უგულავას სურს, კანონის ხარვეზი თავის სასრგებლოდ გამოიყენოს - კვირის პალიტრა

უგულავას სურს, კანონის ხარვეზი თავის სასრგებლოდ გამოიყენოს

ხელისუფლებაში, წინამორბედების მსგავსად, ძვირად ღირებული ნივთების შეძენისადმი მიდრეკილებამ პიკს მიაღწია. ხალხმა იძვირა ახალ ავტომობილებში, ტელეფონებსა თუ კომპიუტერებში "გადაყრილი" ფული. უკამყოფილებას იწვევს სახელმწიფო უწყებებში თვალშისაცემად გულუხვად გამოწერილი პრემიებიც. საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე დავით საგანელიძე გამოსავალს რანგირებასა და სპეციალური ბადის დაკანონებაში ხედავს, რითაც განისაზღვრება, რომელ თანამდებობაზე რა ხელფასი დაინიშნოს, რომელი მანქანა ემსახურებოდეს, ან არ ემსახურებოდეს ამა თუ იმ ჩინოსანს, როგორ, როდის ან რატომ უნდა გამოიწერონ პრემიები...

დავით საგანელიძე:

- ამ ბადის შექმნის შემდეგ თანამდებობის პირი ვერც თავის თავს გამოუწერს პრემიას, ვერც კარგ ხასიათზე ყოფნისას დაურიგებს თანამშრომლებს საჩუქრად სახელფასო დანამატს. თუ ამ ბადეს არ გავაკეთებთ, მუდმივად იქნება სალაპარაკო მავანთა ცდუნებები.

- საზოგადოება მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ქამარი განსაკუთრებით უნდა შემოიჭიროს თუნდაც იმიტომ, რომ მიუსაფარი ადამიანები სახელდახელოდ გამართულ კარვებში ჰყავს შეფარებული ყინვისა და შიმშილისგან დასაცავად. ძვირადღირებულ ავტომობილს ყიდულობდე და უსახლკაროთათვის კაპიტალური შენობა ვერ ააშენო, სხვა რომ არაფერი, უხერხულიაო, ამბობს ხალხი და განსაკუთრებით გაოცებულია უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინე იმერლიშვილის ბოლოდროინდელი დანახარჯით.

- 2012 წელს უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი 25 მლნ ლარი იყო. შემოდგომის მიწურულს, როდესაც ახალი წლის ბიუჯეტს ვადგენდით, ბოკერიას სამსახურმა ვერ აგვიხსნა, რაში ხარჯავდნენ დაახლოებით 22 მლნ ლარს. ანუ ეს თანხმა შეჭმული ჰქონდათ, ამიტომაც მხოლოდ სამ მილიონ ლარამდე დავუმტკიცეთ ბიუჯეტი. ირინე იმერლიშვილმა უარი თქვა დაცვაზე, რითაც ასევე გამოთავისუფლდა საბიუჯეტო ხარჯები. ამასთან, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის რომელი მარკის მობილური ტელეფონი და დამტენი აქვს მას, როგორ ჩანთაში დევს მისი კომპიუტერი... მთავარია, რომ დღეს ყველამ იცის ვინ რას აკეთებს და რაში ხარჯავს ფულს. დღეს იყო ბოლო მოსმენა პრეზიდენტის ხელფასის საბოლოო ვარიანტთან დაკავშირებით. მე გამოვედი მისი ხელფასის გაზრდის ინიციატივით. მჯერა, რომ მარგველაშვილს პირადი მიზნების დასაკმაყოფილებლად არასოდეს წაუცდება ხელი ფონდის ან ბიუჯეტის ფულზე, მაგრამ პრეზიდენტს იმდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი, რომ საზოგადოებაში ღირსეულად გამოჩნდეს. ერთი მხრივ მისი, დაახლოებით 6000 ლარი ხელფასი ძალიან მაღალია საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის შემოსავალთან შედარებით, თუმცა, არც უზარმაზარი თანხაა. რომელი მარკის ტელეფონი ჰქონდა გიგა ბოკერიას, ან რამდენს ხარჯავდა მიხეილ სააკაშვილი თვეში, იცოდა ვინმემ? დღეს იცით, რამდენს დახარჯავს პრეზიდენტი, იმერლიშვილი და სხვები.

