მერაბ მეტრეველის წლის ფიქრები
23-12-2013
მერაბ მეტრეველის წლის ფიქრები
ერთით ნოლი

ახალი ხელისუფლება წლის ბოლოს პირველ სერიოზულ შარში გაეხვია, ან შეიძლება ასეც ითქვას: ახალი ხელისუფლება ვანო მერაბიშვილმა გახვია შარში. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, შარში თავად გაეხვევი თუ გაგხვევენ - შარი შარია და თუ მაინც გაეხვიე, მერე იქიდან რაც შეიძლება მცირე დანაკარგით უნდა გამოძვრე. ამ შემთხვევაში სულერთია, მერაბიშვილი ანგელოზია თუ კაციჭამია. კანონი კანონია და რასაც ვანო ამბობს, თუ მართალია, მთავარ პროკურორს ის უხეშად დაურღვევია. მერაბიშვილს როგორ ვენდოთო, გაიძახიან უმრავლესობის წევრები.

მერაბიშვილს არც მე ვენდობი, მაგრამ როდესაც პატიმარი ასეთ განცხადებას აკეთებს, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს, ხელისუფლება კი გამოძიებას ყველანაირად თავს არიდებს. რატომ? თუ მართალი ხარ, გამოიძიე და ამხილე მერაბიშვილი, რა ნდობა-არნდობაზე მელაპარაკები?! თუ მერაბიშვილს არ ვენდობი, ესე იგი, პროკურორ ფარცხალაძეს უნდა ვენდო? იმ ადამიანს, რომელმაც რასმუსენის
ვიზიტის დროს მერიის ოცამდე თანამშრომელი დაიჭირა და ქვეყანა კინაღამ საერთაშორისო სკანდალში გახვია, მერე კი სოფელ ჭელაში მინარეთი მოხსნა? მართალია, დაკავებული ჩინოსნებიც გამოუშვეს და მინარეთიც დააბრუნეს, მაგრამ ძალოვანების სიტყვას მაინც ვერ ვენდობი და გამოძიებას ვითხოვ, ხოლო გამოძიებამდე უფლება გვაქვს, ვიფიქროთ, რომ მერაბიშვილი მართალია და ხელისუფლება ცრუობს.

ჯერჯერობით ნამდვილად ერთით ნოლია ვანოს სასარგებლოდ.

ჯიპი თუ კუბო?

წინა კვირას წინის წინა კვირიდან გადმოყოლილი ჯიპების სკანდალი კეთილად დასრულდა. ავთანდილ ბერიძეს ჯიპის ყიდვა არ შეარგეს და ტენდერი სასწრაფოდ გააუქმებინეს. ამ ამბავმა ისე გამამხიარულა, რომ სოციალურ ქსელში ბატონ ბერიძეს ლექსიც კი მივუძღვენი:

ის იყო ვიპ-ი
მთელი ბათუმის;
ის იყო ჭიპი
მთელი აჭარის;
მას სურდა ჯიპი,
უნდოდა ეგრძნო,
რომ არის ტიპი,
რომელსაც შვენის
ქართული ღიპი,
მაგრამ აუკრეს
სასწრაფოდ პირი
და დარჩა მარტო,
ვით მეფე ლირი,
ლირი - უჯიპოდ მიტოვებული.


მართალია, ბერიძე ახალი მანქანის გარეშე დარჩა, მაგრამ სამაგიეროდ, პოლიტსაბჭოზე გაკიცხვას გადაურჩა. ისე, პოლიტსაბჭოზე მხოლოდ მისი გაკიცხვა კი იქნებოდა დიდი უსამართლობა, რადგან ბერიძე გამონაკლისი არ არის. მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტი 343 500 ლარის დახარჯვას აპირებდა ავტომობილების შესაძენად, თუმცა ამ სკანდალის შემდეგ მათაც გააუქმებინეს ტენდერი. ახლა უკვე მთავრობა აპირებს, ერთიანი სტანდარტი დაადგინოს, რომელი თანამდებობის პირს რა ფასიანი მანქანა ერგება, რათა ყველამ თავისი მადის მიხედვით არ მოინდომოს ავტომობილების ყიდვა. ეს გადაწყვეტილება რომ არა, ნამდვილად გადაიყოლებდა ახალ ხელისუფლებას ჯიპების სიყვარული, თუმცა ამის მისაღწევად ხმაურის ატეხა გახდა საჭირო. აბა, ნახეთ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ იქცევიან (ისინი, ვინც, ჯერ ისევ ხელისუფლებაშია): ჯიპების და ტელეფონების შეძენაზე კი არ აცხადებენ ტენდერს, არამედ - კუბოების.  არ მოგეჩვენათ - კუბოების!

გლდანის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი 70 კუბოს შესაძენად. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, გლდანის მუნიციპალიტეტი კუბოებს გლდანის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო გარდაცვლილი მოქალაქეებისთვის ყიდულობს. ესეც თქვენ! "ნაციონალები" საკუთარ კომფორტზე კი არა, ხალხზე ზრუნავენ, თუ ხელისუფლებამ სიცოცხლეში არაფერი გარგო, სიკვდილის შემდეგ მაინც ხომ უნდა გამოგადგეს! ეს ამბავიც სახუმარო სულაც არ გახლავთ. უბრალოდ, ერთი რამ ვერ გავიგე: წინასწარ რა იციან, რომ ამ რაიონში მაინცადამაინც 70 უმწეო მოკვდება? თუ, სანამ 70 არ მოკვდება, კუბოებს შეინახავენ?

ეპოქის დასასრული

წლის უმთავრესი მოვლენა ნამდვილად არის სააკაშვილის ეპოქის დასასრული.  მართალია, ამ მოვლენაზე პოეტი არ იტყვის, მაშინ ეპოქა დასრულდა დიდიო (ისე, პოეტსაც გააჩნია), მაგრამ კარგა გრძელი კი გამოვიდა ეს ეპოქა. მართალია, თავად სააკაშვილს ემოკლებოდა და კიდევ 30 წელი მაინც აპირებდა ხელისუფლებაში ყოფნას, მაგრამ სააკაშვილი ბჭობდა და ივანიშვილი  იცინოდაო. დღეს ის იძულებით ემიგრაციაშია (თუმცა თავად ამას არ აღიარებს), ოკეანის გადაღმა რომელიღაც უნივერსიტეტში იქარვებს დარდს. როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა ვარდებით და მხურვალე ტაშით, ვინ იფიქრებდა, რომ ასე დაამთავრებდა?  ახლა  კი ბევრი დრო აქვს, რომ საკუთარ შეცდომებზე დაფიქრდეს, თუმცა მისი ბოლო განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს ხვდება.

დასრულებული თუ დაუსრულებელი?


წელს კიდევ ერთი პოლიტიკოსი წავიდა არენიდან, თანაც ისე, რომ მთლად პოლიტიკოსიც ვერ გახდა, თუმცა უმნიშვნელოვანესი როლი კი შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბიძინა ივანიშვილზე მოგახსენებთ. წავიდა, მაგრამ პასუხგაუცემელი დაგვიტოვა კითხვა: დასრულდა თუ არა მისი ეპოქა? კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც პასუხი მომავალმა უნდა გასცეს: იყო თუ არა მისი წასვლა შეცდომა? მან სააკაშვილის გაშვებით მხოლოდ ნახევარი საქმე გააკეთა. ეს დიდი საქმე იყო, მაგრამ ევროპული დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნის აშენება ან ასეთი ქვეყნის საფუძვლის ჩაყრა  არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამ საქმეს სამოქალაქო სექტორიდან უკეთ გააკეთებს. ვნახოთ, მაგრამ თუ მისმა დატოვებულმა მთავრობამ არ გაამართლა და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა, მისი ღვაწლი წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. მან პოლიტიკაში Eმოსვლაზე მეტად მაშინ გარისკა, როდესაც პოლიტიკიდან წავიდა.

გამარჯობა, ევროპა!


წლის უდავოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენა არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ევროპის ნაწილი ვართ, მაგრამ დიდი ნაბიჯი ამ მიზნისკენ ნამდვილად გადავდგით. მართალია, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე გვარწმუნებდა, რომ "ოცნება" რუსეთის უკანალში შეგვტენიდა, მაგრამ ახალი ხელისუფლება ჯერჯერობით ევროპისკენ უფრო მტკიცე ნაბიჯებით მიდის, ვიდრე - წინა. ახლა "ნაციონალებმა" "პლასტინკა" შეცვალეს და ამბობენ, ჩვენ ისე მყარად ჩავყარეთ ევროპისკენ მიმავალი გზის ფუნდამენტი, რომ ამათაც კი ვერ გადაუხვიესო. მე რომ რუსეთუმე ვიყო, "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე ლიდერს ვეტყოდი: "ოცნებას" ხმა იმიტომ მივეცი, რომ თქვენ მარწმუნებდით, ივანიშვილი პუტინის კაციაო. რატომ მომატყუეთ? მაგრამ მათ გაუმართლათ - მე რუსეთუმე არ ვარ, ამიტომ მხოლოდ ამას ვამბობ: გამარჯობა, ევროპა!
ძმა
29 დეკემბერი 2013 00:21
რუსეთუმე სომხური სიტყვა უნდა იყოს.

მე მგონი "გაყრაში" ამბობს სომეხი "ერთი ძმა ჰყავს რუსეთუმე, ტანცი მანცი ლავ ხაღუმე, მეორე კი მთლად გიჟია, რა კაცია გიჟ ვრაცუე" ეს 50-იანი წლების ლიტერატურის სასწავლო წიგნიდან არის (შეიძლება ციტატა მთლად ზუსტი არ იყოს).

ჰუმანიტარებმა ეს უფრო ზუსტად უნდა იცოდეთ. მე ტექნიკური განათლება მაქვს.

ნახეთ და ამ სიტყვას მაინც ნუ იხმართ.
temur chikviladze
24 დეკემბერი 2013 22:27
მერაბიშვილმა აჭამა არა მარტო ფარცხალაძეს,მთლიAნად ოცნებას.ეს მარტო მაგის მოფიქრებული არ იქნება.ოცნებას ცხვირიდან ძმრად გადმოუვა ესეთი უგერგილო საქციელი მტლიანად.ნაცებს ბოლომდე უნდა ......,თორემ....
tsiko
24 დეკემბერი 2013 13:18
ვააა, სიახლეეეე, კვირაში ერთხელ რასაც ფიქრობდით, ეხლა დააჯამეთ? :)))))

მართლა გეყოფათ რა, ან ჭკუას მოუხმეთ, ან სინდისს...(ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან პირდაპირ გვითხარით თქვენი მიზანი და მონაცანა, ყოველგვარი შენიღბვის თუ შელამაზების გარეშე..

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები