მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
სისუსტე თუ სიძლიერე?

მაშ, ასე, წინასაახალწლოდ "ოცნებამ" საკუთარ თავს მშვენიერი საჩუქარი უძღვნა - სკანდალი, რომელმაც ახალი წლის დღეებში კოალიცია კინაღამ ააფეთქა, სწრაფად და მშვიდად დასრულდა. არ არის ფარცხალაძე - არ არის პრობლემა. თუმცა კარგად მესმის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. ყოველთვის რთულია შეცდომის აღიარება, შენიანის გაწირვა, მით უმეტეს, როდესაც მას ოპოზიცია ამხელს. ყოველთვის არის საშიშროება, ეს სისუსტედ, წაგებად ჩაგითვალონ, ოპოზიციამ კი საკუთარ გამარჯვებად მიითვალოს. სწორედ ამის ეშინოდა "ნაციონალურ
მოძრაობას" და უკან არასდროს იხევდა, უკან დახევა, სამოქალაქო სექტორისა თუ ოპოზიციისთვის ანგარიშის გაწევა სისუსტის გამოვლენად მიაჩნდა და შეჯდებოდა ხოლმე ვირზე. სწორედ ამ "ვირმა" გადაჩეხა ისინი ხრამში, თუმცა როგორც ვატყობ, ამას დღესაც ვერ აცნობიერებენ, დღესაც ბევრი მათი მომხრე ფარცხალაძის მოხსნას "ოცნების" სიმხდალედ აფასებს - ბოლომდე მიწოლის
თავიც არა აქვთო. არადა, ჩემი აზრით, ძლიერება სწორედ ის არის, როცა შეცდომის აღიარების, უკან დახევის არ გეშინია, არ გეშინია, მოუსმინო საზოგადოებას, დაუთმო ოპოზიციას, თუ ის მართალია და არ ფიქრობ, რომ ვიღაცა ამას სისუსტედ ჩაგითვლის, თორემ თუ ამ ყველაფრის გეშინია, ამ შიშის გამო არასწორ გადაწყვეტილებას იღებ და მერე ამ გადაწყვეტილებას კბილებით იცავ, მაგარი როგორღა ხარ?

სამწუხაროდ, "ნაციონალები" და მათი მომხრეები ამას დღემდე ვერ მიხვდნენ და ფარცხალაძის გადაყენება თავიანთი გამარჯვება ჰგონიათ. მათი გამარჯვება ის იქნებოდა, თუ "ოცნება" თავის შეცდომას არ აღიარებდა და ფარცხალაძეს ბოლომდე დაიცავდა, როგორც მათ დაიცვეს გირგვლიანის მკვლელობაში გარეული მაღალჩინოსნები და ამას გადააყოლეს თავიანთი ხელისუფლება... რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, "ოცნებას" ეს შეცდომა არ დაეშვა და კარგად შეემოწმებინა, ვის ნიშნავდა თანამდებობაზე, აჯობებდა, პრემიერ-მინისტრს თავიდანვე მიეღო ეს გადაწყვეტილება და არ დაეწყო ახსნა, რომ მაშინ ფარცხალაძე ბავშვი იყო, დაუფიქრებლად მოუვიდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს.

ახლა იმედია, უფრო დაკვირვებული იქნებიან და ღარიბაშვილი პროკურორს არა ერთგულების გამო, არამედ სუფთა წარსულისა და პროფესიონალიზმის მიხედვით დანიშნავს, თან კანონს ისევ ფორმალობად არ აქცევს და იუსტიციის მინისტრს პოსტფაქტუმ არ გააცნობს იმ ადამიანს, ვინც კანონის მიხედვით, სწორედ წულუკიანმა უნდა წარუდგინოს პრემიერს.

