გიგი უგულავა: "გირაოს გადასახდელად სახლი უნდა დავაგირავო"(!) (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

გიგი უგულავა: "გირაოს გადასახდელად სახლი უნდა დავაგირავო"(!) (ექსკლუზივი)

სად დაიკარგა ვაშინგტონის ონკოლოგიური საავადმყოფოდან უგულავას სახელზე გამოგზავნილი სამედიცინო ტვირთი, კერძოდ კი მორფინი

"რაღაც სისულელეებით ცდილობენ ყაჩაღი ფარცხალაძის თემის გადაფარვას"

2013 წელი იწურება. ცხელი პოლიტიკური პროცესები გზას საახალწლო განწყობას უნდა უთმობდეს, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს საზოგადოებას. კომპრომატების ომი წლის ბოლოს განსაკუთრებით გააქტიურდა, ორგზის დამარცხებული "ნაციონალური მოძრაობა" ამჯერად თვითმმართველობის არჩევნებს ელოდება. არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო ჟამის მაუწყებელია უკანასკნელი მოჰიკანის, გიგი უგულავას პოლიტიკურ თანამდებობას ჩამოშორება. გიგი უგულავას თანამებრძოლი, ვანო მერაბიშვილი, საეჭვოდ ეპატიჟება თავის საკანში, რაც მეტ ინტრიგას სძენს პროცესებს. ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე აქტიურ მოვლენებზე პროცესების უშუალო მონაწილე გიგი უგულავა გვესაუბრება, რომელიც, სანამ მყარად იჯდა სავარძელში, ინტერვიუზე არ გვთანხმდებოდა (!).

- არჩეული თანამდებობის პირი არ არის სტანდარტული საჯარო მოხელე და, შესაბამისად, ასეთი ფორმით ჩემს წინააღმდეგ მოქმედება უნდა შეფასდეს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლად.

- კანონში წერია, რომ სასამართლოს, როგორც ზემდგომ ორგანოს, აქვს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება.

- კანონში წერია, რომ ზემდგომმა უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და არა პროკურატურამ, რომელსაც დაევალა ამის აღსრულება. ჩემთვის ეს ბრძოლა მეტია, ვიდრე თანამდებობა, რომელსაც ჩამომაშორეს. ამ გადაწყვეტილებით მთლიანად დაკარგა აზრი თვითმმართველობების არჩევითობამ. ეს არის წმინდა რუსული პრაქტიკა არასასურველი არჩევითი თანამდებობის პირებთან უხეში ბრძოლისა, რომელსაც პუტინი იყენებდა 2001 წლიდან. თურქეთშიც კი, სადაც 40-მდე მერი და თვითმმართველობის წარმომადგენელია დაპატიმრებული, დაჭერამდე არც ერთი არ გადაუყენებიათ თანამდებობიდან.

- პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე საუბრობთ, თქვენი ხელისუფლების დროს არ ცდილობდნენ ერთპარტიული სისტემის შენარჩუნებას?

- საზოგადოებას არ მოგვწონდა ერთპარტიულთან მიმსგავსებული სისტემა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში იყო, მაგრამ საპირწონედ მივიღეთ არა ერთპარტიული, არამედ ერთპიროვნული.

- ღარიბაშვილს თუ გულისხმობთ, თქვენც გყავდათ ნომერი პირველი პოლიციელი პრემიერ-მინისტრად.

- ღარიბაშვილს ყველაზე ნაკლებად ვგულისხმობ. ის ყოველთვის დარჩება ივანიშვილის ასისტენტად. დააკვირდით, ვინ ინიშნებიან საკვანძო პოლიტიკურ თანამდებობებზე. ყველა სამინისტროში პოზიციები დაიკავეს ყოფილმა კუდ-ის, სუს-ის, თუ მუს-ის თანამშრომლებმა. ვინ არიან გუბერნატორები?! მათი ძირითადი ნაწილი პოლიციელი იყო. მათ არ აქვთ პოლიტიკური ინსტინქტები და გამოცდილება. ჩვენ რეალურად მივიღებთ პოლიტიკის დასამარებას, რაც ამ ქვეყნის დემოკრატიულობასაც დაასამარებს.

- თქვენი ბრძოლა არაობიექტურს ხომ არ ჰგავს, როცა საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობთ?

- პატარა ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ძალაუფლებისა და დიდი ფულის ერთ ხელში კონცენტრაციაა. ცალკე აღებული სააკაშვილი ზოგისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, როგორც ძლიერი მმართველი, ასევე ვიღაც ივანიშვილს აღიქვამდა საფრთხედ თავისი არაპროპორციული ფულის გამო, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ორი ლიდერი აბალანსებდა ქვეყანას. დღეს ბალანსი დარღვეულია, რადგან ყველაზე დიდმა ფულმა და ძალაუფლებამ თავი ერთი კაცის ხელში მოიყარა.

- ამბობენ, თქვენ და სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდით იმის გამო, რომ მიშამ პოლიტიკური პროცესებიდან გარიდება არჩია.

- არავითარი დაპირისპირება ჩვენ შორის არ არის, პირიქით, მომხრე ვიყავი, ერთხანს გარიდებოდა პოლიტიკას. როცა 10 წელი ხარ ამხელა თანამდებობაზე, ბუნებრივად ბევრი ხავსი გეკიდება და ამიტომ უნდა დაბრუნდე ხალხში, ხავსი მოიშორო და ვარდისფერი სათვალეც მოიხსნა. პოლიტიკაზე მონოპოლია არავის აქვს და არავინ იცის, როდის გახდები საჭირო.

მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის პოლიტიკოსს, რომელიც ნებისმიერ ხელისუფალს ემლიქვნელება. ხშირად გვქონია დაძაბული კამათი, თუმცა არა იმაზე, რაზეც საუბრობთ. რა გარანტიები უნდა მიეღო სააკაშვილს მაშინ, როცა ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, დღემდე ვერ მოუნელებია სააკაშვილი. სანამ ამ ლანდებიდან არ გამოვლენ, მანამდე პრობლემა იქნება ქვეყანაში.

- პროკურატურა 48 მილიონის გაფლანგვას და პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას გედავებათ. გაქვთ ალიბი ბრალდების გასაბათილებლად?

- სასამართლოს გარდა არ ვაპირებ ამ საკითხებზე საუბარს; თუმცა ვიტყვი, რომ ბრალდებები, რომელიც წაყენებული მაქვს, ურთიერთიდენტურია. პროკურატურა გრძნობს, რომ სერიოზული პრობლემები აქვს ამ საქმეებში, ამიტომ სასწრაფოდ მოხდა მესამე ბრალის წაყენება. ამ ყველაფერში საკვირველი ის არის, თუ რატომ შემიჩერეს უფლებამოსილება. ვივლიდი სასამართლოში და თუ დამიმტკიცებდნენ რამეს, ჩავჯდებოდი ციხეში.

- დავით უსუფაშვილის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილის დროს მოხდა იმ საქმის 3/4-ის გამოძიება, რასაც დღეს გედავებათ პროკურატურა, მაგრამ თაროზე იყო შემოდებულიო.

- მიუხედავად იმისა, რომ უსუფაშვილი ხელისუფლებაში ყველაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს, მაინც ვიტყვი, ეს არის შეგნებული ტყუილი, ან მას არ მიაწოდეს სწორი ინფორმაცია. რაღაც სისულელეებით ცდილობენ ყაჩაღი ფარცხალაძის თემის გადაფარვას.

- ყაჩაღი ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის? მან თქვა, რომ პოლიციასთან შეწინააღმდეგებისთვის იხდიდა სასჯელს.

- ფარცხალაძეს შეიარაღებული ყაჩაღობისას პოლიცია დაადგა თავს და წინააღმდეგობა გაუწია ნაქურდლის შესანარჩუნებლად. მან ძველბიჭურად ახსნა, პოლიციასთან წინააღმდეგობისთვის დამაკავესო, თითქოს ეს არ იყოს დანაშაული. ცოტაც დააკლდა, ეთქვა, - გოგოს გულისთვის ვიჩხუბეო. ტყუილში რომ გამოგიჭერენ, მერე შედიხარ სპირალში და ამ სპირალში არიან ახლა შესულები... გამოსავალია ფარცხალაძის გადადგომა. შემდგომმა პროკურორმა უნდა გამოიძიოს ის ფაქტები, რომელიც ამ კაცის მმართველობის დროს მოხდა. კერძოდ, პატიმარ მერაბიშვილის უკანონო გაყვანა საკნიდან და მასზე ძალადობრივი ზემოქმედება.

- ამ საკითხზე ითქვა, რომ ფარცხალაძეს ვანომ "გაუჩალიჩა" და შეცდომაში შეიყვანაო...

- ჩახუჭუჭებული ვერსია ამ საქმისგან თავის დაძვრენის პოზიციაზე მიანიშნებს. თუ პატიმარმა მთავარ პროკურორს ასეთი რამ "გაგიჩალიჩა", ეს უფრო სამარცხვინოა. ამ დროს პროკურორი კი არა, პროკურატურის დარაჯიც არ უნდა იყო. ახლა ზის ხელისუფლებაში ორი ჯგუფი, ერთი პროკურორის გათავისუფლებას ემხრობა, მეორე - იცავს და შიშობს, რომ მისი წასვლით სისტემა დაინგრევა და "ნაციონალური მოძრაობა" "გაბლატავდება".”

- ისე მესაუბრებით, გეტყობათ ხშირად გქონიათ ასეთი საუბრები თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს?!

- რა თქმა უნდა, ჩვენს დროსაც იყო ასეთი გაყოფა, მაგრამ საბოლოოდ ჯანსაღი აზრი იმარჯვებდა!

- შეგიძლიათ გვითხრათ, როდის და ვინ გადააყენეთ, ოპოზიციის და საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად?

- მე ვამბობ, რომ ახლანდელი პროკურორის გადაყენება ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.

- არც შსს-ში უნდა მუშაობდეს ნასამართლები, თუმცა ფარცხალაძე თქვენს დროს სისტემაში თანამდებობაზე იყო.

- თუ ფარცხალაძე ჩვენ დროს თანამდებობაზე იყო, ცუდია. თუმცა, ბავშვური გულუბრყვილობაა, შევადაროთ ოპერთანამშრომელი, ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გენერალური პროკურორის პოზიციას. სიმართლე რომ გითხრა, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, ხელს მაძლევს კიდეც ფარცხალაძის მსგავსი თანამდებობის პირები, რომლებიც ბევრ შეცდომას უშვებენ. თუმცა ვაცნობიერებ, რომ რაც ხელისუფლებისთვის დღეს პრობლემაა, ადრე თუ გვიან, სახელმწიფოს პრობლემა გახდება.

- ახალი პროკურორის მოსვლის შემდეგ ბევრი გახმაურებული საქმე წამოიწია და თქვენც გააქტიურდით. დაიჭირეს ჟვანიას დაცვის უფროსიც, რამაც მეტი კითხვა გააჩინა...

- ხარშილაძე პროკურატურის მძევალია. კაცი ბუჩქების გამო დაიჭირეს. რას "ფოკუსნიკობენ"! თუ ჟვანიას საქმეზე იჭერენ, უნდა გამოიძიონ და შედეგებიც მოგვახსენონ.

- ძველი თბილისის გამგებელს 400 000 ლარი დააკისრა სასამართლომ გირაოს სახით. ამხელა თანხის გადახდა როგორ უნდა შეძლოს?

- მან თქვა, რომ თუ ფული ვერ იშოვა, ციხეში ჩაჯდომა მოუწევს. მე სახლი უნდა დავაგირავო გირაოს გადასახდელად.

- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა გაგაკრიტიკათ იმის გამო, რომ უკმაყოფილება გამოთქვით მოსამართლის გადაწყვეტილებაზე.

- არ მომისმენია სრულად ბატონი კოტეს განცხადება, მაგრამ, როგორც ვიცი, თქვა, მე რომ მოსამართლე ვყოფილიყავი, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდიო. გასაგებია მისი მდგომარეობა, ის ვერ შევა უფრო ღრმად ასეთი საკითხების განხილვაში.

- თქვენი ოპონენტები აღნიშნავენ, რომ საპრემიო ფონდი გქონდათ შექმნილი და საკუთარ თავს სოლიდურ თანხებსაც უწერდით.

- არანაირი პრემია არ ამიღია შიხიაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან 18 ათასი ლარი მიიღო პრემიის სახით.

- საკრებულო ასევე საუბრობს თქვენს სატელეფონო დანახარჯებზეც, რომელმაც თვეში 38 ათასი ლარი შეადგინა. ვის ესაუბრეთ ამდენი?!

- ვისაც მესამე თაობის ტელეფონზე პროგრამა დატა როამინგ აქვს ჩართული, ეცოდინება, რომ ტელეფონი დადებულიც კი წერს ამ დროს. ერთი თვე საერთოდ არ ვიცოდი ამის შესახებ და დღეს ამაზე გვაქვს პროვაიდერთან დავა. 38 ათასი გაყავით დღეებზე, საათებზე, წუთებზე და გამოვა, რომ მთელი თვის განმავლობაში დღე და ღამე რომ მელაპარაკა ტელეფონზე, ამდენს მაინც ვერ დავხარჯავდი, რაც ერთუჯრედიანმა ქავთარაძემ, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, კარგად იცის, თუმცა ვიღაცის ბრძანებით დაიწყო სიცრუის ტირაჟირება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2008 წლის ომში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ვაშინგტონის ონკოლოგიური საავადმყოფოდან რატომღაც თქვენს სახელზე გამოწერილი სამედიცინო ტვირთი, კერძოდ კი მორფინი გამოიგზავნა და დაიკარგა.

- სრული ბოდვაა. ვის ავადმყოფ თავშიც დაიბადა ეგ ბრალდება, მანვე გიპასუხოთ. რაც უნდა, ის თქვას პროკურატურამ. დღეს შეიძლება ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრაც დამაბრალონ და კომენტარს ვერ გავაკეთებ...

- კახა ბაინდურაშვილი (ყოფილი ფინანსთა მინისტრი, დღეს თV-3-ის გენერალური დირექტორი) ბრალს გდებთ თბილისის ავტოპარკის განახლებისთვის გამოცხადებული ტენდერის ჩაწყობაში. მისი თქმით, TV-3-ზე სიუჟეტის გასვლის შემდეგ გეგმა ჩაგიგდოთ და სახელმწიფოს 16 მილიონი ლარი დაუზოგა. რისთვისაც თქვენ მას დაემუქრეთ.

- ბაინდურაშვილმა ამით აღიარა, რომ ის და მისი პარტნიორები თავად იყვნენ დაინტერესებული ტენდერით. მათი ლობირებული კომპანიის დისკვალიფიკაციის შემდეგ გამწარდნენ. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, სასაცილოა, როცა ბაინდურაშვილი იწყებს ამ საკითხზე საუბარს.

- ივანიშვილმა "ფორბსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ  "ნაცმოძრაობას" და, კერძოდ, სააკაშვილს ბევრ ფოკუსს უტარებდა...

- "ფოკუსნიკები" ადრე თუ გვიან საკუთარ ფოკუსებში იხლართებიან და მაგასაც ეგ მოუვა.

უტა ბიწაძე