"პრემიერ-მინისტრს კეფაზე ღრმა ჭრილობა ჰქონდა?!"
23-12-2013
"პრემიერ-მინისტრს კეფაზე ღრმა ჭრილობა ჰქონდა?!"
"ჟვანიას საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება"

"ვანო მერაბიშვილს კობა ხარშილაძის შეეშინდა, თავად დადგა ყველაფერი და  ფარცხალაძესთან შეხვედრა მოითხოვა"

"საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ცხედარს კეფაზე, მარჯვენა მხარეს, ნატყვიარივით დიდი ჭრილობა
ჰქონდა, რომელსაც სქელ ფენად გრიმი ედო"


нოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჯერ კიდევ 2013 წლის დამდეგს განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას ბურუსით  მოცული საქმე მალე გაიხსნებოდა. თუმცა ასე არ მოხდა, ურთიერთგამომრიცხავმა ინფორმაციამ გამოძიებას თავსატეხი გაუჩინა. ამჯერად, ამ საქმის ისეთ დეტალებს შემოგთავაზებთ, რაც
სკანდალური განცხადებების საფუძველი გახდა.


ეტყობოდა თუ არა ჟვანიას ცხედარს ძალადობის კვალი
კულუარული ინფორმაციით, ამ საქმეში უკვე არსებობს მთავარი მოწმე, რომელიც ჰყვება, თუ როგორ და რა ვითარებაში მოკლეს ზურაბ ჟვანია. შესაძლოა გამოძიებისთვის ამ საკითხთან  დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყოფილი პრემიერის დაცვის ყოფილ უფროსს, კობა ხარშილაძესაც მიეწოდებინა. ყოფილი
პრემიერ-მინისტრის გარემოცვა ამბობს, რომ ჟვანიას ცხედარს ძალადობის კვალი ემჩნეოდა. "კვირის პალიტრას" ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელი ხათუნა ხოფერია ესაუბრა.


- ჩემი აზრით, კობა ხარშილაძემ პროკურატურას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ამჯერად ის გასცემდა პასუხს კითხვას, რატომ ჰქონდა ზურას ტუჩთან ღრმა ნაჭდევი. თავის დროზე ხარშილაძემ თქვა, რომ მან გაზით გაგუდულ პრემიერს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა გონზე მოსაყვანად. გამორიცხულია, ასეთი დაზიანება ადამიანს ხელოვნური სუნთქვის ჩატარების გამო მიეღო. ხარშილაძეს ბევრი რამის გამო მოუწევს პასუხისგება, სულ ცოტა, იმ სამსახურებრივი  გულგრილობისთვის, რაც გამოიჩინა. ის ვალდებული იყო პრემიერ-მინისტრის სიცოცხლე და უსაფრთხოება დაეცვა.

- ამბობენ, რომ ჟვანიას თავზე ნატყვიარიც ჰქონდა.
- საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ცხედარს კეფაზე, მარჯვენა მხარეს, ნატყვიარივით დიდი ჭრილობა ჰქონდა, რომელსაც სქელ ფენად გრიმი ედო. როცა ვკითხეთ ოფიციალურ პირებს მიზეზი, გვითხრეს, ეს უხეშად ჩატარებული ტრეპანაციის შედეგიაო.

- ალბათ, სწორედ ამიტომ არის საჭირო ცხედრის ექსჰუმაცია და ხელახალი ექსპერტიზა.. თუ იცით, თავის დროზე ვინ ესწრებოდა ზურაბ ჟვანიას სეიფის გახსნას, საიდანაც ყოფილი პრემიერის ნივთები და საიდუმლო დოკუმენტები დაიკარგა?
- როგორც ვიცი, კობა ხარშილაძემ გახსნა სეიფი. ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილმა უკვე იცოდა, რომ ხარშილაძეს გამოძიებისთვის ჟვანიას საქმეზე რაღაც ჰქონდა ნათქვამი (პროკურატურამ ხარშილაძე დაკავებამდეც დაჰკითხა). სწორედ ამიტომ დაგეგმა ავანტიურა - სასამართლო პროცესზე თქვა, თუ როგორ აუხვიეს თვალები ღამით, გაიყვანეს ციხიდან…და როგორ დაემუქრა მთავარი პროკურორი ფარცხალაძე, თუ ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიებასთან არ ითანამშრომლებ და სააკაშვილის ფულის ადგილსამყოფელზე ინფორმაციას არ მოგვაწვდი, ციხეში გაყურყუტებთ და პირობებსაც გაგიუარესებთო. ეს განცხადება მერაბიშვილის ავანტიურის და პოლიტიკური აფერისტობის გამოხატულებაა. ამით მან მოვლენებს დაასწრო და წინასწარ შექმნა ფონი შემდგომი განცხადებებისთვის.

ის უბრალოდ, ტყუის, მან თავად შესთავაზა პროკურატურას, ოღონდ ფარცხალაძეს შემახვედრეთ და ჟვანიას მკვლელობაზე ყველაფერს ვიტყვიო. ყოველივე ამის შემდეგ გოკა გაბაშვილმა პირდაპირ ეთერში უტიფრად განაცხადა: "სამი დღე გავიდა და გამოძიება არაფერს აკეთებს, არ ხსნიან ფირებს, საიდანაც გავიგებთ, მართლა გაიყვანეს თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მერაბიშვილიო, არადა, როცა გოკა გაბაშვილი ამას ამბობდა, მერაბიშვილის განცხადებიდან 24 საათიც კი არ იყო გასული, რაც "ნაცმოძრაობამ" ეს ავანტიურა დაგეგმა. სირცხვილია, რომ ამხელა ყურადღებას ვაქცევთ იმ პოლიტიკურ თაღლითობას, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს. როგორც ჩანს, მერაბიშვილმა იცის, რომ ხარშილაძე ყველაფერს გათქვამს და წინასწარ სურს საფუძვლის შექმნა, რათა მერე თქვას, მთავარმა პროკურორმა მე რა დღეში ჩამაგდო და წარმომიდგენია, ამ უბედურ ხარშილაძეს რას უზამდნენო.

გამოძიების დასრულებას ხელს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უშლიან?

პრემიერ-მინისტრის მკვლელობა თუკი დადასტურდა, ცხადია, ეს ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო ლაქად დარჩება. ამრიგად, გამოძიების დასრულებას შესაძლოა საერთაშორისო სკანდალიც კი მოჰყვეს, მით უფრო, თუ ჟვანიას თავში ჭრილობის არსებობაც დადასტურდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს ეფ-ბი-აის დასკვნა ამ საქმეზე. ხელახალი გამოძიების შედეგად სულ მცირე, ის მაინც მტკიცდება, რომ ბინაში (სადაც ყოფილი ხელისუფლების ოფიციალური ვერსიის თანახმად, ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი დაიღუპნენ) ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა "უბედური შემთხვევის" ინსცენირება მოაწყვეს, ე. ი. საქმე გააყალბეს.

რაც შეეხება სკანდალურ განცხადებას, თუ რატომ ჰქონდა ჟვანიას კეფაზე საეჭვო ჩაღრმავება, მხოლოდ  ერთი თვითმხილველის, თუნდაც "ოქროს" მოწმის ჩვენება არ ეყოფა. ამიტომაც ოჯახი ითხოვს ცხედრების  ექსჰუმაციის შვეიცარიაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩატარებას. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით და სუპერპროფესიონალი ექსპერტები ჰყავს.

"იქ სანდო, მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ. არ მინდა დეტალებზე ლაპარაკი. ეს შეიძლება მითქმა-მოთქმის საგანი გახდეს. ყველაზე მეტად პოლიტიკური კონტექსტის მეშინია, რამაც შესაძლოა გამოძიება შეაფერხოს. არ არის გამორიცხული, ამ პოლიტიკურმა კონტექსტმა რომელიმე ქვეყნის ინტერესებიც გადაკვეთოს", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძემ.

როგორც შევიტყვეთ, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზის საკითხს შვეიცარიის ლაბორატორიაში  პროკურატურაში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ და ოჯახს სამაგიეროდ, ერთ-ერთი ამერიკული ლაბორატორია შესთავაზეს. ვინ ან რატომ უშლის ხელს ამ პროცესს? ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ზურაბ ჟვანიას ძმას, გოგლა ჟვანიას დავუკავშირდით: 

- ზოგიერთი ინფორმაცია რაღაც გზებით ხვდება საზოგადოებაში, რამდენად მართალია, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ნიუანსებზე საუბარი. ალბათ, ამჩნევთ, რომ ბოლო დროს კომენტარებისგან თავს ვიკავებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ქვეყნის გარედან გამოძიებას ხელს ვერავინ შეუშლის.

- არც იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესი გადაიკვეთება?
- კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, გამოძიებას ხელს ვერავინ შეუშლის, იმიტომ, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს ნება და მზაობა, გამოიძიოს ეს საქმე. დარწმუნებული ვარ, დასკვნა უმოკლეს დროში გაკეთდება.

- შევიტყვეთ, ზურაბ ჟვანიას თავზე ჭრილობა ჰქონდა, რამაც ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა განაპირობა.
- ბევრი ინფორმაცია მაქვს, რაზეც ახლა არ ვსაუბრობ. დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად არავის უნდა გამოძიების დასრულება.

- ჩვენ ეს ინფორმაცია ძალზე სერიოზული წყაროსგან გვაქვს მიღებული.
- განცხადებებისგან თავს შევიკავებ.

- ხარშილაძის დაკავებაზე რას გვეტყვით? ალბათ, არასერიოზულად მიგაჩნიათ ის ვერსია, რის შესახებაც პრესაში დაიწერა.
- რა ვერსია?

- ის, რომ ხარშილაძემ ჟვანიას ესროლა.
- ყველაფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა ვიტყვი, რომ ხარშილაძე ნამდვილად არის ის პირი, რომელიც დაკავშირებულია ზურას საქმესთან. გარწმუნებთ, მალე ზურაბ ჟვანიას საქმეზე არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება.
დაინტერესებული
25 დეკემბერი 2013 18:06
მგონი დროა, გარდაცვლილი დავასვენოთ საფლავში და მოვრჩეთ ამ თემაზე აპელირებას. გამოძიება მიდის და როცა იქნება შედეგი გაიგება, მანამდე ჭორაობა მგონი არასწორია.
tinatini
24 დეკემბერი 2013 23:56
მერცხალი კი არა ყვავი უნდა დაირქვა უზნეო ხარ მიცვალებულზე მხოლოდ არაადამიანი "გადაობს"
სანდრო 11
24 დეკემბერი 2013 22:53
"ბევრი ინფორმაცია მაქვს, რაზეც ახლა არ ვსაუბრობ" ჩვენი პოლიტიკოსების საყვარელი წინადადება.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები