შოთა უტიაშვილი: "მერაბიშვილმა ყველაზე უკეთ იცის, "ორ გვამში" ვინ იგულისხმა..." - კვირის პალიტრა

შოთა უტიაშვილი: "მერაბიშვილმა ყველაზე უკეთ იცის, "ორ გვამში" ვინ იგულისხმა..."

მუხროვანის ამბოხების შესახებ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა, სადაც ყოფილი შს მინისტრი სპეცრაზმელებს უკვეთავს, ორი გვამი მჭირდებაო, ჩანს, დააბნია "ნაციონალური მოძრაობა". მედია მეფობს და არა მეფენი, სწორედ ამის გამო, ყოფილი ხელისუფლების ლიდერები იძულებული გახდნენ, წამებულად შერაცხილი ყოფილი შს მინისტრის ბრძანების კომენტარები გაეკეთებინათ.

"კვირის პალიტრა" შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, შოთა უტიაშვილსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.

შოთა უტიაშვილი: - 5 მაისის დილას, 4 საათზე თავდაცვის სამინისტროს შეატყობინეს, რომ ორთაჭალის რეინჯერთა ბატალიონმა განგაში გამოაცხადა - ჩაიცვეს ფორმები და იარაღი აიღეს. როცა ერთ ნაწილში ბუნტია, წესია, რომ ყველა ნაწილი მოიკითხო. თავდაცვის სამინისტრომ გადაამოწმა მდგომარეობა და გაირკვა, რომ მუხროვანის ბატალიონი ამბოხდა. ბაზაში მორიგემ ზარს არ უპასუხა, ამიტომ მივიდა სამხედრო პოლიცია, რომელსაც უნდა გაერკვია, ვინ გასცა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მოქმედებაში მოყვანის ბრძანება. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი მუხროვანის ბაზაში შესვლის დროს ტყვედ აიყვანეს და გამოუცხადეს, რომ რეინჯერთა ბატალიონმა ამბოხება დაიწყო. ამის შემდეგ ბაზაში ავიდნენ სახმელეთო ჯარების უფროსი შმაგი თელია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც ბაზაში არ შეუშვეს, თელია კი მომლაპარაკებელი იყო ამბოხებულებსა და ხელისუფლებას შორის.

- რისი იმედით შეიძლება დაეწყოთ სამხედრო ამბოხი რეინჯერებს, მაშინ, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა ხელისუფლებას ემორჩილებოდა?

- ბაზაში მყოფ რეინჯერებს ორგანიზატორები ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში დაიწყო სამხედრო ამბოხი. თელიამ დაარწმუნა მათი ხელმძღვანელობა, რომ საერთო ამბოხი ტყუილი იყო და იარაღი დაეყარათ. ამის შემდეგ იარაღი დაყარეს. კობა ოთანაძე, გიორგი კრიალაშვილი და ლევან ამირიძე კი ფანჯრიდან გადახტნენ და ტყეში გაიქცნენ.

- გვამებზე საუბრობს შს მინისტრი, რაც უფრო მაფიის ბოსის ბრძანებას ჰგავს....

- მინისტრის ინფორმაციით, ამბოხებულებს ეხმარებოდნენ და მერე კვალის დაფარვის მიზნით ისინი დახოცეს. სწორედ ამ გვამების მოძებნაზე ლაპარაკობდა შს მინისტრი. თუკი გვამებს ვიპოვიდით, ადვილად დავამტკიცებდით, რომ ამბოხებას ქართველების ხელით რუსეთი ცდილობდა.

- თქვენ "ნეტგაზეთთან" საუბრისას განაცხადეთ, რომ ვანო მერაბიშვილმა თავდაპირველად გია კრიალაშვილის და კობა ოთანაძის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, რაც შემდეგ მათი დაკავების ბრძანებით შეცვალა. (ციტატა) "'ვანო იძლევა ბრძანებას - ის კი არა, რომ ნებისმიერი ორი ადამიანი მოკალით, ამ ორ ადამიანზეა ლაპარაკი - კრიალაშვილზე და ოთანაძეზე. ჰქონდა თუ არა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის უფლება? - ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს იყო მიმდინარე ამბოხი, სახელმწიფოს ემუქრებოდა საფრთხე და სახელმწიფოს ვალი იყო ამის ნეიტრალიზება ნებისმიერი საშუალებით. მას შემდეგ, რაც საფრთხე მოიხსნა და ნათელი იყო, რომ ამბოხება აღარ მოხდებოდა, ბრძანება შეიცვალა დაკავების ბრძანებით და მერე უკვე მიმდინარეობდა დაკავების ოპერაცია".

- ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, ზოგმა ჭორი თქვა, ზოგმა მართალი... ვანო მერაბიშვილმა ყველაზე უკეთ იცის, "ორ გვამში" ვინ იგულისხმა... მან განმარტა, რომ არ ითხოვდა პირდაპირ ვინმეს ლიკვიდაციას. სპეცრაზმელებს აქვთ ორი დავალება, იპოვონ ორი გვამი, თუ ეს გვამები არსებობს, ასევე ბრძანებაა, დაიჭირონ ამბოხების სამი მეთაური ან მოკლან, რათა არ მოხდეს ამბოხების გავრცელება სხვა ბაზებზე.

- რატომ უნდა ირწმუნოს მერაბიშვილის ეს არგუმენტი საზოგადოებამ, სად არის გვამები, არის რამე ნათქვამი ამის შესახებ კონტრდაზვერვის დოკუმენტებში?

-  კადრებში ჩანს, რომ თელია სპეცრაზმს ეუბნება, - დადექით, თავები დაბლა დახარეთ და მაღლა არ აიხედოთ, ისე იარეთო. რას უნდა ეძებდეს სპეცრაზმი დაბლა ყურებით, თუ არა გვამებს, რომელზეც ინფორმაცია მიიღო შს მინისტრმა. ბოლოს, როცა გვამები ვერ მოიძებნა, ჩაითვალა, რომ დეზინფორმაციასთან გვქონდა საქმე და ძებნაც აღარ გაგრძელებულა.

- გლდანის სპეცოპერაციისას ორი გვამი, ფაქტობრივად, მიიღო ხელისუფლებამ. კრიალაშვილი გარდაიცვალა, ოთანაძე ამბობს, რომ საკონტროლო ტყვია აქვს გულმკერდის არეში...

- ჯერ ამბობდა, ხელ-ფეხში დამჭრესო, ახლა გულმკერდის არეს გაიძახის. მაგის მოკვლა რომ ნდომებოდათ, მოახერხებდნენ.

დიმიტრი შაშკინი: - იმ დღეს მუხროვანის აჯანყების ორგანიზატორები ეცადნენ, დაჰკავშირებოდნენ სასჯელაღსრულების სპეცდანიშნულების ბატალიონსაც. მაშინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ვიყავი. ჩვენმა ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა უარი უთხრეს ორგანიზატორებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში მონაწილეობაზე...

რაც შეეხება მერაბიშვილის ბრძანებას, სპეცრაზმელები ხომ არ შეცვლილან, როგორ გგონიათ, არავინ იტყოდა, მათთვის ვინმეს მოკვლა რომ შეეკვეთათ? იმ დღეს უამრავი ადამიანი დააკავეს, მაგრამ არავინ არც დაუჭრიათ და არც მოუკლავთ.

- თუკი მინისტრს მკვლელობის ბრძანება არ გაუცია, მაშინ პრემიებს რაში ჰპირდებოდა სპეცრაზმელებს, მათ ხომ ისედაც ევალებოდათ გვამების მონახვა, თუკი ასეთი ფაქტი არსებობდა?

- კაცი ამბობს, თუ კარგად იმუშავებთ, პრემიებსაც მიიღებთო.

- უგულავა ერთს ამბობს, გივი თარგამაძე - მეორეს და თავად მერაბიშვილი სხვა ვერსიაზე ლაპარაკობს. ნუთუ ვერავინ გაიგო, სინამდვილეში რა იგულისხმა მერაბიშვილმა?

- არ ვიცი, გიგის ან სხვას რატომ უნდა ჰკითხო ის, რა იგულისხმა ვანომ. მან თავისი ნათქვამის კომენტარი უკვე გააკეთა.

უტა ბიწაძე