არავის გამოუთქვამს სიხარული ცხინვალის აღიარების გამო - კვირის პალიტრა

არავის გამოუთქვამს სიხარული ცხინვალის აღიარების გამო

"ქართულ სოფლებში გადაღება არ მირჩიეს, ეშმაკს არ სძინავსო"

საზოგადოების განსასჯელია, არის თუ არა წლის მოვლენა ქართული დელეგაციის ცხინვალში სტუმრობა. თუმცა, ფაქტია, რომ თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ, 2009 წლის დეკემბერში კოკოითის სეპარატისტული რეჟიმი ქართველებს პირველად დაეთანხმა კონფლიქტის ზონაში დაშვებაზე. პაატა ზაქარეიშვილს, მანანა მებუკესა და ვახო კომახიძეს ცხინვალში ფეხდაფეხ მიჰყვა გაოპოზიციონერებული ზურაბ ნოღაიდელი, რომლის კოკოითისთან სტუმრობას წინ უსწრებდა ვიზიტი მოსკოვში. ამიტომაც ითქვა, რომ სეპარატისტთა ლიდერმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიღების შესახებ მითითება უშუალოდ მოსკოვიდან მიიღო. ორივე ფაქტს სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა თბილისში.

როგორ მოხვდა ქართველი ჟურნალისტი ცხინვალში და იყო თუ არა იგი უშუალოდ კოკოითის სტუმარი, ამ და საზოგადოებრიობისთვის საინტერესო სხვა კითხვებზე უშუალოდ ვახტანგ კომახიძეს ვესაუბრეთ.

- ვახო, რამ გადაგაწყვეტინა ცხინვალში ჩასვლა?

- მინდოდა გამეგო, რა ხდებოდა ცხინვალში და გადამეღო ფილმი. მეორე მხარემ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით შემომთავაზა კიდეც ნაომარ ქალაქში ჩასვლა, თომას ჰამარბერგთან და სოზარ სუბართან ერთად უნდა მენახა ცხინვალი. პერიოდულად ვცდილობდი ხოლმე ცხინვალთან კავშირს და წლის მიწურულს ოსური მხარე შეხვედრაზე დაგვთანხმდა მე, მანანა მებუკეს და პაატა ზაქარეიშვილს.

- როგორ ფიქრობ, რატომ დაგთანხდა ოსური მხარე?

- ალბათ ფილმის გამო, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის რეჟიმის დროს გადავიღე მარეკ დუდაევზე, იმაზე, თუ ვინ იყო იგი სინამდვილეში და როგორ ცდილობდა ქართული პოლიტიკური პროპაგანდა მის შესახებ მითების შეთხზვას.

- თქვენი ჯგუფი პირველად ვის შეხვდა ცხინვალში?

- მასპინძლებს, რომელთა ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ვერ გავამხელ. მივედით ერთ-ერთ სახლში, სადაც მალევე გავიგეთ, რომ კოკოითის ჩვენთან შეხვედრა სურდა. თუმცა, ქართულმა მედიამ ისე გააშუქა ეს ფაქტი, თითქოს კოკოითის მოწვევით წავედით ცხინვალში. ეს დეზინფორმაციაა და დაახლოებით ისე ჟღერს, - ამერიკელ ჟურნალისტს რომ ჰქონდეს ბინ ლადენთან შეხვედრის შანსი და ამაზე უარი თქვას.

- ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრა?

- კოკოითიმ გამოთქვა უკვე არაერთხელ გახმოვანებული პრეტენზიები ომის დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ილაპარაკა ტყვეთა გაცვლის პროცესზე და განაცხადა, რომ არ იყო თანახმა გაეთავისუფლებინა ბავშვები. მისი თქმით, პროცესი ჩიხში შევიდა, რადგან ქართული მხარის მიერ დაირღვა ომის შემდეგ მიღწეული ორმხრივი შეთანხმების პირობები. კოკოითი აცხადებს, რომ როდესაც ტყვეთა გაცვლის საკითხზე დაიწყო მოლაპარაკებები, ქართულმა მხარემ, რომელსაც კახა ლომაია და გივი თარგამაძე წარმოადგენდა, დადო პირობა, გაცვლა მომხდარიყო პრინციპით - ყველა ყველაზე! ამ შეთანხმების მიხედვით მათ გაათავისუფლეს ტყვეების ერთი ნაწილი, თუმცა,  ქართულმა მხარემ არ გაათავისუფლა შეთანხმებით განსაზღვრული პირები. კოკოითისვე თქმით, პირობა დაირღვა მას შემდეგ, როდესაც ლომაია და თარგამაძე რატომღაც შეიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ შოთა უტიაშვილით. მან ოსებს განუცხადა, ვერ ავიღებ ვალდებულებას იმ შეთანხმებებზე, რომელსაც ჩემს წინამორბედებთან მიაღწიეთო. ოსური მხარე აცხადებს, რომ ეს არის მოლაპარაკების წესების უხეში დარღვევა და კოკოითის განცხადებით, ამიტომაც არ აპირებდა ამ ბავშვების გამოშვებას.

- და მაინც, ბავშვები გაათავისუფლეს და საზოგადოებას მიაჩნია, რომ ეს მოხდა რუსეთის მითითებით...

-  მე უფრო მგონია, რომ თომას ჰამარბერგის ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ კოკოითიზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინეს. ასევე პაატა ზაქარეიშვილმა, დაარწმუნა ცხინვალის ლიდერი, რომ ბავშვების გათავისუფლება ოსური მხარის სასიკეთოდ იმუშავებდა. პაატა ასევე ესაუბრა ქართული მხარის მიერ დატყვევებული ოსების ახლობლებსაც. ქართულმა ტელეკომპანიებმა იმ დროს აქცენტი გადაიტანეს იმაზე, თითქოს უშედეგო იყო ეს შეხვედრა.