- რომ არ ვიცოდით, ვინ როგორ იყენებდა სახელმწიფო ბიუჯეტს, იმიტომაც მოხდა მოსახდენი 2012 წლის ოქტომბერში. მთავარი პროკურორის ამბითაც გაოცებულია საზოგადოება - ისეთი უბადლო კადრია ფარცხალაძე, რომ მის პოსტზე დარჩენას მთელი ხელისუფლების იმიჯი უნდა შეეწიროს?!

- არ მგონია, ფარცხალაძის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნა განსაზღვრავდეს ხელისუფლების იმიჯს. ყოფილმა მერმა მაშინ დაიწყო მთავარი პროკურორის ვითომ მხილება, უფლებამოსილება რომ შეუწყდა და 50 000 ლარი გირაო შეეფარდა. ადრე უნდა ეთქვა, თუ დარღვევად მიაჩნდა მისი დანიშვნა. ნაფტალინიანი საბუთი ახლა რომ ააფრიალა, რა? ნასამართლობის ხანდაზმულობის ვადა გასულია და თანამდებობაზე მისი დანიშვნა კანონს არ ეწინააღმდეგება. სხვა საქმე იქნებოდა, კანონი რომ დარღვეულიყო. როგორც იქნა, დაიწყო წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა ქმედებების გამოძიება, საქმემ წინ წაიწია და ამან გააცხარა უგულავაც და სხვებიც. ნურავინ ეცდება, დაარწმუნოს მეტრიც და მოყვარეც, რომ ჩინოსნების დაკითხვა პოლიტიკური ანგარიშსწორება.

- თავსატეხად იქცა საკითხი, ვინ უნდა შეუწყვიტოს უგულავას უფლებამოსილება... ეს კანონში მითითებული არ ყოფილა.

- უგულავა, რომ მართალი იყოს, ცნობდა კანონის უზენაესობას. რადგან უფლებამოსილება შეუწყვიტა სასამართლომ, უთქმელად გადადგებოდა და დაეხმარებოდა გამოძიებას თავისი უდანაშაულობის დამტკიცებაში. ვიცი, რომ არის ხარვეზი, რომლის გამო ვერ დგინდება, ვინ უნდა დაატოვებინოს უგულავას სკამი. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი სურვილისამებრ მოირგეს, ისევე, როგორც კონსტიტუცია - მერი ვერავის ვერ უნდა გადაეყენებინა. უგულავას სურს, კანონის ხარვეზი  თავის სასრგებლოდ გამოიყენოს.

- ხმა გავრცელდა თქვენი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ... მართლა მიდიხართ? და როდის?

- სამეგობროში ვამბობდი, უკვე მერამდენე მოწვევის პარლამენტში ვარ, მგონი, დადგა დრო, პოლიტიკას გავერიდო და ძველებურად ბიზნესს ან მედიცინას მივხედო-მეთქი. ორ კვირაში ეს საუბარი მედიაში დამხვდა ინტერპრეტირებული. ამასთან, რაღაც ძალის მიერ მართულმა მედიასაშუალებებმა "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილ აგენტობაში დამდეს ბრალი, რის გამოც ვიჩივლე კიდეც, მაგრამ რატომღაც საქმე ადგილიდან არ დაძრულა. საქმე "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებსა და წევრებსაც ეხება, ამიტომ ამ საქმის გამოუძიებლობა ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლობაა.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვის ანდო ქვეყნის ბედი და მმართველი კოლიციისადმი ეჭვი არავის უნდა გაუჩნდეს. გამოძიების ბოლომდე მიყვანა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობაა. კიდევ ერთხელ მივმართვ პრკურატურას, უმოკლეს ვადაში დაიწყონ საქმის გამოძიება, მივმართავ პრემიერ-მინისტრს, პირადად გააკონტროლოს ეს სკითხი, რადგან საქმე ეხება არა კონკრეტულად დავით საგანელიძეს, არამედ პარტიას, რომლის თავმჯდომარეც თავად არის. ცხადია, ვიღაც ამ პარტიის დიკრედიტაციას ცდილობს. მოგმართავთ ჟურნალისტთა კორპუსს - რადგან თქვენ უდიდეს გავლენას ახდენთ საზოგადოებაზე - დამოუკიდებლად გამოიძიოთ ეს საქმე. მე კი შევქმნი ფონდს და მოვიზიდავ ყველა რესურს, რაც საჭირო იქნება საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოსაძიებალად.