ჩიჩილაკის სითბო - კვირის პალიტრა

ჩიჩილაკის სითბო

"უკეთესი რა უნდა მენატრა ახალი წლის ზღაპრულ ღამეს"

ასე მოხდა, 31 დეკემბრამდე ვერ მოვახერხე საქმეების ისე მოგვარება, რომ მაინცდამაინც ამ დღეს არ დამჭირვებოდა ნათესავებთან გამგზავრება, რომლებსაც დიდი ხნის წინ დავპირდი, რომ ახალ წელს მათთან ერთად შევხვდებოდი. ეს სოფელი ნაძვისა და ფიჭვის ტყეს ესაზღვრება, შესასვლელში მდგარ უზარმაზარ ნაძვს ფერად-ფერადი ნათურებით რთავენ, მის ძირში კი უზარმაზარი მაგიდა დგას, რომელსაც ყველა ოჯახი თავისი წილი პურმარილით ავსებს და მთელი სოფელი ერთად ხვდება ახალ წელს.

მოკლედ, სადგურზე მისულს ავტობუსი უკვე სავსე დამხვდა და საცაა დაიძვრებოდა. ასვლა დავაპირე, რომ უკან  ვიღაც მომებღაუჭა: მოვიხედე და 9-10 წლის ბიჭი შემრჩა ხელთ, სიცივისგან აწითლებული ცხვირით და ლოყებით: - დეიდა, ავტობუსში ამაპარე, რა!..

- ავტობუსში რა გინდა? - გავიკვირვე, რადგან ნამდვილად არ ჰგავდა შორს გამგზავრების მსურველს.

- იქნებ ჩიჩილაკები გავყიდო! - დამანახა პატარა ფუმფულა ხეები, - ძალიან მჭირდება ფული. მძღოლები კი ავტობუსში არ მიშვებენ, მგზავრებს აწუხებ, სალონს ანაგვიანებო! - იმალებოდა ჩემს ზურგს უკან გულდაგულ.

გზა გავუთავისუფლე:

- ადი, ვერაფერსაც ვერ გეტყვის! - გავბრაზდი უცებ მძღოლებზე.

ბიჭი გაუბედავად ავიდა და მართლაც მაშინვე დაატყდა თავს მძღოლის რისხვა:

- ჰაიტ, შე მამაძაღლო. რას გადამეკიდე, ვის უნდა ეგ შენი გაქუცული ჩიჩილაკი?

- ვის უნდა და მე მინდა! - ვუდგები მძღოლს ჯიბრში, - ბიჭს ყველაზე დიდ ჩიჩილაკს ვართმევ და ფასს არც ვეკითხები, ისე ვუკუჭავ ხელში ათლარიანს.

ბიჭი ჩამეხუტა და რადგან მეტად ვერ მომწვდა, თავი მუცელზე მომადო...

- რა გქვია? - ვეკითხები.

- გიო... შინ ტყუპი დაიკო მელოდება. ორი კვირის წინ დაიბადნენ, იმათთვის მინდა საჩუქრები, პირველი ახალი წელია და მინდა თბილად იყვნენ, ნაძვის ხე ჰქონდეთ...

- ტყუპი და რომ "გიყიდა" მამაშენმა, არ იცოდა, რჩენა რომ უნდოდა?! - "კულტურულად" უსაყვედურა მძღოლმა.

- კარგი კაცია მამაჩემი, ბიძია... ომში დაიჭრა და ინვალიდის ეტლში ზის. ამ ჩიჩილაკებს ის თლის, მე გაყიდვას ვცდილობ... გაივლის მამაჩემი ფეხზე და აღარ გამომიშვებს ქუჩაში...

ისე დაეღრიჯა მძღოლს სახე, მივხვდი, არც ის ყოფილა უგულო...

- მაჩვენე ეგ შენი ჩიჩილაკები, მეც წავუღებ ჩემს შვილებს! - მანაც ათლარიანი ჩაუკუჭა გულის ჯიბეში.

გიოს სამი ჩიჩილაკი ჰქონდა კიდევ გასაყიდი. მაინცდამაინც არ გამოუმჟღავნებიათ ინტერესი მგზავრებს. ბიჭს ჩიჩილაკი ჩამოვართვი და მაღლა ავწიე:

- ეს უბრალო ჩიჩილაკი არ გეგონოთ, ხალხო. ორი პატარა გოგოს სახელზეა გამოთლილი. გიოს დებისთვის უნდა ამ ჩიჩილაკებში აღებული ფულით სითბოს, სინათლის და რძის ყიდვა. თუ დაეხმარებით, სასწაული მოხდება და არც თქვენს შვილებს მოაკლდებათ სითბო.

პირველი გიოს ტოლი გოგო წამოხტა და გვერდით მჯდომ ბაბუას ჩაეხუტა.

- ვიყიდოთ, რა, ბაბუ, ვიყიდოთ... ტყუპ გოგოებს ახალი წელი ვაჩუქოთ!

- გენაცვალოს, ბაბუ! - მოეფერა გოგოს მოხუცი და ისე გამოართვა გიოს ჩიჩილაკი, არც მას უკითხავს ფასი.

- ერთი მე მომეცი, შვილო! - შეეხვეწა შუახნის მანდილოსანი, - 5 წელია უშვილო რძალი მყავს, იქნებ ამ სიკეთემ ჩემს ოჯახსაც აჩუქოს ტყუპი...

- მეც მინდა ჩიჩილაკი! - წამოდგა შუა რიგებიდან ახალგაზრდა კაცი, - შეყვარებულს ვაჩუქებ და ტყუპის ამბავს მოვუყვები, უფრო შევუყვარდები...

- მეტი აღარა გაქვს? - გული დასწყდა იქვე მჯდომ კაცს, როცა გიოს დაცარიელებული ხელები დაინახა, - შინ ფეხმძიმე ცოლი მყავს და ჩემი მომავალი შვილისთვისაც მინდოდა საახალწლოდ მადლი და სიკეთე...

- აღარა მაქვს! - დაიმორცხვა გიომ.

კაცმა მაინც ჩაუდო ჯიბიდან ამოღებული ათლარიანი ხელში გიოს:

- დიდი ბიჭი გაიზარდე, ნეტავი ჩემი შვილიც შენსავით კეთილი და მზრუნველი დაიბადოს!...

- გმადლობთ, ბედნიერი ახალი წელი გაგითენოთ, ხალხო! - კოცნა გამოგვიგზავნა გიომ და ავტობუსიდან ჩახტა. მერე კი მანამ გვიქნევდა ხელს, სანამ მოსახვევში არ ჩავუხვიეთ...