წლის პირველი სკანდალი

ჯერ 2014 წელი წესიერად არც დამდგარა და პირველ სკანდალს უკვე მოვესწარით. საქართველოს ტელევიზიების ისტორიაში, ალბათ, უპრეცედენტო მოვლენა მოხდა: ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა არხმა "რუსთავი 2"-მა საახალწლო ღამეს არც პრემიერ-მინისტრის მილოცვა გადასცა, არც პრეზიდენტის და არც - პატრიარქის. მისმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რადგან სატელევიზიო მილოცვები საბჭოთა ტრადიციააო(?!).

მოვლენა უპრეცედენტოა და, ბუნებრივია, დიდი გამოხმაურება და ვნებათაღელვაც გამოიწვია. სიტუაცია განსაკუთრებით თავად გვარამიას ახსნა-განმარტებებმა დაამძიმა. საკმარისი იყო, ეთქვა, ეს ყველაფერი საბჭოთა ტრადიციააო, რომ დაულაგეს ინტერნეტში ევროპული ქვეყნების ლიდერთა მილოცვები, გაუხსენეს, რომ მისი არხი ახალი წლის დღეებში სულ ძველ რუსულ, უფრო სწორად, საბჭოთა ფილმებს ატრიალებს და ჰკითხეს: ეს არ არის საბჭოთა ტრადიციაო? თუ ასეთი მაგარი ხარ, შარშანაც არ გაგეშვა მილოცვა, როდესაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყოო. გვარამიას პასუხი არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა: მაშინ ციხეში ვიჯექი, 24 დეკემბერს გამომიშვეს და მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ასე ვფიქრობდი, ჩემი პრობლემების გამო ვერ მოვახერხე ამ ყველაფრის რეალიზებაო. არადა, ეთერში მილოცვის აკრძალვას მხოლოდ ერთი სიტყვა სჭირდებოდა. 25-ში ან 26-ში ხომ გავიდოდა სამსახურში? რამ შეუშალა ხელი? ისევ ციხეზე ფიქრობდა? მაშინ გასაგებია! მოკლედ, ახსნა ძალიან არადამაჯერებელია და ხალხი ამან უფრო გააღიზიანა, თორემ მე სრულიად ვეთანხმები მას, როდესაც  ამბობს: "არხი თავისუფალია ზემოთ გაცხადებულ არჩევანში და ამ გადაწყვეტილებას იღებს ისე, რომ არ უთანხმებს არც ერთ თანამდებობის პირს თუ პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმ უბრალო მიზეზით, რომ არ აინტერესებს მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი".

მარტო ეს რომ ეთქვა და მეტი არაფერი, დარწმუნებული ვარ, ამას ასეთი ხმაური არ მოჰყვებოდა, თუმცა, ბევრის აზრით, მისმა არაგულწრფელმა თავის მართლებამ მდგომარეობა უფრო დაძაბა. თუმცა არ გაუშვა და ნუ გაუშვა! ეს შეიძლება მხოლოდ სასიხარულო ამბავი იყოს ამ ახალ 2014 წელს, რამეთუ ჯერ კიდევ შარშან ეს ტელევიზია ვერ გაბედავდა, პრეზიდენტის მილოცვა არ გაეშვა. მიხარია, რომ "თავისუფლების" ამბავში მაინც წინ მივდივართ! კიდევ ერთხელ გილოცავთ 2014 წელს და სულ წინსვლას გისურვებთ!
მკითხველის კომენტარი (4)
Tazo
13 იანვარი 2014 15:49
,,რუსთავი2" სულ უფრო და უფრო თავისუფალი ხდება და ამას მივესალმები.
lalo
10 იანვარი 2014 10:45
ბატონო მერაბ, მე, როგორც რიგითი მოქალაქე და უკეთეს ტელეარხებზე მეოცნებე ადამიანი, საგანგაშოს და მიუღებელს ვერაფერს ვხედავ, მილოცვებიც და სიყვარულიც საქმით დაგვიმტკიცოს მთავრობამ... გვარამიას ინტერვიუში ერთი რამე ,,მომეწონა,, - თურმე მხოლოდ ბოლო 2 წელი ყოფილა არაადეკვატური სააკაშვილის მთავრობა და გვარამიაც შეშფოთებულია ამ ფაქტით, კიდევ კარგი, იმ ორ წელს მაინც რომ აღიარებს სხვებისგან განსხვავებით... ფარცხალაძის ისტორიაში იცით, რა მაკვირვებს? რანაირი ქვა და ტალახი არ ესროლეს ნაცებმა კაცს, რომელიც თავიანთმა საამაყო პრეზიდენტმა თურმე მედლითაც დააჯილდოვა და თანამდებობებიც არ დაუკლია, ყაჩაღი 2013 წლის დეკემბერში გახდა? ყალბი დიპლომი, ნასამართლეობა ახლა დაესიზმრათ? როდემდე უნდა ვიყოთ ,,ხალხი ბრბოას,, რეჟიმში?
aka
10 იანვარი 2014 10:25
ამბობენ, რომ ბატონ ფარცხალაძეს, კრიმინალური წარსულის გარდა, იურისტის დიპლომიც გაყალბებული ჰქონია.
ცნობილია, რომ ათასობით იურისტია საქართველოში, რატომ არ ატარებენ დიდ კონკურსებს ამა თუ იმ თანამდებობებზე, და რატომ არ ირჩევენ საუკეთესოებს?! ეს არის უდიდესი უპასუხისმგებლობა და დანაშაული ქვეყნისა და ხალხის (ამომრჩევლის მიმართ). მთავარი პროკურორი უნდა იყვეს პატიოსანი, მიუკერძოებელი, მაღალი დონის განათლების მქონე პროფესიონალი და ჭკვიანი პატრიოტი ქართველი.
ამ სკანდალის მთავარი მიზეზია, არა შ ე ც დ ო მ ა, არამედ საქართველოში განსაკუთრებულად გავრცელებული ნეპოტიზმი საზოგადოების ყველა ფენაში. თითქმის ყველა სფეროში. ამიტომაც დანიშნეს (კონკურსის გარეშე). ყველაფერი წინ არის, კიდევ ბევრი უმსგავსოების მოწმენი გავხდებით ახლო მომავალში..
qeti
09 იანვარი 2014 19:33
ფარცხალაძის ეპიზოდს თუ ვინმე ხელისუფლების საქებად გამოიყენებდა,ამას ვერანაირად წარმოვიდგენდი.ანუ,თქვენ,ბატონო მერაბ,ფიქრობთ,რომ მათ, თუნდაც ერთპროცენტიანი პოტენციალი ჰქონდათ მისი თანამდებობაზე დატოვებისა და კეთილი ნება გამოიჩინეს?
რაც შეეხება გვარამიას,მე ნაკლებად აქტუალურად მესახება ეს თემა. მგონი დროა ჟურნალისტებმა სათანადო დრო და ყურადღება დაუთმოთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო საკითხებს, მაგალითად, კანონიერი ქურდის ინსტიტუტის აღდგენას საკანონმდებლო დონეზე,რაც მიმართულია ახალი თაობის გადაგვარებისაკენ. (გუშინ საზოგადოებრივმა არხმა სრულიად ცალმხრივი,პროპაგანდისტული სიუჟეტი გაუშვა,როგორი კარგი და ვაჟკაცი ბიჭები არიან ქურდები და ადრესატი ალბათ,თინეიჯერები იყვნენ).განა გვარამიას თემაზე აქტუალური არ არის ის,რომ არასრულწლონ
ვან პატიმრებთან საქმის გასარჩევად ქურდი შეიყვანა თვითონ ციხის უფროსმა და მერე სკაიპით რომელიღაც პატიმრის კანონიერ ქურდად კურთხევა მოხდა?

რუბრიკის სხვა სიახლეები