ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

მთავარი ახლა იწყება!

ორიოდე სიტყვით 2014 წლის მოსალოდნელ საგარეო ბატალიებზე მოგახსენებთ: სულ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული ვლადიმირ პუტინის ინიციატივა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ საბოლოოდ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გაუქმების სურვილით არ "დაგვირგვინდეს". სწორედ ამის მოლოდინს აფრქვევენ რუსი ექსპერტები, როცა ამბობენ, რომ ახლო მომავალში რუსეთსა და სომხეთს საერთო საზღვარი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟო კავშირს ნიადაგი ეცლება. თუ ამ ყველაფერს პუტინის რამდენიმე კვირის წინ სომხეთში გაკეთებულ განცხადებასაც დავუმატებთ, რომ რუსეთი კავკასიიდან კი არ მიდის, არამედ მოდის, მივხვდებით, რომ საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე უმწვავესი გამოწვევები ელოდება.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას: მომავალი წელი ახალგაზრდა მთავრობისთვის თვითდამკვიდრების თუ ერთგვარი ტესტის ჩაბარების წელი იქნება. და აქვე რამდენიმე მოსაზრება მისთვის არცთუ ია-ვარდით მოფენილ ამ გზაზე:

უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას ეძლევა უნიკალური შანსი, გამოიძიოს ვანო მერაბიშვილის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია მასზე ზეწოლის შესახებ და თუკი მერაბიშვილი ცრუობს, ამით წერტილი დაესმება "ნაციონალური მოძრაობის" ერთწლიან კამპანიას მისი პოლიტიკური დევნის თაობაზე; ხოლო თუ მის სიტყვებში სიმართლის მარცვალი ურევია, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საკუთარი რიგების თვითწმენდა, რათა არ შეუდგეს იმ მოლიპულ გზას, რომელიც თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიარა.

საკადრო გადაწყვეტილებები და საზოგადოდ, საკადრო რესურსი სწორედ ის თემაა, რომელიც შეიძლება ახალი ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცეს.

ანალოგიას თუ მოვიხმობთ, დღევანდელი ვითარება იმ დროს მაგონებს, როცა "მოქალაქეთა კავშირის" ერთი ფრთა ჟვანია-სააკაშვილის სახით სამოქალაქო სექტორს აძლიერებდა, კვებავდა, აპიარებდა და გარშემო იკრებდა, დანარჩენი "მოქალაქეთა კავშირი" კი, შევარდნაძის მეთაურობით, საპირწონე ინტელექტუალური ნაკადის შექმნის ნაცვლად უსუსურად აკვირდებოდა ამ პროცესს. ახლაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მთელმა ენჯეო-სექტორმა თუ მედიის დიდმა ნაწილმა მიზიდულობის ცენტრად რესპუბლიკური პარტია არჩია, მაშინ როცა აღმასრულებელი ხელისუფლება ლამის ფეოდალის ციხესიმაგრეს დაემსგავსოს, სადაც უშურველად არიგებენ თანამდებობებს ნათესავ-მეგობრებსა და ნათელ-მირონებზე. ამ ჩაკეტილ სივრცეში „უცხოს არაფერი ესაქმება, ემანდ, დისბალანსი არავინ შეიტანოს ამ საყოველთაო ერთხმიანობაში.

როცა კადრების ერთგულება-მორჩილების პრინციპით შერჩევაზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია კიდევ ერთ ანალოგიას არ მოვუხმო: ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი მენეჯერი შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ნუგზარ საჯაიაც კადრებს, ძირითადად, ანალოგიური პრინციპით არჩევდა. რამდენად მზად აღმოჩნდა ამ პრინციპით დაკომპლექტებული სახელმწიფო უწყებები და განსაკუთრებით, ძალოვანი სტრუქტურები ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძის მწყობრი შეტევისთვის, ეს 2001-2003 წლებმა ნათლად გვაჩვენა. კარგი იქნება, თუ დღევანდელი ხელისუფლება ან წინამორბედების შეცდომებს, ან თუნდაც უშუალო წინამორბედის კარგ მაგალითს გაითვალისწინებს, როცა ბიძინა ივანიშვილმა რეალურად კოალიციური მთავრობა მოიყვანა ქვეყნის სათავეში და ფართო პოლიტიკური სპექტრის ხედვა ასახა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

საინტერესოა ისიც, ვინ უფრო დაიყენებს გვერდით და გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის არასაპარლამენტო ოპოზიციას - პრემიერის გუნდი თუ „რესპუბლიკელები?!

დასასრულ, თუ ხელისუფლებას საზოგადოების მხარდაჭერა და სამოქალაქო სექტორის განწყობა ნაკლებად ანაღვლებს, მაშინ იგი ან ახლომხედველია, ან შეუწონადად დიდი ძალის იმედი აქვს. მაგალითად, ასე უკრაინის ლიდერები იქცევიან. ამ კითხვაზე პასუხს 1 წელი არ დააგვიანდება. თუმცა არ მემეტება საქართველოს ასეთი იმედით არჩეული ხელისუფლება არც ერთი და არც მეორე იარლიყისთვის.