"ირაკლი შოთაძემ გაბედა და ურცხვად მოატყუა ღარიბაშვილი" - კვირის პალიტრა

"ირაკლი შოთაძემ გაბედა და ურცხვად მოატყუა ღარიბაშვილი"

"როგორ გგონიათ, თუ შოთაძე იქნა მთავარი პროკურორი, თავის დანაშაულს ობიექტურად გამოიძიებს?"

"ვთხოვთ იუსტიციის მინისტრს, გააკეთოს კომენტარი, ის კარგად იცნობს ამ საქმეს"

ვინ იქნება ახალი მთავარი პროკურორი, ეს კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. პრემიერი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში დაასახელებს მთავარ პროკურორს, მანამდე კი საზოგადოებაში მოსალოდნელ კანდიდატებზე მსჯელობენ. ერთ-ერთ კანდიდატად ოთარ ფარცხალაძის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე განიხილება. ამ ინფორმაციას დიდი ხმაური მოჰყვა. უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შოთაძეს ბრალდებებს უყენებენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მის დასახელებას. მათი მტკიცებით, იგი გვიჩიანის საქმეში მონაწილეობდა და უდანაშაულო ადამიანის სამუდამო პატიმრობა სწორედ მან მოითხოვა. ამ საკითხზე პრემიერმაც ისაუბრა ჟურნალისტებთან და განმარტა, რომ შეხვდა ირაკლი შოთაძეს. "ინფორმაცია მაქვს, რომ საქმის განხილვისას ის რიგითი სტაჟიორი იყო და ამ საქმეზე არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, ეს ირაკლი შოთაძემ თავად მითხრა", - თქვა პრემიერმა.

მთავარმა პროკურატურამაც უპასუხა გიორგი გვიჩიანის ადვოკატებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი შოთაძისთვის წაყენებული ცრუ ბრალდებები პროკურატურის ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება. "მას შემდეგ, რაც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა და პროკურატურის კანონის შესაბამისად, მთავარი პროკურორის მოვალეობის შესრულება დაევალა ბატონ ირაკლი შოთაძეს, მასზე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რითაც გარკვეული პირები მის დისკრედიტაციას ცდილობენ. ამის მაგალითია გია გვიჩიანის ადვოკატების განცხადებები. განვმარტავთ, რომ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურატურის სტაჟიორად დაინიშნა 2006 წლის აპრილში და აღნიშნულ საქმეში პირველ ინსტანციაში განხილვისას ჩაერთო, როდესაც ამავე წლის აგვისტოს თვეში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ამ დროს ირაკლი შოთაძე იყო გენერალური პროკურატურის სტაჟიორი.

მას 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული ამავე საქმის სააპელაციო საჩივრის განხილვაში. ამ დროისთვის ის უკვე მუშაობდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პროკურორად. იმაზე მითითება, რომ ირაკლი შოთაძემ რამე დასკვნა დამალა და საქმეში არ ჩადო, არის სრული აბსურდი და არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მას წინასწარ გამოძიებასთან არ ჰქონია არანაირი შეხება და საქმეზე არ ახორციელებდა საპროკურორო ზედამხედველობას. ასევე, ის განცხადება, რომ ირაკლი შოთაძე თურმე ახდენს ზეწოლას სააპელაციო სასამართლოზე, სრული აბსურდია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თუმცა ამ ფაქტს ისევ გამოეხმაურნენ ადვოკატები და სამხილები წარმოადგინეს. მათი მტკიცებით, სწორედ შოთაძე აწერს ხელს გვიჩიანის ბრალდებას. ირმა ჭკადუა ირაკლი შოთაძეს პრემიერის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

ადვოკატი ირმა ჭკადუა: - შოთაძე ტყუის, ჩვენ ხელთ გვაქვს მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ის გვიჩიანის საქმეზე ბრალმდებელი პროკურორი იყო. ჩვენ ხელთ გვაქვს საბრალდებო დასკვნა, სადაც შოთაძე ითხოვს უვადო პატიმრობას. გარდა ამისა, გვაქვს ვიდეომასალა, სადაც ის აქტიურად მონაწილეობს პროცესში. არის ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ თითქოს გვიჩიანის ადვოკატები აბსურდულ ვერსიას ვავითარებდით. მოგეხსენებათ, ჩვენ 2006-2007 წლებში ვითხოვდით დნმ-ის ანალიზის პასუხს. თავის სიტყვაში შოთაძე დნმ-ის ანალიზზე მსჯელობს და ამბობს, ბრალდების მხარეს არანაირი მოტივაცია არ გააჩნია დამალოს დნმ-ის ანალიზიო, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ის დამალული იყო "ნაციონალების" დროს და ეს შემდგომ აღმოვაჩინეთ. დღეს იმდენად დიდი სურვილი აქვს, რომ გახდეს მთავარი პროკურორი, გაბედა და პრემიერი ურცხვად მოატყუა, უთხრა, რომ იმ დროს რიგითი სტაჟიორი  იყო და როგორც სხვა პროცესებზე, ასევე გვიჩიანის პროცესსაც მხოლოდ ერთხელ დაესწრო. ეს სიცრუეა. ვაცხადებ, შოთაძე ბრალმდებელი პროკურორი იყო. გარდა ამისა, ის არის ადეიშვილის პროკურორი და ვერანაირი გამართლება ვერ ექნება იმას, რომ დღეს აწინაურებენ ისეთ [პირებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დატერორებაში მონაწილეობდნენ.

- დატერორებაში რას გულისხმობთ?

- შოთაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. საგამოძიებო დეპარტამენტი იყო სწორედ ის უწყება, რომელიც შუაღამითაც აფორმებინებდა ხალხს ქონებას. შოთაძემ ერთ-ერთ პირთან საუბარში ისიც თქვა, გვიჩიანის საქმეში მონაწილე სამი მოსამართლიდან ორი ჩემი მეგობარიაო, ესეც საკმარისია ანალიზის გასაკეთებლად. ის არ დაუშვებს, რომ მისი მონაწილეობით განხილული საქმეები გადაიხედოს, საკუთარ თავს არ დაიდანაშაულებს. არადა, პროკურატურაში შეტანილი გვაქვს საჩივარი და გამოძიების დაწყებას ვითხოვთ დნმ-ის ანალიზის დამალვის თაობაზე. როგორ გგონიათ, თუ შოთაძე იქნა მთავარი პროკურორი, თავის დანაშაულს ობიექტურად გამოიძიებს? ის არათუ მთავარ პროკურორად, რიგით პროკურორად არ უნდა დაინიშნოს, ვიდრე მასთან ამდენი კითხვა გვაქვს. არ გვინდა, ჩვენი ხელისუფლება ისევ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და თავის მართლებამ მოუწიოს შოთაძისთანა კადრების დანიშვნის გამო. მეტსაც გეტყვით, შოთაძე იმდენად იყო ჩართული გვიჩიანის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორად გადაიყვანეს, ამ საქმეში მაინც მონაწილეობდა. არადა, ამ დროს საქმე ჰქონდა მთავარ პროკურატურას, ის კი პროცესზე ანზორ ხვადაგიანთან ერთად დამატებით პროკურორად მაინც გამოდიოდა. ჩვენ იმდენი სამხილი გვაქვს, რომ სხვა პირებთან ერთად შოთაძე საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება. ვთხოვთ იუსტიციის მინისტრს, გააკეთოს კომენტარი ამ საქმეზე, რადგან თეა წულუკიანმა კარგად იცის გვიჩიანის საქმე. არ მივცემთ უფლებას, ასეთი პირი პროკურორი გახდეს.

თეა ხურცილავა