ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ფსიქოლოგიური ომი იწყება

პანდორას ყუთი გაიხსნა. ფარცხალაძის საქმე იმ უამრავი კომპრომატიდან, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ტრიალებს, პირველია. 2014 წელი კომპრომატებით მართვის წელი იქნება: ყველა, ვისაც არ ეზარება, ან სწორედაც რომ ევალება, გეგმაზომიერად დაიწყებს კომპრომატების გამოქვეყნებას ყველა მეტ-ნაკლებად მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეზე (ვისზეც მოეპოვებათ, რა თქმა უნდა). ხელისუფლება კი, თავის მხრივ, მუდმივი თავის მართლების რეჟიმში გადავა, რასაც მოჰყვება მისი დემორალიზება და შიდასახელისუფლებო ქაოსი. სადამდე გაუძლებს ამას, საკითხავია.

ფარცხალაძის საქმე უმნიშვნელოვანესი ტესტი იყო ხელისუფლებისთვის. მას დასაწყისშივე უნდა მოეხდინა ამ საკითხის ლოკალიზება, რაც მას სერიოზულ ფორას აძლევდა ხელში: უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერება მას მორალურ უპირატესობას მისცემდა ერთდროულად ჩვენი საზოგადოებისა და დასავლეთის  თვალში. წერტილი დაესმებოდა მანიპულაციებს პოლიტიკური ნიშნით ვინმეს დევნაზეც.

სხვათა შორის, ღარიბაშვილის თამამი ნაბიჯები არავის უკვირს: მან ეს ხვედელიძის საქმეზე დაამტკიცა, როცა დანაშაულისთვის და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით გადააყენა თავისი პირველი მოადგილე. თუმცა, ხელისუფლება ამჯერად სხვა გზას დაადგა, და არათუ შეინარჩუნა მთავარი პროკურორი, არამედ ყველა მნიშვნელოვან და პოლიტიკური პერსპექტივის მქონე ფიგურას, როგორც ჩანს, ფარცხალაძის დაცვა და "გათეთრება" დაავალა, რაც  მორიგი შეცდომაა. ამან კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოაჩინა დაპირისპირება სახელისუფლებო წიაღში: წესით, გუნდი სხვაგვარად უნდა იქცეოდეს - თუ ერთს რამე შეეშალა, მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, ამ ერთის შეცდომამ სხვებს არ ავნოს და სხვების იმიჯი არ დააზარალოს.

ფსიქოლოგიური ომი იწყება - მომავალ წელს არასწორი მიდგომით დაკომპლექტებული კადრების სიმძიმეს ხელისუფლება მთელი სიმწვავით იგრძნობს: ამ შემთხვევაში პრინციპი - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის - გაუმართლებელია. თუმცა, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლება ერთი შეცდომის გადაფარვას მეორით ცდილობს - ამგვარი პოლიტიკური სტილი მოქმედებების არეალს სულ უფრო შეუზღუდავს. შედეგად, ხელისუფლება გახდება მეტად აგრესიული და მეტად დაშორდება საზოგადოებას. საზოგადოებისგან დისტანცირებასა და მასთან დაპირისპირებას რა მოაქვს, წესით, ამ ხელისუფლებას არ უნდა ესწავლებოდეს.

დამაიმედებელი ის არის, რომ ამ საერთო სახელისუფლებო კაკოფონიაში რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკურმა ფიგურამ მაინც სცადა სახის გადარჩენა.