"ვინმე შედევრებს წერს და ცეცხლში უწვავენ ან მღერის და პირს უხშობენ? " - კვირის პალიტრა

"ვინმე შედევრებს წერს და ცეცხლში უწვავენ ან მღერის და პირს უხშობენ? "

"გაჩეჩილაძე არის ანტიევროპული, ანტიამერიკული, ანტიცივილიზებული და რუსული ძალა"

"ცდილობენ, ძეგლების გადატანასა და შადრევნების გაკეთებაშიც კი რაღაც არაეროვნული დაინახონ"

საახალწლოდ განათებულ, მორთულ და მოზეიმე ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიები გადასცემდნენ. 31 დეკემბერს ბათუმში მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები მღეროდნენ. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ბათუმიდან რამდენიმე წუთის ჩამოსული იყო, როდესაც შეგვხვდა:

-  ბათუმში ჩასვლა განსაკუთრებით შემიყვარდა, რადგან ის არის  ქალაქი, სადაც გრძნობ, რომ საქართველოს ვეღარ შეაჩერებენ. ეს ვიგრძენი ზაფხულში, როდესაც ვხედავდი, როგორ მოჰქონდათ გაზონები, პალმები და როგორ გრძელდებოდა ბულვარი. ეს ვიგრძენი გუშინაც და დღესაც.

- სხვათა შორის, ბათუმზეც გავრცელდა ბოლო დროს გაჩენილი ტენდენცია - მოსიარულე ძეგლები. მემედ აბაშიძის ძეგლი გადაიტანეს და ილია ჭავჭავაძის ძეგლსაც შეუცვალეს ადგილი.

- მემედ აბაშიძის ძეგლის ამბავი კარგად არ მახსოვს, ილიას ძეგლი კი შესანიშნავ ადგილზეა, ბათუმის შესასვლელშივე. როდესაც ქალაქი იზრდება, ძეგლი შეიძლება ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანო და შენობებსაც შეუცვალო სახე, მაგრამ ადამიანები, რომელთაც ყველაფერში ხელი ეცარებათ, გარდა კრემლში ვოიაჟებისა, ცდილობენ, სხვებს მიაკერონ იარლიყი - არაეროვნული. ცდილობენ, ძეგლების გადატანასა და შადრევნების გაკეთებაშიც კი რაღაც არაეროვნული დაინახონ. ეს არის იაფფასიანი ფანდი, რომელზეც ქართველი საზოგადოების წამოგებას ცდილობენ, მაგრამ ჩვენი ხალხი ჭკვიანია და ეს ანკესები მხოლოდ ერთეულებს თუ მოინადირებს.

- ერთმა ჩემმა რესპონდენტმა განაცხადა, საახალწლოდ კარერასი მოიპატიჟეს, მაგრამ ებრძვიან პაატა ბურჭულაძესო.

- რას ჰქვია, ებრძვიან? პაატა ბურჭულაძეს უნდა სიმღერა და ამის საშუალებას არ აძლევენ?

- ხელისუფლებამ გააკრიტიკა მოსკოვში ჩასვლის გამო.

- პაატა ბურჭულაძისა და ქალბატონი ნანი ბრეგვაძის მოსკოვში ვოიაჟებზე, პრიმაკოვსა და მედვედევთან ერთად გამართულ საქველმოქმედო საღამოებზე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ არ ვარ მორალისტი და ქადაგებას ვერ დავიწყებ. მიმაჩნია, რომ ეს არ არის ყველაზე სასიქადულო საქმიანობა, რაც შეიძლება ქართველმა ჩაიდინოს.

რუსეთი საქართველოს მტერია, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს რაღაც ტიპის ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქემ და ხელოვანმა არ უნდა თქვას, რომ ეს არის მისთვის ყველაზე სასიამოვნო ურთიერთობა.

ნოღაიდელის მოსკოვში ჩასვლა კი კოლაბორაციონიზმი და ქვეყნის დამანგრეველ ძალასთან თანამშრომლობაა. ეს არის ქართველი საზოგადოებისთვის თქმა, ვარ იმ ადამიანების გვერდით, რომელთაც დაბომბეს საქართველო და გაანადგურეს ასეულობით მოსახლეო. ნოღაიდელის შეხედულებას ეთანხმება ლევან გაჩეჩილაძეც. თუ უნდათ, ჩავიდნენ მოსკოვში, მაგრამ ამაზე ქართველი საზოგადოებისაგან პასუხი ძალიან მკვეთრი იქნება...

- მაგრამ თუკი ასეთ ვიზიტებს თუნდაც დატყვევებული მოზარდების გათავისუფლება მოჰყვება?

- ეს პირები კრემლის პოლიტიკური მოკავშირეები არიან. ნოღაიდელი უკვე აღარ არის ქართველი საზოგადოების ნაწილი. შესაძლოა, განგებაც მოიტაცონ ბავშვები და ისევ ნოღაიდელს გამოაშვებინონ, თითქოს ის იყოს შემწე ჩვენი საზოგადოებისა. ეს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, მაგრამ გარწმუნებთ, ნოღაიდელის რეიტინგი 1%-ზე მეტი არ იქნება.

