"კბილაშვილი მთავარი პროკურორი ქაღალდზე იყო, თორემ წამყვანი ფიგურა ლაშა ნაცვლიშვილი ბრძანდებოდა." - კვირის პალიტრა

"კბილაშვილი მთავარი პროკურორი ქაღალდზე იყო, თორემ წამყვანი ფიგურა ლაშა ნაცვლიშვილი ბრძანდებოდა."

"ჩემი ქონება ოფშორულ ზონებში, პანამისა და სეიშელის კუნძულებზეა გაფორმებული და კეზერაშვილისა და უდესიანის საკუთრებაა"

"ძალიან ვწუხვარ, შიდა გასარჩევი საქმე, ამერიკის გასარჩევი რომ გახდა"

კუს ტბის მეპატრონე, ბიზნესმენი ბესო ხარძიანი დღემდე უშედეგოდ ითხოვს წართმეული ქონების უკან დაბრუნებას და იმ პირების დასჯას, რომლებიც მის უკანონო დაკავებასა და წამებაში მონაწილეობდნენ. ხარძიანმა "ნაცმოძრაობის" დროს ციხეში 2 წელი გაატარა, როგორც ამბობს, სწორედ მაშინ მისი კუთვნილი ბიზნესები დავით კეზერაშვილმა და გიორგი უდესიანმა გადაიფორმეს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ დამნაშავეებს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მფარველობდა.

ბესო ხარძიანი: - წელიწადი და 3 თვეა, ჩემი საქმე თაროზეა შემოდებული და დღემდე ვერ მივაღწიე სამართალს. როცა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა ყველას და ურჩია, წართმეული ქონება დაებრუნებინათ ნამდვილი მეპატრონეებისთვის,  შევხვდი ჩემი ყოფილი პარტნიორების წარმომადგენლებს და მათ პირდაპირ მითხრეს, რომ ლაშა ნაცვლიშვილთან გარკვეული ჰქონდათ ყველა საკითხი და ქონებას ვერ დამიბრუნებდნენ.

- ამ ინფორმაციის გადამოწმება ლაშა ნაცვლიშვილთან სცადეთ?

- რა თქმა უნდა. შინაც კი მივედი, მაგრამ დამემალა. მის სიდედრსა და სიმამრს ვუთხარი, რომ მსურდა მასთან საუბარი. მასთან შეხვედრას 9 თვე უშედეგოდ ვცდილობდი, ნაცვლიშვილი მემალებოდა.  ფაქტი ერთია, ჩემი საქმე  ფაქტობრივად გამოძიებული იყო და ნაცვლიშვილმა თაროზე შემოდო. ამჟამად უდესიანის ბიძაშვილის სახელზეა კუს ტბა გაფორმებული. მას იპოდრომთან შევხვდი და მითხრა, რომ ლაშა ნაცვლიშვილთან მოაგვარა ურთიერთობა(?!). მყავს მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ მასთან ჩემს დიალოგს  და მათი ჩვენება მტკიცებულება იქნება.

- როგორ აღმოჩნდა გიორგი უდესიანისა და დავით კეზერაშვილის ხელში თქვენი ქონება?

- გიორგი უდესიანი კუდ-ის "ნასედკა" იყო, ამას ისიც ადასტურებს, რომ მის სახელზე გაფორმებული იყო "სტეჩკინი", რომლის ტარების უფლება მხოლოდ  ძალოვანებს აქვთ. მან მაჩვენა ნებართვა, რომელსაც ხელს აწერდა ვანო მერაბიშვილი. 2007 წელს დამაკავეს, თითქოს როგორც სვანური დაჯგუფების იდეოლოგი და აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. დაკავების მიზეზი ფულის წართმევა იყო. მითხრეს, 5 მილიონი მოიტანეო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კუს ტბას წამართმევდნენ. იძულებული გავხდი, გადამეხადა. ეს შიშით არ გამიკეთებია, ჩემი კომპანიის დირექტორი, ავადმყოფი კაცი დაპატიმრებული ჰყავდათ და ამიტომაც გადავიხადე.

ის 5 მილიონი მევალისთვის ხომ უნდა გადამეხადა, ამიტომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს შევთავაზე პარტნიორობა - 6 მილიონ დოლარად საკონტროლო პაკეტს ვაძლევდი. ბატონ მამუკას გაუხარდა, რადგან ქონება 140 მილიონის ღირებულებისა იყო, მაგრამ 3 დღეში დამირეკა და მითხრა, ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგებაო. ამის შემდეგ მოვიდა ჩემთან გიორგი უდესიანი, ის კეზერაშვილმა გამომიგზავნა და შემომთავაზა, კუს ტბის ბიზნესი 50X50-ზე განაწილებულიყო. იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი. ასე აღმოვჩნდი სახელმწიფოს ტყვეობაში, რათა ის 5 მილიონი გადამეხადა. როცა მამუკა ხაზარაძისნაირ ბიზნესმენს ჩამოგაშორებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დათანხმდე.

2010 წლის ნოემბერში აშშ-ში ჩავედი, იქ ჩვენს ელჩს, ბათუ ქუთელიას  შევხვდი და მისი მეშვეობით ინვესტორი მოვნახე - საქართველოს საპატიო მოქალაქე იყო და ამერიკაში მისი ფირმა 600 კომპანიას აერთიანებდა. შემდგომ "რედისონში" კუს ტბის პრეზენტაციაც გავმართე და სწორედ მაშინ "ჰეროინი" ჩამიყარეს და დამაკავეს. ამ უკანონობაში სოდ-ის 12 თანამშრომელი მონაწილეობდა, მაგრამ დღემდე არც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ. პირიქით, ახალმა ხელისუფლებამ ყველა მათგანი დააწინაურა.

ყველა სამხილი პროკურატურაში დევს,  ახლა ველოდები ახალ პროკურორს, რომ საქმე დაასრულოს და სასამართლოს გადასცეს. ჩემი ქონება ოფშორულ ზონებში, პანამისა და სეიშელის კუნძულებზეა გაფორმებული და კეზერაშვილისა და უდესიანის საკუთრებაა. ამ საქმეში გარეული ყველა პირი: უდესიანი, კეზერაშვილი, ნაცვლიშვილი, დათა ახალაია - საზღვარგარეთ არის გაქცეული, გარდა ჩხატარაშვილისა, რომელიც ამჟამად ციხეშია.

- ჩხატარაშვილს რა როლი ჰქონდა თქვენს საქმეში?

- გლდანის ციხეში ვიჯექი, როცა ჩხატარაშვილმა გამომიგზავნა ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი და შემომითვალა, რომ არაბული კომპანიისთვის გადამეცა ჩემი  ქონება. როცა არაბებმა გაიგეს, რომ ციხეში ვიჯექი, ამ ბიზნესზე უარი თქვეს. ეს ის ჩხატარაშვილია, რომელიც შემდეგ ნაცვლიშვილის მარჯვენა ხელი იყო. კულუარულ ამბავს გეტყვით: მე არჩილ კბილაშვილს მივუგზავნე მისი ერთ-ერთი მოადგილე და შევუთვალე, შემხვედროდა, მაგრამ ბოდიში შემომითვალა და მითხრა, ამ საქმეში ვერ ჩავერევი,  ეს საქმე სხვას აქვს დავალებულიო.

- ბატონი არჩილი მთავარი პროკურორი იყო, ვინ უნდა ყოფილიყო მასზე ზემდგომი?

- მთავარი პროკურორი ბრძანებით, ქაღალდზე იყო, თორემ წამყვანი ფიგურა ლაშა ნაცვლიშვილი ბრძანდებოდა. პროკურორმა კახა ჩიქოვანმა მითხრა, გამოძიებულია თქვენი საქმე, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს ხალხი დავაპატიმროთო. 2 წელი დაკეტილ საკანში გავატარე, დღე არ გავიდოდა, არ ყოფილიყო ჩემზე ზეწოლა, ცემა-წამება. ამ ყველაფრის უკან იდგნენ გიორგი უდესიანი, დათა ახალაია, დავით კეზერაშვილი და დავით ჩხატარაშვილი. ჩხატარაშვილი ციხეშია, დანარჩენებიც ხომ უნდა ჩასხდნენ? უდესიანს 25 მოწმე ამხელს და ამბობს, რომ ის უკვეთდა ჩემს წამებას.

ფაქტი ის არის, რომ ციხეში ვიჯექი და 10-მილიონიანი ქონება წაიღეს, მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო მათ დასაკავებლად? ციხეში როგორ მაწამებდნენ, იმას ხომ ვერ გადავიღებდი?

რაც მე გამოვიარე, ამით არ დავღლი საზოგადოებას, მაგრამ გთხოვთ, დაგვეხმარეთ ჟურნალისტები, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. აშკარაა, "ქართულ ოცნებას" პროკურატურაში კადრების შერჩევაში დიდი პრობლემები აქვს. დიდი შეცდომა იყო ნაცვლიშვილის დანიშვნა, მან სამართალი იღლიაში ამოიდო.

ერთხელ ინვესტორთან შეხვედრაზე ვიყავით, ამას უდესიანიც ესწრებოდა და იმდენად არ უნდოდა სხვა შემოსულიყო ჩვენს საქმეში, ამოიღო "სტეჩკინი" და კუს ტბაზე ყვავს ესროლა უცხოელის დასანახად.

ბიუჯეტში 5 მილიონი რომ შევიტანე, იმას არ ვდაობ, მოხმარდეს ჩემს ქვეყანას, მაგრამ, რაც კეზერაშვილმა და უდესიანმა წამართვეს, ის მაინც ხომ უნდა დამიბრუნდეს?  ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ 23 დეკემბერს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, ფინანსურმა პოლიციამ 721.000 ლარის გადახდა დამაკისრა.

- ახალი ხელისუფლება რაზე გედავებათ?

- წილი მქონდა "მორკინალში" და იქ დამითვალეს ვალი, თითქოს ქონება გავიტანე. არადა, საუბარია ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდზე, მაშინ უდესიანმა გაანადგურა ყველაფერი. შევხვდი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გაგუას და მან მითხრა, "ნაცმოძრაობის" დროს არსებობდა ეს მასალები და ამის საფუძველზე ვითხოვთ ამ თანხასო. იმედი კი გამიცრუვდა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ. არასამთავრობო ორგანიზაციაც შევქმენი და თუ იძულებულს გამხდიან, პოლიტიკურ მოძრაობაშიც გადავალ.

მე ვიცი, რომ უდესიანს მანქანა აუფეთქეს. გუშინ ამერიკის საელჩოში დამიბარეს, ჩემს საქმეს სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცემენ. ძალიან ვწუხვარ, შიდა გასარჩევი საქმე, ამერიკის გასარჩევი რომ გახდა. თუ ამ საქმეებს არ გამოიძიებენ, მაშინ ეს ხალხს იმის საშუალებას მისცემს, რომ თვითონ ჩაიდინონ დანაშაული და ასე იძიონ შური დამნაშავეებზე. მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამართალს კანონიერად მივაღწევთ.

თეა ხურცილავა