საბრალდებო დასკვნა - კვირის პალიტრა

საბრალდებო დასკვნა

ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდა, რომლის ჩაბარებამაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს...

გასაჯაროვდა სააკაშვილის ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი. ჩვენ გავეცანით საიდუმლო დოკუმენტს, რომლის შექმნასაც წინ უძღოდა ტერორი, შანტაჟი, მუქარა, მთელი სახელმწიფო მანქანის, პოლიტიკური ელიტის მონაწილეობით, თავისი სასამართლო, სამართალდამცავი და ფინანსური ინსტიტუტების ჩართვით. ჩვენ თვალწინ მიდიოდა ბრძოლა, რომელსაც ჯერ ბადრის სიცოცხლე შეეწირა, შემდეგ კი სხვადასხვა ბინძური მეთოდით და, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი პირების დახმარებით ხელისუფლება უსინდისოდ დაეპატრონა მის ქონებას, მათ შორის - "იმედს", რომლის გაკონტროლებაც ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანად მიაჩნდა.

ეს იყო უთანასწორო ბრძოლა პატარკაციშვილების ოჯახში დარჩენილ ქალებთან, რომელიც სააკაშვილის გამარჯვებით დასრულდა - ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც ოჯახს დაუბრუნდებოდა ქონების ნაწილი, თუ უარს იტყოდა "იმედზე". ეს არის იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი მოვლენა - ადამიანებს ჯერ სრულიად ანადგურებდნენ, შემდეგ კი სახელმწიფო ტერორის მეშვეობით პროკურატურაში თუ ფინანსურ პოლიციაში, ზოგჯერ ციხის საკანშიც კი, ხელს აწერინებდნენ აქტივების დათმობის, ჩუქების დოკუმენტებზე.

ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით, ვისაც შეგვეძლო, ვცდილობდით, გვებრძოლა, თუმცა საყოველთაო ტერორის გამო შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო.

იმისათვის, რომ უფრო კარგად გასაგები გახდეს, თუ რაოდენ სასტიკი და ცინიზმით აღსავსე იყო ხელისუფლების მოქმედება, ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით:

იმ პერიოდში ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩემსა და სააკაშვილს შორის შემდეგი დიალოგი შედგა.

გ. ხ. - ბადრი გარდაიცვალა. ახლა არ ვილაპარაკებ იმაზე, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი. იქნებ დაასრულო ბრძოლა და თავი დაანებო ოჯახს, დაუცველ ქალებს და მისცე საშუალება მეუღლეს, შეინარჩუნოს მემკვიდრეობა.

მ. ს. - რომელ ცოლზე მელაპარაკები?

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ. ეს იყო პერიოდი, როდესაც ხელისუფლება ბინძური მეთოდებით ცდილობდა, ეჭვქვეშ დაეყენებინა ინა პატარკაციშვილისა და ბადრის ქორწინების კანონიერება და შესაბამისად, მემკვიდრეობა.

ვფიქრობ, ამ მცირე დიალოგში კარგად ჩანს სააკაშვილის ნამდვილი ბუნება.

ჩემთვის კითხვა - პატარკაციშვილების ოჯახი, როგორც ამ მემორანდუმის ხელმომწერი მხარე, გარიგებაში თანამონაწილეა თუ მსხვერპლი - არ არსებობს. უფრო მეტიც, შეურაცხმყოფელია. დარწმუნებული ვარ, ასევეა მთელი ქართველი საზოგადოებისთვისაც, რომლის თვალწინაც ჩაიარა იმ დრამატიზმით აღსავსე წლებმა და მათ შორის, ამ ერთი ოჯახის ბრძოლის ისტორიამ.

აქ იმდენად მარტივად არის საქმე, ალბათ, არც ღირდა ამდენი ახსნა და საუბარი, რომ არა ამ თემასთან დაკავშირებული ერთი გარემოება, რომელმაც  კიდევ ერთხელ იჩინა თავი.

სწორედ ის პირები, რომლებიც ყალბი ანდერძებით, ბადრის სიცოცხლეში გაცემული მინდობილობებით სააკაშვილის ხელისუფლებასთან ერთად უმოწყალოდ ანადგურებდნენ ბადრის ქონებას, ახლოს ისხდნენ ე. წ.„სახელისუფლებო სალაროსთან, სანამ სააკაშვილმა ისინი თავად არ მოიშორა როგორც გამოყენებული მასალა, შეეცადნენ, სწორედ ეს მემორანდუმი, რომელიც მათივე დანაშაულებრივი ქმედებების შედეგია, პატარკაციშვილებთან ბრძოლის იარაღად გამოეყენებინათ. შეეცადნენ, შეცდომაში შეეყვანათ ხელისუფლება, ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინათ და ამ გზით გადაეწყვიტათ პატარკაციშვილების ოჯახთან არსებული პრობლემები.

ისინი დროს ჩამორჩნენ.

მოხარული ვარ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი სწორად დაინახა და შეაფასა - ეს მემორანდუმი არის წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი და მისი საბრალდებო დასკვნის განუყოფელი ნაწილი.

რაც შეეხება ბადრის ოჯახს.

შეუძლებელია ჩვენ სრულად აღვუდგინოთ დანაკარგი, რადგან დედამ, მეუღლემ, შვილებმა და დებმა ამ უთანასწორო ბრძოლაში დაკარგეს მათთვის ყველაზე ძვირფასი - დაკარგეს ბადრი. ჩვენ შეგვიძლია მათ მხოლოდ სამართალი ვაპოვნინოთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. ვალდებულებაა არა მხოლოდ ამ ოჯახის, არამედ ჩვენი ოჯახების წინაშეც, რადგან რეჟიმის მძვინვარების პერიოდში მათ ადგილას სრულიად შესაძლებელია ჩემი ან თქვენი ოჯახიც აღმოჩენილიყო.