ნოღაიდელი იქნება ტექნიკური აღმსრულებელი, კრიმინალური ფულის გამნაწილებელი, ამბის მიმტან-მომტანი.

- რას ნიშნავს კრემლისაგან მართული ოპოზიცია?

- იმას, რომ კრემლში იყვნენ. პოლიტიკური შეფასება არ გულისხმობს ფოტოების წარმოდგენასა და ჩანაწერების ქონას. პოლიტიკური განცხადების გაკეთება ადამიანის საქმიანობაზე ან მოსაზრებებზე დაყრდნობითაც შეიძლება. სწორედ ამის საფუძველზე ვამბობ, რომ ბატონი გაჩეჩილაძე არის ანტიევროპული, ანტიამერიკული, ანტიცივილიზებული და რუსული ძალა. ამის თქმის საფუძველს იძლეოდა მისი ანტიამერიკული განცხადებები. ადრე ამ შეფასებების გამო გვეუბნებოდნენ, ოპოზიციას ცილს სწამებთო, მაგრამ ახლა ხომ დადგა ჭეშმარიტების მომენტი? ნოღაიდელი ჩავიდა მოსკოვში, ელაპარაკება  და დახმარებას იღებს მედვედევისა და პუტინისაგან, რომ გაანადგუროს საქართველო. ის საჯაროდ ამბობს, გავანადგურებ ხელისუფლებასო.

- ხელისუფლებას და არა საქართველოსო.

- სამხედრო ძალითა და ეკონომიკური ბლოკადით რომ ვერ მოახერხეს ჩვენი ხალხის გატეხა, ახლა ამბობენ, ქართველი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია, მაგრამ საქართველოს ცუდი ხელისუფლება ჰყავს და ყველა პრობლემა ამის ბრალიაო. ჰყოლია კი საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ნდომებია საქართველო თავისუფალი ყოფილიყო და რუსეთს მასთან კეთილი დამოკიდებულება ჰქონოდა?  ეს არის ძალზე დაბალი ერუდიციის ადამიანებისთვის განკუთვნილი ფანდი. ჩვენ ჩვენს მიწაზე გვინდა ბედნიერი ვიყოთ და თავს არავის ვესხმით. ამისთვის ღირს ბრძოლა და სიკვდილი.

- ამასწინანდელ ინტელიგენციის შეკრებას ხელისუფლების დიდი შეშფოთება მოჰყვა. ისინი უკვე მერამდენედ გამოცხადდნენ "წითელ ინტელიგენციად" და კრემლის მოკავშირეებად.

- ინტელიგენციამ მნიშვნელოვანი დესტრუქციული როლი შეასრულა ამ შემოდგომაზე. ისინი მართლაც იყვნენ კომუნისტური ნომენკლატურის ნაწილი. დიახ, იყო წითელი ნომენკლატურა, რომელთაგან ზოგი ლექსებს წერდა ლენინზე... ახალ რეალობაში მათ ისევ სურთ, ხელისუფლებისაგან უხვად დაფინანსება  და ამ შემთხვევაში დაუჭერენ მას მხარს, ისევე როგორც უჭერდნენ მხარს შევარდნაძის ხელისუფლებას, აქებდნენ და ადიდებდნენ...

- ისინიც ამბობენ, რომ სააკაშვილსაც ჰყავს თავისი კარის ინტელიგენცია.

- ვინ არის სააკაშვილის კარის ინტელიგენცია? არავინაც არ არის. ცუდი მწერალი, მუსიკოსი და ცუდი პოეტი თუ ხელისუფლების მხარდამჭერი იქნება, ამის გამო გამორჩეული ვერ გახდება. ყველას აქვს შესაძლებლობა, თუკი ნიჭი აქვს, წარმატებას მიაღწიოს ნებისმიერ სფეროში. ძალიან გამიხარდებოდა, თუკი ეს ადამიანები მოახერხებდნენ კომუნისტური ბაცილის მოშორებას და საქართველოს შენებაში მონაწილეობას. ვინმე შედევრებს წერს და ცეცხლში უწვავენ ან მღერის და პირს უხშობენ?  დაუსაბუთებელი პრივილეგიები არავის ექნება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ესენი სინამდვილეში პოლიტიკოსები არიან. შემოქმედებითი ინტელიგენცია თუ არიან, გააკეთონ რამე ისეთი, რაც მკითხველს ან მაყურებელს მოეწონება.

მინდა 2010 წელი ბედნიერი იყოს, ყველა დამშვიდდეს და დაუბრუნდეს საქმეს, რომელიც მათთვის ძვირფასია. პოლიტიკოსებმა დაალაგონ ქვეყანა, მწერლებმა დაწერონ კარგი ნაწარმოებები, მუსიკოსებმა კი - სიმფონიები. საქართველო იქნება ბედნიერი მას შემდეგ, რაც რუსები წავლენ ამ ქვეყნიდან.