მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
13-01-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
კითხვები ეკლესიას

წინა კვირამ რელიგიურ თემაზე დისკუსიებში ჩაიარა. ჯერ იყო და, დედა პარასკევას ხილვისა და მამა გაბრიელის საფლავზე დამდგარი უსასრულო რიგის გამო ატყდა ერთი ამბავი, მერე - პატრიარქის ეპისტოლეზე. თუ პირველ შემთხვევაში საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას სამღვდელოებაც შეუერთდა, მეორე შემთხვევაში ეკლესია და აღშფოთებული საზოგადოება სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ალბათ, არც ერთ ეპისტოლეს არ მოჰყოლია ასეთი აჟიოტაჟი, როგორიც 2014 წლის საშობაო ეპისტოლეს. აქ არც სუროგაციის პრობლემებზე ვილაპარაკებ და არც ხელოვნური განაყოფიერების. ორივე პროცესს
შეიძლება ახლდეს ეთიკური პრობლემა და რელიგია შეიძლება ამ ყველაფერს სხვანაირად უყურებდეს, თანაც არა მარტო მართლმადიდებლური, მაგრამ პრობლემა აქ სხვა რამემ შექმნა - ეპისტოლეს მეტისმეტად მკაცრმა  ტონმა. ჩემი აზრით, პრობლემა მხოლოდ ეს სიტყვები იყო: "შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს
პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა".

ეკლესიას აქვს უფლება, უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს სუროგაციისა და ხელოვნური  განაყოფიერებისადმი, მაგრამ უკვე დაბადებული ბავშვები უსიყვარულობისა და მარტოობისთვის განწირულებად გამოაცხადო, ან ოჯახები, ვისაც უკვე ჰყავთ ამ მეთოდებით შეძენილი ბავშვები - უბედურებად, ჩემი მოკრძალებული აზრით, არასწორია.

ეკლესიას შეიძლებოდა ეღიარებინა, რომ ფორმა მეტისმეტად მკაცრი იყო და ეს ვნებათაღელვაც მორჩებოდა, თუმცა ამის მაგივრად მხოლოდ განმარტებით შემოიფარგლა, მსჯელობა კი იმაზე წავიდა, სუროგაცია და ხელოვნური განაყოფიერება არის თუ არა ღვთის გმობა? ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ საპატრიარქოსთან პროტესტის გამოსახატავად მისულ მოქალაქეებს მართლმადიდებლობის სახელით მართლმადიდებლობის დამცველები მუშტებით გაუსწორდნენ, ეკლესიამ კი ამაზე არაფერი თქვა. ალბათ, დროა, ჩვენც და ეკლესიამაც საკუთარ თავს რამდენიმე მარტივი კითხვა დავუსვათ: რატომ არიან საქართველოში მართლმადიდებლობის დამცველები ყველაზე აგრესიულები? როგორ მოხვდა ეპისტოლეში ასეთი შეუწყნარებლობით გამორჩეული პასაჟი? ან რატომ სჯერათ ქართველ მორწმუნეებს წმინდანის საფლავზე მისვლის შემთხვევაში ორი სურვილის ასრულებისა, ანუ რატომ სჯერათ იმისა, რისიც არ სჯერათ თავად მღვდლებსაც კი?
vaso -s
21 იანვარი 2014 16:48
თქვენ თუ ასეთი ტონით და სიტყვებით ამტკიცებთ რომ ჭეშმარიტი მართმადიდებელი და ეკლესიის ქომაგი ხართ, ცუდ რეკლამას უწევთ ერთსაც და მეორესაც!!!
qeti
21 იანვარი 2014 16:45
ვეთანხმები ავტორს,
ეკლესიას შეიძლება ქონდეს ეს პოზიცია ან არა, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი რადიკალური და მტრული ტონით გამოაცხადო ეს ადამიანები საზოგადოების მტრებად (პრობლემურებად) ცალსახად მიუღებელია ჩემთვის.
zaza
21 იანვარი 2014 10:46
vaso, ჟურნალისტს მასეთი ტონით არ ელაპარაკებიან, ეს ერთი. მეორეც, რა არ მოგეწონა, იქნებ დაკონკრეტო და არ შემოიფარგლო საერთო ფრაზებით. მე აბსოლირურად ვეთანხმები მერაბს იმ ნაწილში, რომ შეიძლებოდა ეპისტოლეში ეს ყველაფერი, ცოტა სხვა ტონალობაში გაჟღერებულიყო. მე შენს მიდგომაში ამ საქმის მიმართ, უფრო აგრესია დავინახე. ეს არ არის სწორი მიდგომა. ვფიქრობ, რომ ის ერთი ოჯახიც კი, რომელიც თავს ბედნიერად თვლიდა, რომ ბავშვი ამ გზებით შეეძინა და უცებ ბუმერანგივით დააჯახეს აბსოლიტურად სხვა მოსაზრება (თანაც საპატრიარქომ)იყო შოკი. მე ვფიქრობ შენ ამაზე არ გიფიქრია. ამდენად, კიდევ ერთხევ ვიმეორებ, ეპისტოლეში ამ თემაზე, უფრო სხვა ტონალობით შეიძლებოდა ჩაწერა. რაც შეხება აგრესიას ე.წ. მორწმუნეთა მხრიდან, ეს ცალსახაა და არა მარტო ამ შემთხვევაში. ბუნებრივია ამას გმობს საპატრიარქო და მხოლოდ გმობს, სხვა არაფერი ქმედება. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი ძალიან არასასიამოვნოდ დამთავრდება ქვეყნისთვის, რაც ზოგიერთებს აწყობთ კიდეც.

რედაქტორის რჩევით