ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

საქართველო-ევროპა - მოძრაობა შემხვედრი მიმართულებით?!

ეს ის დიაგნოზია, რომელიც შესაძლოა, საქართველოზეც გავრცელდეს

უკრაინის მოვლენებზე იმდენი ითქვა და დაიწერა, მე ამჯერად მხოლოდ იმ ასპექტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლებიც უშუალოდ ეხება საქართველოს, კერძოდ, უკრაინის პროცესებთან დაკავშირებით დასავლეთის ორჭოფულ პოზიციას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დასავლეთს ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში შეეძლო, სურვილის შემთხვევაში, უკრაინაში სასწორის პინა თავის სასარგებლოდ გადაეხარა მანამ, სანამ იანუკოვიჩი ოფიციალურად განაცხადებდა უარს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. თუმცა, მაშინ მან ეს არ გააკეთა. თუ ამ ყველაფერს ციფრებში გადავიყვანთ, სულ რაღაც 10-15 მილიარდი და ტიმოშენკოს თემაზე უარის თქმა ჯდებოდა მაშინ ევროპის ახალ არქიტექტურაში უკრაინის გაერთიანება. ეს სწორედ ის თანხაა, რომელსაც იანუკოვიჩის ხელისუფლება ითხოვდა უკრაინის ეკონომიკაზე პირველი მტკივნეული დარტყმების გასანეიტრალებლად, რომელსაც ის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შედეგად რუსეთისგან მიიღებდა. თუმცა, მაშინ ევროპელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან ვაჭრობას არ აპირებდნენ.

მით უფრო უცნაურია ევროპელი და ამერიკელი ლიდერების პოზიცია დღეს უკრაინაში ესოდენ დაძაბული სიტუაციის ფონზე.

კერძოდ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ„უკრაინისთვის სანქციების დაწესება ამ ეტაპზე მიუღებელია, აღარაფერს ვამბობთ ამერიკის პრეზიდენტის დუმილზე  და ეს მაშინ, როცა, ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მოაზროვნეს თუ დავესესხები, ევროპა ახალი „ბერლინის კედლის აღმართვის საშიშროების წინაშე დგას.

2008 წლის აგვისტოში ევროპის უსაფრთხოების საზღვარი საქართველოზე გადიოდა და რადგან დასავლეთმა რუსეთს მაშინ ეს ბარიერი მოარღვევინა, დღეს უკვე ევროპის უსაფრთხოებისთვის ბრძოლა უშუალოდ ევროკავშირის საზღვრის გასწვრივ - უკრაინაში მიმდინარეობს.

ამას დაერთო ისიც, რომ აზერბაიჯანი თავისთვის შეუფერებლად მიიჩნევს ევროკავშირთან ასოცირებული წევრის სტატუსს, უარს აცხადებს მასზე და ითხოვს განსაკუთრებულ - სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს.

ასეთი საგარეო პოლიტიკური ვითარების ფონზე ჩვენთვის მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, რა გამოწვევები გველოდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გზაზე და უნდა გვქონდეს თუ არა დასავლელი პარტნიორების დახმარებისა და გვერდით დგომის იმედი, თუ მარტოს მოგვიწევს ამ გამოწვევებთან გამკლავება, ისევე, როგორც დღეს უკრაინას.

დამღუპველია, ამ გლობალურ სამყაროში ისე დაგეგმო შენი საგარეო პოლიტიკა, რომ მსოფლიოს თუნდაც ერთი შეხედვით მოშორებულ წერტილში მიმდინარე პროცესები არ გაითვალისწინო.

საკითხავია, რაც დღეს უკრაინაში ხდება,„არაბული გაზაფხულის ანალოგად უნდა მივიჩნიოთ თუ ახლო აღმოსავლეთის პროცესების შორეულ გამოძახილად? ანუ ეყოფა თუ არა ავღანეთსა და ერაყში გაბმულ დასავლეთს, რომელიც იძულებული იყო, ტაიმ-აუტი აეღო სირიისა და ირანის მიმართულებით და ამ საქმეში რუსეთის დახმარება ჰაერივით სჭირდებოდა, ძალა და სურვილი უკრაინის საკითხში რუსეთთან რეალური დაპირისპირებისა.

ეს ის დიაგნოზია, რომელიც შესაძლოა, საქართველოზეც გავრცელდეს.