"ჩემი ჰობი არ არის კომპრომატების მოგროვება (?!)" (ექსკლუზივი)
30-12-2013
"ჩემი ჰობი არ არის კომპრომატების მოგროვება (?!)" (ექსკლუზივი)
"ხელისუფლება ციხეში მამყოფებს მანამდე, სანამდეც შეძლებს"

"ნებისმიერი მცდელობა, გავემიჯნო ჩვენი ხელისუფლების დროინდელ მოვლენებს, უაზრობაა"


2013 წელი ხმაურიანად დასრულდა. ხელისუფლება ყოფილ ჩინოვნიკებს აპატიმრებს, ოპოზიცია ჩივის, ხოლო საზოგადოება, როგორც ყოველთვის, მაყურებელია და პროცესებში ჩაურევლად ელოდება უკეთეს მომავალს. პოლიტიკური პროცესების გააქტიურება მას შემდეგ დაიწყო, რაც გენერალური პროკურორის თანამდებობა ოთარ ფარცხალაძემ დაიკავა. გააქტიურდა პროკურატურა და გააქტიურდა”"ნაციონალური მოძრაობაც". ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახალ პროკურორს "მატროსოვის" ციხეში”მყოფმა ვანო მერაბიშვილმა "გაუხსნა ცეცხლი". ყოფილმა "სახელმწიფოს ხერხემალმა"”"მატროსოვის" ციხიდან
ფარცხალაძე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა. ამასობაში მთავარ ბრალმდებელს გიგი უგულავამ მეორე ფლანგიდან შეუტია, - ის, ვინც სხვებს უნდა ასამართლებდეს, თავად ყოფილა ნასამართლებიო. წარსულსა და მიმდინარე მოვლენებზე "კვირის პალიტრის" კითხვებს ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა უპასუხა.  ჩვენ მას ციხეში კითხვები შევუგზავნეთ, თუმცა რამდენიმე
მათგანი უპასუხოდ დატოვა...


- მორალურად თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ იმ პირებთან, ვინც ჩემს დაპატიმრებას გაუკეთა ორგანიზება, დიდი მორალური უპირატესობა მაქვს. ერთადერთი, რაც ძალიან მიჭირს, ქუთაისში ხელოვნურად გადატანილ სასამართლო პროცესებზე რვასაათიანი მგზავრობა და 6-7-საათიან პროცესებში მონაწილეობაა. პროკურატურამ სპეციალურად არ გადმოიტანა პროცესი დედაქალაქში... მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო ხელისუფლების განზრახვა ჩემი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დაპატიმრებისა, საქართველოდან არ წავედი. რამდენჯერმე დაკითხვის პარალელურად ხუთჯერ ვიყავი საქმიანი ვიზიტით ევროპაში და ხუთივეჯერ დავბრუნდი. შეიძლება იკითხოთ, რატომ არ მოვითხოვე ევროპის რომელიმე ქვეყანაში თავშესაფარი? მეტიც, მე ვიყავი მთავარი ინიციატორი და ორგანიზატორი 19 აპრილის მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციისა, რაც ჩემი დაპატიმრების მაპროვოცირებელი თუ არა, დამჩქარებელი მაინც იყო. არ დავტოვე საქართველო იმიტომ, რომ ჩემი მეგობრების მიტოვება არ შემეძლო. წილად მხვდა პატივი, 9 წელი ვყოფილიყავი ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი და მე უნდა გამეცა საზოგადოების ყველა კითხვაზე პასუხი.

- თქვენ სკანდალური განცხადება გააკეთეთ, რომ "ციხიდან" საიდუმლოდ თვალებახვეული გაგიყვანეს გენერალურ პროკურორთან შესახვედრად.

- 10 დღეზე მეტი გავიდა ამ განცხადების შემდეგ და გამოძიება არ დაწყებულა. მოკვლევის დაწყების თაობაზე სოზარ სუბარის განცხადება გაუგებარია, რადგან საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ასეთ ცნებას. 2006 წლიდან წინასწარი გამოძიება გაუქმდა და დარჩა გამოძიება. ასეც რომ არ იყოს,  ჯერ არავის დავუკითხივარ. უამისოდ როგორ შეიძლება თუნდაც„მოკვლევა?

ციხიდან დაახლოებით 01:30 სთ-ზე გამიყვანეს. ეს ადვილად დადასტურდება ჩემს საკანში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ფირით. საკნიდან ციხის კორპუსის გასასვლელამდე მინიმუმ 5 სათვალთვალო კამერაა, გასასვლელში კიდევ - 2. კორპუსის კართან ავტომობილში ჩამსვეს. გავიარეთ ციხის კორპუსის ეზოს კარიბჭე, შემდეგ ციხის ეზო (აქაც არაერთი სათვალთვალო კამერაა), მერე კი ციხის ორმაგი კარიბჭე. აქაც მინიმუმ 6 კამერაა. თავზე ტანსაცმელი გადამაფარეს და, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, დეპარტამენტის თავმჯდომარის კაბინეტში მიმიყვანეს. დარწმუნებული ვარ, ჩემი 5-10-წუთიანი მგზავრობა აღბეჭდილი იქნება ქუჩების ვიდეოკონტროლის სერვერებზე. 20-30 წუთის შემდეგ იგივე გზა უკან გამოვიარე.

- რატომ დასჭირდა ამის გაკეთება მთავარ პროკურორს, როცა შეეძლო კანონიერად დაეკითხეთ?
- ხელისუფლებამ ჩემი დაშინება სცადა. ოფიციალური შეხვედრისას, ადვოკატის თანდასწრებით მუქარა არაეფექტური იქნებოდა.

- სხვათა შორის, ამბობენ, რომ შეხვედრა თქვენ მოითხოვეთ და ფარცხალაძე მახეში გაება.
- ჩემი ყალბი განცხადება ძალიან ადვილად გაქარწყლდებოდა, ჩემზე კონტროლი ხომ ხელისუფლების ხელშია?..

ისეთი გულუბრყვილო არ გახლავართ, იმედი მქონოდა, ეს ხელისუფლება სასამართლოს ვერ გააკონტროლებს-მეთქი. უფრო მეტიც, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაშიც კი ახალი ბრალდება გამოცხვება და ამჯერად უკვე აღარც ქუთაისის და აღარც რუსთავის სასამართლოში აღარ დასჭირდებათ ჩემი წაყვანა. ამას ვამბობ ბოლო დღეებში თბილისის მერის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გათვალისწინებით. ხელისუფლება ციხეში მამყოფებს მანამდე, სანამდეც შეძლებს. მისი შესაძლებლობა სასამართლოთი არ არის შეზღუდული, ეს დამოკიდებულია მათ რეიტინგსა და საერთაშორისო კონიუნქტურაზე.

- განაცხადეთ, რომ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაცია მოგთხოვეს. ხომ არ იყო ეს მინიშნება გუნდისთვის, კონკრეტულად, სააკაშვილისთვის, რომელმაც ყველაფრისგან გარიდება არჩია?
- ხელისუფლების ინტერესი, რომ მოიპოვოს„მაკომპრომეტირებელი“მასალები სააკაშვილზე, თვით სააკაშვილისთვისაც ახალი არ არის. ეს პირადად ივანიშვილმაც უთხრა პირველ შეხვედრაზე.

- პროკურატურის მიერ ბრალდებულზე ზეწოლა თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. დღეს ითხოვთ იმას, რასაც ადრე სხვები თქვენი ხელისუფლებისგან ითხოვდნენ...

- ამ შემთხვევაში არა აღიარებითი, არამედ პოლიტიკური მიზნის მისაღწევად თანამშრომლობა შემომთავაზეს. რაც შეეხება ჩვენ შეცდომებს, ჩემი ციხეში ყოფნა და უკანონო და მდაბალი ღონისძიებებით ჩემთან ბრძოლა, მაიძულებს სხვა თვალით შევხედო ჩემს მორალურ ვალდებულებებს ჩვენი ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომების გამო...

- მთავარმა პროკურორმა დაიწყო გახმაურებული საქმეების გამოძიება, მათ შორის ზურაბ ჟვანიასიც. ხომ არ უნდა ელოდოს საზოგადოება ამ საქმესთან დაკავშირებულ რაიმე სიურპრიზს?
- შეხვედრისას გულახდილად ვურჩიე მთავარ პროკურორს, არ გაემეორებინა წინამორბედის შეცდომა და არ გაეზარდა საზოგადოებაში ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნის მოლოდინი. მეტიც, ვურჩიე, რაც მალე აღიარებენ არსებული გამოძიების შედეგებს, მით უკეთესი იქნება ახალი მთავრობისთვის. ჩემმა წინადადებამ გულახდილად გააკვირვა პროკურორი, მე კი მისმა რეაქციამ... ამიტომაც განმიმტკიცდა აზრი, რომ მას მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს და არა საქმის გახსნის სურვილი...

- თუკი ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო, მაშინ რატომ არ არის საქმე დღემდე დახურული? რა გახდა მიზეზი თქვენ მიერ ექსპერტიზის ჩატარებამდე გაკეთებული დასკვნისა, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან გვქონდა? სად წავიდა იუსუპოვის ფეხსაცმელი და რატომ დაწერა  FBI-მ ორაზროვანი დასკვნა?
- არავითარი ორაზროვანი დასკვნა არ დაწერილა... მერწმუნეთ,  FBI-ს რომ გასჩენოდა კითხვები, არ მოერიდებოდა და საჯაროდ დასვამდა.

- სად წავიდა იუსუპოვის ფეხსაცმელი?
- ???

- რა კავშირს ხედავთ თქვენს საპატიმროდან ფარულად გაყვანასა და ხარშილაძის დაკავებას შორის?

- თუ დამიყოლიებდნენ, ჟვანიას საქმეზე გაკეთდებოდა განცხადება, თუნდაც ბუნდოვანი. მას ხარშილაძის მეშვეობით "გაამყარებდნენ" და ისეთ საზოგადოებრივ აზრს შექმნიდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებას, მისი წევრების დაპატიმრებას წინ ვეღარაფერი აღუდგებოდა.

- ყაჩაღი, როგორც თქვენ უწოდებთ ფარცხალაძეს, თქვენს სისტემაშიც მუშაობდა. არ იცნობდით მის წარსულს, თუ მაშინ არ იყო ეს პრობლემა თქვენთვის?
- ის, რომ მთავარი პროკურორი პირადად დამემუქრა, საკმარისია, მასზე ადეკვატური აზრი შეიქმნას. ჩემთვის უკვე მეორეხარისხოვანია მისი ნასამართლობა თუ გაუნათლებლობა. თუმცა ის, რომ ხელისუფლება ფარცხალაძეს თავგადაკლული იცავს, მიმტკიცებს აზრს, რომ იგი ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პირად დავალებას ასრულებდა. გარდაუვალია, ხელისუფლებას მოუწევს მისი გადაყენება. პირადად მე ეს არ დამაკმაყოფილებს და მივაღწევ, რომ მან პასუხი  აგოს დანაშაულისათვის.

- აუცილებლად მინდა გკითხოთ ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებაზეც. მაშინდელი ხელისუფლების მკაცრმა პოლიტიკამ მოქალაქეთა ერთ ნაწილს საფრთხე შეუქმნა. საზოგადოება თვლიდა, რომ სისტემას დამნაშავე და უდანაშაულო აერია. როგორ აფასებთ დღეს მიხეილ სააკაშვილის ნულოვანი ტოლერანტობის იდეას?

-???

- რთულია გასულ წლებზე ისაუბრო და ვაზაგაშვილის თემას არ შეეხო, თუმცა თქვენ ამ ტრაგედიის დროს არ ყოფილხართ შს მინისტრი, მაგრამ რობაქიძისა და გირგვლიანის საქმეებზე ხომ თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა?

- ამ შეკითხვაზე პასუხი ძალიან მოკლეა. ისეთი რადიკალური და ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელმაც ქართველი საზოგადოება სრულიად შეცვალა, შეუძლებელი იყო, სხვანაირი შედეგით დასრულებულიყო. თქვენ ხართ პირველი ჟურნალისტი, ვინც ახსენა, რომ ვაზაგაშვილის დროს არ ვიყავი მინისტრი, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერი მცდელობა, გავემიჯნო ჩვენი ხელისუფლების დროინდელ მოვლენებს, უაზრობაა.

- საზოგადოებას აინტერესებს, რა წვლილი შეიტანეთ გირგვლიანის საქმის გამოძიების სწორად თუ არასწორად წარმართვაში?
- იმ დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი იმ სუფრაზე და რაღაც შემთხვევის გამო ვერ მივედი... გამოძიება მედავება, თუ რატომ არ გადაეცა დაუყოვნებლივ საქმე პროკურატურას. ყველაზე მსუბუქი მუხლი მაქვს წაყენებული და ის, ძირითადად, ჯარიმას ან პირობით სასჯელს ითვალისწინებს.

- გირგვლიანი საქმეში თქვენი ოჯახის წევრიც ფიგურირებდა. ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, მკაცრი არ ყოფილა დამნაშავეთა მიმართ. ხომ არ აღმოჩნდა მერაბიშვილი თავისივე გარემოცვის მსხვერპლი, ანუ თუ მკაცრად დაისჯებოდნენ მკვლელობის შემსრულებლები, მათ შეიძლება თითი თქვენი ოჯახისკენაც გამოეშვირათ. ხომ არ მოგიწიათ არჩევანის გაკეთებამ, რომ ყველაფრის ფასად დაგეცვათ მეუღლე?
- ???

- პრეზიდენტმა თქვენი ნდობა დაკარგა, როცა შსს-ს ჩამოგაშორათ და პრემიერად დაგნიშნათ, თუ პოლიტიკური ბრძოლა წააგეთ გუნდში?

- ჭორები "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაზე, მით უმეტეს, ჩემსა და სააკაშვილს შორის, უსაფუძვლოა. ვთვლი, რომ სააკაშვილმა საქართველოს ისტორიაში გარანტირებულად დაისაკუთრა დიდი რეფორმატორის ადგილი. ამავე დროს მას ჯერ არ დაუსრულებია პოლიტიკური მოღვაწეობა. ამას ხვდება დღევანდელი ხელისუფლება და ეს პანიკური შიში აიძულებს არაადეკვატური საშუალებებით სააკაშვილისა და მისი გუნდის განადგურებას. ჩემთვის პატივი იყო სააკაშვილთან ერთად მონაწილეობა ქვეყნის შენების საქმეში. დარწმუნებული ვარ ჩემი წვლილიც არ დაიკარგება. რა განაჩენიც უნდა გამოიტანოს სასამართლომ, ქართული პოლიციის ისტორია გაიყოფა ორ ნაწილად: ჩვენამდე და ჩვენ შემდეგ. ასეთი შეფასება არც ჩემს წინამორბედებს და არც ჩემს შემცვლელებს არ ხვდებათ წილად.

- რამდენად სარწმუნოა ინფორმაცია თქვენსა და ახალაიებს შორის დაპირისპირებაზე?
- ???

- საინტერესოა ციხის იმ სკანდალური ვიდეოფირის თქვენეული შეფასება, გვქონდა თუ არა საქმე სისტემურ დანაშაულთან?
- მე არ მქონია საშუალება, მენახა. არ ვიცი, ვინ და სად გადაიღო. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, - ის, რაც ჩემს მინისტრობამდე პოლიციის განყოფილებებში თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა, მსგავსი რამის თუნდაც ციხეში გაკეთებას საზოგადოების სრულიად ადეკვატური რეაქცია მოჰყვა, რაც გარკვეულწილად ჩვენი ყოვლისმომცველი რეფორმის შედეგია.

- როგორც ვიცი, თქვენი ახლობლებიც გამხდარან ფარულად მიყურადების მსხვერპლი. იქნება თუ არა თქვენზეც მასალები და ეს ხომ არ მიანიშნებს გუნდში მწვავე დაპირისპირებაზე?

- ჩემს ახლობლებზე მსგავსი არაფერი ვიცი. ჩემზე მასალა არ არსებობს მარტივი მიზეზით - ჩემი ჰობი არ არის კომპრომატების მოგროვება(?!). ჩემს გატაცებებში არაფერია მაკომპრომეტირებელი.

- ძალადობა ციხეებში და ციხეებს გარეთ... ფარული ჩანაწერები პოლიტიკოსებსა და სხვა სფეროს წარმომადგენლებზე. თუკი ამ ყველაფერს ერთი ჯგუფი აკეთებდა წლების განმავლობაში, როგორ შეძლეს ამ ფაქტების დამალვა? როგორ აღმოჩნდა ფირების ერთი ნაწილი სამინისტროს არქივში? არ უნდა სცოდნოდა ამის შესახებ მინისტრს, თუ თქვენს სამინისტროში იყვნენ უკონტროლო ჯგუფები, რომლებიც შეუვალი იყვნენ თქვენთვისაც კი?
- ???

- რას იტყვით თქვენი ხელისუფლების კიდევ ერთ ბურუსით მოცულ ლაფანყურის საქმეზე?
- ლაფანყურის ოპერაციაზე ხელისუფლების მიერ შექმნილი გადაჭარბებული მოლოდინიც ისევ ამ ხელისუფლებას მიუბრუნდება. თუ ჟურნალისტს ეპატიება შეთქმულებებზე საუბარი, პოლიტიკოსებს გაცილებით მეტი მოეთხოვებათ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გასულმა წელიწადმა ამ ხელისუფლებას ჯერ ვერაფერი ასწავლა.

- 2011 წლის 26 მაისი საქართველოს მოსახლეობას დიდხანს ემახსოვრება. მაშინ ხელისუფლება სასტიკად მოექცა დემონსტრანტებს, რასაც თქვენც გედავებათ გამოძიება.
- 26 მაისის საქმეშიც დღევანდელი პროკურატურა ემოციით ხელმძღვანელობს. ისე გაიტაცა პროკურორი ემოციებმა, რომ "დაავიწყდა" სასამართლოში თუნდაც ერთი არაქართველი ექსპერტი ჩაეწერა მოწმეთა სიაში. იმან, რომ ჩემმა დაცვამ ამერიკული დენსუსის დასკვნის გარდა ევროპელი ექსპერტები ჩართო პროცესში, მოსამართლე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. სასამართლოს პირველ სხდომაზე ჩემმა დაცვამ წარმოადგინა აშშ-ის, ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების მიტინგების დაშლის კადრები და ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი შედეგით დასრულდა ეს მოვლენები. ეს ისე ძნელად საყურებელი იყო, რომ დამსწრეთა უმრავლესობამ და თვით მოსამართლემ თვალი აარიდა. პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად ემოციების გამოყენება არა მარტო ამორალურია, არამედ გრძელვადიანი შედეგიც არა აქვს.

- პროკურატურის განცხადებით, თქვენი უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლა... იყო თუ არა გადამეტებული ძალა გამოყენებული?

- ???

- რა გახდა მიზეზი იმისა, რომ დემონსტრანტებს გაქცევის საშუალება არ მისცა სპეცრაზმმა. ხომ არ იყო ეს ძალის დემონსტრირება მომდევნო გამოსვლების აღსაკვეთად?
- ???

- ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ გასულ წლებში ადამიანები უკვალოდ იკარგებოდნენ.

- არ ვიცი, რას გულისხმობდა ღარიბაშვილი. 9 წლის განმავლობაში არც ერთი პოლიტიკური ოპონენტი ან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი არც საეჭვო გარემოებებში და მადლობა ღმერთს, არც უბედური შემთხვევით არ დაღუპულა.

- ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ მისცა რუსულ "ფორბსს", სადაც ამბობს, რომ თქვენს ხელისუფლებას ბევრი სპექტაკლი დაუდგა.

- ივანიშვილმა უკვე გაუშვა ისტორიაში მნიშვნელოვანი და დადებითი კვალის დატოვების შანსი. 10-15 წლის შემდეგ რა მოგონებები დარჩება მასზე? მისი მეშვეობით ციხიდან გამოსული პატიმრების უდიდესი ნაწილი აუცილებლად შებრუნდება ციხეში და დღევანდელი პატარა„სიხარული მათაც კი დაავიწყდებათ. ხალხი კი ყოველთვის იტყვის, რომ ივანიშვილმა იძუნწა და თავისი მილიარდები არ მოახმარა. ამას, ალბათ, უკვე ხვდება ივანიშვილი და ამიტომაც ცდილობს, განერიდოს რეალობას.

უტა ბიწაძე
elguja
11 იანვარი 2014 14:33
ვანო, ეგრე არ დარჩე, როგორც ამ ფოტოზე ხარ!
liana
31 დეკემბერი 2013 18:04
ვანო გილოცავ ახალ წელს,დაესწარი მრავალს,ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ,მალე გეზეიმოს ახალი წელიც და ყველა დგესასწაული შენს ოჯახთან ერთად
giorgievich
31 დეკემბერი 2013 17:04
ამათ არ ვუსურვებ მაგრამ უარესი ელოდებათ

რედაქტორის რჩევით