რადიკალიზმი რუსეთიდან ამერიკამდე - კვირის პალიტრა

რადიკალიზმი რუსეთიდან ამერიკამდე

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ბოლო დროს მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი, სამამულო პრესის ფურცლებზე სამეცნიერო თუ პოლიტფანტასტიკის საუკეთესო ტრადიციებით შესრულებული, ერთი მხრივ - რუსული და მეორე მხრივ - ამერიკული გეგმები ქვეყნდება, რომლებიც ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს - კავკასიას ეხება.

დავიწყოთ ამერიკული, კერძოდ, ჩვენთვის კარგად ცნობილი ჯონ მაკკეინისა და ჯორჯ სოროსის გეგმით, რომელიც ითვალისწინებს (როგორც ამერიკული, რუსული და ქართული გამოცემები გვამცნობენ)„რუსეთის ნაციონალური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საპასუხოდ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ამ რესპუბლიკებში იგეგმება მოძიება ჯგუფებისა, რომლებიც „დევნილ მთავრობებად გამოცხადდებიან და მიმართავენ ამერიკის კონგრესს მათი სახელმწიფოების“ დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით. შემდგომი პროცედურა ისეთივე იქნება, როგორიც იყო კოსოვოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში. გეგმის მიხედვით, პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჩეჩნეთმა, ინგუშეთმა და დაღესტანმა უნდა გადადგან.

ასეთ შემთხვევაში უნებურად გიჩნდება კითხვა: ეს გეგმა 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზია თუ შედეგი?! ანუ რა არის რეალური მიზანი ამ გეგმისა: საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის შეჩერება, როგორც გეგმის ავტორები აცხადებენ, თუ პირიქით, საქართველოს გამოყენება რუსეთის დასაშლელად (რისი პირველი ეტაპიც სწორედ 2008 წლის ომი გამოდის), რაც ჩვენს ქვეყანას უფრო დიდი კატასტროფით ემუქრება. რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს მის საზღვრებთან აგორებულმა პროცესებმა, იოლი წარმოსადგენია.

დამაიმედებელია ის, რომ მაკკეინი ცნობილია თავისი ულტრარადიკალური განცხადებებით, თუმცა ის ამ გეგმების განხორციელებას ჯერჯერობით ვერ შეძლებს, ყოველ შემთხვევაში, ობამას ხელისუფლების პირობებში მაინც.

კიდევ უფრო ფანტასტიკურია რუსეთის გეგმები.

პირველი რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (წამყვანი ანალიტიკური ცენტრია რუსეთის პრეზიდენტის კარზე) შემუშავებული გეგმაა, რომელიც კავკასიის გავლით რუსეთისთვის ახალი საკომუნიკაციო არხების გაჭრას ეხება და რომელიც სომხეთში გამართულ კონფერენციაზე გახმაურდა.

ამ გეგმის მიხედვით, რუსეთსა და სომხეთს უნდა გაუჩნდეთ საერთო საზღვარი. ამასთან: 1. უნდა აღდგეს სამხრეთ ოსეთის „სამართლიანი“ საზღვრები; 2. უნდა შეიქმნას „თრიალეთის ოსეთი“ (ბორჯომ-ბაკურიანის ხეობა); 3.„თრიალეთის ოსეთი“ უშუალოდ ესაზღვრება სამცხე-ჯავახეთს, რომელიც ალბათ, სომხურ ტერიტორიად გამოცხადდება; 4.„სამხრეთ“ და „თრიალეთის“ ოსეთი „გადაებმება ერთმანეთს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოსგან დარჩენილი ნაწილები გაიყოფა ორად: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ, რომლებიც ინტეგრირდება ევრაზიის კავშირში.

ამავე გეგმის ნაწილია რუსეთისთვის შავ ზღვაზე გასასვლელი დამატებითი პორტის მოპოვება, რადგან რუსეთის გაზრდილ ტვირთბრუნვას  მხოლოდ ნოვოროსიისკის პორტი აღარ ჰყოფნის. ამისათვის „მარტივი“ ამოცანაა გადასაჭრელი: მამისონის უღელტეხილიდან „ოსეთის სამხედრო გზის, შემდგომ კი ქუთაისის გავლით ბათუმის მიმართულებით უნდა გაიზარდოს რუსულ-ევრაზიული ტვირთების ბრუნვა, ანუ ბათუმი საუკეთესო შემთხვევაში,„ევრაზიული პორტი გახდება.

ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც აღმოსავლეთ საქართველო. კერძოდ, კახეთის გავლით იგეგმება უმოკლესი გზის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებს მაჰაჩყალის პორტს - საქართველოსთან; სომხეთს - კასპიის ზღვასთან, ხოლო აზერბაიჯანს - დაღესტანთან.

სულ რამდენიმე დღის წინ კი სომხეთის პრემიერი ახმაურებს მორიგი რუსული გეგმის ნაწილს, რომლის მიხედვითაც სომხეთი ახალ კალინინგრადად იქცევა, რაც პოპულარულ ენაზე ნიშნავს, რომ რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთისთვის განკუთვნილი არც ერთი ტვირთი გადასახადებს არ დაექვემდებარება, ანუ ჩვენ არ დაგვრჩება არც ერთი თეთრი ამ ტვირთების ტრანზიტის შედეგად. უფრო მეტიც, ჩვენ აღარ დაგვრჩება გაზის ის რაოდენობა, რასაც საქართველო  სომხეთში გადაზიდული რუსული გაზის ტრანზიტის საფასურად იღებდა. ეს ნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს საზღვარს რუსეთსა და სომხეთთან მხოლოდ პირობითი ფუნქციაღა დარჩება.

კიდევ ერთი ინფორმაცია კვლავ სამხრეთ ოსეთიდან, სადაც რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმისთვის ემზადებიან. როგორც იუწყებიან, რეფერენდუმის კითხვა იქნება: "თანახმა ხართ თუ არა, სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენელი სუბიექტი გახდეს". ეს ყველაფერი სოჭის ოლიმპიადის შემდეგ იგეგმება და იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ„მომავალი წლიდან საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში იხილავენ.

მინდა დაგამშვიდოთ: ეს ყველაფერი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტფანტასტიკის სფეროა: რუსეთი ამ ეტაპზე მხოლოდ გვაშინებს, თუმცა, დასკვნის სახით რამდენიმე დათქმა  (მოსაზრებაც) მინდა მოგახსენოთ: 1. პოლიტიკაში სად გადის ზღვარი ფანტაზიასა და რეალობას შორის, ძნელი სათქმელია; 2. ქვეყანა, რომელიც ამგვარ გეგმებს სახავს შენს წინააღმდეგ (თუნდაც მხოლოდ დაშინების მიზნით), ძნელია რომელიმე სფეროში პარტნიორად მიიჩნიო; 3. დასავლეთმა უკვე დათმო უკრაინა,  სულ მცირე, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაინც. შეელევა თუ არა ის საქართველოს და რის ფასად? საინტერესოა, ამ კითხვებზე პასუხი აქვს საქართველოს ხელისუფლებას?!