ჩემთვის შედეგი არის ის, რომ ჩავედი ცხინვალში და  გადავიღე კადრები ფილმისთვის...

- რა იგრძნობა ცხინვალელებთან შეხვედრისას, მართლა ზეიმობენ რუსების მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას?

- ოს პატიმართა ახლობლების გარდა შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ყველაზე კრიტიკულები იყვნენ. არავის გამოუთქვამს სიხარული  ცხინვალის აღიარების გამო. ამ ყველაფერს აფასებდნენ როგორც ტრაგედიას და არა გამარჯვებას. არც იმას აცხადებენ, რომ ქართველები საშინელი ხალხი და დამნაშავეები ვართ. უბრალოდ, მოითხოვენ, ქართული მხარისგან ყველაფერი ითქვას ობიექტურად, ითქვას მხოლოდ სიმართლე.

- რას გულისხმობენ?

- მათ სურთ ითქვას, რა მოუვიდა ომის დროს ცხინვალს, რა დაემართათ რიგით ადამიანებს. ამასთან, ისინი მომიყვნენ ამბებს ქართველი ჯარისკაცების შესახებ, თუ როგორ შევიდა ერთი ტანკისტი ოჯახში. დიასახლისი იხსენებს, "ის ჯარისკაცი სულ ქალბატონოთი მომმართავდა და მითხრა, ჩვენ შემდეგ შემოდის რაღაც ნაწილი, რომელზეც პასუხს ვერ ვაგებთო. ვკითხე, რატომ გვხოცავთ, შვილო? მიპასუხა, - არ მინდა არავის დახოცვა, ბრძანებას ვასრულებო და მთხოვა, გავქცეულიყავი". ის ქალი მადლიერებით ლაპარაკობდა იმ ჯარისკაცზე. ასეთ ამბავსაც ჰყვებიან, ქართველი ჯარისკაცი ჩავიდა სარდაფში და დაინახა იქ დამალული ხალხი. ტუჩზე ხელის მიდებით მიანიშნა, ჩუმად იყავითო და კარი გაიხურა, მის შემდეგ მომავალ ჯარისკაცს კი უთხრა, ქვემოთ არავინააო. ეს ასე მოხდა თუ არა, ძნელია მტკიცება, მაგრამ კარგია, ასეთ რამეს თუნდაც რომ იგონებდნენ.

- ფიქრობ, უმრავლესობა ასეა განწყობილი?

- ასე არ ვფიქრობ, რადგან თხოვნაზე, კიდევ ერთი დღე დავრჩენილიყავი ქართული სოფლების გადასაღებად, მიპასუხეს, რომ უსაფრთხოების გარანტიას ვერ მომცემდნენ, შესაძლოა, ვიღაც გიჟი გამოვარდეს და მოვლენები ცუდად განვითარდესო.

- რამდენიმე თვის წინ ერთმა ოსმა მითხრა, ახლა ცხინვალი ომისგან წარმოქმნილ უზარმაზარ ორმოს ჰგავსო.

- ომისდროინდელი ბევრი კადრი ჯერაც შემორჩენილია. თუმცა, მშენებლობებიც მიდის.

- თქვენი და ნოღაიდელის სტუმრობა დამთხვევა იყო?

- არანაირი კავშირი ნოღაიდელთან არა მაქვს და არც ვგეგმავ.

- რას ფიქრობდი, როდესაც ცხინვალიდან გამოხვედი?

- თვალში მომხვდა ერგნეთის ძველი, უკონტროლო და ჭუჭყიანი ბაზრობის კვალი. გამახსენდა წლების წინ განვითარებული მოვლენები და კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცდომა იყო მტრული გზის არჩევა ოსებთან ურთიერთობაში, ეს დაიწყო სწორედ ერგნეთის ბაზრობის დანგრევით. ჩართული ვიყავი მთელ რიგ პროცესებში და თვალს ვადევნებდი ოსების განწყობას "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. მახსოვს ოსების ერთი ნაწილის ჩრდილო კავკასიიდან დაბრუნება სოფელ მიტარბში. ოსი ხალხი იმედიანად იყო განწყობილი სააკაშვილის დაპირების გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებდა კანონებს, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა ცხინვალის პირველ ომამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. ამით თითქოს გამოიკვეთა კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარების გზები. მაგრამ შემდეგ ბაზრობაზე დაიწყო ორ მხარეს შორის წილების გადანაწილების ბინძური პროცესი, რომელიც ვითომ კონტრაბანდასთან ბრძოლაში გამოიხატებოდა და მოგეხსენებათ, მერე პროცესები როგორც განვითარდა. ვფიქრობ, ერგნეთის ბაზრობა ის ადგილი უნდა გამხდარიყო, სადაც ქართველებთან ერთად ოსებსაც უნდა ჰქონოდათ ბიზნესინტერესები. მაშინ არავინ დაუშვებდა მდგომარეობის პოლიტიკურად გართულებას. ბიზნესი წარმართავდა სამშვიდობო პროცესებს, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი ერთი ხელის მოსმით მოსპო. თუმცა, მაინც მგონია, რომ ეს გზა ჯერ კიდევ დარჩენილია, თუ რა თქმა უნდა, იქნება სწორი პოლიტიკური დამოკიდებულება.