”გასაუბრებაზე ფარცხალაძისთვის არავის დაუსვამს კითხვა, იყო თუ არა ნასამართლები”
30-12-2013
”გასაუბრებაზე ფარცხალაძისთვის არავის დაუსვამს კითხვა, იყო თუ არა ნასამართლები”
ახალი წლის შემდეგ "ნაციონალები" მთავარ პროკურორზე ახალ "კომპრომატებს" დადებენ(?!)

უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი ხმაურიანი დაკავების მომსწრე გახდება საზოგადოება...


დადასტურდა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ადრე ნასამართლებია. ეს სკანდალური ინფორმაცია განაწყენებულმა თბილისის მერმა საზოგადოებას მას შემდეგ მიაწოდა, რაც უფლებამოსილება შეუჩერეს. თქვა, რომ ფარცხალაძეს 2001 წლის 16 იანვარს გერმანიაში განაჩენი გამოუტანეს. იგი ნასამართლები ყოფილა გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისათვის. "მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა, ერთი წელი და
სამი თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე, განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 14 მარტს".


ამ ინფორმაციამ თავდაპირველად მმართველი გუნდიც დააბნია, ხელისუფლების წარმომადგენლები და დეპუტატები ამბობდნენ, რომ
ეს "ნაცმოძრაობის" მორიგი ტყუილია. თუმცა დიდი ხმაურის შემდეგ მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე ოთარ ფარცხალაძის განცხადება ფაქტობრივად ფაქტის ირიბი დადასტურება იყო. მიაჩნია, რომ ბოლო დროს მის წინააღმდეგ გააქტიურებულმა ბინძურმა პოლიტიკურმა კამპანიამ პიკს მიაღწია და გერმანიაში მომხდარ ინციდენტზე სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს: "2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი.

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა. მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია". 

"ნაციონალების" ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში სამუშაოდ იყო წასული და იმ წლებში, ძირითადად, მანქანებით ვაჭრობდა. პოლიციელებმა ფარცხალაძე და რამდენიმე ქართველი ტანსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს.  ფარცხალაძე ირწმუნება, ნაქურდალი არ მქონია და ჩემთან მყოფს აღმოუჩინესო, მაგრამ ფაქტია, ის ამ ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ეს დაადასტურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემაც, ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა სტუდია "მონიტორიც", თუმცა უგულავამ ყველას დაასწრო. ამბობენ, "ნაცმოძრაობას" მასალა დიდი ხანია აქვს, მაგრამ მის გამოყენებას ხმაურიანი დაკავებების შემდეგ აპირებდნენ. უგულავამ კი უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ ვეღარ მოითმინა და სააშკარაოზე გამოიტანა. იმასაც ამბობენ, რომ "ნაციონალებს" სხვა მასალებიც გააჩნიათ ფარცხალაძის კომპრომეტირებისთვის, რომლებსაც ახალი წლის შემდეგ წარუდგენენ საზოგადოებას, რაც კიდევ ერთი დარტყმა იქნება ახალი ხელისუფლებისთვის.
ამ თანამდებობაზე ფარცხალაძე ღარიბაშვილმა წარადგინა. სანდო წყაროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა არაფერი იცოდა...

"ღარიბაშვილს ძალიან ახლობელმა ურჩია ამ თანამდებობაზე ფარცხალაძის დანიშვნა. გასაუბრებაზე არავის დაუსვამს კითხვა, იყო თუ არა ნასამართლები", - გვითხრა ჩვენმა წყარომ.

ცხადია, ღარიბაშვილს ეს კითხვა არ გაუჩნდებოდა, რადგან ფარცხალაძე ძველი ხელისუფლების დროსაც პასუხსაგებ თანამდებობებზე მუშაობდა და ღირსების ორდენითაც დააჯილდოეს, მაგრამ საკითხავი ის არის, რატომ დაინიშნა "ნაცმოძრაობის" დროინდელი ჩინოსანი ასეთ მაღალ თანამდებობაზე? როგორც ამბობენ, "ნაცმოძრაობას" მაშინ ყველა თანამშრომელზე ჰქონდა კომპრომატი, იცოდნენ ფარცხალაძის წარსულიც და ეს მხოლოდ ახლა გაახმაურესო.

არც პრემიერ-მინისტრი უარყოფს ფარცხალაძის ნასამართლობას. "გამოვიდა ფარცხალაძე და გააკეთა განცხადება. მას მიესაჯა 1 წელი და სამი თვე, თუმცა რამდენიმე თვეში გათავისუფლდა. თუ ადამიანს გერმანიაში აკავებენ ყაჩაღობის მუხლით, ის რამდენიმე თვეში ციხიდან ვერ გამოვა. არ მომხდარა მისი დეპორტირება... მან ეს სასჯელი მოიხადა გერმანიაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება ავუკრძალოთ მუშაობა.  მორალზე კი საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც ბრალად ედებათ მილიონების გაფლანგვა. ეს ადამიანები იყვნენ და არიან მხილებული წამებაში, გაუპატიურებაში, გატაცებაში. ადამიანები, რომლებიც საკუთარ მოსახლეობას ტერორისტულ აქტებს უწყობდნენ, მიუღებელია, ამ ადამიანებისგან მივიღო კრიტიკა", - აღნიშნა პრემიერმა გადაცემა "პოზიციაში".

იმასაც ამბობენ, ფინანსური პოლიციის გენინსპექციას ადრე მასზე საქმეც ჰქონდა აღძრული, ბრალდებებიც წაუყენა. ერთ-ერთ ბრალდებად შიდა ქართლის სამმართველოში მუშაობის დროინდელ დარღვევებს ედავებოდნენ, კერძოდ, სახელმწიფო მანქანების საწვავის ტალონების გაყიდვას. თურმე ფარცხალაძის დაპატიმრება გადაწყვეტილი ყოფილა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი მის სასარგებლოდ შეიცვალა, - გენინსპექციის უფროსი მოხსნეს, საქმეს მსვლელობა არ მისცემია, ფარცხალაძე კი დააწინაურეს და ფინანსური პოლიციის საგამოძიებო განყოფილებიდან ფინანსურის უფროსად დანიშნეს. მის სახელს უკავშირდება ასევე რასმუსენის ვიზიტისას მერიის 25 თანამშრომლის დაკავება და შემდეგ მათი მობოდიშებით გათავისუფლება, ასევე მინარეთის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება.

კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება ვანო მერაბიშვილმა გააკეთა, თქვა, რომ საკნიდან გაიყვანეს და ფარცხალაძე დაემუქრა. ეს პროკურატურამ უარყო, მერაბიშვილის მოთხოვნის მიუხედავად, ჯერ არც მოკვლევა დაწყებულა და არც სათვალთვალო კამერების ჩანაწერი უნახავს საზოგადოებას, თუმცა კულუარებში ამბობენ, რომ მერაბიშვილი არ ცრუობს. მაგრამ მერაბიშვილმა თავად მოუწყო პროვოკაცია ახალ ხელისუფლებას. მალულად შეუთვალა თავის ნაცნობ ფარცხალაძეს, შემხვდი, შენ გენდობი და ყველაფერს გეტყვიო, თავი ციხიდან გამოაყვანინა, მაგრამ მოატყუა, არაფერი უთხრა, ფაქტი კი სკანდალისთვის გამოიყენა.

არანაკლები ხმაური გამოიწვია ძვირად ღირებული "ლექსუსის" ჯიპის თემამაც, რომელიც ფარცხალაძემ მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ 174 000 ლარად შეიძინა...
ხმაური მოჰყვა ფარცხალაძის დიპლომის საკითხსაც - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა პროკურორს დიპლომის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. "პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბატონი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბადებულია 1976 წელს, ხოლო მას ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი დაუმთავრებია 1995 წელს, ე.ი. 19 წლის ასაკში. გამაოცა ამ ინფორმაციამ. ვიფიქრე, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთან გვაქვს საქმე-მეთქი, მაგრამ მთავარი პროკურორის საგმირო საქმეებს რომ გადავხედე, ცოტა ეჭვი შემეპარა მის ზებუნებრივ შესაძლებლობებში", - ამბობს ხატიაშვილი. ეს საკითხი "ნაციონალებმაც" გამოიყენეს და ახმაურდნენ...

დაიწყება თუ არა ამ და სხვა ფაქტების მოკვლევა, მომავალში გამოჩნდება, თუმცა ცნობილია, რომ ფარცხალაძის პროკურორად დანიშვნა კანონდარღვევა არ არის, რადგან ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. სხვა საქმეა მორალური საკითხი. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ქვეყნის პირველი პროკურორი ნასამართლები არ უნდა იყოს...

ჩვენ ვცადეთ ოთარ ფარცხალაძესთან ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბატონმა თემურ დოლიძემ განგვიმარტა, რომ ამ ეტაპზე განმარტებებს არ გააკეთებს...
ოთარ ფარცხალაძე მუშაობას განაგრძობს და ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი ხმაურიანი დაკავების მომსწრე გახდება საზოგადოება.

თეა ხურცილავა
კოტე
04 იანვარი 2014 16:40
ოცნების მხარდამჭერები ისევ მოტყუებულები აღმოჩნდნენ.ღარიბაშვილი ისევ ნაცებს ნიშნავს თანამდებობებზე.დეპუტატები რაიონის გამგებლებად ნაცებს და შეხმატკბილებულები წილებს იყოფენ.ბიძინამ თავისი დაიბრუნა ხალხის წყალობით და აახვია.ღატაკთა ახალი ნაკადი უნდა გავაძღოთ....
მანუ
04 იანვარი 2014 14:29
კარგით რააა,ძალიან ბევრია ნაციონალებში ცუდი წარსულის,მაგრამ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ თუნდაც ძებნიაური.
abaaba
04 იანვარი 2014 06:25
გთხოვთ გამოფხიზლდეთ.ნაციონალების დასაცინად ნუ გახდი თ იმ ხალხს ვინც ხმა მოგცათ; ზოგჯერ უბრალო და გაჭირვებული ხალხისკენაც გაიხედეთ მარტო ლაპარაკი არ შველის საქმეს სააკაშვილს ლაპარაკი არ ეშლებოდა .დაფიქრდით ხალხში უიმედობამ დაისადგურა და დასაკარგი არაფერი აქვთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გაზაფხულზე ქუჩაში გამოვლენ და მერე გვიან იქნება

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები