კასრებში დაარქივებული ფაშიზმის დასასრული - კვირის პალიტრა

კასრებში დაარქივებული ფაშიზმის დასასრული

არის კი ამის ჩამდენი ადამიანი?!

საქართველოში 2013 წელს მომხდარ მრავალ ხმაურიან მოვლენას შორის ყველაზე თავზარდამცემი იყო ის, რისი გახსენებაც კი არასდროს მოუნდება ნორმალურ ადამიანს. ვინც შს სამინისტროში სპეციალურ დახურულ ჩვენებას დაესწრო და მერაბიშვილის სადამსჯელო რეჟიმის მიერ ადამიანთა წამებისა და შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალა ნახა, დღემდე შოკირებულია. საიდუმლო ფირები სამართალდამცველებმა სამეგრელოს რეგიონში კასრებში აღმოაჩინეს... ჩანაწერების ნახვის დროს უმძიმესი განცდა დამეუფლა (და არა მხოლოდ მე), ამიტომ დიდხანს ვფიქრობდი, როგორ მომეთხრო ეს ყველაფერი მკითხველისთვის, რომლის დიდი ნაწილიც კატეგორიულად მოითხოვდა, "ვანოს ჯალათების" გადაღებული "საშინელებათა ფილმი" მთელ საქართველოს ენახა.

ძნელია, შეარბილო თხრობა და ადამიანებს მშვიდად უამბო, როგორ იხილე წარმოუდგენელი სისასტიკე, რომელსაც ადამიანი სჩადის, თუმცა, არის კი ამის ჩამდენი ადამიანი?! ყველა "ფილმის" შინაარსი ერთმანეთს ჰგავს, ყველგან უდანაშაულო ადამიანებს ანადგურებენ და აწამებენ. მოტივი? მათ უნდა ეღიარებინათ არარსებული დანაშაული, რათა ხელისუფლებას ჰყოლოდა "მსახიობები", ვისი მონაწილეობითაც დადგამდა პიარსპექტაკლს, "პრემიერის" შემდეგ კი ამაყად განაცხადებდა, როგორ გადაარჩინა ქვეყანა დაღუპვას, როგორ ებრძვიან მას ბოროტი ძალები და საგანგებოდ შექმნილი მტრის ხატით დააშინებდა საზოგადოებას. "მე თუ არ ვიქნები, დაიღუპებით, თქვენ შორის არიან მოღალატეები, ვინც მტერს შეეკრა!" - განაცხადებდნენ და ხალხს აჩვენებდნენ იმათ, ვინც შესაძლოა, ელექტროშოკს თუ სხვა ათასგვარ წამებას კი გაუძლო, მაგრამ გაუპატიურების შიშით მაინც მოაწერა ხელი დანაშაულს, რომელიც ჯალათების წარმოსახვაში იბადებოდა. დუმდა ყველა, ეშინოდათ... ამ დროს სადღაც საგანგებოდ შექმნილ ბუნკერებში ანადგურებდნენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს. თითოეულ ჩანაწერში მთავარ როლს ასრულებს პროფესიონალი ჯალათი, გამაუპატიურებელი, რომელიც "მოვალეობის" შესრულებაზე უარს მაშინაც კი არ ამბობს, როდესაც ფეხი აქვს მოტეხილი და ყავარჯნებით დადის(!). ამაზრზენია, რომ ამ ყველაფერს მშვიდად იღებდა ერთი ან რამდენიმე თვითმხილველი და ხელიც არ უკანკალებდა, ისე, პროფესიონალი ოპერატორის ოსტატობით ეჭირა კამერა... რათა ეს სულისშემძვრელი კადრები  შემდეგ დამკვეთებისთვის ეჩვენებინა.

ერთ-ერთ ფირზე ჩანს, ჯალათებს ცოტა ხნით როგორ ავიწყდებათ უსაფრთხოება და ნიღბებს იხსნიან. მათ სახეს ცოცხალ-მკვდარი მსხვერპლი ხედავს. ამის შემდეგ გონს მოეგებიან და გადაწყვეტენ, რომ ის საშიშია, ამიტომაც შეთხზული ბრალდებით ციხეში უშვებენ, უკეთებენ ნარკოტიკს, ნაწილს ჯიბეშიც უდებენ, იძახებენ პოლიციის სხვა ჯგუფს და "ნარკომომხმარებელსა და გამსაღებელს" შვიდი წლით პატიმრობას უსჯიან...

ეს მხოლოდ ფრაგმენტებია იმ სისასტიკისა, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების მმართველობისას შსს-ს თანამშრომლები სჩადიოდნენ. "ეს იყო ფაშისტური რეჟიმის მსგავსი სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბა ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ, რომლის სათავეშიც იყვნენ დღესაც მოქმედი პრეზიდენტი სააკაშვილი, მერაბიშვილი და სხვა იდეოლოგები. ეს იყო კაცობრიობისა და პირადად ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ეს იყო რეჟიმი, რომელიც ებრძოდა ყველასა და ყველაფერს, ებრძოდა საკუთარ ხალხს", - განაცხადა მაშინ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიდეოფირის ჩვენებამდე.

საზოგადოების ნაწილი მოითხოვდა, ეს ფირები ყველას ენახა.

"მნიშვნელოვანია, როდესაც ამ ფაქტებს ახალი ხელისუფლება ახმაურებს. ასე თითქოს პირობას დებს, რომ მათი ხელისუფლობის დროს იგივე არ მოხდება. საზოგადოება უკვე შემართულია, რომ რამე არ გამოეპაროს. ვიდეომასალების საყოველთაო ჩვენება არ უნდა მოეწყოს, ეს ძალზე მძიმედ იმოქმედებს ხალხზე, მეტიც, შესაძლოა, შფოთვითი აშლილობაც გამოიწვიოს, რასაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს", - განაცხადა ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ.

26 ათასი... (!!!)

სააკაშვილის დროინდელი შს სამინისტროს ფარულ ჩანაწერთა არქივში 26 ათასზე მეტი აუდიო, ფოტო და ვიდეოფაილია. მათგან პირადი ცხოვრების ამსახველი 144 ჩანაწერი ირაკლი ღარიბაშვილის უწყებამ კომისიასთან ერთად მიმდინარე წლის 5 სექტემბერს გაანადგურა.