მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

სისუსტე თუ სიძლიერე?

მაშ, ასე, წინასაახალწლოდ "ოცნებამ" საკუთარ თავს მშვენიერი საჩუქარი უძღვნა - სკანდალი, რომელმაც ახალი წლის დღეებში კოალიცია კინაღამ ააფეთქა, სწრაფად და მშვიდად დასრულდა. არ არის ფარცხალაძე - არ არის პრობლემა. თუმცა კარგად მესმის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. ყოველთვის რთულია შეცდომის აღიარება, შენიანის გაწირვა, მით უმეტეს, როდესაც მას ოპოზიცია ამხელს. ყოველთვის არის საშიშროება, ეს სისუსტედ, წაგებად ჩაგითვალონ, ოპოზიციამ კი საკუთარ გამარჯვებად მიითვალოს. სწორედ ამის ეშინოდა "ნაციონალურ მოძრაობას" და უკან არასდროს იხევდა, უკან დახევა, სამოქალაქო სექტორისა თუ ოპოზიციისთვის ანგარიშის გაწევა სისუსტის გამოვლენად მიაჩნდა და შეჯდებოდა ხოლმე ვირზე. სწორედ ამ "ვირმა" გადაჩეხა ისინი ხრამში, თუმცა როგორც ვატყობ, ამას დღესაც ვერ აცნობიერებენ, დღესაც ბევრი მათი მომხრე ფარცხალაძის მოხსნას "ოცნების" სიმხდალედ აფასებს - ბოლომდე მიწოლის თავიც არა აქვთო. არადა, ჩემი აზრით, ძლიერება სწორედ ის არის, როცა შეცდომის აღიარების, უკან დახევის არ გეშინია, არ გეშინია, მოუსმინო საზოგადოებას, დაუთმო ოპოზიციას, თუ ის მართალია და არ ფიქრობ, რომ ვიღაცა ამას სისუსტედ ჩაგითვლის, თორემ თუ ამ ყველაფრის გეშინია, ამ შიშის გამო არასწორ გადაწყვეტილებას იღებ და მერე ამ გადაწყვეტილებას კბილებით იცავ, მაგარი როგორღა ხარ?

სამწუხაროდ, "ნაციონალები" და მათი მომხრეები ამას დღემდე ვერ მიხვდნენ და ფარცხალაძის გადაყენება თავიანთი გამარჯვება ჰგონიათ. მათი გამარჯვება ის იქნებოდა, თუ "ოცნება" თავის შეცდომას არ აღიარებდა და ფარცხალაძეს ბოლომდე დაიცავდა, როგორც მათ დაიცვეს გირგვლიანის მკვლელობაში გარეული მაღალჩინოსნები და ამას გადააყოლეს თავიანთი ხელისუფლება... რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, "ოცნებას" ეს შეცდომა არ დაეშვა და კარგად შეემოწმებინა, ვის ნიშნავდა თანამდებობაზე, აჯობებდა, პრემიერ-მინისტრს თავიდანვე მიეღო ეს გადაწყვეტილება და არ დაეწყო ახსნა, რომ მაშინ ფარცხალაძე ბავშვი იყო, დაუფიქრებლად მოუვიდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს.

ახლა იმედია, უფრო დაკვირვებული იქნებიან და ღარიბაშვილი პროკურორს არა ერთგულების გამო, არამედ სუფთა წარსულისა და პროფესიონალიზმის მიხედვით დანიშნავს, თან კანონს ისევ ფორმალობად არ აქცევს და იუსტიციის მინისტრს პოსტფაქტუმ არ გააცნობს იმ ადამიანს, ვინც კანონის მიხედვით, სწორედ წულუკიანმა უნდა წარუდგინოს პრემიერს.

წლის პირველი სკანდალი

ჯერ 2014 წელი წესიერად არც დამდგარა და პირველ სკანდალს უკვე მოვესწარით. საქართველოს ტელევიზიების ისტორიაში, ალბათ, უპრეცედენტო მოვლენა მოხდა: ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა არხმა "რუსთავი 2"-მა საახალწლო ღამეს არც პრემიერ-მინისტრის მილოცვა გადასცა, არც პრეზიდენტის და არც - პატრიარქის. მისმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რადგან სატელევიზიო მილოცვები საბჭოთა ტრადიციააო(?!).

მოვლენა უპრეცედენტოა და, ბუნებრივია, დიდი გამოხმაურება და ვნებათაღელვაც გამოიწვია. სიტუაცია განსაკუთრებით თავად გვარამიას ახსნა-განმარტებებმა დაამძიმა. საკმარისი იყო, ეთქვა, ეს ყველაფერი საბჭოთა ტრადიციააო, რომ დაულაგეს ინტერნეტში ევროპული ქვეყნების ლიდერთა მილოცვები, გაუხსენეს, რომ მისი არხი ახალი წლის დღეებში სულ ძველ რუსულ, უფრო სწორად, საბჭოთა ფილმებს ატრიალებს და ჰკითხეს: ეს არ არის საბჭოთა ტრადიციაო? თუ ასეთი მაგარი ხარ, შარშანაც არ გაგეშვა მილოცვა, როდესაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყოო. გვარამიას პასუხი არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა: მაშინ ციხეში ვიჯექი, 24 დეკემბერს გამომიშვეს და მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ასე ვფიქრობდი, ჩემი პრობლემების გამო ვერ მოვახერხე ამ ყველაფრის რეალიზებაო. არადა, ეთერში მილოცვის აკრძალვას მხოლოდ ერთი სიტყვა სჭირდებოდა. 25-ში ან 26-ში ხომ გავიდოდა სამსახურში? რამ შეუშალა ხელი? ისევ ციხეზე ფიქრობდა? მაშინ გასაგებია! მოკლედ, ახსნა ძალიან არადამაჯერებელია და ხალხი ამან უფრო გააღიზიანა, თორემ მე სრულიად ვეთანხმები მას, როდესაც  ამბობს: "არხი თავისუფალია ზემოთ გაცხადებულ არჩევანში და ამ გადაწყვეტილებას იღებს ისე, რომ არ უთანხმებს არც ერთ თანამდებობის პირს თუ პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმ უბრალო მიზეზით, რომ არ აინტერესებს მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი".

მარტო ეს რომ ეთქვა და მეტი არაფერი, დარწმუნებული ვარ, ამას ასეთი ხმაური არ მოჰყვებოდა, თუმცა, ბევრის აზრით, მისმა არაგულწრფელმა თავის მართლებამ მდგომარეობა უფრო დაძაბა. თუმცა არ გაუშვა და ნუ გაუშვა! ეს შეიძლება მხოლოდ სასიხარულო ამბავი იყოს ამ ახალ 2014 წელს, რამეთუ ჯერ კიდევ შარშან ეს ტელევიზია ვერ გაბედავდა, პრეზიდენტის მილოცვა არ გაეშვა. მიხარია, რომ "თავისუფლების" ამბავში მაინც წინ მივდივართ! კიდევ ერთხელ გილოცავთ 2014 წელს და სულ წინსვლას გისურვებთ!