"გამორიცხულია, რუსეთმა დასავლეთს უკრაინა დაუთმოს" - კვირის პალიტრა

"გამორიცხულია, რუსეთმა დასავლეთს უკრაინა დაუთმოს"

"ჩვენს აქციებზე რომ მოლოტოვის კოქტეილები გამოგვეყენებინა, ადგილზე დაგვხვრეტდნენ"

"რუსეთი ყველაფერზე წავა, მათ შორის უკრაინის დაშლაზეც"

"ავი როგორ ვთქვა იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც 9-წლიანი რეჟიმი შეცვალა?"

"რუსეთი ასე ერთი ხელის მოსმით არ დაკარგავს 15 მილიარდს, რომელიც ღიად გადაიხადა უკრაინაში"

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ტიტანების შერკინებას ამჯერადაც რიგითი მოქალაქეები ეწირებიან. ძნელია უპასუხო კითხვას, - ვის უფრო აძლევს ხელს უკრაინაში სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღება, რუსეთს თუ დასავლეთს. თითქოს პასუხი მარტივია და რუსეთის ბრალეულობა იოლად იკვეთება, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი დასავლეთის ინტერესებსაც ხედავს. მათი აზრით, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებას დღითი დღე ემუქრება საფრთხე, რის გამოც შეიძლება ერთიანი ევროპის იდეის შესანარჩუნებლად დასავლეთმა უკან არ დაიხიოს და თუნდაც სისხლის ფასად შეინარჩუნოს 45-მილიონიანი ქვეყანა.

ასეა თუ ისე, ყველაფერი უკრაინის თავში სახლელი იქნება, რომელმაც სამოქალაქო ომის შემთხვევაში შეიძლება ისეთივე რეალობა მიიღოს, რაც დღეს საქართველოს აქვს... საინტერესო კი ის არის, როცა თბილისში სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები მიმდინარეობდა, დასავლეთს ხალხისთვის მხარი არ დაუჭერია (მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეები აგრესიულად არ მოქცეულან). აქვს თუ არა დემოკრატიული ღირებულებების შეფასების თავისებური საზომი დასავლეთს, ამის შესახებ 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაჩეჩილაძე ("უცნობი)" გვესაუბრა.

- უკრაინაში ის ხდება, რაც საქართველომ წლების წინ აიცილა თავიდან. ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა და გონიერება მართებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. პოლიტიკოსმა არ უნდა შესწირო საკუთარ ამბიციებს ქვეყანა. დაუშვებელია ბეწვის ხიდზე ატარო ხალხი, მცირედი შეცდომაც შეიძლება ამ ქვეყნის გაყოფისა და განადგურების საფუძველი გახდეს, რადგან იანუკოვიჩი კონტროლირებადი კრიმინალია...

რუსეთი ერთი ხელის მოსმით არ დაკარგავს 15 მილიარდს, რომელიც ღიად გადაიხადა უკრაინაში. პუტინი ყველაფერზე წავა, მათ შორის ამ ქვეყნის დაშლაზეც.

რუსეთს სადავო ტერიტორიები აქვს უკრაინასთან, ამიტომ მისთვის სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება მისაღებია. უკრაინაში თუ ტყვია გავარდა (რისი პრეცედენტიც უკვე იყო) და სამოქალაქო ომი დაიწყო, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ როგორც პოლიტიკოსებს, ისე მათ, ვინც მაიდანზე ევროპულ არჩევანს იცავს.

- ევროპელი და ამერიკელი ლიდერები, საქართველოს მოვლენებისგან განსხვავებით, აღაშფოთა იანუკოვიჩის პოლიტიკამ. ზოგმა აღშფოთებას ქმედებაც მოაყოლა: გადადეს უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტები, ლაპარაკობენ იანუკოვიჩის მთავრობის ანგარიშების "გაყინვაზე, გააპროტესტეს დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრემიერ-მინისტრ აზაროვის ჩასვლა...

- უკრაინის მოვლენების მიმართ მსოფლიო ლიდერების განცხადებებს რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, თითქოს ხალხი იმარჯვებს, მაგრამ გამორიცხულია, რუსეთმა დასავლეთს უკრაინა დაუთმოს. გადაიდება ვიზიტები, უარს ეტყვიან უკრაინელებს დასავლურ მიღებებზე და რა იქნება მაგით? უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გადატრიალებაზე ისაუბრა. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელი. თუ ოპოზიცია გააქტიურდება და დაპირისპირება გაღვივდება, დაიხოცება ხალხი და ქვეყანა დაინგრევა.

- რა პარალელებს გაავლებდით უკრაინისა და საქართველოს მოვლენებს შორის?

- ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ მაშინ დასავლეთი საქართველოს მოსახლეობას მხარს არ უჭერდა. განა 26 მაისს ხალხზე უპრეცედენტო ძალადობა არ მოხდა, დასავლეთმა რომ გაამართლა სააკაშვილი?! ჩვენს აქციებზე რომ მოლოტოვის კოქტეილები გამოგვეყენებინა, ადგილზე დაგვხვრეტდნენ. ევროპა დემოკრატიულ ღირებულებებს თუ იცავს, მაშინ დიდ ქვეყანაშიც და პატარაშიც ერთნაირად უნდა დაიცვას.

- საქართველოში საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაპირისპირებისას ყოველთვის ხელისუფლება რჩებოდა გამარჯვებული. რეჟიმი მკაცრად უსწორდებოდა ხალხს და შეურაცხყოფილი ხალხიც პოზიციას თმობდა... კიევში სხვაგვარად ხდება, ხალხი ბოლომდე იბრძვის. რას მივაწეროთ ჩვენი შეჩერება - პოლიტიკური გამჭრიახობა გამოვიჩინეთ, თუ ხალხი გატყდა მაშინ?

- რა შიშზეა ლაპარაკი, ქუჩაში 200 ათასი კაცი იყო გამოსული. მიუხედავად ამისა, არც მოლოტოვის კოქტეილი გვისვრია სპეცრაზმისთვის და ჩვენი მიზეზით ხიდან ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა. ეს იყო ნამდვილად დემოკრატიული პროტესტი.

მარტივად შეგვეძლო, ისეთსავე ფორმატში გადაგვეზარდა ხალხის ვნებათაღელვა, რაც ხდება უკრაინაში.

რესურსი ძალიან დიდი გვქონდა, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტი, ვიდრე დღეს უკრაინაში აქვს ოპოზიციას. გაიხსენეთ ჩვენი შეკრება სტადიონზე. ფიქრობთ, ეს ხალხი საბურავების დაწვას და ქვების სროლას ვერ შეძლებდა?! ხალხს ეყო გონიერება და მოთმინება იმიტომ, რომ გავლილი გვქონდა 90-იანი წლები, ვიცით, რაც მოგვიტანა სამოქალაქო დაპირისპირებამ. ამიტომ მოვიქეცით გონივრულად, უკრაინას ასეთი ფაქტი არ უნახავს, ახლა გადის იმ გზას, რამაც საქართველო დაშლამდე მიიყვანა.

იანუკოვიჩის და სააკაშვილის სპეცრაზმელების სისასტიკის შედარებაც არ შეიძლება. 2011 წლის 26 მაისს რაც საქართველოში მოხდა, ასეთი რამ უკრაინის ხელისუფლებას არ ჩაუდენია. კიევის ქუჩებში ხალხი დადის, ბარიკადებს აშენებს, საბურავებს აგროვებს და ხელს არავინ უშლის. აქ ალყაში მოაქციეს საკუთარი მოსახლეობა და ხოცვა-ჟლეტა დაუწყეს. ტყეებში გაიტაცეს და აწამებს, ვინც არ გაიტაცეს, პოლიციაში აწამეს.  მიუხედავად უპრეცედენტო სიმკაცრისა, ევროპამ მაშინ თქვა, ხალხი არასწორად მოიქცაო. უკრაინაში მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან, ყველაფერს წვავენ და ამბობენ, სწორად იქცევიანო. რამდენად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენთვის ადვილად გასაგებია, რადგან ხომ ვიცით სიმართლე, ვნახეთ, რომ არავინ დაგვიცვა და ისიც ვიცით, რომ გამოსვლები დემოკრატიული იყო და არაფერი დაგვიშავებია.

- მაშინ ხალხმა თქვენი ნდობაც დაკარგა, როგორ ფიქრობთ, რა იყო უნდობლობის მიზეზი?

- უსამართლობით განაწყენებული ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლას ითხოვდა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. სწორად მოვიქეცით, რომ ისეთი ამბავი არ დავატრიალეთ, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

სააკაშვილმა ორად გაყო საზოგადოება, სამოქალაქო შუღლის საშიშროება იყო, მაგრამ მთავარია, საქართველომ შეძლო ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.

- როგორ აფასებთ ხელისუფლების შეცვლას. ამა თუ იმ საკითხზე უკმაყოფილების მუხტი მატულობს. ხომ არ მოტყუვდა კიდევ ერთხელ ამომრჩეველი, ხომ არ მოუწევს ახალ მთავრობასაც ცხელი დღეების გადატანა?

- ვფიქრობ, ნაადრევია ეს შეკითხვა, რადგან ივანიშვილმა გააკეთა ის საქმე, რაზეც ქართველი კაცი ვერც იოცნებებდა... ორი წელი მაინც უნდა მოვითმინოთ, რომ დავინახოთ, რისი მიღწევა შეძლო საქართველომ.

- ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მოსახლეობამ ცუდად გაიგო. ბევრი კრიტიკულად განეწყო მის მიმართ. როგორ ფიქრობთ, არის საზოგადოების გულისწყრომა არგუმენტირებული?

- ივანიშვილმა შეასრულა ყველაფერი, რაზეც ისაუბრა პირველ წერილში, როცა პოლიტიკაში შემოვიდა. მისი პოლიტიკიდან წასვლაც დაანონსებული იყო და არც აქ უნდა გაჩენილიყო კითხვები. მით უმეტეს ის სამოქალაქო სექტორში გადადის, საიდანაც ასევე აქტიურ პოზიციას დააფიქსირებს. არის საკითხები, რაც არ მომწონს, მაგალითად ის, რომ ჭიანურდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ხალხს არ უბრუნდება წართმეული ქონება და არც ის ჩანს, მუშაობს თუ არა ამ საკითხის გადასაწყვეტად სახელმწიფო. ავი როგორ ვთქვა იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც 9-წლიანი რეჟიმი შეცვალა?

- როგორ აფასებთ თბილისის მერად დავით ნარმანიას კანდიდატურას?

- თბილისის მერი უნდა იყოს თბილისის სახე, ადამიანი, რომელიც სისხლხორცეულად არის თავის ქალაქთან დაკავშირებული. ნარმანიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვერ ვემხრობი მის კანდიდატურას, მას თავისუფლად შეეძლო ყოფილიყო ზუგდიდის მერი, საიდანაც არის წარმოშობით. თბილისს ამ ქალაქის სახე და კოლორიტი სჭირდება მერად, რომელიც უყვარს თბილისელ ხალხს და ენდობა.

- თბილისი დედაქალაქია და მსგავსი დიფერენციაცია საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარია.

- თბილისის მერს თბილისის მაჯისცემა უნდა ესმოდეს. ამას სიტყვით ვერ აგიხსნით.  ქუთაისის მერი თბილისელი რომ გახდეს, არ იქნება წარმატებული. ყველა ქალაქს თავისი პეწი და განცდა აქვს, ხელმძღვანელი სისხლითა და ხორცით უნდა იყოს შეთვისებული ქალაქს.

- ამბობენ, რომ თბილისის მერობაზე შეიძლება თქვენმა ძმამ, ლევან გაჩეჩილაძემ იყაროს კენჭი.

- თვითმმართველობის არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი და ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

უტა ბიწაძე