მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

უკრაინა და ჩვენ

ვიცი, ეს ბრძოლა როგორ დასრულდება, მაგრამ, ალბათ, კარგი გაკვეთილი იქნება პუტინისთვის, რომ ქვეყნის ხელში ჩასაგდებად სულაც არ არის საკმარისი პოლიტიკურ ელიტასთან გარიგება. უკრაინა არც იანუკოვიჩის არის და მით უმეტეს, არც პუტინის. უკრაინა უკრაინელი ხალხისაა და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა თითქმის ორად არის გაყოფილი, საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს. მერე რა, რომ ამხელა ქვეყნისთვის ხალხის ის რაოდენობა, რაც მაიდანსა და გრუშევსკიზეა, შეიძლება ბევრი არ არის, ქვეყნის ბედს ყოველთვის მოქალაქეების აქტიური ნაწილი წყვეტს და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება.

ერთადერთი, რაც არ მომწონს, თავად მომიტინგეთა ძალადობაა, ფაქტობრივად, სპეცრაზმს ეომებიან. ერთი მხრივ, ეს მათ საშუალებას აძლევს, საპროტესტო ტერიტორია არ დათმონ, თუმცა, მეორე მხრივ, ეს შეიძლება სამოქალაქო ომით დასრულდეს.

რა თქმა უნდა, მეც ვაქებ უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, მაგრამ ვერ გავიზიარებ თვითგვემას, რომ უკრაინელები ჩვენზე მაგრები არიან. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ჩვენც არანაკლებ მაგრები ვართ, თუ უფრო მეტად არა. ჩვენ ამის ნახევარსაც კი ვერ გაგვიბედავს ხელისუფლება. არ დამიწყოთ ახლა, სააკაშვილმა ამაზე უარესი არ გაგვიბედაო?! რა, ვინმემ ჩვენი რუსეთისკენ შებრუნება გადაწყვიტა და ჩვენ შევარჩინეთ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ქვეყანაში, ვიღაცამ პრორუსული კურსი რომ გამოაცხადოს?! რა, მიტინგებზე გამოჩენილი სისასტიკე შევარჩინეთ? (თუმცა ჩვენთან პირდაპირ სნაიპერის ტყვიით არავინ მოუკლავთ). 7 ნოემბერსაც კი სააკაშვილს გადადგომამ მოუწია და რომ არა მაშინდელი ოპოზიციის შეცდომები, პრეზიდენტი ვეღარც გახდებოდა.

საქართველოში ბევრი მაინც ავლებს პარალელს 7 ნოემბერსა და 26 მაისთან და აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მორალური უფლება არა აქვს, უკრაინაში აქციის დარბევა გააპროტესტოს. "ნაციონალები" კი პასუხობენ: ამ მოვლენებს ერთმანეთს როგორ ადარებთ, უკრაინაში ხალხი ევროპას ითხოვს, ჩვენთან კი პრორუსული ძალები მართავდნენ მიტინგს და ჩვენი რუსეთის უკანალში შეტენვა უნდოდათო. რა თქმა უნდა, ჩვენთან მომხდარ მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს შორის ზუსტი ანალოგია არ არსებობს, მაგრამ ვერც იმათ გავუგებ, ვინც სააკაშვილის გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ 7 ნოემბერსა და 26 მაისს შეკრებილი მომიტინგენი პრორუსული ძალები იყვნენ. ეს უბრალოდ ამორალური პოზიციაა! თან ისიც საკითხავია (განსაკუთრებით 7 ნოემბერს), იქ გამოსული ყველა ადამიანი იყო თუ არა პრორუსული ორიენტაციისა, თუმცა ამას სულაც არა აქვს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა. რა გამოდის? - პროევროპელის ცემა არ შეიძლება და პრორუსი მომიტინგისა - კი? რა გამოდის: პროევროპელს აქვს გამოხატვის თავისუფლება, პრორუსს კი - არა? არა, "ნაციონალები" ვერაფერს ისწავლიან!

თუმცა საქართველოში უკრაინას მხოლოდ ისინი არ გულშემატკივრობენ. ყველა პროდასავლური ძალა მათ გვერდითაა. ბევრი ამტკიცებს, რომ თუ რუსეთმა უკრაინა ჩაყლაპა, მერე ჩვენ დესერტად მიგვაყოლებს. ამაში, რა თქმა უნდა, არის ლოგიკა, მაგრამ შეიძლება პირიქითაც გამოვიდეს. გემახსოვრებათ, რაც უფრო აძლიერებდა ზეწოლას რუსეთი, მით უფრო ჩქარდებოდა ჩვენთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ბევრი შიშობს, რომ ოლიმპიადის შემდეგ რუსეთი ჩვენთვის მოიცლის. მე კიდევ მგონია, რომ ფეხებსაც ვერ მოგვჭამს, რამეთუ უკვე მოგვჭამა. გავბედავ და გავაკეთებ ცოტა სარისკო პროგნოზს: რუსეთი განსაკუთრებულს არაფერს მოიმოქმედებს ევროპასა და ჩვენ შორის ასოცირების შესახებ ხელმოწერის შესაჩერებლად. ის გაცილებით მშვიდად შეხვდება ამ ამბავს, ვიდრე უკრაინის შემთხვევა იყო. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - აქამდეც მრავალჯერ თქმულა, რომ ჩვენზე ზეწოლის ბერკეტები თითქმის აღარ დარჩა (თუმცა, თუ მოინდომა, რაღაც მამაძაღლობა შეიძლება კიდევ მოიფიქროს), და მეორე - ჩემი აზრით, 2008 წელს, როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გადაწყვიტა, მან საკუთარი ხელით გადაჭრა ის ორი ძაფი, რომლითაც ჩვენი დაკავება შეეძლო. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე იმ დროისთვის ჩვენი მისი გავლენის სფეროში დაბრუნების იმედი აღარ ჰქონდა. ამიტომ ახლა მთავარია, ეს იმედი თავად აღარ დავუბრუნოთ, ანუ იქით არ შევეტენოთ, თორემ ის, რომ რუსეთი რაღაც განსაკუთრებულს მოიმოქმედებს და ზეწოლას დაიწყებს, არ მჯერა.

ევროპაზე კი რა გითხრათ? ხალხი კიევის ცენტრში ევროპული ორიენტაციის დასაცავად იღუპება, ევროპა კი მხოლოდ ნწ, ნწუო - გაიძახის.

"მოქალაქე" ბიძინა და საზმაუ

დღეს, როდესაც დავოსში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთელი მსოფლიო' თავისი ინგლისურით გააკვირვა, ხოლო ედუარდ შევარდნაძემ უკრაინის მოვლენების გამო დაბადების დღის აღნიშვნა გადადო, ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ბრუნდება. როგორც ნათქვამი იყო, იგი სამოქალაქო სექტორში იწყებს მოღვაწეობას. უკვე დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" და 28 იანვარს მის პრეზენტაციასაც გამართავს. სწორედ ამ დღეს გაგვიმხელს, რა იქნება მისი ორგანიზაციის პრიორიტეტები, მანამდე კი მხოლოდ ზოგადი მონახაზი ვიცით. ორგანიზაციის მიზნებიდან ყველაზე მეტად ამ პუნქტმა დამაინტერესა: "იზრუნოს საქართველოში დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედიის განვითარებისათვის". პირადად მე დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედიის განვითარებას სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას ვუკავშირებ, თუმცა ბატონი ბიძინას მიერ დატოვებული საპარლამენტო უმრავლესობა ჯერჯერობით იმედს გვიცრუებს - პარლამენტმა უკვე მეორედ ვერ მოახერხა საზმაუს სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება, 9 კაცი ვერ ამოარჩიეს იმ 27 კანდიდატისგან, რომლებიც პარლამენტს მათ მიერვე შექმნილმა კომისიამ წარუდგინა.

პარლამენტმა მხოლოდ 3 კაცი ამოარჩია. დანარჩენები გაუგებარი მიზეზებით დაიწუნეს. ახლა უკვე სხვა კომისია უნდა დააკომპლექტონ და ახალი კონკურსი გამოაცხადონ. თუ თავისივე შექმნილ კომისიას არ ენდობოდნენ, რა საჭირო იყო საერთოდ? და ახალმა კომისიამაც რომ არ აირჩიოს ისეთი ხალხი, ვინც უმრავლესობაში ყველას მოეწონება? თუ მაინც ყველაფერი უმრავლესობის გემოვნებაზეა დამოკიდებული, რაღა საჭირო იყო კომისიის შექმნა, პირდაპირ აერჩიათ, ვინც უნდოდათ? კომისია ხომ იმიტომ შეიქმნა, რომ ეს ტელევიზია პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებულიყო? ახლა კი რა ხდება?

ბატონო ბიძინა, დასკვნას ნაადრევად არ გამოვიტან. დაველოდები, ვის აარჩევს თქვენ მიერ დატოვებული საპარლამენტო უმრავლესობა, მანამდე კი იმედია, თქვენი ახალი ორგანიზაციის მიზანი: "იზრუნოს საქართველოში დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედიის განვითარებისათვის", მხოლოდ ჟურნალისტების მიჯირყვნას არ გულისხმობს.