"როცა კეზერაშვილი დააკავეს, მას დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოუჩინეს" - კვირის პალიტრა

"როცა კეზერაშვილი დააკავეს, მას დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოუჩინეს"

"კეზერაშვილის ექსტრადირება რომ მოხდეს, გამორიცხული არ არის, აქ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. მას პარტნიორები იმის შიშით გაანადგურებენ, რომ უფრო მეტი არ ილაპარაკოს"

"ფრანგული მხარე იარაღის კონტრაბანდის თაობაზე ჯერჯერობით არ ილაპარაკებს"…

გასულ კვირას ფრანგმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა, რომ არ მოხდეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის, საქართველოში ექსტრადირება. სავარაუდოდ, ამ კვირაში გაირკვევა, გაათავისუფლებენ თუ არა კეზერაშვილს. რამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილება, საქართველოს პროკურატურის სისუსტემ თუ სხვა ობიექტურმა ფაქტორებმა?

ამასთან დაკავშირებით ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ საკუთარი ანალიზი წარმოგვიდგინა:

- მე ადრეც განვაცხადე "კვირის პალიტრასთან", რომ კეზერაშვილი ფრანგ სამართალდამცავებს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით არ დაუკავებიათ. ამისთვის მას გაცილებით სერიოზული მიზეზი ჰქონდა. ამას ცხადყოფდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც, რომ უცხოეთის ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესებული არიან იარაღით უკანონოდ ვაჭრობის საკითხით, სადაც კეზერაშვილზე ძალიან საინტერესო, სკანდალური ფაქტები იკვეთება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე სრულიად ცხადყო, რომ საქმე საერთაშორისო სკანდალთან გვაქვს. ამას თან დაერთო ფრანგული მხარისთვის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის წერილიც, სადაც ის ამბობს, რომ კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დამფინანსებელი იყო. ჩემი აზრით, როცა კეზერაშვილი დააკავეს, მას დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოუჩინეს. შემდეგ დაინტერესდნენ მისი ანგარიშებით ოფშორულ კომპანიებში, წილებით. საერთოდ, როცა საქმე დიდ ფულს ეხება, საფრანგეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს უჩნდებათ კითხვა, დიდი ოდენობით ნაღდი ფული ტერორიზმთან რამე კავშირს ხომ არ მიანიშნებს.

სწორედ ამიტომ აფრინა მიშა სააკაშვილმა ფრანგებთან წერილი, რითაც მესიჯი გაგზავნა, ეს კეზერაშვილის კი არა, ჩვენი ფული იყოო.

- სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კეზერაშვილს გავლენიანი ძალები ლობირებენ. უცხოურ პრესაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეთანოლის გადაზიდვაზე იყო ლაპარაკი და არა იარაღის კონტრაბანდაზე.

- ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. ფრანგული მხარე იარაღის კონტრაბანდის თაობაზე ჯერჯერობით არ ილაპარაკებს.…

- მაგრამ ხომ ფაქტია, ფრანგმა პროკურორმა კეზერაშვილის ექსტრადირება არც მოითხოვა. ამას საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელთა სისუსტედ არ მიიჩნევთ (თავის დროზე, ქართულმა მხარემ დავით ჩხიტუნიძის ექსტრადირებაზეც უარი მიიღო)?

- როგორც ვიცი, ქართული მხარის არგუმენტებისა და მასალების წარდგენას უზრუნველყოფდა პროკურატურის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და მის დაქვემდებარებაში არსებული საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი დონდოლაძე. ჩემი აზრით, მათ რაც უნდა მტკიცე არგუმენტები და საფუძვლიანი მასალები წარედგინათ ფრანგული მხარისთვის, ამ უკანასკნელს ნაკლებად აინტერესებდა სპირტის კონტრაბანდის, რიყის ან "იმედის" გასხვისების საქმე, რაზეც საქართველოს პროკურატურას კეზერაშვილისთვის ბრალი აქვს წაყენებული. ვფიქრობ, აქ ისეთი მასშტაბის საერთაშორისო დანაშაულთან გვაქვს საქმე, რომ წაყენებული ბრალდებები უმნიშვნელოც კი ჩანს. გარდა ამისა, კეზერაშვილის ექსტრადირება რომ მოხდეს, გამორიცხული არ არის, აქ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. მას პარტნიორები იმის შიშით გაანადგურებენ, რომ უფრო მეტი არ ილაპარაკოს.

- ე.ი. ელოდებით, რომ საფრანგეთის სასამართლო კეზერაშვილს უახლოეს მომავალში არ გაათავისუფლებს?

- დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რომც გაათავისუფლონ, მაინც ფრანგული მხარის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

- რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ მასზე მამხილებელი მასალები არსებობს იარაღით ვაჭრობის საქმეში?

- ადრე სხვა მაგალითებზეც მისაუბრია, მაგრამ ახლა დამატებით კიდევ ერთ დოკუმენტს მოვიყვან:

კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იორდანიიდან იარაღის დიდი პარტია იყიდა, კერძოდ, ნაღმსატყორცნები და ყუმბარები. ხელშეკრულება რატომღაც დადებულია რუსულ ენაზე, მაშინ როცა იორდანია ინგლისურენოვანია. შუამავალი კომპანია და ამ იარაღის გადმომზიდავი არის "მერვერი", რომელიც უკანონო იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტთან არის დაკავშირებული.

თუ არ ვცდები, ეს კომპანიაც სეიშელის კუნძულებზე არის დარეგისტრირებული.

- თქვენ საიდან გაქვთ ეს დოკუმენტი და როგორ ფიქრობთ, ასეთ მასალებს საქართველოს ხელისუფლება ფრანგულ მხარეს არ წარუდგენდა?

- მე უფლება მაქვს, ჩემი წყარო არ დავასახელო. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, მათი ქმედებებისა და პროფესიონალიზმის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არა მაქვს. არ ვიცი, ეს დოკუმენტი წარუდგინეს თუ არა ფრანგულ მხარეს.