"ნატო და ევროპა "გმობენ", რუსეთი ბაზებს მაინც აშენებს" - კვირის პალიტრა

"ნატო და ევროპა "გმობენ", რუსეთი ბაზებს მაინც აშენებს"

შალვა ფიჩხაძე, პოლიტოლოგი: ღიმილის მომგვრელია ის აღტაცება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ნატოს ხელმძღვანელობის განცხადებას შეხვდა. დიახ, ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ განა ოდესმე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მესვეურებს რომელიმე ქვეყნისთვის უთქვამთ, ეს კარი დაკეტილიაო? ნატოს წესდების თანახმად, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება და პერსპექტივა ნატოში შესვლისა. უბრალოდ, აქ ერთი ძირეული და მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი, რაზეც ნატოს მესვეურებს არაერთხელ უსაუბრიათ, თუმცა ჩვენი ხელისუფლება მათ ნათქვამს ჯიუტად არ აქცევს ყურადღებას. საქმე ის გახლავთ, რომ ნატოს კარი არა შიგნიდან, არამედ გარედან იღება. შიგ შესვლის მსურველ სახელმწიფოს კი უნდა შესწევდეს მისი გამოღების უნარი, ვინაიდან კარი შიგნიდან არ არის ჩაკეტილი. ყოფით დონეზე იმის შესახებ საუბარი, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც ერს წარუძღვება, ხშირად მომისმენია, თუმცა ასეთი სენტენციებისა ნაკლებად მჯერა. ერმა უნდა უკარნახოს თავის ხელისუფლებას, საით წავიდეს და რა განავითაროს და არა პირიქით.