საერთაშორისო სკანდალი!
20-01-2014
საერთაშორისო სკანდალი!
იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული სქემები გაშიფრულია?!

"ხაზგასმით ვაცხადებ: ჟვანია მოკლულია ფოთის პორტისა და თბილისის აეროპორტის პრივატიზაციის საქმის გამო, რადგან ყოფილი პრემიერ-მინისტრი უშუალოდ თემურ ალასანიას ინტერესებს შეეჯახა"


გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაახმაურა: "რაც შეეხება იარაღით უკანონო ვაჭრობას, კეზერაშვილთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო სკანდალური ინფორმაცია და ფაქტები იკვეთება, რითაც არა მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, არამედ უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოებიც არიან დაინტერესებული".
აღსანიშნავია, რომ ყოფილმა პოლიტპატიმარმა
ვახტანგ მაისაიამ "კვირის პალიტრის" წინა ნომერში უკვე ისაუბრა იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით. ამჯერად მაისაია ამ თემას განავრცობს და იმ სქემებს გაგვაცნობს, რომლითაც, მისი აზრით, იარაღის კონტრაბანდა ხდებოდა.


- ჩემს საბრალდებო დასკვნაში (რაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ციხეში ყოფნისას გადმომცა) პირდაპირ წერია: "მაისაიას მიერ გადაგზავნილი ინფორმაციები შეიცავდნენ: სადაზვერვო,
კონტრსადაზვერვო, ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის გეგმებსა და ანგარიშებს,  იარაღის, ტყვია-წამლის, სამხედრო ტექნიკის უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოში შემოტანისა და გატანის, ამ ოპერაციების დაფინანსების შესახებ ინფორმაციებს".

ეს იყო ის ინფორმაცია, რაც წიგნში გაანალიზებული მქონდა და ჩემს წინააღმდეგ "სამხილად" გამოიყენეს, თუმცა ის ყოფილი ხელისუფლების მამხილებელია და არა ჩემი. "კვირის პალიტრის" წინა ნომერში ვამბობდი, რომ ფაქტობრივად, ის, რაც წიგნში ანალიზის დონეზე მეწერა, ვანო მერაბიშვილის მოადგილე ამირან მესხელმა ჩემი დაკავების შემდეგ თავად დამიდასტურა. მან თქვა, რომ ყველაფერი სიმართლეს შეესაბამებოდა. ამ ინფორმაციის (და არა მხოლოდ ამის) ცოდნის გამო დამაკავეს და მოკვლას მიპირებდნენ. ამის შემდეგ, 2011 წელს (როგორც ჩანს, ყოფილ ხელისუფლებაში იმხანად უკვე იფიქრეს, რომ მათი ძალაუფლება სამუდამო არ იყო) ჩემს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს კოლეგია შეიკრიბა, რომელმაც გამოიტანა სპეციალური დადგენილება ჩემი კუთვნილი ლეპტოპისა და ფლეშკის განადგურების თაობაზე. ე.ი. ამ გრიფით "საიდუმლო" საქმეში ნივთმტკიცება განადგურდა(!), რაც მინიმუმ 20 წლით მაინც უნდა შენახულიყო (ხელთ მაქვს ეს დადგენილება). გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იქ არსებული მასალების ასლი გაკეთდა, რაც შემდეგ რომელიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღევანდელ ხელისუფლებას მიჰყიდა. ჩანს, პროკურატურისთვის ცნობილია იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული საქმის დეტალები, რაც ამ ეჭვს მიძლიერებს.…

- დააზუსტეთ, რაზე იყო საუბარი ანალიზში და რით უკავშირდება ის კეზერაშვილის საქმეს?
- ამჯერად მხოლოდ ერთ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას: 2008 წლის ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში ბელორუსიაში წარმოებული იარაღი შემოვიდა. ეს იყო 5 ერთეული ПЭС-100 (ეს არის ელექტროსადგური, რომელიც გამოიყენება როგორც მოსასმენ აპარატურად, ასევე, რადიოელექტრონული დაზვერვისთვის. ეს სპეციფიკური ტიპის შეიარაღებაა). თავდაცვის სამინისტროს ბელორუსიისგან რუსული "კალაშნიკოვები" რომ ეყიდა, კიდევ ახსნა ექნებოდა, მაგრამ ასეთი რუსული შეიარაღების შემოტანა მაშინ, როცა რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ძალიან საეჭვოა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ  ამ დროს პუტინს საქართველოსთვის სამხედრო ემბარგო ჰქონდა დაწესებული. ეს შეიარაღება სპეცკონტრაქტით შემოვიდა ბელორუსიიდან (მაშინ, როცა ამ ქვეყანას რუსეთთან ორმხრივი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული). 5 ერთეული ПЭС-100 კომპანია "ბელ თრეიდინგ კონსულტინგ ელტედემ" შემოიტანა, რომელიც ოფშორულ ზონაში, სეიშელის კუნძულებზეა დაფუძნებული. ახლა ჩვენი ქვეყნის უცხოელი პარტნიორები საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ედავებიან იმაზე, რომ ზემოხსენებული კომპანია შეიძლება დაკავშირებული იყოს დავით კეზერაშვილთან. ყოველ შემთხვევაში, ამ იარაღის შემოტანა ვიქტორ შეიმანის გარეშე არ მოხდებოდა.

თავდაცვის სამინისტრომ, რომლის ხელმძღვანელიც კეზერაშვილი იყო, მაშინ ოფიციალურად შემოიტანა ეს შეიარაღება. შემდეგ თვითონ მერაბიშვილი შეხვდა ბელორუსიაში ვიქტორ შეიმანს (არაერთხელ). ეს უკანასკნელი ლუკაშენკოს მარჯვენა ხელი იყო, როგორც უკვე იცით, ბელორუსიაში კა-გე-ბეს კურირებდა და ამასთან, არალეგალური იარაღის "შავ დილერსაც" უწოდებდნენ. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ყოფილი მზვერავების მიერ არის შექმნილი, პირდაპირ წერს, რომ შეიმანი, ისევე, როგორც ვიქტორ ბუტი, იარაღის უკანონო ბიზნესში იყო ჩართული და ის რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის, იგორ სეჩინის ახლო მეგობარი გახლდათ. თავის მხრივ, სეჩინი პუტინისთვის ისეთივე ფულის ყულაბა იყო, როგორიც კეზერაშვილი სააკაშვილისთვის. ასე რომ, აშშ-ისთვის მთელი ეს სქემა, სააკაშვილის ხელისუფლების კავშირები ვიქტორ ბუტსა და მის მეკავშირეებთან (შეიმანთან, სეჩინთან, პატრუშევთან) უკვე გაშიფრულია. ამერიკელები იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებული ვიქტორ ბუტის მეშვეობით გავიდნენ სეჩინსა და პატრუშევზე. 2008 წელს მას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს... ბუტი "თალიბებს" ეხმარებოდა. მათთვის არა მხოლოდ იარაღი, ოქრო და ნარკოტიკებიც კი გადაჰქონდა. რეისები კი, რომელთაც ბუტის გადამზიდი კომპანიის სატრანსპორტო საშუალებები აკეთებდა, ასეთი იყო: პაკისტანი, ავღანეთი, აბუდაბი, ბურგასი და ბელგიის მიმართულება. სხვა რეისი იყო: ბელორუსია, უკრაინა, ბურგასი, აფრიკის მიმართულება და ასევე, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა, ბულგარეთი და ლიბიის მიმართულება. ამდენად, ბუტის ინტერესების არეალში საქართველოც მოექცა. მას საქართველო სჭირდებოდა როგორც ყველაზე მოკლე კორიდორი ბურგასამდე, რათა ტვირთები ავღანეთიდან დასავლეთისა და შემდეგ აშშ-ის მიმართულებით გადაეტანა. ამიტომაც ბუტი საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან კავშირზე გავიდა.

- ვისი მეშვეობით გავიდა?

- შუამავალი რგოლი თემურ ალასანია გახლდათ. თუმცა მოგვიანებით სხვა პერსონამაც იკისრა შუამავლობა, რაზეც ამჯერად  არ ვილაპარაკებ. მოკლედ, ჩეკისტ თემურ ალასანიასა და იგორ სეჩინს ერთი და იგივე  ინსტიტუტი ჰქონდათ დამთავრებული, ბექგრაუნდიც ერთი და იგივე ჰქონდათ - საგარეო დაზვერვის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ. ამერიკის სპეცსამსახურმა თემურ ალასანია გაშიფრა... მოგეხსენებათ, ყოფილი ჩეკისტი არ არსებობს და ის ბოლომდე ამ დაჯგუფების დაქვემდებარებაში დარჩა. სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ  მისი ბოლო პერიოდის საქმიანობა ჟვანიას სიკვდილის წინა პირობებთან არის დაკავშირებული. 

- რას გულისხმობთ?
- იმხანად ზურაბ ჟვანია ეწინააღმდეგებოდა ფოთის პორტისა და თბილისის აეროპორტის გაყიდვას, რასაც ალასანია თითქოსდა უცხოური კაპიტალის შემოტანასთან დაკავშირებით მოითხოვდა. ხაზგასმით ვაცხადებ: ჟვანია მოკლულია ფოთის პორტისა და თბილისის აეროპორტის პრივატიზაციის საქმის გამო, რადგან ყოფილი პრემიერ-მინისტრი უშუალოდ თემურ ალასანიას ინტერესებს შეეჯახა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის პერიოდია, როცა ბუტის კომპანიამ და რუსეთის შეიარაღების ბაზარმა აღორძინების ზენიტს მიაღწია. რუსეთის წლიური შემოსავალი (ოფიციალურად) იარაღის ბიზნესით 10-იდან 15 მილიარდ დოლარამდე ავიდა, ამის პარალელურად რუსეთის ოფიციალური წრეები იარაღის უკანონო ბიზნესსაც აკონტროლებდნენ.

- ე.ი. არ გამორიცხავთ, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის ხელია გარეული ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში?
- ვფიქრობ, ჟვანიამ რაღაც თვალსაზრისით ტრანსსაერთაშორისო ორგანიზაციული  კრიმინალური დაჯგუფების ინტერესი გადაკვეთა. თუმცა თავად ამ დაჯგუფებას ცალსახად არა რომელიმე ქვეყნის, არამედ მერკანტილური ინტერესი ჰქონდა. ასეთი დაჯგუფებები ხშირად ისეთი წესით მოქმედებენ, რომ ზოგჯერ მოწინააღმდეგეც კი შეიძლება მეგობრად გაიხადონ. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, თუ რა გავლენა აქვს ასეთ დაჯგუფებებზე ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურს, ძნელია.

როგორც გითხარით, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კავშირები იარაღის შავ დილერებთან აღწერილი მქონდა ჩემს წიგნშიც, რომელიც გაანადგურეს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ (23 იანვარს კეზერაშვილი ფრანგული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება) ეს ინფორმაცია, რაზეც ახლა გესაუბრეთ, საქართველოს ხელისუფლებამ ფრანგ სამართალდამცავებს უკვე გადასცა.  

- თქვით, რომ ყოფილი ხელისუფლებიდან ვიღაცამ ასლი გაყიდა. ეჭვი ვისზე გაქვთ?
- არ დაგიმალავთ და, ბაჩანა ახალაიას კლანზე. კონკრეტულად ვინ გააკეთა ეს, ვერ დავაზუსტებ.  

- რა შეიძლება მოჰყვეს მასალების გადაცემას?

- საინტერესო რამ მოხდა: ჯერ დაიჭირეს ალექსანდრე ნინუა (რომელიც შეიარაღებისა და ლოჯისტიკის საკითხებს კურირებდა თავდაცვის სამინისტროში), მან კეზერაშვილი ჩაუშვა, კეზერაშვილი კი ახლა სააკაშვილს ჩაუშვებს. სწორედ ამის აღსაკვეთად გაიქცნენ სააკაშვილი და უგულავა საფრანგეთში, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ (სავარაუდოდ, კეზერაშვილს საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ.) და რაც მთავარია, სააკაშვილი საკუთარ ბიძას, თემურ ალასანიას ჩაუშვებს. სააკაშვილი ამერიკულ მხარეს უკვე კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ის, სავარაუდოდ, დაუძვრება ამ სიტუაციას, მაგრამ თემურ ალასანიას საქმე რთულადაა, როგორ გამოვა ამ საქმიდან, ძალიან მაინტერესებს.

- ფიქრობთ, რომ კეზერაშვილი არა ქართული, არამედ სხვა ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს?

- დიახ, სავარაუდოდ, ამერიკელებმა სთხოვეს საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურს, რომ კეზერაშვილისთვის იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული კითხვები დაესვათ. მათ უკვე ხელთ აქვთ დოკუმენტები, თუ რამდენმილიარდიანი ბრუნვა ჰქონდათ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ ტვირთგადამზიდავ კომპანიებს, რომლებთანაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კავშირიც იკვეთება. სწორედ ამიტომ უწოდა ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო სკანდალი.…

(გაგრძელება იქნება)

გასწორება


"კვირის პალიტრის" 13 იანვრის ნომერში (#3) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურ
ით: ვახტანგ მაისაია: "ვასახელებ პირებს, რომელთაც სისხლში აქვთ ხელები და დღესაც თანამდებობებზე არიან", გაიპარა კორექტურული უზუსტობა.

ნაცვლად - "არა მხოლოდ უნდა მეღიარებინა ჯაშუშური საქმიანობა, არამედ დამესახელებინა პირები, ვინც ვითომ ჩათრეული მყავდა: ანდრო გოცირიძე (სხვათა შორის, ამჟამად თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, თუ არ ვცდები, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელია) ითხოვდა, დამესახელებინა "ნაციონალები": კახა ლომაია, გელა ბეჟუაშვილი, დათო დარჩიაშვილი. თითქოს ისინიც ამ ჯაშუშურ ქსელში იყვნენ, რაშიც ფულს იღებდნენ".
უნდა იკითხებოდეს: "არა მხოლოდ უნდა მეღიარებინა ჯაშუშური საქმიანობა, არამედ დამესახელებინა პირები, ვინც ვითომ ჩათრეული მყავდა. ესენი იყვნენ: ანდრო გოცირიძე (სხვათა შორის, ამჟამად თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, თუ არ ვცდები, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელია). ასევე ითხოვდნენ, დამესახელებინა "ნაციონალები": კახა ლომაია, გელა ბეჟუაშვილი, დათო დარჩიაშვილი. თითქოს ისინიც ამ ჯაშუშურ ქსელში იყვნენ, რაშიც ფულს იღებდნენ".
ethrthrth
26 იანვარი 2014 22:33
მაგ სიმართლით იარე გიგა...
qeti
24 იანვარი 2014 20:33
ამდენ დაანონსებულ საქმის გახსნას,იქნებ ერთი გახსნილი საქმეც მოაყოლოთ.
giga
22 იანვარი 2014 12:54
გუშინ "კავკასიაზე" ეკონომისტები იყვნენ მიწვეული. მათი აზრი იყო საერთო - ქვეყანა მიდის ....
ნაციონალები თუ ჩალიჩობდნენ, საქმესაც აკეთებდნენ, 9 წელში ქვეყნის ბიუჯეტი 10-11-ჯერ გაზარდეს.

ოცნება კი მარტო აიფონებზე, ჯიპებზე და ქეიფზე ჩალიჩობს!!!

რედაქტორის რჩევით