"ამერიკისა და რუსეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა"
27-01-2014
"ამერიკისა და რუსეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა"
საერთაშორისო სკანდალი

"აშშ რუსეთთან საინფორმაციო ომში სააკაშვილს გამოიყენებს?!"


ვაგრძელებთ "კვირის პალიტრის" წინა ნომერში (20.01.2014) დაწყებულ თემას "საერთაშორისო სკანდალი", რომელიც იარაღის კონტრაბანდულად შემოტანის სქემის გაშიფვრას ეხება. ამჯერად ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია  "კვირის პალიტრას" ჩეკისტურ-ოლიგარქიული კლანების თემაზე, მათთან იანუკოვიჩის კავშირსა და აშშ-სა და  რუსეთს შორის საინფორმაციო ომის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.


- ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის, სასამართლო პროცესს ინტერესითG ვაკვირდები. ფრანგული მხარე კეზერაშვილს ციხიდან ჯიუტად რომ არ უშვებს, მრავლისმთქმელია.  მაგალითად, როცა საფრანგეთის
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საკითხი განიხილა, ეს უკანასკნელი ორი დღითაც კი არ გააჩერა ციხეში და საქართველოს მის გადაცემაზე უარი უთხრა. აშკარად განსხვავებული სიტუაციაა კეზერაშვილთან. ახლახან (ორი კვირით ადრე, ვიდრე კეზერაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყებოდა) საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიღება გართულდეს, აქედან ერთ-ერთი
საქართველოა. ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ამ ქვეყნებში ვითარება გაუმჯობესდა და ასე თუ ისე, დემოკრატიულ სტანდარტებს დაექვემდებარა. ასე რომ, მე მაინც ველი, რომ უახლოეს ხანში იარაღით ვაჭრობის საქმეზე დიდი სკანდალი დაიწყება და დარტყმას ამჯერად პუტინის გარემოცვა მიიღებს. გამოიკვეთება სხვადასხვა ოლიგარქის კავშირი კრემლის ჩეკისტურ კლანთან.… 

- "კვირის პალიტრის"  წინა ნომერში თქვენ ივარაუდეთ, რომ ამ პროცესში დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია თავიანთ როლს შეასრულებენ. როგორ ფიქრობთ, უკრაინაში მოვლენათა განვითარებამ არ შეაფერხა ეს პროცესი?
- არა, პირიქით, ამერიკისა და რუსეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა, მათ შორის მწვავე პროპაგანდისტული ომია გაჩაღებული.  ამიტომ ამერიკელები შეეცდებიან პუტინის გარემოცვასა და ჩეკისტურ-ოლიგარქიულ კლანებს ახალი დარტყმა მიაყენონ სწორედ იარაღით ვაჭრობისა და ვიქტორ ბუტთან კავშირის თემით. როგორც ვხედავთ, ევროკავშირის განცხადებას უკრაინის ხელისუფლების მხარდამჭერი ოლიგარქებისთვის ანგარიშების გაყინვის თაობაზე, დიდი ძალა არა აქვს. იანუკოვიჩი თავად არის ოლიგარქიული კლანების წარმომადგენელი, სახელდობრ, დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის კლანებისა. სხვათა შორის, ამ კლანის წარმომადგენელი ოლიგარქები კრემლში დაიბარეს და მხარდაჭერა მოსთხოვეს.  მათ ბიზნესი, ძირითადად, რუსეთში აქვთ, ოფშორულ კომპანიებში კი - აქტივები, რაზეც დასავლეთს ხელი არ მიუწვდება. იმავდროულად, "გაზპრომმა" განაცხადა, რომ მისი შემოსავალი 10%-ით შემცირდა და უკრაინაში პოლიტიკური აქტივობის გამო შეიძლება ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუმციროს.

ასე რომ, ერთი მხრივ, ევროპა ამერიკის სასარგებლოდ, ხოლო მეორე მხრივ, ჩინეთი რუსეთის მხარდასაჭერად სენტიმენტების დონეზე აკეთებენ განცხადებებს, ორ მთავარ მოთამაშეს კი, აშშ-სა და  რუსეთს, აშკარა საინფორმაციო ომი აქვთ. ამერიკელებმა სამხედრო ხომალდების გამოგზავნით პუტინს, ფაქტობრივად, შესთავაზეს, სოჭის ოლიმპიადის ჩატარება საფრთხის შემცველია სპორტსმენებისთვის და ჩვენ დაგეხმარებით უსაფრთხოების დაცვაშიო. ამით დაამცირეს პუტინი და ასე ვთქვათ, "გეოპოლიტიკური სილა" გააწნეს.…ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი თვლის, რომ სირიის კონფლიქტის საკითხის გადაწყვეტა და ირანის პრობლემის მოგვარებაც მასზეა დამოკიდებული. ის კი ასეთი  დიდი ამბიციების პარალელურად ამერიკისგან ალიყურს იღებს. ამერიკელებმა რადიკალურ ღონისძიებებს მიმართეს: გაუუქმეს ვიზები იმ ბიუროკრატებს,  ვინც მიტინგის დარბევასთან არიან დაკავშირებული, დაიწყო ლაპარაკი უკრაინისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე. ასე რომ, უკვე პოსტ ფაქტუმ ვითარდება პროცესები (ცხადია, რუსეთი ყირიმის კოზირსაც აუცილებლად გაათამაშებს). ამ ვითარებაში უკრაინელებმა თავადაც არ იციან, რას ელიან. მალე დავინახავთ, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის გამალებული საინფორმაციო ომი პიკს მიაღწევს და როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთი თემა რუსი ჩეკისტურ-ოლიგარქიული კლანების იარაღით ვაჭრობაში მონაწილეობა და  მათი ტერორისტებთან კავშირის მამხილებელი დოკუმენტები იქნება. არ არის გამორიცხული, საამისოდ სააკაშვილი (როგორც ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო) გამოიყენონ. მას ახლა ამერიკაში სპეციალური სამსახური მეთვალყურეობს. 6 თვეა ნიუ-იორკში ცხოვრობს, ლექციებს კითხულობს ფლეთჩერის უნივერსიტეტში, რომელიც საკმაოდ მოშორებით, სულ სხვა შტატშია. უკვე ითქვა, რომ ამ პერიოდში საქართველოში არ ჩამოვა, ცხადია, ამის უფლებას, ჯერჯერობით, არ მისცემენ.        
levani56
27 იანვარი 2014 20:52
ასეთი პოლიტიკური სიტუაციია მსოფლიოში 1939წლიდან არყოფილა

რედაქტორის რჩევით