"უგულავასთვის გირაოს შეფარდება ბაირამობაა!" - კვირის პალიტრა

"უგულავასთვის გირაოს შეფარდება ბაირამობაა!"

"უგულავას  დანაშაულებრივი საქმეების გამოძიებები დაიწყეს, რასაც  პასუხად "კომპრომატების" ფრიალი მოჰყვა"

"რაც ამ ბოლო დროს ხდება,  არა მხოლოდ ფარცხალაძის, არამედ ღარიბაშვილის და  ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებული კამპანიაა"

"მილიონ ევროდ უგულავამ საფრანგეთიდან ჩამოწერილი ატრაქციონი ჩამოიტანა, რომელმაც მხოლოდ ერთ დღეს იმუშავა"

რა საქმეების წამოწევა დაიწყო ამჟამინდელმა მთავარმა პროკურორმა? რამდენმილიონიან გაფლანგვას ედავებიან გიგი უგულავას? ამასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" გოგა ხაინდრავა ესაუბრა.

- ის, რაც ამ ბოლო დროს ხდება, არის არა მხოლოდ ფარცხალაძის, არამედ ღარიბაშვილის და ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ფარცხალაძის ნასამართლობა "საპნის ბუშტია". როგორც ჩანს, მას დიდი ხნის წინ პოლიციელთან მოუვიდა შელაპარაკება, რის გამოც ციხეც მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაირკვა და გაათავისუფლეს. პრაქტიკულად, მისი დეპორტაციაც კი არავის მოუთხოვია. მაგრამ თუკი დაუმტკიცდა, რომ ფარცხალაძეს წარსულში მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მაშინ უნდა გადადგეს!

თუმცა პირადად ჩემთვის ნასამართლობა არაფერს ნიშნავს. ნასამართლევიც ვიყავი და ციხეში ნაჯდომიც, მაგრამ ორჯერ გავხდი სახელმწიფო მინისტრი და სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. ის, რაც ფარცხალაძეზე უგულავამ განაცხადა, აბსურდულ სისულელედ მეჩვენება. ჯერ ერთი, საიდან მოიტანა ტერმინი "ყაჩაღური ქურდობა"? ის ისეთივე უაზრო ტერმინია, როგორიც მაგალითად, "კანონიერი ქურდი". ქურდობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და არაფრით შეიძლება კანონიერი იყოს. პროკურატურაში გიგის (და არა მხოლოდ მისი) დანაშაულებრივი საქმეების გამოძიებები დაიწყეს, რასაც პასუხად "კომპრომატების" ფრიალი მოჰყვა.

- რომელ საქმეებზე დაწყებულ გამოძიებებს გულისხმობთ?

- 2005-2006 წლებში კონტროლის პალატამ სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა. საუბარი იყო, რომ უგულავამ 102 მილიონი გაფლანგა. ამავე დასკვნით, კახა ლომაიას უწყებაში 40-მილიონიანი გაფლანგვა აღმოჩნდა. მაშინ ლომაიას თემამ გიგის კორუფციული ვნებანი გადაფარა - გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერები, თუ როგორ ითხოვდა ლომაიას მოადგილე ქრთამს. როგორც ჩანს, კონტროლის პალატის მაშინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ სოსელიამ გულუბრყვილოდ დაიჯერა, რომ ახალი ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდა და სკანდალური დასკვნა დადო. შედეგად უგულავა და ლომაია კი არ დაისაჯნენ, არამედ თავად სოსელია, რომელიც ბურჯანაძის კადრი იყო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის ამ ფაქტიდან ორიოდე თვეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

- რამდენადაც ვიცი, ის გულის ინფარქტით გარდაიცვალა.

- ჩვენ ხომ არ ვიცით, საღ-სალამათი, ახალგაზრდა კაცი როგორ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე? სოსელიას გარდაცვალებაც, პატარკაციშვილისა არ იყოს, ბურუსით არის მოცული.

მახსოვს, სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, როცა ბენდუქიძესთან ამ თემაზე მქონდა საუბარი. ახლა ის უსინდისო კაცი ამას ალბათ არ დაადასტურებს, თუმცა მაინც გეტყვით. უგულავამ, ტროტუარების გაყოლებაზე გრანიტის ქვების მოხსნის ბრძანება გასცა (ეს იყო ძვირად ღირებული ქვები, თუ არ ვცდები, ბერიას დროიდან არსებობდა თბილისში) და ადვილად ფშვნადი ფილებით შეცვალა. დავინტერესდი, სად წაიღეს გრანიტის ლოდები, რაზეც ბენდუქიძემ მითხრა, დავასაწყობეთო. თუმცა გაირკვა, რომ ქვები გამქრალიყო(?!).

მე ჩემს პარტნიორებთან ერთად რიყეზე მქონდა რესტორანი, რომელიც დამინგრიეს. უგულავამ შემომთავაზა, რომ კუთვნილი მიწის სანაცვლოდ, სხვა ტერიტორიას შემომთავაზებდა. ჩატარდა მერიაში კრება, გამოიტანეს დადგენილება, რომელშიც სპეციალურად გამოტოვეს ადგილი, სადაც ძველი რიცხვით უნდა შეეტანათ ის მიწა, რომელსაც სანაცვლოდ მომცემდნენ. აი, ასეთ დადგენილებაზე აწერდა ხელს სევდია უგრეხელიძე, რომელსაც ახლა პატიოსან ადამიანად მოაქვს თავი. ისეთი მიწები შემომთავაზეს, რომელიც სხვისი იყო, ე.ი. ვიღაცისთვის უნდა წამერთმია.

ყველაზე დიდი ფული მაინც გამწვანებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში იხსნებოდა.

დედაქალაქის მთავრობამ ძალზე საეჭვო გარიგება დადო შპს "ახალ რიყესთან". თვე-ნახევრის შექმნილი იყო ეს კომპანია და მხოლოდ 200-ლარიანი საწესდებო კაპიტალი ჰქონდა, როცა მერიამ რიყის ტერიტორიის 43,350 კვმ ფართობი ძალზე იაფად მიჰყიდა. მოგვიანებით ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის საშუალებითვე უკან საკმაოდ ძვირად გამოისყიდა. რიყის ამ ფართობის გაყიდვასა და ყიდვას შორის სხვაობამ 15.764.500 ლარი შეადგინა, რითაც ქალაქის ბიუჯეტი დაზარალდა.

მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაასაჯაროვა - რომ  მერიის ფონდებში გადარიცხული 288 მილიონის ბედი გაურკვეველი იყო. დარწმუნებული ვარ, ფარცხალაძემ ასეთი საქმეების გადახედვა მოინდომა და მისი გაჩუმება სცადეს.

ბარათაშვილის ქუჩაზე ახალი ხეების დასარგავად თბილისის მერიამ 225.000 ლარი გამოყო. სულ 120 კვიპაროსზე იყო საუბარი. მერიამ "მოახერხა" და 3-4-მეტრიანი ნერგები ძალიან ძვირად, თითო 1.000 დოლარად შეიძინა.

- ამ სკანდალის შემდეგ მერიამ დედაქალაქის მთავარ "ამყვავებელ-"გამამწვანებელ" "გრინსერვისთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

- ეს ისეთივე ამბავი იყო, როგორიც გირგვლიანის მკვლელობის გამო ატეხილი სკანდალის შემდეგ სანოძის და ახალაიას გათავისუფლება, შემდეგ კი მათი სხვა თანამდებობებზე დანიშვნა და დაწინაურება. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოს "გრინსერვისთან" 146-ზე მეტი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. ახალ ესტაკადაზე დამონტაჟებულ-გადმოკიდებული ყვავილებიანი ქოთნები ნახევარი მილიონი ღირებულა (?!). ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდა თბილისის ქუჩებში ჰოლანდიური ტიტები, არანორმალური რაოდენობით, რაშიც რასაკვირველია, ფული მოიხსნა. სხვათა შორის, ამ საქმესაც თუ კარგად გამოიძიებენ, შესაძლოა, სანდრა რულოვსის ოჯახის ინტერესებიც გამოიკვეთოს.

ყოფილმა ხელისუფლებამ საფრანგეთიდან ჩამოწერილი ატრაქციონი ჩამოიტანა და რიყეზე დაამონტაჟა. ამისთვის 980 ათასი ევრო გადაიხადეს. არადა, ატრაქციონმა მხოლოდ ერთ დღეს იმუშავა, ავიდა უმაღლეს წერტილამდე და გადმოიღრიცა!..

ამის შემდეგ ის სასწრაფოდ მოხსნეს. ასე უკვალოდ დაიკარგა ერთი მილიონი ევრო. სხვათა შორის,თბილისელები საკუთარი ჯიბეებიდან აფინანსებდნენ მერისა და მისი მეუღლის საზღვარგარეთ გართობის ხარჯებს. აღარაფერს ვამბობ, თუ რა ფულს ხარჯავდა მერია წინასაარჩევნოდ რესტორნებში იმ ღრიანცელსა და ქეიფებზე, რაც უგულავას თავკაცობით ტარდებოდა.

ამ სიტუაციაში უგულავასთვის გირაო ბაირამობაა, უგულავას გირაოს კი არ უნდა უფარდებდნენ, ციხეში უნდა სვამდნენ. ტყუილად კი არ შემოუთვალა გიგის ვანო მერაბიშვილმა: მოდი, ჩემს საკანში მიგიღებო... ამით მან უგულავას და ხალხის ფულით გაქსუებულ სხვა ფიგურებს მიანიშნა, მილიონები რომ გაქვთ ნაშოვნი, კეთილი ინებეთ, დახარჯეთ და გამათავისუფლეთო.

- კობა ხარშილაძის დაკავებაზე რას გვეტყვით, რომელიც "გრინსერვისის" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო?

- მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი დაკავება ჟვანიას საქმეს უკავშირდება. ის იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი. გარდა ამისა, ხარშილაძემ გარდაცვლილს მოჰპარა გასაღები, გახსნა ჟვანიას სეიფები კანცელარიასა და ვაშლიჯვრის ოფისში, წაიღო პრემიერ-მინისტრის კუთვნილი პირადი ნივთები და საბუთები.…ასევე, თავის დროზე გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება, თქვა, რომ უბედური შემთხვევის ადგილზე, ბინაში ფანჯრიდან გადაძვრა.

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს კი ვეღარ გადავიდა Fფანჯრიდან.…იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაფრის გამო ყოფილ ხელისუფლებას ხარშილაძისთვის პასუხი მოეთხოვა, ის დანიშნეს თანამდებობაზე და აშოვნინეს დიდი ფული. ახლა კობა ხარშილაძემ ბევრ შეკითხვას უნდა უპასუხოს.