"ძნელია 2007 წლის 7 ნოემბრისა და იმის შედარება, რაც დღეს უკრაინაში ხდება."
27-01-2014
"ძნელია 2007 წლის 7 ნოემბრისა და იმის შედარება, რაც დღეს უკრაინაში ხდება."
"ჩვენ ხელოვანები ვართ და ყველა მთავრობა ჩვენ მიმართ უნდა იყოს ლოიალური"

"
ძნელია 2007 წლის 7 ნოემბრისა და იმის შედარება, რაც დღეს უკრაინაში ხდება."

საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ქართველი ხალხი თავადაც არაერთხელ შებრძოლებია უსამართლობას, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც საპროტესტო აქციების დარბევის გადაწყვეტილებას იღებდნენ, დღეს მხარს უჭერენ უკრაინაში სამთავრობო ძალებთან დაპირისპირებულ ხალხს. გულისხმიერნი გახდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ის პირებიც, რომლებიც გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლების გადაცდომებზე დუმილს ამჯობინებდნენ. დღეს ისინი
სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ თანადგომას უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო: ზოგი კიევში მიდის პროტესტანტების გასამხნევებლად, ზოგიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით თანაუგრძნობს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ უკრაინის ჰიმნი შეასრულა და სოციალური ქსელით გაავრცელა. "კვირის პალიტრა" სოფო ნიჟარაძეს ესაუბრა:


- მინდოდა სოლიდარობა გამომეცხადებინა უკრაინელი ხალხისთვის და ვიდეო
ჩავწერე. ვაფასებ მებრძოლ უკრაინელ ხალხს და ძალიან განვიცდი, როცა ხალხის ჩაგვრას ვხედავ. ჩემი ქმედება სულიერი გამოძახილიც იყო, რადგან არ მინდა იგივე მოხდეს ჩემს ქვეყანაში.

- საქართველოშიც იყო მსგავსი გამოსვლები და ხელისუფლებამ არაერთხელ გამოიყენა ძალა მომიტინგეთა დასაშლელად. ალბათ, გახსოვთ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები, მაშინ საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა ხელისუფლებამ.
- ძნელია 2007 წლის 7 ნოემბრისა და იმის შედარება, რაც დღეს უკრაინაში ხდება. რეალობა სრულიად განსხვავებულია. მე მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი, საქართველოში 2008 წლის 9 აგვისტოს ჩამოვედი, სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე ძალიან უჭირდა ქვეყანას. საჰაერო სივრცე ჩაკეტილი იყო და ერევნის გავლით შემოვედი. ვიცოდი, ომის ეპიცენტრში მიწევდა ჩამოსვლა, თუმცა მე ეს არჩევანი გავაკეთე და ვალდებულად ჩავთვალე თავი, ჩემი ხალხის გვერდით ვმდგარიყავი. ამიტომ კრიტიკას, რომ პასუხისმგებლობას გავურბოდი, ვერავისგან მივიღებ.

- უკრაინელი მომიტინგეები ბევრად რადიკალურად იქცევიან, ვიდრე ქართველი დემონსტრანტები იქცეოდნენ.
- მე ჩემი დამოკიდებულება გითხარით. თუ იგივე მოთხოვნები გაჩნდება ჩემს ქვეყანაში, რაც უკრაინელებს აქვთ და საფრთხე შეექმნება დეკლარირებულ საგარეო კურსს, ხალხთან ერთად დავდგები ბარიკადებზე.

- საქართველოს ხელისუფლება 2011 წლის 26 მაისსაც გაუსწორდა დემონსტრანტებს. მაშინ თქვენ საქართველოში ცხოვრობდით, თუმცა არ გიაქტიურიათ. სოციალურ ქსელებშიც ამას გსაყვედურობენ.

- 26 მაისის მოვლენების დროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო აშშ-ში, სადაც მე საქართველოს ჰიმნი შევასრულე. მივიჩნევ, რომ ქვეყნისთვის სოლიდარობის გამოცხადების ყველაზე მძაფრი გამოხატულება ეროვნული ჰიმნის შესრულებაა და სხვანაირად როგორ გამომეხატა, რას შემომთავაზებდით?!

- ტექნოლოგიურ სამყაროში ცხოვრება იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ დრო და მანძილი შეამციროს ადამიანმა აზრისა თუ განცდის გამოსახატავად. საქართველოში ხომ ჩაწერეთ უკრაინის მხარდასაჭერად ვიდეოფირი, უკრაინის ჰიმნი იმღერეთ, იმავეს გაკეთება არ შეგეძლოთ 26 მაისის მოვლენებზე?
- გეუბნებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები და საქართველოს ამბები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, თუმცა, რაც შეეხება ძალადობას, მაშინაც ვგმობდი, ახლაც ვგმობ და ყოველთვის დავგმობ.

