"ბორჯომის" და ღვინის გამო ვერ შევრიგდებით" - კვირის პალიტრა

"ბორჯომის" და ღვინის გამო ვერ შევრიგდებით"

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "ფორბსის" რუსულ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც გულახდილად ისაუბრა ბევრ საზოგადოებისთვის მანამდე უცნობ საკითხზე. "კვირის პალიტრა" ამ ინტერვიუდან განსაკუთრებით საინტერესო ამონარიდებს გთავაზობთ.

წელიწადში რამდენ მილიონს ხარჯავს ივანიშვილი ოჯახისთვის

"ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ საქართველოში სხვადასხვა პროექტში 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. ამ თანხაში შედის სახელმწიფოსთვის, ასევე მეგობრებისა და ახლობლების დახმარება" - წერს "ფორბსი".

"საკუთარი თავისა და ოჯახისთვის კი წელიწადში 5 მილიონ დოლარზე მეტს არ ვხარჯავ", - ამბობს ივანიშვილი.

რაც შეეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ივანიშვილის განცხადებით, ამ არჩევნებზე არაფერი დაუხარჯავს, რადგან ამის საშუალება არ მისცეს.

"ჩვენ არ გვქონდა არანაირი რეკლამა. ყველგან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეკლამა იყო. ჩემი შვილი, ბერა, ძალიან დამეხმარა, ის რეგიონებში ათიათასობით ადამიანს აგროვებდა სტადიონებზე და კონცერტებს ატარებდა. მე ბევრი ეშმაკური სვლა გავაკეთე, რის ხარჯზეც გავიმარჯვეთ", - განაცხადა ივანიშვილმა".

ივანიშვილის თქმით, პარტიის სახელწოდება, "ქართული ოცნება", ბერამ მოიგონა.

"ბერა ძალიან დამეხმარა. ამის გამო მან 2 წელი დაკარგა. ახლა ისევ გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ახალი ამერიკული პროექტი ეწყება. მას ბევრი სიმღერა აქვს არა მხოლოდ ქართულ, არამედ ინგლისურ და ფრანგულ ენებზეც", - ამბობს ივანიშვილი.

"პოლიტიკაში აღარასდროს დავბრუნდები!"

"კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ აღარასოდეს დაბრუნდება პოლიტიკაში, ივანიშვილმა დადებითად უპასუხა: "დიახ, დარწმუნებული ვარ. მე პირობა დავდე. გარანტიას ვიძლევი, რომ მთავრობა, რომელიც მე დავტოვე, ნამდვილად ააშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და არასოდეს გახდება კორუფციული".

თუ რა შეიცვალა პოლიტიკას გარიდებული ექსპრემიერის ცხოვრებაში, ამაზე ივანიშვილი ამბობს, რომ ჯერ მხოლოდ გამოძინება მოასწრო:

"ამ პერიოდში ჯერ მხოლოდ ცოტა გამოძინება მოვასწარი. მე მაშინ ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ახლა ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვიმუშავებ. პირობა დავდე, რომ აქტიურად ჩავერთვები სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში, ვასწავლი ხალხს, როგორ გააკონტროლოს მთავრობა, გააკრიტიკოს და ა.შ.", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი ამბობს, რომ თვალის დახუჭვას არაფერზე აპირებს: "მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მე ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი".

როგორ აპირებდა ივანიშვილი ცოლ-შვილის დახმარებით სააკაშვილის გადაყენებას - ექსპრემიერის აღსარება

ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმა ინსცენირებული იყო. ყოფილი პრემიერის თქმით, 2011 წლის 7 ოქტომბრამდე, მისი პირველი განცხადების გაკეთებამდე სამი დღით ადრე, მან ოჯახთან ერთად გაითამაშა სპექტაკლი, თითქოს მისი უფროსი ვაჟი აპირებდა პარიზიდან ჩამოსვლას და რეჟიმთან ბრძოლას.

"მათ რომ გაეგოთ, ამ განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, ამის საშუალებას არ მომცემდნენ, მაშინვე მომკლავდნენ. საჭირო იყო, გაეგოთ, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში, ჩემს ადგილს ჩემი შვილი დაიკავებდა. უნდა დაგვერწმუნებინა ისინი, რომ უტა შეძლებდა ოპოზიციის ლიდერობას. ვინ იყო უტა, აქ არავინ იცოდა. ის პარიზში ცხოვრობს, უნივერსიტეტში სწავლობს. უტა მშვიდია, ბუზს არ აწყენინებს, განსხვავებით ბერასგან. ბერას ისინი კარგად იცნობდნენ. ემუქრებოდნენ კიდეც, თუმცა მას არაფრის ეშინია.

მე და ჩემმა მეუღლემ სანდო ხალხის მეშვეობით უტას გადავუგზავნეთ სცენარი, რომლის მიხედვითაც ჩემი განცხადებების შესაბამისად უნდა მოქცეულიყო. იმ შემთხვევაში, თუ ამ განცხადების გავრცელებას საქართველოში ვერ შევძლებდი, გაახმაურებდნენ საინფორმაციო სააგენტოები პარიზსა და შვეიცარიაში.

უტამ დამირეკა და მითხრა, რომ თუ არ ვაპირებდი პოლიტიკაში წასვლას, ის დაბრუნდებოდა პარიზიდან და დაიწყებდა ბრძოლას. ვუყვიროდი, სულელი ხარ-მეთქი, ვცდილობდი, გადაეფიქრა ამის გაკეთება. ვპირდებოდი, რომ ჩავიდოდი პარიზში და იქ დავილაპარაკებდით. მპასუხობდა, რომ არც კი შემხვდებოდა პარიზში და არ დამელაპარაკებოდა, თუ ქვეყანას მივატოვებდი და წავიდოდი. ჩვენი ეს საუბრები, რა თქმა უნდა, ისმინებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, მან იცოდა, რომ ჰოლდინგ "ქართუს" პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი გადაბირებული იყო და უტასთან ამ საუბრის შემდეგ ჩრდილელს შესჩივლა, შვილს ვერაფერს ვუხერხებ და უტა პარიზში ჩასვლას მიკრძალავსო. როგორც ივანიშვილი ამბობს, გიგა ჩრდილელს მოელაპარაკა, წასულიყო პარიზში და მისი მინდობილობით მისი ვაჟების ანგარიშები დაებლოკა.

"აქ უკვე თამაშში ჩემი მეუღლე ჩაერთო - დაურეკა უტას და გაბრაზებულმა უთხრა, რომ მისი ანგარიშების დაბლოკვას ვაპირებდი. უთხრა, მამაშენი დაბერდა, ყველაფრის ეშინია, მინდობილობა ვიღაც ნაძირალას მისცა, რომ შენი ანგარიშები დახუროს. ჩამოდი, მე დაგიჭერ მხარსო. ამის შემდეგ მე დავურეკე გიგას და ვუთხარი, რომ აზრი არ ჰქონდა უტას ანგარიშების დაბლოკვას, რადგან ოჯახი უარზეა. არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ დაველოდები ჩემს შვილს-მეთქი".

ივანიშვილის თქმით, მეორე დღეს მან ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იმ დროს მისი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი იყო, გაგზავნა ჰოლდინგ "ქართუს" პრესსამსახურში, რომელსაც კონტაქტები ჰქონდა საინფორმაციო სააგენტოებთან: "ირაკლიმ პრესსამსახურს სთხოვა, განცხადება გადაეგზავნა საინფორმაციო სააგენტოებისთვის. პრესმდივანმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ კონსულტაცია უშუალოდ გიგა ჩრდილელთან უნდა გაევლო. მაშინ ირაკლიმ დამირეკა, ყურმილი გადასცა იმ გოგონას და მე ვუთხარი, უნდა მომისმინო, რადგან ამ ჰოლდინგის მფლობელი მე ვარ-მეთქი", - ამბობს ივანიშვილი. საბოლოოდ პრესმდივანმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და განცხადება სააგენტოებში გაგზავნა".

"მათ ეუბნებოდნენ, ან ყველაფერს ნებით გადმოგვცემ, ან ციხეში ჩაჯდები და მერე გადმოგვცემო"

"- რატომ არ მოსწონდა ხალხს სააკაშვილის რეჟიმი? - აი, რას პასუხობს ამ კითხვაზე ყოფილი პრემიერი:

- ბიზნესს მთლიანად აკონტროლებდა ხელისუფლების სათავეში მყოფი ოთხი კაცი, მთელი ფული მათ ხელში ხვდებოდა. როგორც ამბობენ, შეფასების საფუძველზე, მათი შემოსავალი თვეში დაახლოებით 40-50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ფანტასტიკური შემოსავალია, განსაკუთრებით საქართველოსთვის. კონტროლს დაუქვემდებარეს არა მხოლოდ თითოეული ბიზნესმენი, არამედ თითოეული ბაზრის გამყიდველიც კი, რომელთა ნავაჭრი დღეში ათ დოლარს არ აღემატებოდა. მათ მიზანს წარმოადგენდა არა იმდენად ქონება, რამდენადაც ყველაფრის გაკონტროლება. თუმცა, ქონების მითვისებასაც არ ერიდებოდნენ. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ბიზნესი, შედარებით თავისუფლად გრძნობდნენ თავს. ადამიანების ნახევარი ნებაყოფლობით თანხმდებოდა ქონების გადაცემაზე, ხოლო ისინი, ვინც წინააღმდეგობას უწევდნენ, იდევნებოდნენ. ზოგიერთმა მოახერხა საზღვარგარეთ გაქცევა, ზოგიერთმა - ვერა. ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, რომ მათ გააცნობიერეს, რომ ხალხი არც იმდენად მშიშარაა, რომ არ გაუწიოს წინააღმდეგობა. მათ სჭირდებოდათ ადამიანების დაშინება. ამიტომ აპატიმრებდნენ ადამიანებს სრულიად უმიზეზოდ, მხოლოდ იმისათვის, რომ მეზობლებს დაენახათ. შესაძლოა ადამიანს სულაც არაფერი ჰქონოდა, მაგრამ მაინც აპატიმრებდნენ".

"თუ თქვენ პატიოსანი ხართ, თქვენ გარშემოც პატიოსანი ადამიანები შემოიკრიბებიან"

აი, როგორ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა ელიტური კორუფციის დამარცხება:

"თევზი თავიდან ყარსო, ამბობენ. თუ თქვენ პატიოსანი ხართ, თქვენ გარშემოც პატიოსანი ადამიანები შემოიკრიბებიან. ჩემს გუნდში დემოკრატია დავნერგე და სრულ ნდობას მივაღწიე. თითოეულ წევრს შეუძლია მეკამათოს საკუთარი აზრის დასაცავად. იმავდროულად, ყველა მშვენივრად ხვდება, რომ სიცრუე მიუღებელია. ნებისმიერი აცნობიერებს, რომ ჩვენ შეცდომებს არ ვპატიობთ. სხვა არაფერია საჭირო. დაინახეს მიმართულება და ჩამწკრივდნენ შესაბამისად. საქართველო პატარა ქვეყანაა. ადამიანების შერჩევისას მე მათ ვეუბნებოდი: "შენ შესაძლოა მომატყუო ერთხელ, ორჯერ, მაგრამ მესამედ ტყუილი მაინც გამომჟღავნდება". საქართველოში კორუფცია აღარასდროს იქნება. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, ცალკეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რა თქმა უნდა.

გამორიცხულია, მთავრობის მთელი შემადგენლობა კორუმპირებული გახდეს, მსგავსი რამ არასდროს მოხდება. ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ. მე ხალხს პატიოსანი სიტყვა მივეცი".

"ბორჯომის" და ღვინის გამო ვერ შევრიგდებით"

"როდის შეიძლება ველოდოთ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას?" - კითხულობს "ფორბსის" ჟურნალისტი. ივანიშვილის აზრით, ახლა ჯერი რუსეთზეა:

- ამჟამად ბურთი რუსეთის მოედანზეა. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. იმ დრომდე, სანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია. ამ ტერიტორიების გამოყოფა რუსეთის დახმარებით მოხდა და ახლა, ჩემი აზრით, ეს საფრთხეს უქმნის თავად რუსეთის უსაფრთხოებას.

ვიმედოვნებ, ამას რუსეთშიც გააცნობიერებენ. ჩრდილო კავკასია რთული რეგიონია. თუ რუსეთში ამას ვერ გაიგებენ, ძალზე რთული და პრობლემატური იქნება მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. ჩვენ მხოლოდ "ბორჯომისა" და ღვინის გამო ვერ შევრიგდებით. ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ტერიტორია არ არის, ეს არის იქ მცხოვრები ადამიანები. იქ ჩვენი ძმები ცხოვრობენ - ოსები და აფხაზები. ყოველთვის ვამბობ - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა დაბრუნდეს და ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ეს არ ნიშნავს საომარ მოქმედებებს. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ [აფხაზები და ოსები]. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ჭეშმარიტად ევროპული ქვეყანა გახდეს, რათა მათთვის საინტერესო იყოს ჩვენთან ერთად ცხოვრება. მხოლოდ ამ გზით გვსურს მათთან ურთიერთობების აღდგენა, არანაირი ძალადობა. რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ჩარევას და რომ ხალხებმა თავად უნდა შეძლონ გარკვევა. პირადად ჩემთვის ეს განცხადება იმედისმომცემია.