ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
20-01-2014
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
კოალიციური მთავრობის "მოკრძალებული ხიბლი"

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პირველ პრესკონფერენციას - შეუძლებელია ახალარჩეულ პრემიერ-მინისტრთან სხვა კითხვები არ ჰქონდეს ჟურნალისტურ სამყაროს, თუნდაც ის, რაც ჩემმა სტუდენტმა ჟურნალისტმა დასვა: რა განაპირობებს პრემიერის ასეთ აღფრთოვანებას საკუთარი მინისტრთა კაბინეტით - ამ გუნდის მაღალპროფესიონალიზმი, უჩვეულოდ სწრაფი და ეფექტური რეფორმები, გაქცეული ლარის კურსი თუ დაქცეული რკინიგზა?! თუ ერთი მარტივი რამ: კერძოდ, ის, რომ ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი, კოალიციური პრინციპით დაკომპლექტებული მთავრობა? ეს კი ნიშნავს იმას,
რომ თუ რომელიმე პარტიის კვოტით გასულ მინისტრს მოხსნი, იმავე პარტიის კანდიდატით უნდა ჩაანაცვლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო კოალიციაში გამორიცხული არ არის დიდი რყევები. ეს კი ახალ ხელისუფლებას არ სჭირდება, მით უფრო მაშინ, როცა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის თვალსაზრისით ყველაფერი კარგად ვერ არის, ამაზე თვით ვენეციის კომისიის
პრეზიდენტმა ჯონი ბუკიკიომაც შენიშნა.

გამოდის, ჩვენ უკვე აღმოვჩნდით საპარლამენტო რესპუბლიკის„ხიბლის წინაშე: კოალიციური მთავრობა სწორედ საპარლამენტო წყობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, როცა ერთი პარტია ვერ შედის პარლამენტში უმრავლესობით და რამდენიმე პარტია ერთობლივად აყალიბებს მინისტრთა კაბინეტს. ასეთ დროს რყევები მინისტრთა კაბინეტში იწვევს საპარლამენტო კოალიციის დაშლას და პირიქით. მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ასეთ შემთხვევებში, არცთუ იშვიათად, სახელმწიფოს ინტერესები კოალიციის შენარჩუნების ინტერესს ეწირება.
მოგეხსენებათ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მოწყობა ფორმითაც და შინაარსითაც საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს მიუახლოვდა. გამოდის, დღეს მოქმედი მინისტრთა კაბინეტი, ისევე როგორც პარლამენტი, ერთგვარი ტესტია, თუ როგორ, რამდენად ეფექტურად იმუშავებს საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მიღწევები: მრავალპარტიული პარლამენტი და მთავრობა, რაც არსებული გამოცდილების თანახმად, არსებითად ამცირებს ხელისუფლებაში ავტორიტარული მისწრაფებების გაჩენის ალბათობას, მაგრამ ამასთან, აგდებს ეფექტური გადაწყვეტილებებისა და რეფორმების ტემპს. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ის პროცესი, რომელსაც ჩვენ დღეს ხელისუფლებაში ვაკვირდებით და ცოტა უფრო მეტი სიღრმე გვმართებს ყველას, როცა ქვეყანაში თუ მის გარეთ მიმდინარე პროცესებს ვაანალიზებთ.

პრეზიდენტი - „ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის“


ჯონი ბუკიკიო ვახსენე და მისი დამაფიქრებელი შეფასება იმის თაობაზე, რომ დღეს საქართველოში სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის თაობაზე კითხვები არსებობს და საჭიროა ამ ბალანსის სრულყოფა. ამჯერად უფრო ვრცელ შეფასებას არ გავაკეთებ, თუ რას გულისხმობდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, მაგრამ, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის მთელი  მოსახლეობის ნდობის მანდატით სარგებლობს და შესაბამისად, ვალდებულია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესები დაიცვას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. თავის მხრივ, იმედია, არც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არის უცხო, რომ ქვეყანას შეზღუდული უფლებების, მაგრამ პირდაპირი, საყოველთაო კენჭისყრით არჩეული სახელმწიფოს მეთაური ჰყავს. საკანონმდებლო ხელისუფლება კი დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში აღმოფხვრის იმ დისბალანსს, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირებისთვის შეიტანა კონსტიტუციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით