ვირი ხინკალში, ქუთაისი - თბილისში და "ლევი" გაზი - კვირის პალიტრა

ვირი ხინკალში, ქუთაისი - თბილისში და "ლევი" გაზი

მოკლედ, წინა კვირას გაირკვა, რომ შეიძლება თბილისში გვქონდეს პატარა ქუთაისი; შაურმას და ხინკალს, თურმე, ვირისას გვაჭმევდნენ და ჩვენი პრეზიდენტი, თურმე, გაზს იპარავდა. საოცარი კვირა იყო! ზოგჯერ იტყვი, კიდევ რაღამ უნდა გამაკვირვოსო და უცებ ისეთ რამეს გაიგებ, თმა გადანერგილიც რომ გქონდეს, ყალყზე დაგიდგება. თბილისთან ახლოს ვირების სასაკლაო იპოვესო, საიდანაც ხორცით თბილისის საშაურმეებსა და სახინკლეებს ამარაგებდნენო. ვირის ხორცი ჯანმრთელობისთვის მომაკვდინებელი შეიძლება არ არის, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნებას კი იწვევს, თანაც ახალი ანდაზების წყაროა. შეცდომაა: ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი. სწორია: ან ვირი მოკვდება, ან ვირის მჭამელი.

ასევე მოგვიწევს ქუთაისზე არსებული ყველა სიმღერის გადაკეთება, რამეთუ პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძეს საოცარი იდეა გაუჩნდა. რადგან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აგროვებენ ("ნაციონალები" პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მხარს არ უჭერენ), ის ითხოვს, თბილისში, რუსთაველის 8 - ტერიტორიაც და ნაგებობაც - ქუთაისს მიეკუთვნოს ანუ გამოცხადდეს ქუთაისად, როგორც გუდაური მიაკუთვნეს თავის დროზე თბილისსო. ამით კონსტიტუციაც არ დაირღვევა და პარლამენტიც თბილისში იქნება, ანუ კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში, აღსრულდებაო(?!).

იდეა ორიგინალური ნამდვილად არის, მაგრამ ჭკვიანური რამდენადაა, თავად გადაწყვიტეთ. საინტერესო დიალოგებსაც მოისმენთ ხოლმე: "სად ხარ?" "ქუთაისში." "რომელში?" სიმღერაც ამიერიდან ასე უნდა ვიმღეროთ: "ავლაბრიდან ქუთაისში მიმავალო ქარო..." თუ ვინმე პარლამენტზე გაბრაზდება, შეეძლება იმღეროს: "ქუთაისი გადამწვარა, რერო, თავის კომიტეტებიანადო, რერო"...

მოკლედ, პარალელურ სამყაროსავით იქნება: გადააბიჯებ ფეხს პარლამენტის ზღურბლს, ქუთაისში ხარ, გადმოაბიჯებ - თბილისში, იმ თბილისში, სადაც თურმე პრეზიდენტი გაზს იპარავდა. როგორც წინა კვირას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ და "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაზი "ლევად" ჰქონდა შეყვანილი და ფულს არ იხდიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ეს მეორე მილი ავარიული სიტუაციის დროს გამოსაყენებელი იყოო, ან ჩვენ რატომ მოვიპარავდით გაზს, არც ჩვენი ჯიბიდან ვიხდიდით და არც ჩვენი ხარჯებიდან, სულ სხვა სამსახური იხდიდაო, მაგრამ რა ვუყოთ კომპანიის წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფულს არ იხდიდა და ახალ მთავრობას სთხოვს ზარალის ანაზღაურებას და ჯარიმის გადახდას?

ამ ამბის გაგების შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სააკაშვილი ნამდვილად იყო ქვეყნის პატრიოტი. ჩვენ მას ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვაში ვადანაშაულებდით, ეს კაცი კი, თურმე, რას არ აკეთებდა, რომ მისი ხარჯი ბიუჯეტს არ დასწოლოდა - გაზსაც კი იპარავდა...

ლაქა

შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ეს უმნიშვნელო საკითხია, მაგრამ ასე არ არის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რადგან წინა ხელისუფლების დროს უარესი ხდებოდა, ახალ ხელისუფლებას პატარა შეცდომები უნდა ვაპატიოთ, ცდება, რადგან პატარა შეცდომაზე თვალის დახუჭვას დიდი შეცდომები მოჰყვება. ვთვლი, რომ ის ბრალდება, რასაც მერაბიშვილი აყენებს, შეცდომა და მით უფრო - პატარა, სულაც არ გახლავთ. გვჯერა, რომ ბატონი ყოფილი მინისტრი არ უწამებიათ, როგორც ეს მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა. როგორც თავად ამბობს, გაიყვანეს და მხოლოდ ელაპარაკნენ, ანუ "აკაჩავეს", მაგრამ ასეთი საქციელიც რომ უკანონობაა? ჰოდა, ხომ გაგიგიათ, ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდიაო. ასეა აქაც. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, ვანო მერაბიშვილი ცრუობდა თუ სიმართლეს ამბობდა. ხელისუფლებას ამაზე უნდა გაეცა დამაჯერებელი პასუხი.

როგორ ფიქრობთ, ის დასკვნა, რაც სოზარ სუბარის უწყებამ ერთთვიანი ფიქრის შემდეგ გამოაქვეყნა, დამაჯერებელია? თურმე ციხეში, სადაც მერაბიშვილი ზის, კამერები ჩანაწერს მხოლოდ 24 საათი ინახავს... რატომ უნდა დავამონტაჟო ციხეში კამერა, რომელიც ჩანაწერს 24 საათში შლის? იქნებ დანაშაული 48 საათის მერე აღმოვაჩინე, ჩანაწერის ნახვის საშუალება არ უნდა მქონდეს? აბა, რაღა აზრი აქვს კამერის არსებობას? მერაბიშვილმა იცოდა, ჩანაწერი 24 საათში რომ იშლებოდა და განცხადება სამი დღის შემდეგ ამიტომაც გააკეთაო. ვანომ იცოდა და სოზარს ამის გასარკვევად ერთი თვე დასჭირდა? ხომ ხვდებით, რომ ამ მოკვლევამ პასუხები კი არა, კითხვები უფრო გააჩინა. ამიტომაც მოხდა ისე, რომ არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა", არამედ ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და სახალხო დამცველიც ისევ გამოძიების ჩატარებას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარს აცხადებს. შედეგად რა მივიღეთ? კვლავ უპასუხო კითხვები და ეჭვები, რომ ახალი ხელისუფლებაც არ ერიდება კანონის დარღვევას. ეს უკვე ლაქაა ამ ხელისუფლების საქმიანობის, თანაც არა - პირველი, და თუ ასეთი ლაქები დაგროვდა, ერთ დიდ ტალახის გუბეს მივიღებთ. ამის გამოცდილება უკვე გვაქვს.