამ, როდესაც ხედავ სიძულვილისგან მოქცეულ სახეებს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც გეია, და მათკენ მოღერებულ მუშტებს, აი, აქ უკვე მთლად კარგად ვერ არის საქმე.

- ძალიან კარგი. მაშინ მიპასუხეთ, ახლანდელი სიტუაციის შემხედვარე, შეძლებს თუ არა საქართველო უახლოეს ათწლეულში გახდეს ევროკავშირის წევრი?
- ვერანაირ ციფრებს ვერ დაგისახელებთ, სამაგიეროდ, ჩემი ქვეყნის მაგალითს მოგიყვანთ: 1993 წელს ჩვენ ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ევროკავშირის წევრები კი 2007 წელს გავხდით. 1993 წელს პირადად ვმონაწილეობდი ამ პროცესებში. მაშინ წარმოდგენაც კი არ გვქონდა, როდის ან საერთოდ თუ გავხდებოდით ევროკავშირის წევრები. მაგრამ მოვინდომეთ, დაბრკოლებები გადავლახეთ და მიზანს მივაღწიეთ. ასე რომ, თქვენც მოინდომეთ და მიაღწევთ.

იხილეთ ვიდეო palitratv.ge-ზე


ესაუბრა ვაჟა თავბერიძე
vaxo
03 იანვარი 2014 00:58
მამულო, ამას რას წერ და ვის წერ, შენ ვის ეძახი ვირის შვილს?! დავიჯერო შენ პატივს ცემ ქართველებს ამის შემდეგ? სირცხვილია შენ რომ ქართველი ხარ და მეტი სირცხვილია კომენტარს რომ დებ ასეთს. შენ ვაი ქართველი ხარ. ჩვენ კი ქართველები, ღირსეული ქართველები (არა ვირის შვილები). მიმიფურთხებია შენთვის თავად ვირო, შენგან მეტი რა ითქმის
mamulo
29 დეკემბერი 2013 17:38
მეტი რაღა უნდა უქნას საქართველოს რუსეთმა ,რომ Qართველმა თავი დაანებოს ღუსების იმედზე ყოფნას.GAIGEთ ვირის შვილებო,რომ რუსი მტერია,მტერი!! და არ არსებობს საქართველოს ისეთი მთავრობა,რომ შეძლოს რუსეთთან ნორმალური ,მეზობლური ურთიერთობების დამყარება და იცით რატომ?რუსეთს მიაჩნიხარ მის ნაწილად,მაგალითად ისევე როგორც ჩრდილო ოსეთი და თვლის რომ რაღაც გაუგებრობით მოახერხე დროებით მისგან გამოყოფა,ახლა ის ცდილობს თავისი ნაწილის დაბრუნებას,საქართველოს სახით.ამიტომაც მას ვერ წარმოუდგენია,საქარტველოს ელაპარაკოს და ემეზობლოს ,როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას.კი ბატონო,თუ გავხდებიტ რუსეთის ნაწილი ,როგორც ჩჰეჩჰნრთია აქნ ინგუშეტია,მაშინ აღარ დაჭირდება ჩჰვენტვის ტერიტორიების წაეთმევა,იმიტომ რომ საქართველოც მისი ტერიტორია იქნება,მაგრამ გვაწყობს ჩვენ ეს?ამიტომ რაც არ უნდა" დამპალი" იყოს ევროპა მაინც იქ ჯობია,ვინაიდან იქ ჩვენს სახელმწიფოებრიობას არაფერი ემუქრება,რუსებთან კი გადავშენდებით და გავქრებით.გაიგთ!!!!
zaza
28 დეკემბერი 2013 01:07
რუსები ევროპისკენ გარბიან(ყოველწლიურად დაახლოებით 200ათასი),თვით რუსეთი გაივსო-ტაჯიკებით,ყირგიზებით...ქართველებიც საკმაოდ...

რედაქტორის რჩევით