- ლოიალური იყავით წინა ხელისუფლების მიმართ და ამის გამო არ ახმაურებდით თქვენს პოზიციას, თუ დატვირთული გრაფიკის გამო ამის გაკეთებას ვერ ახერხებდით?

- ცდილობთ, პოლიტიკურ დისკუსიაში ჩამითრიოთ და ის მათქმევინოთ, რასაც არ ვიტყვი, რადგან პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ. ვიმეორებ, 26 მაისს ამერიკიდან სიმღერით მივმართე ჩემს ქვეყანას და საქართველოს ჰიმნი შევასრულე. უკაცრავად, მაშინ თუ ვერ მოვიფიქრე მსგავსი მიმართვის ჩაწერა, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი სათქმელი იქ შესრულებული ჰიმნით ვთქვი.

- საზოგადოების ნაწილი ბევრ ცნობილ პირს წინა ხელისუფლებისადმი მეტისმეტ ლოიალურობაში სდებდა ბრალს, ზოგჯერ თქვენც ხვდებოდით მათ სიაში.

- ვფიქრობ, ხალხის სახელით საუბარი გაუმართლებელია. მე მათ ვხვდები ქუჩაშიც, რეგიონებშიც, ქალაქშიც და ყოველთვის კეთილგანწყობით მხვდებიან. ეს არის ცრუ პიარი, რომელიც შეგნებულად ვრცელდება. ამჯერად ვინ არის ლოიალურად განწყობილი ამ მთავრობისადმი?! ჩვენ ხელოვანები ვართ და ყველა მთავრობა ჩვენ მიმართ უნდა იყოს ლოიალური. იმ მთავრობას, რომელიც დაინტერესდება ხელოვნების სფეროთი და ხელს შეუწყობს კულტურული ცხოვრების განვითარებას, გვერდით დავუდგები.

- პოლიტიკოსები ხელოვანების გამოყენებას ხშირად ცდილობენ თავიანთი მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათი მიღწევები. უბრალოდ, ზოგი რესურსად არის საჭირო. არ მეთანხმებით?

- სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის ცდილობენ, პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთს დაუკავშირონ. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსი უფრო პოპულარულია, ვიდრე ხელოვანი და ეს ცუდი პრაქტიკაა. ეს გასაგებიც არის, - როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ხალხს აღელვებს ქვეყნის მომავალი.

- დასასრულ, გავკადნიერდები და ერთ კითხვას დაგისვამთ თქვენს ირგვლივ გავრცელებულ ჭორებზე. ეს ყველაფერი ბინძური ჭორი იყო თუ პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა?

- ამ საკითხზე ვრცლად საუბარს არ ვაპირებ. პირად ცხოვრებაში ჩარევა დაუშვებელია, რომ არაფერი ვთქვათ აბსურდულ ჭორებზე. მესმის საზოგადოების ინტერესი ცნობილი სახეების მიმართ, მაგრამ ეს არ უნდა სცდებოდეს იმ ზღვარს, სადაც ფანტასტიკის სფერო იწყება.

უტა ბიწაძე
sandro
01 თებერვალი 2014 07:43
sai8neresoa komentarebi, samwuxaroa sakartveloshi xaxli am karapshuta kalis tyuilebze amdeni ambavia atexili, es gogona iyo da aris dorbliani mishas da nacebis moyvaruli da 26 maisi arcmagas da arc bevrs magis nairebs gaprotesteba arc ki ucdiat, imitom rom mashin xalxs ezaxdnen mogalateebs da girsebi ariano, kartvelebs male gvaviwydeba xolme yvelaperi. mokled ukrainis venebis chras jibda da jobia gogoni sakartvelostvis shegtkiodes guli da ara da ara nacebis da mis beladis xrovaze
shoda
31 იანვარი 2014 04:23
ცუდადაა საქმე, რადგან პრესა, ტალევზია და აზრის გავრცელების საშუალებანი ცრუთ, ყალბებს და დაბადებით ლაჩრებს ჩაგიგდიოათ ხელთ!
- თქენი დროც გადავა და მოენზადეთ პასუხისგებისთვის!!!!
Mariami
30 იანვარი 2014 15:54
სოფო ძალიან ჭკვიანია და გადასარევად გასჩა პასუხები, მიუხედავად ჟურნალისტების მჩდელობისა დაეჩდინათ სისულელე, როგორც ბადურაშვილის შემთხვევეში!

რედაქტორის რჩევით