არჩევნები ლუდისა და ვობლის თანხლებით - კვირის პალიტრა

არჩევნები ლუდისა და ვობლის თანხლებით

2013 წელი ხელისუფლების გამარჯვებით დამთავრდა: სწორედ ასე შეაფასა საზოგადოების დიდმა ნაწილმა მთავარი პროკურორის გადადგომა. თვით დამარცხების გამარჯვებად მონათვლაში გამობრძმედილმა„"ნაციონალებმაც" კი ვერ გაბედეს, ეს თავიანთ მიღწევად გაესაღებინათ. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ შეძლო, მანკიერი წრისთვის დაეღწია თავი, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება თავისი შეცდომების ტყვე ხდება მაშინ, როცა ის ვერ ახერხებს შეცდომის აღიარებას. როცა ხელისუფლება ცდილობს შეცდომის დაფარვას, ის უფრო მეტ შეცდომას უშვებს და საბოლოოდ შეიძლება ეს შეუქცევად პროცესად იქცეს, ამ ნაბიჯით კი ხელისუფლებამ აჩვენა, რომ შეუძლია მძიმე, მაგრამ სიტუაციის ადეკვატური, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა.

საზოგადოება კი სულ უფრო ეჩვევა რაციონალურ აზროვნებას, აღარ ხდება რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის ბრმა მიმდევარი და აპოლოგეტი, შეუძლია მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას, მიუხედავად იმისა, ვისი ამომრჩეველი იყო ახლო წარსულში.

თუ მანამდე შიდაპოლიტიკურ ფრონტზე მორიგი საკადრო შეცდომა არ დაუშვა, ხელისუფლებას შემდეგი გამოწვევა თბილისის მერის არჩევნებზე ელოდება. ხელისუფლების ყოველი არასწორი ნაბიჯი ნარმანიას შანსს ამცირებს და ალტერნატიული, არანაციონალი კანდიდატის ასპარეზზე გამოსვლის საჭიროებას აჩენს. ტრადიციულად კრიტიკული განწყობით ცნობილ თბილისს რეალურად უჩნდება შანსი, აირჩიოს არასახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი მერი, დღეს ხელისუფლებაში მყოფ ყველა პირზე მაღალი ლეგიტიმაციით.

უნდა ეშინოდეს თუ არა ხელისუფლებას კონკურენციის?! წესით - არა, რადგან ძლიერი და მორალური ოპოზიციის არსებობა ხელისუფლების შეცდომებისგან დაზღვევის წინა პირობაა, მაგრამ ამის გაცნობიერებამდე ჩვენი პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ შორსაა. თუმცა, საზოგადოებას, რომელსაც აქვს ამბიცია, მთავარი პროკურორობის კანდიდატი შესთავაზოს ხელისუფლებას, რატომ არ უნდა შესწევდეს ძალა და სურვილი, საკუთარი კანდიდატი წარადგინოს თბილისის მერის პოსტზე და იბრძოლოს მისი გამარჯვებისთვის?!

ნარმანიას უპირატესობა კი, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ ის არის, რასაც მას კოლორიტი თბილისელები ედავებოდნენ - მისი არათბილისელობა. დღეს თბილისში საარჩევნო უფლების მქონეთაგან დიდი უმრავლესობა სწორედ რეგიონიდან არის ჩამოსული, ისევე, როგორც თავის დროზე დავით ნარმანია. ჰოდა, რაც უფრო მეტად„მიაწვებიან თბილისის კოლორიტები„პირველ ჩვენებას, რომ არაძირძველ თბილისელს ლუდითა და ვობლათი ხელში, თბილისის მერობის უფლება არ აქვს, მით უფრო გაღვივდება ახალ“ თბილისელებში დავით ნარმანიასადმი სოლიდარობისა და თანადგომის განცდა და მას ნანატრი 30%-იც ხელში აქვს.

ამიტომ, სანამ სასურველ და კონკურენტუნარიან კანდიდატს შეარჩევდეს, საზოგადოებას უფრო რთული მიზანი აქვს: თბილისის მერის საარჩევნო ბარიერი 30%-დან 50%-მდე ააწევინოს ხელისუფლებას, რაც, დიდი ალბათობით, ხელისუფლების სურვილის უკუპროპორციულია.

ვნახოთ, რითი დამთავრდება საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობის მორიგი რაუნდი - იქნება ის ისეთივე წარმატებული ორივე მხარისთვის, როგორიც „ფარცხალაძის საქმის შემთხვევაში?!