2013 წლის საპროტესტო აქციები - კვირის პალიტრა

2013 წლის საპროტესტო აქციები

"დაჩაგრულთა ამბოხი" ჩიორას ცხვირის გატეხით დასრულდა

ყოფილი ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ თავისუფლებას მოწყურებული საზოგადოება მეტად გაგულისდა. დღითი დღე იზრდებოდა რისკი, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაჩაგრულთ თავად დაეწყოთ ძველი ხელისუფლების გასამართლება. უმცველებოდ დარჩენილ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ყველგან შეიძლებოდა მისწვდომოდა უკმაყოფილოთა ხელი. დამარცხების შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პირველი ღონისძიება საჯარო ბიბლიოთეკაში დაგეგმა. მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა "ნაციონალების" 8 თებერვლის შეკრება შეურაცხყოფად მიიღო და გადაწყვიტა, პრეზიდენტი საჯარო დაწესებულებაში არ შეეშვა. ატყდა დავიდარაბა, თბილისის მერმა მომიტინგეთა მუშტი კი აირიდა, მაგრამ ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირს ეს ბედნიერება არ ხვდა. ყოფილი ხელისუფლების მესვეურები იძულებული გახდნენ, ღონისძიება ავლაბრის რეზიდენციაში ჩაეტარებინათ. იმ დღეს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა აშკარად იგრძნო, რომ საზოგადოება მათ პატიებას არ აპირებდა...

19 აპრილის აქციამ "ნაციონალების" იმედი გააქარწყლა

2013 წლის 19 აპრილს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ პირველი აღზევების ადგილზე, ძველი პარლამენტის წინ აქცია გამართა. აქციაზე სააკაშვილი და მისი გუნდი აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში ახალ ეროვნულ მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი. მუქარაც არ დაიშურეს, - ახალ მთავრობას 4 წელს ვერ ვაცლით ხელისუფლებაში ყოფნასო. მიუხედავად ბაქიბუქისა, ლიდერებს მაინც ეტყობოდათ უკმაყოფილება. მხარდამჭერთა რაოდენობა აშკარად მცირე იყო იმ მაჩვენებელთან, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება ფლობს პარლამენტში. აქციის დღეს გუნდში ერთიანობის რღვევის პირველი ნიშნებიც გამოჩნდა. აქციის ორგანიზატორმა ვანო მერაბიშვილმა უგულავასა და სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას შეკრების ადგილი სწრაფად დატოვა.

ახალმა ხელისუფლებამ სტუდენტების აქცია დაშალა

სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის წევრებმა პირველ მაისს აქცია გამართეს და ღირსეული შრომის უფლება მოითხოვეს. ახალმა ხელისუფლებამ სტუდენტების გამოსვლა მას შემდეგ დაშალა, რაც პოლიციამ ახალგაზრდებს გზის გახსნა მოსთხოვა, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ. აქციის მონაწილეები პოლიციამ დააკავა და მოგვიანებით ადმინისტრაციული ჯარიმის სანაცვლოდ ყველა გაათავისუფლა. დაზარალებული სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ აქციის დროს უცნობი ახალგაზრდები პროვოკაციებს აწყობდნენ, რაც მათი დაპატიმრების მიზეზი გახდა.

ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც კი ყველამ გაიგო, რას ნიშნავდა ტერმინი "ლგბტ"

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ" 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პუშკინის სკვერში აქცია დაგეგმა. ნაკლებმასშტაბური აქცია დაწყებამდე მასშტაბურ პროვოკაციაში გადაიზარდა. საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის დემონსტრირება. კონტრაქცია ჭინჭროსნებმა დაიწყეს, თუმცა მოგვიანებით აქციის საწინააღმდეგოდ სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ. ჯოხებით შეიარაღებულებიც გამოჩნდნენ. რუსთაველზე ათასობით გაღიზიანებული ადამიანის შეჩერება პოლიციამ ვერ შეძლო. აღშფოთებულ მოქალაქეებს "ლგბტ საზოგადოების" მხარდამჭერებმა პოლიციის დახმარებით ძლივს გაასწრეს. შეტაკების დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა, მეუფე იაკობის ლოცვა-კურთხევით, მრევლი სამების საკათედრო ტაძარში შეკრიბეს და პარაკლისი გადაიხადეს. იმ დღეს სექსუალური უმცირესობა ფიზიკურად დამარცხდა, მაგრამ 17 მაისის მოვლენამ ერთგვარი რეკლამაც კი გაუწია "იდენტობის" მიერ დაგეგმილ აქციას. ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც კი ყველამ გაიგო, რას ნიშნავდა ტერმინი "ლგბტ".

"საზოგადოებრივ მაუწყებელს" დემონსტრანტებმა ფუნა ესროლეს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სარედაქციო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა საპროტესტო აქციების გამართვის მიზეზი. ამ მხრივ არც 2013 წელი იყო გამონაკლისი. 20 სექტემბერს ტელევიზიის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სამეურვეო საბჭოს სხდომებზე დასწრება გადაწყვიტეს, თუმცა დემონსტრანტებს კარი მიუხურეს. "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კაკაბაძემ საპასუხოდ პროტესტის უჩვეულო ფორმას მიმართა - "საზოგადოებრივ მაუწყებელს" პარკში გახვეული ფუნა ესროლა.

ჟურნალისტებმა ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია დვანში გამართეს

ხელისუფლების ცვლის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არ შეუწყვეტია. მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგი აქცია ჟურნალისტებმა სექტემბრის მიწურულს დვანში გამართეს. ღონისძიება სოციალური ქსელით დაიგეგმა და მედიის წარმომადგენლები მხურვალედ გამოეხმაურნენ. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი მოსახლეობის რთულ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

უტა ბიწაძე