მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

სტალინისტები

უკვე აღარ მაინტერესებს, სად არის სიმართლე, ახლა ჩემთვის მთავარი კითხვა ასე ჟღერს - სად არის საზღვარი?! ბევრი რამის საზღვარია მოსაძებნი: წინა ხელისუფლების ჩადენილ თუ ჩაუდენელ დანაშაულთა ჩამონათვლის საზღვარი; ფარული თუ ღია მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების საზღვარი, მათი გამოქვეყნების, დანაშაულთა "გამპრავებელთა" რაოდენობის, ბოლოს და ბოლოს, უტიფრობის საზღვარი. ყველაზე მეტად სწორედ ამ უკანასკნელს ვეძებ. ვანო მერაბიშვილის ბრძანებაზე მეტად ჩემზე მათი "გამპრავებლების" უტიფრობამ იმოქმედა. არადა, თითქოს იმაზე დიდი საშინელება რა უნდა ყოფილიყო: თვალნათლივ ვნახეთ, როგორ ითხოვს მაშინდელი შს მინისტრი გვამებს. ეს ვიდეო რომ ვნახე, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, - "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მომხრეები მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებიან, რამეთუ ამის "გაპრავება" ეშმაკსაც გაუჭირდება-მეთქი. მაგრამ, როგორც მიშა იტყოდა, ნურას უკაცრავად! პირველმა შოკმა რომ გადაუარათ, ეგრევე სხვადასხვა ვერსიის და გამსამართლებელი არგუმენტების ძებნა დაიწყეს, თან ნაირგვარის. გივი თარგამაძე გაიძახოდა, ვანო რას ამბობდა, ის კი არ არის მთავარი, არამედ რას გულისხმობდაო, გიგი უგულავამ, ვანომ ლაპარაკი და გრამატიკა არ იცის და რას ამბობდა, ჩვენ ძლივს ვხვდებოდით, თქვენ რას გაიგებთ ახლა მის გულისთქმასო.

შოთა უტიაშვილმა, საერთოდ, აქ უკანონოს რას ხედავთო. ,,მიმდინარე სამხედრო ამბოხების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იძლევა განკარგულებას, მოიყვანონ მკვდარი ან ცოცხალი ამბოხების ორი სამხედრო მეთაური. რა არის აქ უკანონო ან არასწორი?"“- იკითხა მან გაკვირვებული სახით. სოციალურ ქსელში მათმა უსახელო მხარდამჭერებმა საერთოდ იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ოთანაძე და კრიალაშვილი ქვეყნის მოღალატეები იყვნენ და სიკვდილსაც იმსახურებდნენ. მოკლედ, ზოგმა როგორ "გააპრავა", ზოგმა როგორ. თავად ვანო მერაბიშვილმა კი ყველას გადაასხა წყალი და საერთოდ ახალი ვერსია გაახმოვანა: ინფორმაცია გვქონდა, რომ მეამბოხეებმა კვალის დასაფარად ორი რუსი დამხმარე მოკლეს და მათი გვამების მოტანას ვითხოვდიო. "ნაცები" ამანაც ვერ დააბნია. თითქოს მანამდე არაფერი ეთქვათ, ისე აიტაცეს ეს ვერსია და ახლა უკვე წარბშეუხრელად ამტკიცებენ, რომ მთელი ქართული არმია იმ დღეს რუსთა გვამებს ეძებდა. გვამები სად არისო, რომ ეკითხებიან, ისევ წარბშეუხრელად პასუხობენ: ვერ ვიპოვეთო.

აქ არ შევუდგები იმის განხილვას, რამდენად სასაცილოა თუ სერიოზული ეს არგუმენტი. უბრალოდ, "ნაციონალებს" და მათ მხარდამჭერებს მინდა ვურჩიო: მანამ მაინც ნუ "გააპრავებთ," სანამ თავად "გასაპრავებელს" არაფერი უთქვამს. აცალეთ, იქნებ Aაღიარებს ადამიანი დანაშაულს? მაგრამ მათზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მათ მხარდამჭერებზე ხელი უკვე საბოლოოდ ჩავიქნიე.

