კუდის ქნევანი 2013!..
23-12-2013
კუდის ქნევანი 2013!..
ხელმოტეხილი პრეზიდენტი

არჩევნებში დამარცხების შემდეგ სააკაშვილი უცხოურმა გამოცემებმა არაერთხელ მოიხსენიეს "პოლიტიკურ გვამად". მიუხედავად ამისა, ის პრეზიდენტად რჩებოდა და სტატუსს საერთაშორისო ასპარეზზე ძველებურად იყენებდა. 2013 წლის აპრილში თურქეთს ესტუმრა, თუმცა შეხვედრები ჩაიშალა, რადგან იქაც დამარცხდა - სტამბოლის საავადმყოფოში ამოყო თავი. ანტალიის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობისას ხელი მოიტეხა...

პროქტოლოგის აზრით...


ფარული ჩანაწერები, პატიმრების წამება და ცოცხების თემა, საქართველოს ისტორიის ფურცლებზე შავ ლაქად დარჩა... სააკაშვილმა ჯერ რეჟისორს შეაფასებინა გავრცელებული კადრები, მოგვიანებით კი პროქტოლოგის დასკვნაც
გააცნო საზოგადოებას: "ძალიან ადვილი სანახავია სიყალბე. გიორგი ლიფონავამ პირდაპირ ხაზებით ამიხსნა... მეორედ რომ ნახავ, მართლა ხვდები, რომ დადგმულია. ჩემი მეგობრის დედამ, რომელიც პროფესიით პროქტოლოგია, მითხრა, რომ ცოცხთან დაკავშირებული ვიდეოც მონტაჟია, ვინაიდან ფიზიოლოგიურად ამის განხორციელება შეუძლებელია".

ორი ზვიგენი


სტუდენტებთან შეხვედრისას სააკაშვილი ყოველთვის საინტერესო ამბებს ჰყვებოდა. ის
რუსეთის ლანძღვითაც ხშირად გვამახსოვრებდა თავს. ყველას ახსოვს 2008 წლის ომის დროინდელი ამბავი, როგორ ჩაფრინდა ბათუმში მალვით, ღრუბელ-ღრუბელ - რუსებს რომ არ შეემჩნიათ. მიშას არც 2013 წელს შეუწყვეტია სახალისო ამბების გახსენება. ამჯერად სტუდენტებს ეგვიპტეში მისი და სანდრა რულოვსის დასვენების შესახებ უამბო. ამბის მოყოლის მიზეზი ისევ რუსეთი გახდა: "მე და სანდრა ეგვიპტეში ზღვაში ვცურავთ. დავინახე, ქვემოთ ორი ზვიგენი ზის და მოგვჩერებია. გავგიჟდი, რა არის ეს-მეთქი. ნუ გეშინია, ორი წელია, ეგ ზვიგენები მანდ არიან, არ შეგჭამენო. რუსეთიც ასეა - როცა მოუნდება, მაშინ შეგჭამს".

შენ რამდენი მოკალი?

26 მაისს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა, რომელიც ადრინდელთან შედარებით ნაკლები პომპეზურობით გამოირჩეოდა... განაწყენებული სააკაშვილი კი ავღანეთში იმ ბაზას ესტუმრა, სადაც 13 მაისს ქართველ სამხედროებს დაესხნენ თავს და სამი ჯარისკაცი დაიღუპა. სააკაშვილი ჯარისკაცებს ეკითხებოდა: "რამდენი თალიბი გამოასალმეთ სიცოცხლეს?". მაშინ არავინ იცოდა, რომ ქართველ სამხედროებს რამდენიმე დღეში უარესი ელოდათ. 6 ივნისს ქართულ ბაზას კვლავ დაესხნენ თავს. ამჯერად 7 სამხედრო დაკარგა საქართველომ.

თავდაცვითი ზღუდეები

თანამდებობიდან წასვლის წინ სააკაშვილმა 2008 წლის ომის შემდგომ თბილისის ირგვლივ აგებულ საფორტიფიკაციო ობიექტებზე გაამახვილა ყურადღება. მთავარსარდალმა მსოფლიოს დეტალურად აღუწერა, სად რა თავდაცვითი ზღუდე აიგო თბილისის უსაფრთხოებისთვის. საიდუმლო ინფორმაციებზე ღიად საუბარმა თავდაცვის სამინისტრო აღაშფოთა, პრეზიდენტი კი მხიარულად პასუხობდა ჟურნალისტებს, რუსებმა ისედაც იციან ჩვენი საიდუმლოებებიო.

ინციდენტი ხომალდზე

ამერიკულ სამხედრო ხომალდზე ივანიშვილისა და სააკაშვილის ინციდენტი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ივანიშვილმა პრეზიდენტს გულზე დაბნეული ყაყაჩოს მნიშვნელობაზე ჰკითხა. სააკაშვილს ეს კითხვა ავად ენიშნა და უპასუხა, რომ ამ ფორმით რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიაგებდა პატივს და თუ უნდოდა, მასაც უშოვიდა ყაყაჩოს... პრეზიდენტმა ახალ მთავრობას ქვეყნის ღალატში კიდევ ერთხელ დასდო ბრალი. ამ გამოსვლამ ამერიკის ელჩიც გაამხიარულა. ივანიშვილის და ნორლანდის ღიმილი დიდხანს იყო საზოგადოების განსჯის საგანი.

შეწყალება

ნულოვანი ტოლერანტობის ავტორი უცებ გულმოწყალე აღმოჩნდა დამნაშავეთა მიმართ. რომ აღარაფერი ვთქვათ ბაჩანა ახალაიასა და თენგიზ გუნავას შეწყალებაზე, პრეზიდენტმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულებსაც უბოძა თავისუფლება. საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს 1145 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის 200 ნაკლებად მძიმე მუხლით იხდიდა სასჯელს, 582 - მძიმე და 363 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. შეიწყალა 82 ნარკორეალიზატორიც.   

კონკურსი მოქალაქეობაზე


მაშინ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე იყო დარჩენილი, სააკაშვილი უცხოტომელებს ერთი ხელის დაკვრით ურიგებდა ქართულ პასპორტებს. ერთი წლის განმავლობაში ათასობით უცხოელმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. პროცესი თურქეთში მცხოვრები ქართველებისგან დაიწყო, თუმცა სააკაშვილს არც საქართველოში მცხოვრები უცხოელები დაუტოვებია უკმაყოფილო. 2013 წელს იუსტიციის სამინისტროში ათასობით უცხოელის განცხადება იყო შესული, თუმცა დიდი ნაწილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. ამით განაწყენებულმა სააკაშვილმა მოქალაქეობაზე "კონკურსი გამოაცხადა" და იუსტიციის სამინისტროს გვერდის ავლით ქართული პასპორტები ჩამოარიგა. პრეზიდენტის რეზიდენციასთან ათასობით უცხოელი ჩადგა რიგში.

კარზე მოდგა შემოდგომა


ყველაფერს გაუდის ყავლი. არც პრეზიდენტის თანამდებობაა სამუდამო. სააკაშვილმა მეუღლესთან ერთად პირადი ნივთები ჩაალაგა, გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვაც დაგვიტოვა, სადაც ნაღვლიანად გვაუწყებდა, რომ ეს მისი ბოლო მიმართვა იყო რეზიდენციიდან. მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომ ორჯერ მისცეს შანსი,”ემწყემსა ქართველი ერი, უჩვეულოდ მშვიდად, თავმდაბლად გაგვიზიარა ემოციები, გადაგვიშალა გული და ჩაგვახედა სულში. ისიც შეგვახსენა, - გასაყოფი არაფერი გვაქვსო, თუმცა წლების განმავლობაში ჩვენს გაყოფა-დაყოფას რომ ცდილობდნენ, ამაზე კრინტი არ დაუძრავს. შემდეგ კი საზღვარგარეთ გაფრინდა... ზოგს ეგონა, ისევ დაბრუნდებაო, რადგან პრეზიდენტის ბიბლიოთეკის შექმნას გეგმავდა და უცხოეთში შეძენილი წიგნები ხომ უნდა ჩამოეტანა?! ვისაც სჯეროდა, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი ისევ დაეშვებოდა თბილისის აეროპორტში, არც შემცდარა, თუმცა გული მაშინ გაუტყდათ, როცა ტრაპზე სააკაშვილი აღარ გამოჩნდა. უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ემიგრაციაში "ვარდების რევოლუციის" სულისჩამდგმელი, თუმცა ცნობილია, რომ პოლიტიკური ამბიციები არ განელებია.

