"გავრცელებული აზრი, თითქოს საქართველო ვალებში იხრჩობა, ტყუილია"
03-02-2014
"გავრცელებული აზრი, თითქოს საქართველო ვალებში იხრჩობა, ტყუილია"
"დაბრკოლებების მიუხედავად, საბანკო სფეროში სტაბილურობას მაინც მივაღწიეთ"

"ჩვენი სახელმწიფო საგარეო ვალი მშპ-ს მხოლოდ 33%-ა, რაც ნიშნავს, რომ არ დავიქცევით!"


ქვეყანაში მხოლოდ საბანკო სისტემის გამართულობა საზომი ვერ იქნება იმისა, რომ ეროვნული ბანკი სწორად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. მთავარ პრობლემად რჩება ფასებისა და ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა, საკრედიტო განაკვეთებზე მაღალი პროცენტები და გარკვეულწილად ხარვეზიანი საფინანსო პოლიტიკა, რომელიც ყოველდღიურად უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე. "კვირის პალიტრას"” ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ესაუბრა:


- ეროვნული ბანკის მთავარი
ფუნქციაა ფასებისა და ფინანსური სტაბილურობა. ასევე, ეკონომიკურ საკითხებში ბანკი სრულ კოორდინაციაშია ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის პროცესი შეუქცევადი იყოს და მუდმივად ვადევნოთ თვალყური ქვეყნის ფინანსური პოლიტიკის აქტიურ გაჯანსაღებას.

- ბანკთა ბანკი რომ ხართ, გასაგებია, მაგრამ, უფრო კონკრეტულად რაში გამოიხატება თქვენი მნიშვნელობა?
- შეგვიძლია ფაქტებით ვიმსჯელოთ
და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მუშაობა ყოველდღიურად აისახება ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე. პირველი, რასაც გამოვყოფდი ჩვენს მიღწევაში, ეს არის ფინანსური სტაბილურობა, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი სწორად ვითარდება და დღითი დღე მყარდება ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა. იზრდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ამ სფეროში და დღეს ბანკი ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია კერძო სექტორში.

- თქვენ საუბრობთ საბანკო სივრცის განვითარებაზე, რასაც მხოლოდ ეროვნული ბანკის გამართულ მუშაობას აწერთ, თუმცა მომხმარებელი ამ სფეროს განვითარებას იმით ხსნის, რომ კერძო ბანკები ფულზე მონადირეებად იქცნენ, რომელთა მახეშიც ადვილად ებმება პრობლემებით დახუნძლული მომხმარებელი.

- მოსაზრება, რომ ბანკები სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მძარცველებად იქცნენ, არგუმენტირებული არ არის. დაბრკოლებების მიუხედავად, საბანკო სფეროში სტაბილურობას მაინც მივაღწიეთ. ჩვენ გავიარეთ რუსეთის ასპროცენტიანი ემბარგო, შიდაპოლიტიკური დაძაბულობა, აგვისტოს ომი, მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნები. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახა ეკონომიკასა და მათ შორის - საბანკო სექტორზე. ფინანსური კრიზისის შემდეგ საბანკო სისტემას მთელ მსოფლიოში აქვს პრობლემები.

- შეიძლება თქვენთვის არ არის არგუმენტი საზოგადოების ჩივილი მაღალ საპროცენტო განაკვეთზე, მაგრამ ეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებს მნიშვნელოვნად აცარიელებს.
- ჩვენთან საპროცენტო განაკვეთები შესაბამისია იმ ეკონომიკური რისკებისა, რაც არსებობს ქვეყანაში. რამდენიმე წლის წინ პრობლემა იყო არა პროცენტი, არამედ სესხის ხელმისაწვდომობა. დღეს ეს ბარიერი გადალახულია. ერთ უცხოურ ავტორიტეტულ ორგანიზაციას დავუკვეთეთ კვლევა, რომელიც დაადგენს, თუ რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების მხრივ საქართველოში. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან და ჩვენისთანა ტიპის ეკონომიკის ქვეყნებში ჩვენზე ნაკლები არ არის.

- ლარის კურსის დაცემასთან ერთად ფასები დღითი დღე იზრდება პროდუქტებზე, რა მექანიზმები გაქვთ ამ პრობლემის გადასაჭრელად?

- ზოგიერთ პროდუქტზე ფასი გაიზარდა, თუმცა ზოგ პროდუქტზე კლება შეინიშნება. გასაგებია, რომ მოსახლეობისთვის მცირედი რყევაც მტკივნეულია, მაგრამ ხელოვნურად არ უნდა მოვახდინოთ ფასებზე ზემოქმედება. საქართველოში ინფლაციის საშუალოვადიანი მიზანია 5% და ეროვნულ ბანკს ყველა მონეტარული ინსტრუმენტი აქვს ამ მიზნის მისაღწევად. ქვეყნის მთავარი ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, გააიაფოს პროდუქტი, არამედ შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და მოსახლეობას ჰქონდეს შეთავაზებულ ფასებად პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა.

- ექსპერტების ერთი ნაწილი ეკონომიკის ჩავარდნის მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებს: პირველი - მთავრობა სათანადოდ ვერ მუშაობს და მეორე - ეროვნული ბანკი საბოტაჟს ეწევა. ამას ემატება ისიც, რომ ძველი ხელისუფლების დანიშნული ხართ. რას იტყვით ამაზე?
- კითხვა, რომ წინა ხელისუფლების დანიშნული ვარ, ყოველთვის იქნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადა არ ემთხვევა პოლიტიკურ ციკლს. ეროვნული ბანკის კრიტიკა პოლიტიზების თვალსაზრისით ახალი ამბავი არ არის. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალე პოლიტიკას ვატარებთ და არ შეიძლება უსამართლოდ გვაკრიტიკებდნენ.

- ბოლო დროს გახშირდა ლაპარაკი საგარეო ვალებზე. დასაფიქრებელია, რომ თქვენს საიტზე 13 მილიარდი ფიქსირდება, ფინანსთა სამინისტრო კი 5 მილიარდამდე აჩვენებს...

- ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყანა ვართ და ვმუშაობთ შესაბამისი მეთოდოლოგიით - ანუ ვაქვეყნებთ მთლიანად ქვეყნის საგარეო ვალს, რომელშიც შედის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ვალები. რაც შეეხება გავრცელებულ აზრს, თითქოს საქართველო ვალებში იხრჩობა, ტყუილია. ვალის ტვირთის გაზომვა ხდება პროცენტულად ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან. თუ სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 60%-ზე ნაკლებია, მაშინ მისი ვალის მდგომარეობა პრობლემური არ არის და ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა. ჩვენი სახელმწიფო საგარეო ვალი მშპ-ს მხოლოდ 33%-ა, რაც ნიშნავს, რომ არ დავიქცევით!

უტა ბიწაძე
enriko
08 თებერვალი 2014 11:12
როდის აპირებთ საბჩოთა პერიოდში წართმეული ფულის დაბრუნებას,რატომ არ გაქვთ ბიუჯეტში ჩადობილი,არ დაგავიწკდეთ რომ ეს არის სახელმწიფოს ვალი საქართველოს მოსახლეობის წინაშე.
.......................................
07 თებერვალი 2014 20:10
რა გახდა მიმღები პუნქტების მშენებლობა რატა ხალხი დააწყნაროთ. მიიღეთ მოსავალი და ტვითონ გაუკეთეთ რეალიზაცია, ბოლო ბოლო მიხვდით რომ ყველკა გზა კუჭზე გადის და იქამდე არ მოოისვენებთ , სანამ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის დრიოსა არ აფრიალდება თბილისის თავზე
erihaaaaaaaa
06 თებერვალი 2014 12:46
და ეს 33% პროცენტი ცოტაა? სუ გარეკეთ თქვე ჩემისებო? ეს თქვენ არ დაიქცევით და ჩვენ?

რედაქტორის რჩევით