მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

მოსიარულე შარი

წინა "კვირის ფიქრებში" დავწერე, "ქართული ოცნება" ვანო მერაბიშვილმა შარში გახვია-მეთქი, თუმცა შევცდი: მერაბიშვილმა კი არა, ოთარ ფარცხალაძემ გახვია "ოცნება" შარში. იგი "ოცნებისთვის" პანდორას ყუთად იქცა, საიდანაც ამოდის და ამოდის პრობლემები. ჯერ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა-არგაყვანის სკანდალი არ ჩამცხრალიყო, რომ პროკურორის გერმანიაში ნასამართლობის ამბავი გასკდა და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შვებულებაში გავიდა. შეიძლება ეს მხოლოდ დამთხვევაა, მაგრამ საეჭვო დამთხვევა. სწორედ იუსტიციის მინისტრმა წარადგინა ფარცხალაძე თანამდებობაზე. მართალია, მხოლოდ მაშინ გაიცნო, როცა წარადგინა, მაგრამ ხომ წარადგინა? მასვე შეუძლია, გამოითხოვოს საქმე გერმანიიდან და გაგვაგებინოს, რის გამოა ნასამართლევი ეს ჩვენი მთავარი პროკურორი (ნასამართლევი რომ არის, თავად აღიარა). მართალია, დანაშაული დანაშაულია, მაგრამ სიმძიმესაც გააჩნია. დოკუმენტების გამოთხოვას კი ხელისუფლება რატომღაც არ ჩქარობს.

ამ ყველაფერს მერე ისიც დაემატა, რომ მისი დიპლომი გახდა საეჭვო. ბიოგრაფიის მიხედვით გაირკვა, რომ სკოლა 15 წლისას დაუმთავრებია; იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩააბარა, იურიდიული ფაკულტეტი არ იყოო, მოკლედ, ნაყიდი აქვს დიპლომიო. პროკურატურის ვებგვერდზე დაბადების თარიღის შეცვლამ ეჭვი უფრო გაამყარა. მერე ეს ხარვეზი გამოასწორეს, მაგრამ განაცხადეს, სკოლა ადრე იმიტომ დაამთავრა, რომ წერა-კითხვა სახლში ასწავლეს და პირდაპირ მეორე კლასში დაჯდაო!

ყველაფერს ისიც ემატება, რომ უნივერსიტეტი, რომელიც ფარცხალაძემ 1995 წელს დაამთავრა, კერძო გახლავთ, მაშინ კი ასეთ უნივერსიტეტებს ყველა სარდაფში ხსნიდნენ.

მოკლედ, ეს კაცი მოსიარულე შარი აღმოჩნდა, თუმცა "ოცნებამ" მაინც მისი დაცვა გადაწყვიტა: ესაო, "ნაციონალური მოძრაობის" შეტევაა, რადგან კარგად მუშაობს და საფრთხე იგრძნესო.

ოპოზიცია იმისთვის არის, რომ შემოგიტიოს და ნუ მისცემ ამის საფუძველს, ან შეტევა ღირსეულად მოიგერიე, ეჭვები გაფანტე.

უმრავლესობის ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, ფარცხალაძე "ნაციონალების" დროსაც მუშაობდა პოლიციაში მაღალ თანამდებობაზე და მაშინ არ იყო პრობლემა მისი ნასამართლობაო? ეს გასამართლებელი საბუთი კი არა, კომპრომატია - "ნაცების" დროს თუ პოლიციაში მუშაობდა და იქ გამეფებული განუკითხაობა არ აწუხებდა მით უმეტეს არ ყოფილა დასანიშნი.

ამ "ოცნებაში" წესიერად "გაპრავებაც" არ იციან. მასე კი არ უნდა გაამართლოთ, არამედ ასე: პროკურორი რომ ნასამართლევია, ეს კარგიც კია. უფრო მეტიც: ყველა პროკურორი ნასამართლევი უნდა იყოს. თუ საკუთარ თავზე ექნება ციხე გამოცდილი, ასე უბრალოდ სხვას აღარ გაწირავს, ანუ ნასამართლევი პროკურორი უფრო ჰუმანური იქნება. ყველა პროკურორი ჯერ ციხეში, მერე - თანამდებობაზე!

დაბალი ღობე

წინა კვირას ყველა ავთანდილ ბერიძეს აკრიტიკებდა, ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, დღეს ყველანი მის ქომაგებად ვიქეცით. კაცს რაღაც ოთხმოციათასიანი ჯიპის ყიდვა უნდოდა და ხელიდან გააგდებინეს, სხვებს კი ახალი ჯიპები ხახვივით შერჩათ. მეტიც -  გაირკვა, რომ ფარცხალაძეს კბილაშვილის და მისი წინამორბედის ნაქონი ჯიპი გაუყიდია და ახალი სულ რაღაც 175 575 ლარად უყიდია! უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა - ბოკერიას ნაქონი ჯიპი დაძველებული და სიგარეტის სუნით აყროლებული იყოო და ახალი 78.000 ლარად იყიდა. ბიუჯეტის ფულით 2.350 ლარად კომპიუტერი "მაცბოოკ" და 1.749 ლარად ტელეფონი "იპონე 5"-ც შეიძინა, ხოლო 335 ლარად - კომპიუტერის ჩანთა. ეს ყველაფერი ჩემი კი არა, საბჭოსია, თანამდებობიდან რომ წავალ, ახალ მდივანს დავუტოვებო, - განაცხადა მან. მომკალით და ვერ ვხვდები, წლების მერე ეგ ტელეფონი ვის რაში დასჭირდება?

ხელისუფლება კარგა ხანია, გაიძახის, შემუშავდება სტანდარტი, რომელ ჩინოვნიკს რომელი მანქანა უნდა ემსახურებოდესო, მაგრამ სანამ ეს სტანდარტი შემუშავდა, ყველამ იყიდა საოცნებო მანქანა თუ ტელეფონი. მხოლოდ საწყალ ბერიძეს "გააგდებინეს ხელიდან" საოცნებო ჯიპი, ამიტომ დღეიდან დაბალ ღობეს ჰქვია ავთანდილ ბერიძე, მე კი ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას მისთვის წართმეული ჯიპის დაბრუნების მოთხოვნით.