სააკაშვილი უკრაინაში

ერთი თვეა, იანუკოვიჩის წინააღმდეგ მოსახლეობა კიევში, ევრომაიდანზე მასშტაბურ აქციებს მართავს... მაიდანზე გამოჩნდა უცხო ქვეყანაში გადახვეწილი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. საკუთარ ქვეყანაში უარყოფილი "მიშა-მიშას" ძახილით მიაცილეს ტრიბუნასთან. უკრაინაში ვიზიტმა ალბათ, 2003 წელი გაახსენა "ვარდების რევოლუციის" ლიდერს...

რეფორმატორი ნიუ-იორკში


შეიძლება ვინმეს ეგონა, რომ სააკაშვილს ვადის ამოწურვის შემდეგ დაიჭერდნენ, თუმცა ნურას უკაცრავად! ის ნიუ-იორკის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში რეფორმების პროგრამაზე მუშაობს. მისი თქმით, პროგრამაზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს...

უტა ბიწაძე
aleko
26 დეკემბერი 2013 09:32
უტა ბიძიკო....დავიჯერო მართლა ისე ბნელა დღეს ვერაფერს ხედავ?
aperum
24 დეკემბერი 2013 01:36
უტა ბიწაზე -ეს რა ახალი სიტყვაა მსოპლიო ჯურნალისტიკაში? დზლივს სიმარტლე არ გაგვაგებინა კაცო?უტა შე ბედნიერო...
simartle
23 დეკემბერი 2013 19:45
ბიწაძეს.
ნუ გასაგებია რომ მეთიუ კამინსკი ამ შემთხვევაში არის მოსაყვანი მაგალითი,სხვა პუბლიკაციები ხომ ნაცებიუს მიერ იყო ნაყიდი))))მილიარდებს ახარჯავდნენ თურმე პიარკომპანიებს,მაგრამ საზღვარგარეთული პრესა რა მოსატანია,აგერ აქვე,ყურის ძირში ასავალ-დასავალი უფრო კარგ სტატიებს არა სწერს?ანდა არში გვჭირდება უცხოელები,განა ქალბატონი ეკა ბესელიას სიტყვები არ არის საკმარისი?მე უფრო სხვა თემას შევეხებოდი-დღეს რაც ხდება საქრთველოში,ბატონო უტა,ნუთუ არ გაინტერესებთ უდიპლომო პრემიერიდან დაწყებული და სამოქალაქო სექტორის "კანდიდატ ნაუკებზე" რა აზრის არის მსოფლიო პრესა?ანდა პრესა რათ გინდატ(ამ შემთხვევაში)თქვენ თვითონ რომელ პოზიციაში იმყოფებით?უკვე აღსრულებული სამართლის თუ მომლოდინე ე.ი. სტარტზე რომ არიან მორბენლები(მოკლე დისტანციას ვგულისხმობ)მესმის რომ გაქვთ ე.წ. სამოქალაქო შეკვეთა რომ წეროთ ის რაც ქართული მასების 60-70- % ისათვის გასაგები და მისაღებია,ღვარძლი,ბოღმა,რაც მთავარია შური.დიახაც შური ამოძრავებს ჩვენი გაუნათლებელ,უსაქმური ერის 60-70%-ს.რას იზამ,დღეს თქვენი დრო დადგა.რეზულტატს ალბათ მალე დავინახავთ,თუ ასეთი ტემპით განვითარდა მოვლენები,ეს მალე მართლაც მალე დადგება.

რედაქტორის რჩევით