მგონი ესენი მართლა სექტად იქცნენ და ბრმად სწამთ თავიანთი "ღმერთების".

თორემ როდესაც ასეთი რაღაც ვრცელდება, ის ხომ მაინც უნდა თქვა, დაველოდოთ გამოძიებასო. საბოლოოდ, იმედია, ყველაფერს გამოძიება გაარკვევს, მაგრამ დღეს უკვე ჩემთვის ერთი რამ ცხადია: "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წევრი და ბევრი მომხრე მე-20 საუკუნის დასაწყისში რომ დაბადებულიყო, გულმხურვალე სტალინისტი იქნებოდა და ყველანაირ რეპრესიას გაამართლებდა ლოზუნგით - ხალხის და სახელმწიფოს მტრები მეტს იმსახურებენ! და ის, რომ ისინი სტალინის ძეგლებს ებრძოდნენ, აქ არაფერს ცვლის!

საიდან ვიწყებთ?

ეს ვიდეო ნამდვილი გამოცდაა ხელისუფლებისთვის, რომელმაც ჯერ ვერც ერთი გახმაურებული საქმის გამოძიებას ვერ დაადგა თავი. ან როგორ დაადგამდა, როცა საქმეებს უკუღმა იძიებს? ავიღოთ 26 მაისის საქმე. სასამართლოზე ჰკითხავენ ნინო ბურჯანაძეს, ნონა გაფრინდაშვილს და აქციის სხვა ორგანიზატორებს. მათ ვანოს ადვოკატები ეკითხებიან: პირადად დაინახეთ, როგორ გასცა მერაბიშვილმა აქციის მონაწილეების ცემის ბრძანება? ბუნებრივია, ისინი ეუბნებიან, რომ მათ ვანო თვალით არ უნახავთ, უბრალოდ დარწმუნებული არიან, რომ ძალის გადამეტება პოლიციის მხრიდან მერაბიშვილის ბრძანების გარეშე არ მოხდებოდა, თუმცა ეს მათი აზრია და არა მტკიცება. ამის შემდეგ ადვოკატები ამბობენ: ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ მერაბიშვილისგან მოდიოდა განკარგულება. იმისათვის, რომ ეს დაადასტურო, საჭიროა დააკავო უშუალოდ ის პოლიციელი, ვინც ძალას გადაამეტა, რათა შემდეგ გამოძიებას მისცეს ჩვენება, საკუთარი ინიციატივით სცემდა ხალხს, თუ ვანოსგან ჰქონდა ბრძანება. პროკურატურა კი უშუალო შემსრულებელს ხელს არ ჰკიდებს, ის კი არა,  ხელისუფლება ზოგს აწინაურებს, არადა, თუ მათ არ დაადეს ხელი მერაბიშვილს, ბურჯანაძემ და აქციის მონაწილეებმა რაც უნდა იძახონ, მერაბიშვილია დამნაშავეო, ეს ხომ მტკიცებულება არ იქნება? მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ დაბალი და საშუალო რგოლის დამნაშავეებს ხელს არ მოჰკიდებს. მხოლოდ მთავარი დამნაშავეები უნდა დავიჭიროთო. როგორც ჩანს, ასეთი შემსრულებლები მასაც სჭირდება. აბა, სხვა რა ვიფიქრო? თუ შემსრულებელი არ დაიჭირე, მთავარ დამნაშავეზე როგორ გახვალ? რა გასაკვირია ამის მერე მერაბიშვილის ადვოკატებმა თქვან, ვანო პოლიტიკური პატიმარიაო, როცა მის წინააღმდეგ ჩვენებები კი არა, მხოლოდ პოლიტიკოსების ვარაუდები არსებობს?

P.S."ოცნების" ასეთი პოლიტიკით საქმე იქამდე მივიდა, რომ დებატებში აკო მინაშვილმა ირაკლი სესიაშვილს წამოაძახა: კორტების ოპერაციის (ვაზაგაშვილი რომ დაიღუპა) ერთ-ერთი მონაწილე, გიგი დალაქიშვილი თქვენმა მინისტრმა თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნაო.